არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიკერძოება და დისკრიმინაცია — რა არის მიზეზი?

მიკერძოება და დისკრიმინაცია — რა არის მიზეზი?

მიკერძოება და დისკრიმინაცია — რა არის მიზეზი?

„ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით“ (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 1).

ადამიანებს მაღალი იდეალები ამოძრავებთ, მაგრამ რეალობა სრულიად განსხვავებულია. მიკერძოება და დისკრიმინაცია დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ეს ყველაფერი მარტო დროს არ მოუტანია. პრობლემის თავი და თავი ადამიანის არასრულყოფილებაა (ფსალმუნი 51:5). და მაინც, მდგომარეობა გამოუვალი არ არის. ფაქტია, რომ ჩვენ არ ძალგვიძს დისკრიმინაციის შეჩერება, მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ სიძულვილსა და მიკერძოებას გულში ფესვი არ გავადგმევინოთ.

ერთი რამ ცხადია — ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჩამოუყალიბდეს მიკერძოებული შეხედულება. ერთ წიგნში ნათქვამია: „მიკერძოებასთან დაკავშირებულ კვლევებს მნიშვნელოვან დასკვნებამდე მივყავართ: 1) ყველა, ვისაც ფიქრი და მეტყველება შეუძლია, მიდრეკილია მიკერძოებისკენ, 2) ხშირად მის დასაძლევად გააზრებული და მიზანმიმართული ძალისხმევა და 3) სათანადო მოტივია საჭირო“ (Understanding Prejudice and Discrimination).

მიკერძოებასთან ბრძოლის „საუკეთესო საშუალება“ განათლებაა. სათანადო განათლება გვეხმარება, ჩავწვდეთ მის გამომწვევ მიზეზებს, უფრო ობიექტურად შევაფასოთ საკუთარი განწყობა და გონივრულად მოვიქცეთ, როცა სიძულვილის მსხვერპლი ვხდებით.

რა არის ამის მიზეზი?

მიკერძოების გამო ადამიანი ამახინჯებს, არასწორად იგებს ან საერთოდ უარყოფს ფაქტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მის წინასწარშექმნილ შეხედულებას. რამ შეიძლება გამოიწვიოს მიკერძოება და სიძულვილი? ერთი შეხედვით უვნებელმა, მაგრამ მცდარმა ოჯახურმა ფასეულობებმა ან სხვა რასისა და კულტურის ადამიანებზე გავრცელებულმა არასწორმა შეხედულებებმა. ზოგჯერ სიძულვილს ნაციონალიზმი და ცრუ რელიგიური სწავლებები აღვივებს. ამის მიზეზი მეტისმეტი სიამაყეც შეიძლება გახდეს. ქვემოთ მოცემულ აზრებსა და ბიბლიის პრინციპებზე დაფიქრება დაგვეხმარება, შევაფასოთ საკუთარი შეხედულებები და დავინახოთ, ხომ არ გვჭირდება აზროვნების შეცვლა.

მეგობრების წრე. ადამიანებს გვიყვარს ურთიერთობა, რაც თავისთავად ძალიან კარგია. ბიბლია ამბობს: „განმარტოებული კაცი თავისი გულისთქმის შესრულებას ცდილობს“. ასეთი ადამიანი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის (იგავები 18:1). მაგრამ ის ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა გვაქვს, დიდ გავლენას ახდენენ ჩვენზე. ამიტომ წინდახედულობა გვმართებს, როცა მეგობრებს ვირჩევთ. გონიერი მშობლები ყოველთვის ყურადღებას აქცევენ იმას, თუ ვისთან მეგობრობენ მათი შვილები. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სხვების საქციელის, სიტყვებისა და ჟესტების გავლენით სამ წლამდე ასაკის ბავშვებიც კი შეიძლება უარყოფითად განეწყონ სხვა რასის ადამიანების მიმართ. მშობლები ყველანაირად უნდა ეცადონ, დადებითი გავლენა მოახდინონ შვილებზე, რადგან ბავშვის აზროვნების ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს სწორედ ისინი თამაშობენ.

რას ამბობს ბიბლია? „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს; ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“ (იგავები 22:6). „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20). თუ მშობელი ხართ, დაფიქრდით: „სწორ და ღვთისმოსაწონ გზაზე ვაყენებ შვილებს? ისეთ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ჩემზე? ვახდენ სხვებზე კარგ გავლენას?“ (იგავები 2:1—9).

ნაციონალიზმი. ერთი ლექსიკონის თანახმად, ნაციონალიზმი არის „ეროვნული თვითშეგნება, რითაც ერთი ერი, მისი კულტურა და ინტერესები ყველა სხვა ერისაზე მაღლა დგას“. პოლიტოლოგი ივო დუხაჩეკი თავის წიგნში წერდა: „ნაციონალიზმი შეუწყნარებელ ჯგუფებად ყოფს საზოგადოებას. შედეგად ადამიანი მხოლოდ რომელიმე ერის წარმომადგენლად თვლის თავს და არა მსოფლიო საზოგადოების ნაწილად. მაგალითად, ის თავს უწოდებს ამერიკელს, რუსს, ჩინელს, ეგვიპტელს ან პერუელს“ (Conflict and Cooperation Among Nations). გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი წერდა: «დღეს მრავალი პრობლემის მიზეზი მცდარი შეხედულებებია და მათგან ზოგიერთი გაუთვითცნობიერებლად გვაქვს შეთვისებული. მაგალითად, „ჩემი ქვეყანა ყოველთვის მართალია“, — ეს უკიდურესი ნაციონალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინოებაა».

