სიცოცხლით სავსე პლანეტა
სიცოცხლით სავსე პლანეტა
დედამიწა მილიონობით სახეობის ცოცხალი ორგანიზმის თავშესაფარია. შეუიარაღებელი თვალით რთულია იმ მრავალი ცოცხალი ორგანიზმის დანახვა, რომლებიც ნიადაგში, ჰაერსა და წყალში ბინადრობენ. მაგალითად, სულ რაღაც ერთ გრამ მიწაში 10 000-მდე სახეობის ბაქტერიაა, რომ აღარაფერი ვთქვათ მიკრობებზე. ზოგიერთი მათგანი მიწაში სამი კილომეტრის სიღრმეზეც კი ბინადრობს.
გამონაკლისი არც ატმოსფეროა. ფრინველებისა და მწერების გარდა, წელიწადის სხვადასხვა დროს ჰაერში ყვავილის მტვერი, სპორები და სხვადასხვა მცენარის თესლი მოძრაობს. ზოგან ჰაერი ათასობით სხვადასხვა სახის მიკრობს შეიცავს. „შეიძლება ითქვას, რომ მიკრობთა მრავალფეროვნებით ჰაერი არაფრით ჩამოუვარდება ნიადაგს“, — ნათქვამია ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენში“.
ოკეანის სიღრმეში მრავალი რამ მეცნიერთათვის კვლავაც საიდუმლოებით მოცული რჩება, რადგან მის გამოკვლევას ძვირადღირებული ტექნიკა სჭირდება. კარგად გამოკვლეულ მარჯნის რიფებშიც კი მილიონობით ჯერ კიდევ უცნობი ცოცხალი ორგანიზმი ბინადრობს.
როგორც ცნობილია, სიცოცხლის ფორმების მრავალფეროვნება განაპირობებს ქიმიურ პროცესებს დედამიწაზე, განსაკუთრებით კი იმ პროცესებს, რომლებიც ჩვენი პლანეტის სიცოცხლის გავრცელების არეში, ბიოსფეროში მიმდინარეობს. მაგალითად, ნიჟარებისა და მარჯნის შემადგენლობაში არსებული კალციუმის კარბონატი არეგულირებს ოკეანის წყლის ქიმიურ შემადგენლობას. მისი მოქმედება შეიძლება შევადაროთ „კუჭზე ანტაციდური საშუალებების მოქმედებას“, — ნათქვამია შეერთებული შტატების ოკეანოლოგიისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში. მცენარეები და ფიტოპლანქტონი — ერთუჯრედიანი წყალმცენარე, რომელიც ოკეანეებისა და ტბების ზედაპირზე გვხვდება, არეგულირებს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის დონეს წყალსა და ჰაერში. ნიადაგში არსებული ბაქტერიები და სოკოები ორგანულ ნარჩენებს არაორგანულ საკვებ ნივთიერებებად გარდაქმნიან მცენარეებისთვის. ფაქტია, რომ დედამიწას ტყუილუბრალოდ არ ეწოდება ცოცხალი პლანეტა.
დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იარსებებდა, რომ არა რამდენიმე იდეალურად დარეგულირებული მექანიზმი, რომელიც მე-20 საუკუნემდე მეცნიერებს ბოლომდე არ ესმოდათ. ეს მექანიზმებია:
1. დედამიწის მდებარეობა „ირმის ნახტომსა“ და მზის სისტემაში, მისი ორბიტა, დახრილობა, მოძრაობის სიჩქარე და მთვარე.
2. მაგნიტური ველი და ატმოსფერო — დედამიწის ორმაგად დამცავი სისტემა.
3. დედამიწაზე არსებული წყლის მარაგი.
4. ბუნებრივი ციკლები, რომლებიც ბიოსფეროს რესურსების შევსებასა და გასუფთავებას ემსახურება.
მომდევნო სტატიებში თითოეული მათგანის განხილვის შემდეგ დაფიქრდით: ეს ყველაფერი შემთხვევითობის წყალობით გაჩნდა თუ გონივრული ჩანაფიქრის შედეგია? თუ გონივრული ჩანაფიქრის შედეგია, რა მიზანი ჰქონდა შემოქმედს მისი შექმნისას? ამ კითხვაზე პასუხს სტატიების ამ სერიის ბოლო სტატია გაგვცემს.
[ჩარჩო 3 გვერდზე]
„ჩვენ ღმერთს ვერ დავუტოვებთ ადგილს“
თუ გავითვალისწინებთ ცოცხალი სამყაროს რთულ აგებულებას, ძნელია იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით გაჩნდა. მიუხედავად ამისა, მრავალი მეცნიერი მაინც უარყოფს შემოქმედის არსებობას. ევოლუციონისტი რიჩარდ ლევონტინი აღნიშნავს, რომ მეცნიერება არ აიძულებს ათეისტებს, „დაეთანხმონ სამყაროს წარმოშობის მატერიალისტურ თეორიას“. ისინი „საკუთარი სურვილით იზიარებენ ამ შეხედულებას“ და მზად არიან, „ნებისმიერი ახსნა მოუძებნონ მას“. ლევონტინი მეცნიერთა აზრს იზიარებს, როცა აღნიშნავს: „მატერიალისტური თეორია ერთადერთი ჭეშმარიტი თეორიაა, ამიტომ ჩვენ ღმერთს ვერ დავუტოვებთ ადგილს“.
გონივრულია საკითხისადმი ასეთი დოგმატური მიდგომა მაშინ, როცა ფაქტები აშკარად შემოქმედის სასარგებლოდ მეტყველებს? თქვენ რას ფიქრობთ? (რომაელები 1:20).