არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სამხრეთის ოკეანის მივიწყებული მონები

სამხრეთის ოკეანის მივიწყებული მონები

სამხრეთის ოკეანის მივიწყებული მონები

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ფიჯიდან

ხალხი გაფაციცებით ადევნებდა თვალს წყნარი ოკეანის ატოლის ლაგუნაში ნელ-ნელა შემავალ ორ გემს. წლების წინ კუნძულზე მცხოვრებ თითოეულ ოჯახს გემის მსხვრევის დროს გადარჩენილმა ერთმა მოგზაურმა თავისი ბიბლიიდან რამდენიმე ფურცელი უსახსოვრა. ამ თვინიერმა ხალხმა დიდი მონდომებით წაიკითხა ეს ფურცლები და მას შემდეგ მოუთმენლად ელოდნენ ქრისტიანი მასწავლებლის კუნძულზე ჩასვლას.

გემებით ჩამოსული სტუმრები კუნძულის მკვიდრთ დაჰპირდნენ, რომ იქ წაიყვანდნენ, სადაც ღვთის შესახებ მეტს გაიგებდნენ; 250-მდე გულუბრყვილო ქალი თუ კაცი გემბანზე აიყვანეს. მათგან უმეტესობას თავიანთი სანუკვარი ბიბლიის ფურცლები ეჭირა ხელში.

სინამდვილეში, ეს ხალხი მზაკვრული ჩანაფიქრის მსხვერპლი გახდა. გემის გასვლისთანავე ისინი გაკოჭეს, გემბანის ქვეშ ჩაყარეს და საპორტო ქალაქ კალიაოსკენ (სამხრეთი ამერიკა) მიმავალ გრძელ გზას გაუყენეს. ანტისანიტარიის გამო გზაში ბევრი დაიღუპა, ბევრიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, გადარჩენილები კი მონებად გაყიდეს. ზოგი პლანტაციებსა და მაღაროებში სამუშაოდ გაამწესეს, ზოგიც — შინამოსამსახურედ. ისინი ვეღარასოდეს ნახავდნენ თავიანთ მშობლიურ კუნძულს.

მონებით ვაჭრობა

წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე კუნძულებიდან ხალხს XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისში მასიურად იტაცებდნენ. ამის გამო XIX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ათასობით კუნძულელი აღმოჩნდა სამხრეთი ამერიკის ტერიტორიაზე. მომდევნო ათწლეულში მათი უმეტესობა უკვე დასავლეთით, ავსტრალიაში გადაჰყავდათ. 1867 წელს როს ლევინმა, რომელიც ერთ დროს ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში მსახურობდა, შაქრის ლერწმისა და ბამბის პლანტაციების მეპატრონეებს კუნძულელთაგან ერთი სული საუკეთესო მუშახელი სულ რაღაც 7 ფუნტად შესთავაზა.

მონებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრიტანეთის კოლონიების საქმეთა სამინისტროს მიერ წამოწყებული ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ბრიტანეთის კანონი არ ვრცელდებოდა სხვა ქვეყნის ქვეშევრდომებზე. გარდა ამისა, ამ კანონით ბოლომდე არ იყო განსაზღვრული, რა ითვლებოდა მონობად. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულელებს ატყუებდნენ და იძულებით მიჰყავდათ, მონებით მოვაჭრეები მოსამართლეებს არწმუნებდნენ, რომ ისინი მონები კი არა, დაქირავებული მუშები იყვნენ, რომლებსაც გასამრჯელოს უხდიდნენ და გარკვეული დროის შემდეგ სახლში აბრუნებდნენ. ზოგი იმის თქმასაც კი ბედავდა, რომ ეს ველურები ბრიტანეთის კანონს დაუქვემდებარეს და მათ მუშაობა ასწავლეს. ამიტომ, გარკვეული დროის მანძილზე მონებით ვაჭრობას ხელს აღარაფერი უშლიდა.

მდგომარეობა იცვლება

მას შემდეგ, რაც ამ უსამართლობით აღშფოთებულმა კუნძულელებმა ხმა აღიმაღლეს, ყინული დაიძრა. მართალია, ზოგი კუნძულელი თავისი ნებით მიჰყვებოდა მოვაჭრეებს, მაგრამ მათ იძულებით წაყვანას უკვე ვეღარ გაბედავდნენ. შეუძლებელი იყო იმაზე თვალის დახუჭვა, თუ რა აუტანელ პირობებში უწევდათ მათ ცხოვრება და მუშაობა, რა სისასტიკით ეპყრობოდნენ, როგორ ამათრახებდნენ და დაღავდნენ.