რას ამბობს ბიბლია? „ღმერთმა ქვეყნიერება [მთელი კაცობრიობა] ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). დავფიქრდეთ: „თუ ღმერთს მიუკერძოებლად უყვარს ყველა ეროვნების ადამიანი, მათ შორის მეც, განა არ უნდა მივბაძო მას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თავს ღვთის მორწმუნედ ვთვლი?!“

რასიზმი. ერთი ლექსიკონის თანახმად, რასიზმი არის რწმენა იმისა, რომ „ადამიანის ქმედითუნარიანობა, მიღწევები და ინტელექტი დამოკიდებულია მის რასობრივ კუთვნილებაზე და ერთი რასა ყველა სხვა რასაზე მაღლა დგას“. მაგრამ, როგორც ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ არის აღნიშნული, მეცნიერებს „ისეთი არაფერი აღმოუჩენიათ, რაც ერთი რასის მეორეზე უპირატესობას დაამტკიცებდა“. ერთ-ერთი უდიდესი უსამართლობა, რასაც რასიზმი იწვევს, ადამიანთა უფლებების მუდმივი დარღვევაა. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ რასიზმს მცდარი შეხედულებები უდევს საფუძვლად.

რას ამბობს ბიბლია? „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32). „მან [ღმერთმა] ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი“ (საქმეები 17:26). „ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი, რადგან ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვა კი გულს ხედავს“ (1 სამუელი 16:7). ვკითხოთ საკუთარ თავს: „ვცდილობ, ღვთის თვალით ვუყურო სხვებს? ვცდილობ გავიცნო სხვა რასისა და კულტურის ხალხი, რათა სწორი წარმოდგენა შევიქმნა მათზე?“ რაც უფრო ახლოს ვეცნობით ადამიანებს, მით უფრო გვიადვილდება მცდარი სტერეოტიპების დანგრევა.

რელიგია. ერთ წიგნში ნათქვამია: „როდესაც ადამიანი რელიგიით ცდილობს თავისი [ეგოისტური მიზნებისა] და ეთნოცენტრიზმის გამართლებას, შედეგები კატასტროფულია. ეს ასე ხდება, როცა რელიგია და წინასწარშექმნილი აზრი ერთმანეთს ერწყმის“. ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ, როგორც იმავე წიგნშია აღნიშნული, რელიგიური ადამიანები ადვილად თმობენ „ღვთისმოსაობას და მიკერძოებულები ხდებიან“ (The Nature of Prejudice). ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს რასობრივად დაყოფილი ეკლესიები, რელიგიურ ჯგუფებს შორის არსებული სიძულვილი და რელიგიის წაქეზებით განხორციელებული ტერორისტული აქტები.

რას ამბობს ბიბლია? „ზემოდან [ღვთისგან] მომავალი სიბრძნე . . . მშვიდობიანი[ა], ახასიათებს გონიერება და . . . მიუკერძოებელი[ა]“ (იაკობი 3:17). „ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს“ (იოანე 4:23). „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათე 5:44). ვკითხოთ საკუთარ თავს: „მასწავლის ჩემი რელიგია, მიყვარდეს ყველა ადამიანი, თუნდაც ის, ვინც მტრულად არის ჩემდამი განწყობილი? ღიაა ჩემი სალოცავის კარები ყველა ადამიანისთვის, მათი ეროვნების, კანის ფერის, სქესის, შემოსავლისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად?“

სიამაყე. საკუთარ თავზე დიდმა წარმოდგენამ და ამპარტავნობამ ადამიანი ადვილად შეიძლება გახადოს მიკერძოებული. მაგალითად, ამაყი ადამიანი ფიქრობს, რომ სხვებზე უკეთესია და ზიზღით უყურებს ყველას, ვისაც მასზე ნაკლები განათლება ან მატერიალური შესაძლებლობა აქვს. ასეთი ადამიანები უფრო ადვილად ეგებიან ისეთი პროპაგანდის ანკესზე, რომლითაც მისი ეროვნული ან ეთნიკური ჯგუფი სხვებზე მაღლა დგას. დახელოვნებული პროპაგანდისტები შეგნებულად აღვივებენ ეროვნულ თუ რასობრივ სიამაყეს მასების მხარდაჭერის მოსაპოვებლად და ყოველი განსხვავებული თუ არასასურველი პირის გასანადგურებლად. ამის თვალსაჩინო მაგალითია ნაცისტი დიქტატორი, ადოლფ ჰიტლერი.

რას ამბობს ბიბლია? „ყველა გულით ამაყი სისაძაგლეა იეჰოვასთვის“ (იგავები 16:5). „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ (ფილიპელები 2:3). ვკითხოთ საკუთარ თავს: „მიხარია გულის სიღრმეში, როცა ჩემს ერს აქებენ ან სხვა ერის წარმომადგენლებს ამცირებენ? მშურს მათი, ვისაც ჩემზე მეტი ნიჭი ან უნარი აქვს, თუ გულწრფელად ვხარობ მათი შესაძლებლობებით?“

ბიბლია ტყუილუბრალოდ არ გვაფრთხილებს: „ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“ (იგავები 4:23). მოუფრთხილდით გულს და არაფერს მისცეთ უფლება, რომ გული გაგიბოროტოთ! ღვთიური სიბრძნით აივსეთ გული. მხოლოდ ამ შემთხვევაში „დაგიცავს ჭკუა და დაგიფარავს გამჭრიახობა; დაგიხსნის ბოროტების გზიდან, უკუღმართად მოლაპარაკე კაცისგან“ (იგავები 2:10—12).

მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინაციისა და მიკერძოების მსხვერპლი გახდით? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგცემთ.

[ჩანართი 6 გვერდზე]

რაც უფრო ახლოს ვეცნობით ადამიანებს, მით უფრო გვიადვილდება მცდარი სტერეოტიპების დანგრევა