არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბავშვები და ინტერნეტი — რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?

ბავშვები და ინტერნეტი — რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?

ბავშვები და ინტერნეტი — რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?

გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება მხოლოდ იმაზე იყო დამოკიდებული, თუ სად იდგა კომპიუტერი. როგორც ფიქრობდნენ, თუ ის გამოსაჩენ ადგილზე იდგა, ასეთ შემთხვევაში ნაკლები იყო იმის ალბათობა, რომ ბავშვი არასასურველ ვებ-საიტზე შესულიყო. საღი აზრი გვკარნახობს, რომ ასეთი მიდგომა მართლაც გონივრულია — ბავშვს არ უნდა ჰქონდეს თავის საძინებელ ოთახში კომპიუტერი, რომ მან განმარტოებით შეძლოს ინტერნეტის გამოყენება — თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. დღეს უკაბელო ინტერნეტის წყალობით შესაძლებელია, რომ მოზარდებმა, სადაც არ უნდა იყვნენ, ყველგან ისარგებლონ ინტერნეტით. მრავალი მობილური ტელეფონითაც შესაძლებელია ინტერნეტში შესვლა. გარდა ამისა, არსებობს ინტერნეტ-კაფეები, ინტერნეტ-ჯიხურები, ბიბლიოთეკები და, რაღა თქმა უნდა, მეგობრის სახლი, სადაც თქვენს შვილს შეუძლია ინტერნეტით სარგებლობა. იმის გამო, რომ ამდენი არჩევანი არსებობს, მშობლებმა შეიძლება ვერც კი გაიგონ, თუ როდის შედის მათი შვილი ინტერნეტში და რას აკეთებს იქ.

განვიხილოთ, თუ რა შეიძლება იზიდავდეს თქვენს შვილს ინტერნეტში და რა მხრივ შეიძლება იყოს ეს მისთვის სახიფათო.

იმეილი

რა არის იმეილი? ეს არის ელექტრონული ფოსტა, რომლის მეშვეობითაც წერილი ელექტრონული სახით იგზავნება.

რატომ იზიდავს ის მოზარდებს? იმეილი სწრაფი საშუალებაა მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან დასაკავშირებლად. ის საკმაოდ იაფი ჯდება.

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? ზოგჯერ ადრესატს იმეილის საშუალებით სრულიად უცხოსგან მისდის წერილები. ასეთ წერილებს სპამს უწოდებენ. სპამი მხოლოდ მომაბეზრებელი წერილი როდია. ხშირად ის ისეთი შინაარსისაა, რომ ადრესატს სექსისა თუ სხვა სახის უხამსი მოქმედებისკენ უბიძგებს. წერილში შეიძლება განთავსებული იყოს ბმული. წერილის მიმღებმა — განსაკუთრებით კი გამოუცდელმა ბავშვმა — შეიძლება დააწკაპუნოს ამ ბმულზე და გაუაზრებლად საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია გაუმჟღავნოს წერილის გამომგზავნელს, რომელმაც მისი მონაცემები შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს. თუ ადრესატი ასეთ წერილებს უპასუხებს — თუნდაც იმ მიზნით, რომ აუკრძალოს, მეტად აღარ მისწეროს — ეს უფრო მეტად დაარწმუნებს წერილის გამომგზავნელს, რომ იმეილის მისამართი ზუსტია და უფრო ხშირად გაუგზავნის მას წერილებს.

ვებ-საიტი

რა არის ვებ-საიტი? ვებ-საიტზე თავმოყრილია ელექტრონული გვერდები, რომლებიც შექმნილია ორგანიზაციების, სასწავლებლების, ბიზნეს-კომპანიებისა თუ ცალკეული პირების მიერ.

რატომ იზიდავს ის მოზარდებს? მილიონობით საიტი მოზარდებს ფართო არჩევანს სთავაზობს. ეს საიტები მათ შესაძლებლობას აძლევს, იყიდონ ან მოძებნონ რაიმე, დაუკავშირდნენ მეგობრებს, ითამაშონ ან ჩამოტვირთონ თამაშები თუ სიმღერები.

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? ვებ-საიტებს მრავალი ზნედაცემული ადამიანი თავისი მიზნების მისაღწევად იყენებს. ბევრ ვებ-საიტზე სექსუალური სცენებია ასახული და ასეთი გვერდები შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს მონიტორზე. მაგალითად, შეერთებულ შტატებში 8—16 წლამდე გამოკითხული მოზარდების 90 პროცენტმა აღნიშნა, რომ მათ მონიტორზე სრულიად შემთხვევით ჩნდება ხოლმე პორნოგრაფიული საიტები — უმეტეს შემთხვევაში მაშინ, როცა საშინაო დავალებებს ამზადებენ.