სერიოზული ძვრები მას შემდეგ დაიწყო, როცა ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსი ჯონ პატესონი, მონებით მოვაჭრეების დაუძინებელი მტერი, სწორედ იმ კუნძულელებმა მოკლეს, რომელთა დაცვასაც ცდილობდა. მონებით მოვაჭრეებმა ნაცად მზაკვრულ ხერხს მიმართეს — ისინი კუნძულს პატესონის მისვლამდე იმ გემით მიადგნენ, რომელიც ძალიან ჰგავდა პატესონის გემს. კუნძულის მკვიდრები ვითომდა ეპისკოპოსთან შესახვედრად გემზე მიიწვიეს, რის შემდეგაც ისინი აღარავის უნახავს. როცა კუნძულს თვით პატესონი ეწვია, სამართლიანად აღშფოთებულმა ბრბომ მასზე შური იძია და მოკლა. ამ ინციდენტისა და საზოგადოების საშინელი პროტესტის გამო, მონებით ვაჭრობა რომ შეეჩერებინათ, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები წყნარ ოკეანეში ჩააყენეს.

ამ სისასტიკისა და დაქირავებული მუშახელის იძულებით გადაადგილების შესაჩერებლად ახალი სამხრეთი უელსისა და კუინზლენდის (ავსტრალია) ხელისუფლებამ კოლონიის საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახალი კანონები შეიმუშავა. დაწესდა კონტროლი და ხელისუფლების წარმომადგენლებს გემების შემოწმება დაევალათ. ამ მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია, რადგან დამნაშავეებს უკვე ადამიანის მოტაცებისა და მკვლელობის ბრალდებით ასამართლებდნენ და არა ძველი, არაეფექტური კანონით. XIX საუკუნის ბოლო ათწლეულში საგრძნობი ცვლილებები მოხდა სამხრეთის ოკეანის კუნძულებზე. მონებით ვაჭრობა თითქმის შეჩერდა და „ახალწვეულების“ რიცხვი XX საუკუნის დასაწყისისთვის მკვეთრად შემცირდა.

1901 წელს ახალი ეროვნული პარლამენტისა და ავსტრალიის კავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანაში უცხოელთა შესვლა უნდა შეზღუდულიყო. ეს პოლიტიკური კურსი ითვალისწინებდა საზოგადოებრივ აზრს — ხალხში სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას იწვევდა ქვეყნიდან მუშახელის გადინება, რადგან ბევრი შიშობდა, რომ ეს ქვეყანას დაასუსტებდა. წყნარი ოკეანის კუნძულების მკვიდრთათვის, იმის მიუხედავად, დაქირავებული მუშები იყვნენ თუ არა, ავსტრალიის კარი დაიკეტა. ათასობით მათგანი აიძულეს, მშობლიურ კუნძულებს დაბრუნებოდნენ. ეს კიდევ ერთი ტრაგედიის მიზეზი გახდა, რადგან ისინი ამგვარად საყვარელ ადამიანებს დააშორეს.

მივიწყებული მონების გახსენება

2000 წლის სექტემბერში კუინზლენდის მთავრობამ მემორიალური დაფა გააკეთა, რომელზეც წერია, თუ რა დიდი წვლილი მიუძღვით სამხრეთის ოკეანის კუნძულების მკვიდრთ კუინზლენდის ეკონომიკის, კულტურისა თუ რეგიონის განვითარებაში. მასზე აგრეთვე გულისტკივილით არის აღნიშნული, თუ რა არაადამიანურად ეპყრობოდნენ მათ.

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ბევრმა სხვების უბედურებით მოითბო ხელი. ბიბლია გვპირდება, რომ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ასეთი უსამართლობა აღარასოდეს მოხდება. ამ ზეციერი ხელისუფლების მიწიერი ქვეშევრდომები ‘თავიანთი ვაზისა და ლეღვის ძირში ისხდებიან და არავინ დააფრთხობს მათ’ (მიქა 4:4).

[დიაგრამა⁄რუკა 25 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ამ მარშრუტებით მიჰყავდათ მონები ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში

წყნარი ოკეანე

მიკრონეზია

მარშალის კუნძულები

ახალი გვინეა

სოლომონის კუნძულები

ტუვალუ

ავსტრალია კირიბატი

კუინზლენდი ვანუატუ

ახალი სამხრეთი უელსი ახალი კალედონია სამხრეთი ამერიკა

სიდნეი ← ფიჯი → კალიაო

სამოა

ტონგა

კუკის კუნძულები

საფრანგეთის პოლინეზია

აღდგომის კუნძული

[სურათის საავტორო უფლება 24 გვერდზე]

National Library of Australia, nla.pic-an11279871