არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიყვარული იმარჯვებს მიკერძოებაზე

სიყვარული იმარჯვებს მიკერძოებაზე

სიყვარული იმარჯვებს მიკერძოებაზე

„პირველად ისტორიაში გამოჩნდა რელიგიური გაერთიანება, რომელიც არ განადიდებს პატრიოტულ კულტს. ეს არის მოხალისეთა ჯგუფი, რომელმაც გადალახა სოციალური, რასობრივი და ეროვნული ბარიერები. კაცები და ქალები ერთად განადიდებენ თავიანთ ღმერთს, როგორც ინდივიდები“ (A History of Christianity, პოლ ჯონსონი).

როცა რომის იმპერიაში ქრისტიანობა გავრცელდა, ხალხი საოცრების მოწმე გახდა. ისინი ხედავდნენ მრავალეროვან სულიერ საძმოს, რომლის წევრებმაც ისწავლეს მშვიდობიანად ცხოვრება ერთობაში. ამ საძმოს საიდუმლო ნამდვილ სიყვარულში იყო, რომელსაც მხოლოდ გრძნობები და ემოციები კი არ ედო საფუძვლად, არამედ ღვთის პრინციპები.

ამ პრინციპებს საუკეთესოდ იყენებდა იესო ქრისტე, რომელიც თავად გახდა სიძულვილისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი (1 პეტრე 2:21—23). იერუსალიმში მცხოვრებ რელიგიურ წინამძღოლებს ეზიზღებოდათ გალილეველები, რადგან ისინი ძირითადად მიწათმოქმედები და მეთევზეები იყვნენ. იესო კი გალილეიდან იყო (იოანე 7:45—52). გარდა ამისა, იესო დიდებული მასწავლებელი იყო, უბრალო ხალხს უყვარდა ის და პატივს სცემდა. ამის გამო რელიგიურ წინამძღოლებს იმდენად შურდათ იესოსი, რომ ბოროტი ხმები გაუვრცელეს და მისი მოკვლა განიზრახეს (მარკოზი 15:9, 10; იოანე 9:16, 22; 11:45—53).

იესოს მათთვის სამაგიერო არ გადაუხდია (რომაელები 12:17). მართალია ფარისეველთა სექტის წევრები ეწინააღმდეგებოდნენ იესოს, მაგრამ, თუ რომელიმე მათგანი გულწრფელად მიმართავდა კითხვით, ის პატივისცემით პასუხობდა (იოანე 3:1—21). მან ისადილა კიდეც იმ ფარისეველთან, რომელმაც წინასწარშექმნილი აზრის გამო, სათანადო პატივი არ სცა. იმ დროს მიღებული იყო სტუმრისთვის ფეხების დაბანა, მაგრამ ფარისეველი ასე არ მოქცეულა. იესო არ განაწყენებულა. იმ საღამოს იქ მყოფთ მან თანაგრძნობა და მიმტევებლობა ასწავლა (ლუკა 7:36—50; 11:37).

იესოს უყვარდა მოძულებული ხალხი

იესოს ცნობილი იგავი მოგვითხრობს კეთილ სამარიელზე, რომელმაც იზრუნა ყაჩაღების მიერ ნაცემ და გაძარცულ იუდეველ კაცზე (ლუკა 10:30—37). რატომ იყო სამარიელის საქციელი ღირსეული? იმ დროს იუდეველებსა და სამარიელებს სძულდათ ერთმანეთი. იუდეველები სიტყვა „სამარიელს“ სალანძღავად იყენებდნენ. მათ ეს სიტყვა იესოს მიმართაც გამოიყენეს (იოანე 8:48). ასეთი სიტუაციის ფონზე მოყვასის სიყვარულის სასწავლებლად იესომ მართლაც საუკეთესო მაგალითი მოიყვანა.

იესო თვითონ იქცეოდა ამ იგავის შესაბამისად. მან ერთი სამარიელი კეთრისგანაც კი განკურნა (ლუკა 17:11—19). გარდა ამისა, იესო ასწავლიდა მადლიერ სამარიელებს. ერთხელ ის კარგა ხანს ესაუბრა სამარიელ ქალს, რაც იმ დროისთვის უჩვეულო იყო (იოანე 4:7—30, 39—42). მკაცრი იუდეველი რაბინები არ ელაპარაკებოდნენ ქალებს სახალხოდ, თუნდაც ის ახლო ნათესავი ყოფილიყო, რომ აღარაფერი ვთქვათ სამარიელ ქალზე.

როგორ უყურებს ღმერთი ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, მოიცილონ წინასწარშექმნილი უარყოფითი აზრი? ბიბლია ამ კითხვაზეც გვცემს პასუხს.

ღმერთი მომთმენია ჩვენდამი

წინასწარშექმნილი აზრის გამო პირველ საუკუნეში ბევრი იუდეველი ქრისტიანი თავიდან ათვალწუნებით უყურებდა არაიუდეველებს, რომელთაგან ბევრი ქრისტიანი გახდა. როგორ მოაგვარა იეჰოვამ ეს სერიოზული პრობლემა? ის მოთმინებით ასწავლიდა ქრისტიანულ კრებას (საქმეები 15:1—5). ამან კარგი ნაყოფი გამოიღო. როგორც ამ სტატიის დასაწყისში იყო მოხსენიებული, მათ „გადალახეს სოციალური, რასობრივი და ეროვნული ბარიერები“. შედეგად „კრებები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქმეები 16:5).

რისი სწავლა შეიძლება აქედან? კვლავაც მიენდეთ ღმერთს, რომელიც უხვად აძლევს სიბრძნეს და ძალას მათ, ვინც რწმენით სთხოვს (იაკობი 1:5, 6). გაიხსენეთ წინა სტატიაში მოხსენიებული ჯენიფერი, ტიმოთე, ჯონი და ოლგა. ჯენიფერი სულიერად გაიზარდა და ისწავლა, ყურადღება აღარ მიექცია შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის. როცა მის ერთ კლასელს დაუწყეს დაცინვა, ჯენიფერმა დაიცვა ის და დაამშვიდა.

რა დაეხმარა ტიმოთეს ემოციების მოთოკვაში, როცა კლასელები კანის ფერის გამო დასცინოდნენ? ის ამბობს: „არ მინდოდა ჩემი საქციელით იეჰოვას სახელი ლაფში ამომესვარა. ისიც მახსოვდა, რომ ბოროტება სიკეთით უნდა დამეძლია“ (რომაელები 12:21).

ჯონიმ გადალახა სიძულვილი, რომელიც ჰაუსა თანაკლასელისადმი ჰქონდა. ის იხსენებს: „მოზარდობის პერიოდში რამდენიმე ჩემი თანატოლი ჰაუსა გავიცანი. ჩვენ კარგი მეგობრები გავხდით. მე და ჩემმა ჰაუსა მეგობარმა საერთო პროექტზეც ვიმუშავეთ და ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. დღეს მე აღარ ვყოფ ხალხს ტომებად და ერებად, რადგან ვცდილობ, რომ თითოეული ადამიანის პიროვნება დავაფასო“.

ოლგა და მისი პარტნიორი არ შეუშინდნენ მოწინააღმდეგეებს. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბიბლიის ცნობას ვინმე აუცილებლად გამოეხმაურებოდა და მტკიცედ იდგნენ თავიანთ პოზიციაზე. ისინი არ შემცდარან, რადგან ბევრმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ოლგა იხსენებს: „50 წლის შემდეგ ერთი კაცი მომიახლოვდა და ლამაზი ჩანთა გადმომცა. შიგნით პატარა ქვები ეწყო, რომლებზეც ამოტვიფრული იყო შემდეგი სიტყვები: სიყვარული, მშვიდობა, სიკეთე და სულგრძელობა. მან მითხრა, რომ ერთ-ერთი იყო იმ ბიჭებიდან, რომლებიც ქვებს გვესროდნენ. ახლა ის ჩემი სულიერი ძმა იყო. მან და მისმა მეუღლემ თეთრი ვარდების დიდი თაიგული მაჩუქეს“.

როცა მიკერძოება და დისკრიმინაცია აღარ იარსებებს

მალე მიკერძოებას და დისკრიმინაციას ბოლო მოეღება. მთელ დედამიწას ერთი მმართველი — იესო ქრისტე უხელმძღვანელებს. მან დაამტკიცა, რომ „შესახედაობით არ გაასამართლებს“ (ესაია 11:1—5). იესოს მიწიერი ქვეშევრდომები სრულყოფილად აირეკლავენ მის თვისებებს, რადგან ისინი მისგან და მამამისისგან, იეჰოვასგან, განისწავლებიან (ესაია 11:9).

ასეთი სულიერი სწავლება დღესვე მიმდინარეობს, რაც ღვთის ხალხს სრულიად ახალ მსოფლიოში საცხოვრებლად ამზადებს. თქვენც შეგიძლიათ დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა და მიიღოთ ასეთი განათლება. * ღმერთი მიუკერძოებელია და მისი ნებაა, რომ ყველანაირი ადამიანი „გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:3, 4).

[სქოლიო]

^ აბზ. 18 თუ გსურთ უფასოდ შეისწავლოთ ბიბლია თქვენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას, დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს ან მისწერეთ მათ ფილიალს მე-5 გვერდზე მოცემულ რომელიმე მისამართზე. შეგიძლიათ ასევე ეწვიოთ იეჰოვას მოწმეების ოფიციალურ ვებ-გვერდს www.watchtower.org

[ჩანართი 8 გვერდზე]

მალე მიკერძოება და დისკრიმინაცია აღარ იარსებებს

[ჩარჩო⁄სურათი 8, 9 გვერდებზე]

პრაქტიკული პრინციპები ღვთის სიტყვიდან

„ნურავის გადაუხდით სამაგიეროს . . . სძლიე ბოროტებას სიკეთით“ (რომაელები 12:17—21). ისწავლეთ, სიკეთე გაუკეთოთ მათ, ვინც ცუდად გექცევათ. „უმიზეზოდ შემიძულეს“, — თქვა იესო ქრისტემ. მიუხედავად ამისა, მას არავინ შეუძულებია (იოანე 15:25).

„ნუ გავხდებით პატივმოყვარენი . . . შურის თვალით ნუ შევხედავთ ერთმანეთს“ (გალატელები 5:26). შური და სიამაყე უარყოფითად მოქმედებს ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე და ხშირ შემთხვევაში სიძულვილსა და მიკერძოებას იწვევს (მარკოზი 7:20—23).

„ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). დაფიქრდით: როგორ გინდათ, რომ გექცეოდნენ სხვები? თქვენც ასე მოექეცით სხვებს მათი ასაკის, კანის ფერისა და კულტურის მიუხედავად.

„გულთბილად მიიღეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ მიგიღოთ გულთბილად“ (რომაელები 15:7). ცდილობთ, უკეთესად გაიცნოთ სხვადასხვა წარმოშობისა და კულტურის ადამიანები, მით უმეტეს, თუ ისინი თქვენი თანამორწმუნეები არიან? (2 კორინთელები 6:11).

„დედ-მამასაც რომ მივეტოვებინე, იეჰოვა ამიყვანდა“ (ფსალმუნი 27:10). როგორც არ უნდა გვეპყრობოდნენ სხვები, ღმერთი არასდროს მიგვატოვებს, თუ მისი ერთგული ვიქნებით.

[სურათი 7 გვერდზე]

კეთილი სამარიელი დახმარების ხელს უწვდის გაძარცულ იუდეველს