არსებობს ისეთი ვებ-საიტებიც, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელს ადვილად შეუძლია აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. კანადაში ჩატარებული ერთ-ერთი გამოკითხვის დროს, რომელშიც მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ყოველმა მეოთხე ბიჭმა აღიარა, რომ შესული იყო ასეთ საიტებზე. გასაგებია, რომ სპეციალისტებს ძალიან აღელვებთ ეს საკითხი, რადგან დღეს ვებ-საიტებზე განთავსებული აზარტული თამაშები მოზარდებს უფრო და უფრო იზიდავს. ინტერნეტში აგრეთვე ვხვდებით ისეთ საიტებს, რომლებშიც მოუწოდებენ მომხმარებელს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ გამხდრები იყვნენ *. არის აგრეთვე ისეთი ვებ-საიტები, რომლებიც სიძულვილს აღვივებს რელიგიური უმცირესობებისა თუ ეთნიკური ჯგუფების მიმართ. ზოგი საიტი იმისთვის არის განკუთვნილი, რომ ხალხს ასწავლონ ბომბების გაკეთება, საწამლავის დამზადება და ტერორისტული აქტების მოწყობა. ინტერნეტ-თამაშებში მოთამაშეები სასტიკ ძალადობას მიმართავენ, ერთმანეთს ასახიჩრებენ და კლავენ.

ჩეთ-რუმი

რა არის ჩეთ-რუმი? ეს არის ელექტრონული სივრცე, სადაც ტექსტური შეტყობინების საშუალებით ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

რატომ იზიდავს ის მოზარდებს? თქვენი შვილი შეიძლება ერთდროულად დაუკავშირდეს მრავალ უცხო ადამიანს და ისეთ თემებზე ისაუბრონ, რაც მათთვისაა საინტერესო.

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? პედოფილები იყენებენ ჩეთ-რუმებს იმ მიზნით, რომ ბავშვები ინტერნეტის მეშვეობით გარყვნან ან პირისპირ შეხვდნენ, რომ უშუალოდ დაამყარონ მათთან სქესობრივი კავშირი. ვნახოთ, რა შეემთხვა ერთ-ერთი წიგნის ავტორს, როდესაც ის იკვლევდა, თუ რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისთვის ინტერნეტი. მან თავი 12 წლის გოგონად გაასაღა. წიგნში ვკითხულობთ, რომ ერთმა მაშინვე შესთავაზა მას, ჩეთ-რუმით პირადი მიმოწერა ჰქონოდათ. მან უთხრა, რომ არ იცოდა, როგორ დაეწყო მასთან პირადი მიმოწერა. მისმა „ახალშეძენილმა მეგობარმა“ დაწვრილებით აუხსნა ყველაფერი, შემდეგ კი ჰკითხა, სურდა თუ არა მასთან [ინტერნეტით ვირტუალური] სექსი ჰქონოდა („What in the World Are Your Kids Doing Online?“).

მყისიერი შეტყობინება

რა არის მყისიერი შეტყობინება? ეს არის ტექსტური შეტყობინება, რომლის დროსაც ორ ან მეტ ადამიანს შეუძლია ერთმანეთთან მიმოწერა და პარალელურად ტექსტისთვის თვალის დევნება.

რატომ იზიდავს ის მოზარდებს? როცა ვინმეს სურს, მყისიერი შეტყობინების მეშვეობით დაუკავშირდეს რომელიმე მეგობარს, თავის მიერვე შექმნილი მისამართების სიიდან იღებს მის მისამართს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ როგორც კანადაში ჩატარებული გამოკვლევა აჩვენებს, 16 — 17 წლის მოზარდების 84 პროცენტი მყისიერი შეტყობინების მეშვეობით უკავშირდება თავის მეგობრებს და ამას დღეში საათზე მეტს უთმობს.

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? მყისიერი შეტყობინებით ურთიერთობა ბავშვს ხელს შეუშლის სწავლაში და სხვა ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც ყურადღების მობილიზებას მოითხოვს. გარდა ამისა, თქვენ ვერ გაიგებთ, ვისთან აქვს თქვენს შვილს ურთიერთობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ მათი საუბრის მოსმენაც არ შეგიძლიათ, რადგან ერთმანეთთან ტექსტური შეტყობინებით აქვთ კავშირი.

ბლოგი

რა არის ბლოგი? ეს არის ინტერნეტ-დღიური.

რატომ იზიდავს ის მოზარდებს? ინტერნეტ-დღიურში მოზარდებს იმის საშუალება ეძლევათ, რომ განათავსონ ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — ისინი წერენ იმაზე, თუ რას გრძნობენ, რას განიცდიან, რა ინტერესები აქვთ და რას საქმიანობენ. ბლოგში დათმობილია ადგილი კომენტარებისთვის და, რა თქმა უნდა, ბევრ ბავშვს აინტერესებს, ვინ გამოეხმაურა მათ.

