მაცოცხლებელი სითხე
მაცოცხლებელი სითხე
წყალი საოცარი სითხეა. ის მარტივიც არის და, ამავე დროს, რთულიც. წყლის თითოეული მოლეკულა შედგება მხოლოდ სამი ატომისგან (ორი წყალბადის და ერთი ჟანგბადის). მიუხედავად ამისა, მეცნიერებისთვის კვლავაც ამოუხსნელ ამოცანად რჩება წყლის მოლეკულების მოქმედება. თუმცა ერთი რამ ნათელია — წყალი აუცილებელია სიცოცხლისთვის, რადგან ცოცხალი ორგანიზმების სხეულის 80 პროცენტი წყლისგან შედგება. მოდი ვისაუბროთ ამ საოცარი სითხის ხუთ ძირითად თვისებაზე.
1. წყალს შეუძლია შეინარჩუნოს სითბო ტემპერატურის მკვეთრი მომატების გარეშე, რაც ხელს უწყობს ზომიერი კლიმატის შენარჩუნებას დედამიწაზე.
2. გაყინვისას წყლის სიმკვრივე მცირდება. შედეგად ყინული წყლის ზედაპირს ზემოდან ექცევა და წარმოქმნის დამცავ ფენას. თუ სხვა ნივთიერებების მსგავსად გაყინვისას წყლის სიმკვრივე მოიმატებდა, ტბები, მდინარეები და ზღვები ფსკერიდან ზედაპირამდე გაიყინებოდა და ყველაფერი ყინულის საფარში მოექცეოდა.
3. წყალს კარგი გამჭვირვალობა აქვს, რაც ოკეანის სიღრმეში მობინადრე იმ ცოცხალ ორგანიზმებს, რომლებსაც მზის სინათლე სჭირდებათ, არსებობის საშუალებას აძლევს.
4. წყლის მოლეკულები განიცდიან ზედაპირულ დაჭიმულობას, რაც მის ზედაპირზე, ასე ვთქვათ, ელასტიკურ „კანს“ ქმნის. ამ დაჭიმულობის შედეგად მწერებს შეუძლიათ წყლის ზედაპირზე გადაადგილება. მისი მეშვეობით წარმოიქმნება წყლის წვეთები და კაპილარული ეფექტი, რაც ხელს უწყობს მაღალ მცენარეებში წყლის აქაჩვას.
5. წყალი საუკეთესო გამხსნელია. მასში იხსნება ჟანგბადი, ნახშირორჟანგი, მინერალები და სხვა ნივთიერებები.
დედამიწის „კონდიციონერი“
დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 70 პროცენტი წყლით არის დაფარული და ეს დიდ ზეგავლენას ახდენს მის კლიმატზე. ატმოსფეროსა და ოკეანეებს შორის უწყვეტად მიმდინარეობს სითბოს, ტენისა და აირების ურთიერთგაცვლა, რომლებიც ქარებისა და დინებების სახით გადაადგილდება. თავის მხრივ, ქარებსა და დინებებს მზისგან მიღებული სითბო ტროპიკებიდან პოლუსებისკენ მიაქვთ, რაც არეგულირებს ტემპერატურას დედამიწაზე. ცოცხალი ორგანიზმების უმეტესობას სასიცოცხლო გარემო მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ დედამიწის ტემპერატურა წყალს თხევად მდგომარეობაში დარჩენის შესაძლებლობას მისცემს. „როგორც ჩანს, დედამიწაზე ყველაფერი იდეალურად არის დარეგულირებული“,— ნათქვამია ერთ წიგნში (Rare Earth — Why Complex Life Is Uncommon in the Universe).
ფაქტია, რომ დედამიწა შედეგია და არა მიზეზი. მაგრამ ვინ ან რა არის მიზეზი — შემთხვევითობა თუ ბრძენი და მოსიყვარულე შემოქმედი? ბიბლია ამბობს, რომ ყველაფერი ღვთის შექმნილია (საქმეები 14:15—17). მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ ამ აზრის დამადასტურებელ კიდევ ერთ მტკიცებაზე, გასაოცარ ციკლებზე, რომლებიც ჩვენი პლანეტის სისუფთავესა და სიჯანსაღეს უწყობს ხელს.
[ჩარჩო 7 გვერდზე]
ბიბლია მეცნიერულად ზუსტია
დედამიწას არა აქვს ხილული საყრდენი სივრცეში. „სიცარიელეზე განავრცო ჩრდილოეთი და არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“ (იობი 26:7, წარმოითქვა დაახლოებით ძვ. წ. 1613 წელს).
დედამიწა მრგვალია. „ის მკვიდრობს დედამიწის წრეზე“ (ესაია 40:22, დაიწერა დაახლოებით ძვ. წ. 732 წელს).
წყლის ცირკულირება. „ზამთრის ნიაღვრები ზღვისკენ მიედინებიან . . . ზამთრის ნიაღვრები საიდანაც მიედინებიან, კვლავ იქ ბრუნდებიან, რომ ისევ იდინონ“ (ეკლესიასტე 1:7, დაიწერა ძვ. წ. 1 000 წლამდე).
სამყარო ექვემდებარება გარკვეულ კანონებს. „დამიდგენია [იეჰოვას] წესები [ან კანონები] ცისთვის და დედამიწისთვის“ (იერემია 33:25, დაიწერა ძვ. წ. 580 წლამდე).
[სურათის საავტორო უფლებები 7 გვერდზე]
Magnetosphere: NASA/Steele Hill; aurora: Collection of Dr. Herbert Kroehl, NGDC; reef: Stockbyte/Getty Images