არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დასაშვებია ქორწინებამდე ერთად ცხოვრება?

დასაშვებია ქორწინებამდე ერთად ცხოვრება?

ბიბლიის თვალსაზრისი

დასაშვებია ქორწინებამდე ერთად ცხოვრება?

იყიდდი კოსტიუმს ან კაბას მოუზომებლად? რა თქმა უნდა, არა, რადგან თუ ტანსაცმელი შენი ზომა არ აღმოჩნდება, გამოდის, რომ დრო და ფული ტყუილად დაგიკარგავს.

ბევრი ქორწინებას ამ ლოგიკით უდგება. მათი აზრით, უმჯობესია, ქალმა და კაცმა დაქორწინებამდე ერთად იცხოვრონ. თუ ისინი ერთმანეთს ვერ შეეწყობიან, შეუძლიათ განქორწინების რთული და ხარჯიანი პროცედურის გარეშე დაშორდნენ.

ზოგი შესაძლოა ამ დასკვნამდე იმიტომ მივიდა, რომ ხედავდა, რა შეურაცხყოფას იტანდა მისი მეგობარი მეუღლისგან. ზოგიც უსიყვარულო ქორწინების სავალალო შედეგების მომსწრე გახდა. აქედან გამომდინარე, ისინი თვლიან, რომ ქორწინებამდე ერთად ცხოვრება წინდახედულობის მაჩვენებელია.

როგორია ბიბლიის თვალსაზრისი ამ საკითხზე? ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებთ, განვიხილოთ, რა არის ღვთის სიტყვაში ნათქვამი ქორწინებაზე.

„ერთი ხორცი“

ბიბლიაში ქორწინება წმინდა კავშირად არის წარმოდგენილი და ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქორწინება იეჰოვა ღმერთის დაფუძნებულია (დაბადება 2:21—24). დასაბამიდანვე, იეჰოვას სურდა, რომ ქორწინებას ქალი და კაცი „ერთ ხორცად“ ექცია (დაბადება 2:24). იესო ქრისტემ წმინდა წერილებიდან ამის შესახებ ციტატა მოიყვანა, შემდეგ კი დასძინა: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6).

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგი ქორწინება განქორწინებით მთავრდება. * მაგრამ ეს იმიტომ კი არა, რომ ქორწინებაა ამის მიზეზი, არამედ იმიტომ, რომ ერთ-ერთი ან ორივე მეუღლე არ ასრულებს საქორწინო აღთქმას.

წარმოიდგინეთ, რომ ცოლ-ქმარს ჰყავს მანქანა, მაგრამ ისინი არ მიჰყვებიან ინსტრუქციას და არ უფრთხილდებიან მას. ვისი ბრალი იქნება, თუ მანქანა გაფუჭდება? მწარმოებლის თუ მფლობელის, რომელმაც არ გაითვალისწინა მანქანის მოვლის წესები?

იმავეს თქმა შეიძლება ქორწინებაზეც. თუ ცოლ-ქმარი უფრთხილდება ურთიერთობას და წამოჭრილ პრობლემებს ბიბლიური პრინციპების დახმარებით აგვარებს, განქორწინების ალბათობა ნაკლებია. ცოლ-ქმარი თავს მშვიდად გრძნობს, რადგან ერთმანეთისთვის პირობა აქვთ მიცემული. ამ შემთხვევაში ქორწინება თბილი ურთიერთობის საწინდარი ხდება.

„მოერიდეთ სიძვას“

და მაინც, ვინმემ შეიძლება იფიქროს: რა დაშავდება, თუ ჯერ ერთად ვიცხოვრებთ? განა ქორწინების სიწმინდის დაფასება არ იქნება, თუ საქორწინო აღთქმის დადებამდე ჩვენს ურთიერთობას გამოვცდით?!

ბიბლია ამაზე არაორაზროვნად გვპასუხობს. პავლე წერდა: „მოერიდეთ სიძვას“ (1 თესალონიკელები 4:3). „სიძვაში“ იგულისხმება ყველანაირი სქესობრივი ურთიერთობა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დაქორწინებულები არ არიან. ეს ეხება იმ წყვილებს შორის სქესობრივ ურთიერთობასაც, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და სამომავლოდ აპირებენ დაქორწინებას. ამგვარად, ბიბლიის თანახმად დაუშვებელია ქალ-ვაჟის ერთად ცხოვრება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ოჯახის შექმნას გეგმავენ.

ბევრის აზრით, ბიბლიის თვალსაზრისი ამ საკითხზე ძალიან მოძველებულია. მაგალითად, მრავალ ქვეყანაში ქალისა და კაცის ერთად ცხოვრება ნორმალურად ითვლება იმისდა მიუხედავად, ისინი დაქორწინდებიან თუ არა. მაგრამ არც იმაზე ღირს თვალის დახუჭვა, თუ რით მთავრდება ასეთი ურთიერთობა. არიან ისინი ბედნიერები? დაქორწინებულებზე უფრო ბედნიერები არიან ასეთი წყვილები? ოჯახის შექმნის შემდეგ უფრო ერთგულები არიან ერთმანეთის? გამოკვლევები საპირისპიროზე მოწმობს. მათ, ვინც დაქორწინებამდე ერთად ცხოვრობდა, უფრო მეტი გაუგებრობა აქვთ ოჯახში და მათი ქორწინებაც ხშირ შემთხვევაში განქორწინებით მთავრდება.

ზოგი სპეციალისტი თვლის, რომ ეს გამოკვლევები მცდარია. როგორც ერთი ფსიქოლოგი წერს, ზოგი ქორწინებამდე არჩევს ერთად ცხოვრებას, ზოგიერთები კი დაქორწინების შემდეგ არიან ერთად. ამ ფსიქოლოგის მტკიცებით, მნიშვნელოვანია არა ის, იცხოვრებს თუ არა ქალ-ვაჟი ქორწინებამდე ერთად, არამედ ის, რომ ისინი აფასებდნენ ქორწინებას.

ასეც რომ იყოს, ქორწინებაზე ღვთის თვალსაზრისის გათავისება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ბიბლია ამბობს: „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული“ (ებრაელები 13:4). ვერაფერი შეარყევს იმ ცოლ-ქმრის ურთიერთობას, რომლებიც აღთქმას დებენ, რომ ერთი ხორცი იქნებიან და შემდეგ უფრთხილდებიან ამ კავშირს (ეკლესიასტე 4:12).

თუ გავიხსენებთ სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ მაგალითს, შეიძლება ითქვას, რომ ყიდვამდე ნამდვილად ღირს კოსტიუმის ან კაბის მოზომება. მაგრამ ეს მაგალითი ქორწინებამდე თანაცხოვრების კონტექსტში არ გამოგვადგება. უმჯობესია, დაქორწინებამდე კარგად გაიცნოთ ადამიანი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც ხშირად უგულებელყოფენ, ოჯახური ბედნიერების ხელშემწყობი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

[სქოლიო]

^ აბზ. 9 ბიბლია მხოლოდ იმ შემთხვევაში რთავს ცოლ-ქმარს განქორწინებისა და სხვაზე დაქორწინების ნებას, როცა ერთი მეუღლე მეორეს ღალატობს (მათე 19:9).

გიფიქრიათ?

▪ რატომ კრძალავს ბიბლია დაუქორწინებლებს შორის ინტიმურ ურთიერთობას? (ფსალმუნი 84:11; 1 კორინთელები 6:18).

▪ რა თვისებებს უნდა ეძებდეთ თქვენს მომავალ მეუღლეში? (რუთი 1:16, 17; იგავები 31:10—31).

[ჩარჩო 29 გვერდზე]

„საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს“

ბიბლიაში ნათქვამია: „ის, ვინც მეძაობს, საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს“ (1 კორინთელები 6:18). ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ სიტყვების უტყუარობა დადასტურდა იმ მილიონობით ადამიანის მაგალითით, რომლებიც შიდს-ით და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან დაიღუპნენ. მაგრამ ეს ყველაფერი როდია. გამოკვლევების თანახმად, დეპრესია და თვითმკვლელობის მცდელობა იმ ახალგაზრდებში უფრო ხშირია, რომლებიც აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან. აღვირახსნილი ცხოვრების წესი ხშირად არასასურველი ორსულობის მიზეზი ხდება, რაც არცთუ იშვიათად აბორტით მთავრდება. ყველა ზემოხსენებული ფაქტის გათვალისწინებით, ნათელია, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ზნეობრივი ნორმები არ არის მოძველებული.