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის წაკითხვა ყველას შეუძლია. ზოგი მოზარდი ამ გვერდზე დაუფიქრებლად განათავსებს ისეთ ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება მათი ოჯახის წევრების შესახებ ყველაფრის გაგება და ამასთანავე სკოლისა თუ სახლის მისამართის დადგენა. გარდა ამისა, ვისაც საკუთარი ვებ-ბლოგი აქვს, მისი რეპუტაცია ილახება. მაგალითად, ზოგი დამსაქმებელი სანამ სამსახურში აიყვანს ვინმეს, ამოწმებს, აქვს თუ არა მას ვებ-ბლოგი.

სოციალური ქსელი

რა არის სოციალური ქსელი? ეს არის საიტი, რომელზეც ქმნიან საკუთარ ვებ-გვერდს, სადაც სურათებს, ვიდეოსა და ბლოგებს განათავსებენ.

რატომ იზიდავს ის მოზარდებს? ასეთ საიტებზე შექმნილი ვებ-გვერდები მრავალს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი თავის შესახებ განათავსონ ინფორმაცია. ამ ქსელის მეშვეობით მოზარდები ბევრ ახალ „მეგობარს“ იძენენ.

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? „ეს ქსელი ინტერნეტ-წვეულებას ჰგავს, — ამბობს ჯოანა. — იქ ბევრ უცნაურ ადამიანს გადაეყრები“. ამ ქსელში განთავსებული პირადი ინფორმაცია შეიძლება ბევრი ზნედაცემული ადამიანის ხელში ჩავარდეს. ერთ-ერთი სპეციალისტი პერი აფტაბი ამბობს, რომ ასეთი საიტები „პედოფილებისთვის დიდი სუპერმარკეტივით არის, სადაც ფართო არჩევანია“.

ინტერნეტში იშვიათად თუ იპოვის ვინმე ნამდვილ მეგობარს. ზოგი მოზარდი თავის ვებ-გვერდზე მხოლოდ იმიტომ აგროვებს სხვების მისამართებს, რომ უფრო პოპულარულად წარმოაჩინოს თავი. მათ შეიძლება სიაში ისეთი ადამიანების მისამართებიც კი შეიტანონ, ვისაც არასოდეს შეხვედრიან. თავის წიგნში კენდის კელსი აღნიშნავს, რომ ამგვარად ისინი ფაქტობრივად „ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ იმით აფასებენ, თუ რამდენი ადამიანის მოწონება დაიმსახურა“. ის დასძენს: «ასეთმა დამოკიდებულებამ ჩვენი შვილები „სავაჭრო საქონლად“ აქცია. ისინი უზომოდ დიდი გავლენის ქვეშ არიან — ნებისმიერ ხერხს მიმართავენ, რომ მეტი მეგობარი შეიძინონ» („Generation MySpace“). ერთ-ერთ წიგნში შემდეგი კითხვაა დასმული: „როგორ უნდა ასწავლოთ ბავშვებს სიბრალულისა და თანაგრძნობის გამოვლენა, მაშინ როცა ინტერნეტ-სამყარო მათ ყოველგვარ გრძნობებს მოკლებულ ურთიერთობებს ასწავლის? მათ შეუძლიათ დღეს გაიცნონ ვინმე, ხვალ კი სამუდამოდ დაივიწყონ“ („What in the World Are Your Kids Doing Online?“).

ჩვენ განვიხილეთ ის ექვსი საშუალება, რაც დღეს ძალიან პოპულარულია მოზარდებში. თუ მშობელი ხართ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ თქვენს შვილს თავიდან აარიდოთ ის ზიანი, რაც შეიძლება ინტერნეტმა მოუტანოს?

[სქოლიო]

^ აბზ. 12 ასეთი საიტების შემქმნელები და ასეთივე ორგანიზაციების დამფუძნებლები აცხადებენ, რომ არავის მოუწოდებენ უკიდურესი სიგამხდრისკენ. ისინი აგრეთვე ამბობენ, რომ ვინც მათ რჩევებს მიჰყვება, ანორექსია არ ემუქრება. თუმცა, ზოგი მათგანი თვლის, რომ ანორექსია დაავადება არ არის. მათი აზრით, ადამიანი თავად ირჩევს ასეთი ცხოვრების წესს. ამ საიტების ფორუმებზე მოცემულია რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაუმალონ მოზარდებმა მშობლებს თავიანთი წონა და როგორ მოატყუონ ისინი, თითქოს სრულფასოვნად იკვებებიან.

[ჩანართი 4 გვერდზე]

ინდოეთში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 54 პროცენტზე მეტით გაიზარდა. მათგან უმრავლესობა მოზარდია

[ჩანართი 7 გვერდზე]

„მშობლები შეიძლება ფიქრობენ, რომ კომპიუტერის ვიდეო თვალი კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვი ადვილად და იაფად დაუკავშირდეს მეგობრებსა თუ ნათესავებს, მაგრამ პედოფილებისთვის ვიდეო თვალი ბავშვის საძინებელში დარჩენილი ღია ფანჯარასავითაა“ (რობერტ მიულერ III, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი)