არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გავიცნო მშობლები უკეთესად?

როგორ გავიცნო მშობლები უკეთესად?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გავიცნო მშობლები უკეთესად?

ჯესიკას მშობლებმა სადილზე მეგობრები დაპატიჟეს. სუფრასთან ერთ-ერთმა სტუმარმა ჯესიკას დედას უთხრა: „ვერ დაიჯერებ, ამას წინათ ვინ ვნახე! გახსოვს, რიჩარდი, სკოლაში შენი შეყვარებული რომ იყო?“

ჯესიკას ხელიდან ჩანგალი გაუვარდა. მას არასდროს სმენოდა რიჩარდის შესახებ.

— ვა, დე, მამიკოს გაცნობამდე ვინმეს ხვდებოდი? არ ვიცოდი?!

შენც ხომ არ გაუკვირვებიხარ მშობლების შესახებ გაგებულ ამბავს? თუ ასეა, შეიძლება იფიქრო, რომ კიდევ ბევრი რამ არ იცი მათზე.

რატომ ხდება, რომ შვილები კარგად არ იცნობენ მშობლებს? რა მხრივ იქნება კარგი, თუ მშობლებს უკეთ გაიცნობ? რა შეგიძლია ამისათვის გააკეთო?

მეტი გაიგე

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ იცნობენ კარგად შვილები მშობლებს, არის მანძილი, რომელიც მათ აშორებთ. 22 წლის იაკობი * ამბობს: „რვა წლის ვიყავი, ჩემი მშობლები ერთმანეთს რომ დაშორდნენ. მას შემდეგ მამას წელიწადში რამდენჯერმე ვხედავდი. მინდა, უკეთესად ვიცნობდე მამაჩემს“.

შესაძლოა წლებია მშობლებთან ცხოვრობ, მაგრამ მათ შენთვის ყველაფერი არ მოუყოლიათ. როგორც ყველას, შენს მშობლებსაც შეიძლება ერიდებათ წარსულში დაშვებული შეცდომების გახსენება (რომაელები 3:23). შეიძლება იმასაც ფიქრობენ, რომ თუ თავიანთი შეცდომების შესახებ ლაპარაკს დაიწყებენ, შენს თვალში პატივისცემას დაკარგავენ, ან შიშობენ, რომ გათამამდები და საკუთარ თავს მეტის უფლებას მისცემ.

ბევრ რამეზე მშობლებს შენთან შეიძლება იმიტომ არ უსაუბრიათ, რომ ამ საკითხებზე საუბარი უბრალოდ არასდროს ჩამოვარდნილა. ახალგაზრდა კამერონი ამბობს: „როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, შეიძლება წლები ცხოვრობდე მშობლებთან და ბევრი არაფერი იცოდე მათ შესახებ!“ კარგს იზამ, თუ პირველი გადადგამ ნაბიჯს და მშობლებს დაუახლოვდები. განვიხილოთ ოთხი მიზეზი, რატომ ღირს ამის გაკეთება.

1. მშობლებს უთუოდ ესიამოვნებათ, რომ მათით დაინტერესდი. უდავოა, რომ დედ-მამას გაუხარდება, თუ მათი ცხოვრებით დაინტერესდები. და ვინ იცის, იქნებ სხვა დროს, როცა რამეს მოუყვები, შენც უკეთესად გაგიგონ! (მათე 7:12).

2. გაიგებ, რატომ ფიქრობენ მშობლები ასე ამა თუ იმ საკითხზე. მაგალითად, თუ შენი მშობლები სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ, ადვილი გასაგებია, რატომ არიან დღეს ხელმომჭირნეები.

მრავალმხრივ დაგეხმარება, თუ გეცოდინება, რატომ ფიქრობენ მშობლები ასე და არა სხვაგვარად. კოდი გვიმხელს: „ჩემი მშობლების თვალსაზრისის ცოდნა იმ მხრივ მეხმარება, რომ სანამ რამეს ვიტყვი, წინასწარ ვიცი, როგორ იმოქმედებს მათზე ჩემი სიტყვები“ (იგავები 15:23).

3. საკუთარ თავზე თავისუფლად ისაუბრებ მშობლებთან. „მეუხერხულებოდა მამაჩემთან იმაზე დალაპარაკება, რომ ერთი ბიჭი მომწონდა, — ყვება 18 წლის ბრიჯეტი. — ერთხელაც გავბედე და მამაჩემს ვუთხარი ამის შესახებ. მანაც მიამბო თავის პირველ სიყვარულზე და მითხრა, რა სასიამოვნო გრძნობა იყო ეს. ისიც კი მითხრა, რა საშინლად გრძნობდა თავს, როცა თავის პირველ შეყვარებულთან ურთიერთობა გაწყვიტა. ამან მიბიძგა, რომ გული გადამეშალა მისთვის“.

4. მშობლებისგან ბევრს ისწავლი. მშობლების გამოცდილება დაგეხმარება საკუთარი სირთულეების თუ იმედგაცრუების გადატანაში. 16 წლის ჯოშუა ამბობს: „მაინტერესებს, როგორ ახერხებენ ჩემი მშობლები ამხელა ოჯახზე ზრუნვას; ოჯახის თითოეულ წევრს ხომ სხვადასხვა ფიზიკური, ემოციური და სულიერი მოთხოვნილებები აქვს. მათი გამოცდილება, ალბათ, ბევრს მასწავლის“. ბიბლიაში საინტერესო კითხვაა დასმული: „განა სიბრძნე მოხუცებს არა აქვთ, და გაგების უნარი — დღეთა სიმრავლეს?!“ (იობი 12:12).

გამოიჩინე ინიციატივა

რა უნდა გააკეთო მშობლების უკეთ გასაცნობად? ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე რჩევა.

შეარჩიე შესაფერისი გარემო. არ არის აუცილებელი მშობლებთან სასაუბროდ ოფიციალური გარემოს შერჩევა, შეგიძლია საუბარი დაუგეგმავად წამოიწყო, მაგალითად, თამაშის დროს, საერთო საქმის კეთებისას, სეირნობისას თუ მანქანით მგზავრობისას. ზემოხსენებული კოდი ამბობს: „ხშირად მშობლებთან შორ მანძილზე მგზავრობის დროს ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, ამ დროს შემიძლია ყურსასმენი გავიკეთო ან დავიძინო, მაგრამ მირჩევნია, ინიციატივა გამოვიჩინო და ეს დრო მშობლებთან სასაუბროდ გამოვიყენო!“

დაუსვი კითხვები. შესაფერის გარემოშიც კი დედამ შეიძლება არაფერი გითხრას პირველი სიყვარულის შესახებ ან მამამ — როდის დაამტვრია მანქანა. მაგრამ, თუ კონკრეტულად ჰკითხავ, რაც გაინტერესებს, ალბათ, გიპასუხებენ. კითხვები, რომლებიც შეგიძლია დაუსვა მშობლებს, იხილე  ჩარჩოში მე-12 გვერდზე.

ნუ ჩააცივდები. ხშირად შენს ერთ კითხვას მშობელმა შეიძლება ათასი ამბავი მოაყოლოს. ამ დროს სავსებით ბუნებრივია, მოგინდეს, საუბარი ისევ საწყისს თემას დაუბრუნო. მაგრამ გახსოვდეს, რომ შენი მიზანი მხოლოდ ფაქტების შეგროვება არ არის. მთავარია მშობლებს დაუახლოვდე. ამის გაკეთების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კი ის არის, თუ მათთვის სასიამოვნო თემაზე ალაპარაკებ (ფილიპელები 2:4).

იყავი გამჭრიახი. „კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას“ (იგავები 20:5). განსაკუთრებული გამჭრიახობა უნდა გამოიჩინო მაშინ, როცა დელიკატურ საკითხებზე გსურს მშობლებთან დალაპარაკება. მაგალითად, შეიძლება გაინტერესებს, რა შეცდომები აქვს დაშვებული მამაშენს შენს ასაკში და დროის დაბრუნება რომ შეეძლოს, როგორ მოიქცეოდა. მაგრამ, სანამ მსგავს თემებს შეეხები, შეგიძლია საუბარი ასე დაიწყო: „შეიძლება გკითხო . . .?“.

იყავი ტაქტიანი. როცა მშობლები საკუთარ თავზე რამეს გიყვებიან, იყავი სწრაფი მოსმენაში და ნელი სიტყვაში (იაკობი 1:19). რაც უნდა გითხრან, არ დასცინო და არ აწყენინო. მოერიდე ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: „ვა, შენ მართლა ასე მოიქეცი?!“ ან „აი, თურმე რატომ მექცევი მკაცრად!“ ასეთი სიტყვებით დედ-მამას საკუთარ თავზე ლაპარაკის სურვილს დააკარგვინებ. და კიდევ, ნუ გაიტან ოჯახის გარეთ მშობლების მონაყოლს.

არასდროს არის გვიან

ზემოაღნიშნული რჩევები მშობლების უკეთ გაცნობაში დაგეხმარება. მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, თუ ცალკე ცხოვრობ? მშობლებთან დასაახლოებლად შეგიძლია იმავე რჩევებით იხელმძღვანელო. მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული იაკობი ახლა ცალკე ცხოვრობს, ამბობს: „მართალია, გვიან, მაგრამ მამა უკეთესად გავიცანი“.

მშობლებთან ცხოვრობ თუ ცალკე, მათი უკეთ გაცნობა არასოდეს არის გვიანი. გამოიყენე ამ სტატიაში მოცემული რჩევები, რაც მშობლებთან დაახლოებაში გამოგადგება.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიო]

^ აბზ. 9 ზოგი სახელი შეცვლილია.

დაფიქრდი

▪ სტატიაში მოხსენიებულ რომელ თემაზე ისურვებდი მშობლებთან საუბარს?

▪ როგორ დაგეხმარება მშობლების გაცნობა საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში?

[ჩარჩო⁄სურათი 12 გვერდზე]

  ჰკითხე მშობლებს:

ქორწინება: როგორ გაიცანით შენ და დედამ (ან მამამ) ერთმანეთი? რა მოგეწონათ ერთმანეთში? სად ცხოვრობდით დაქორწინების შემდეგ?

ბავშვობა: სად დაიბადე? როგორი ურთიერთობა გქონდა და-ძმებთან? მკაცრად გზრდიდნენ მშობლები თუ არა?

განათლება: რომელი საგანი გიყვარდა სკოლაში ყველაზე მეტად? რომელს ვერ იტანდი? რომელი მასწავლებელი გიყვარდა გამორჩეულად და რატომ?

სამსახური: პირველად სად მუშაობდი? გიყვარდა შენი სამუშაო? შენი ნება რომ ყოფილიყო, რომელ სამსახურს აირჩევდი?

ინტერესები: რომელ ქვეყანას მოინახულებდი? თავისუფალ დროს რით დაკავდებოდი ან რას ისწავლიდი?

ქრისტიანული ცხოვრება: ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდე? თუ არა, როგორ დაინტერესდი ბიბლიით? რა სირთულეების გადატანა მოგიწია ბიბლიური პრინციპების დასაცავად?

ფასეულობები: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი მეგობრობისთვის? რა უწყობს ხელს ბედნიერებას? რა არის საჭირო ოჯახში ბედნიერებისთვის? ყველაზე მეტად რომელი რჩევა გამოგადგა ცხოვრებაში?

სცადე: აირჩიე ზემოთ მოყვანილი კითხვებიდან რამდენიმე და შეეცადე გამოიცნო, რა პასუხს გაგცემენ მშობლები. შემდეგ დაუსვი კითხვები და მათი პასუხები შენს პასუხებს შეადარე.

[ჩარჩო 13 გვერდზე]

მშობლების საყურადღებოდ

მეუღლესთან, ქალიშვილთან და ოჯახის მეგობრებთან ერთად სადილობთ. ამასობაში შენი მეგობარი ახსენებს შენს ყოფილ შეყვარებულს, რომელთანაც შენი ქმრის გაცნობამდე გაწყვიტე ურთიერთობა. ამის შესახებ შენი ქალიშვილისთვის არასდროს მოგიყოლია. ახლა კი მას ცნობისმოყვარეობა არ ასვენებს. როგორ მოიქცევი?

ნუ უსაყვედურებ შვილს კითხვების გამო. შვილის კითხვები ხომ მასთან ურთიერობის საშუალებას გაძლევს, რასაც ყველა მშობელი ნატრობს.

რა უნდა მოუყვე შვილს შენს წარსულზე? შეიძლება თავი შეიკავო ისეთი რამის თქმისგან, რაც უხერხულობას გამოიწვევდა. მაგრამ, თუ საჭიროდ ჩათვლი უთხარი, რა შეცდომებს უშვებდი და რასთან გიწევდა ბრძოლა, რადგან ეს შვილებს წაადგებათ.

განვიხილოთ პავლე მოციქულის მაგალითი. ერთხელ მან თქვა: „მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი . . . საწყალი ადამიანი ვარ!“ (რომაელები 7:21—24). ეს სიტყვები იეჰოვა ღმერთის შთაგონებით დაიწერა და ბიბლიაში ჩვენს სასიკეთოდ შემოინახა (2 ტიმოთე 3:16). პავლეს გულწრფელი აღიარება ყველასთვის ნაცნობია. ვის არ განუცდია იგივე საკუთარ თავზე?!

მსგავსად, თუ ბავშვებს ეცოდინებათ შენ მიერ გაკეთებული სწორი არჩევნისა და დაშვებული შეცდომების შესახებ, უფრო მეტად გამონახავენ შენთან საერთო ენას. მართალია, სხვადასხვა თაობას ეკუთვნით და დროც იცვლება, მაგრამ ადამიანების ბუნება უცვლელია. იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიურ პრინციპებზეც (ფსალმუნი 119:144). იმაზე მსჯელობა, თუ რა სირთულეებს შეხვდი და როგორ დასძლიე ისინი, მოზარდ შვილებს დაეხმარება, საკუთარ სირთულეებს თავი ადვილად გაართვან. კამერონი ამბობს: „როცა იგებ, რომ შენს მშობლებსაც იგივე სირთულეები ჰქონდათ, როგორიც დღეს შენ გაქვს, ხვდები, რომ ისინიც შენნაირები არიან. სხვა დროს, როცა პრობლემის წინაშე აღმოჩნდები, პირველ რიგში დაინტერესდები, მშობლებსაც ხომ არ ჰქონიათ მსგავსი პრობლება“.

გაფრთხილება: არ არის აუცილებელი ყოველი შენი მონაყოლის ბოლოს რჩევა მისცე შვილს. ცხადია, არ გინდა, რომ შენმა შვილმა არასწორი დასკვნა გამოიტანოს ან იგივე შეცდომა გაიმეოროს. ამიტომ ჭკუის დარიგების ნაცვლად (მაგალითად, „ამიტომ არ უნდა მოიქცე ასე . . .“), აჯობებს შენს გრძნობებზე ისაუბრო („ნეტავ, ასე არ მოვქცეულიყავი, რადგან . . .“). შენმა შვილმა შენი გამოცდილებიდან რაღაც უნდა ისწავლოს, მაგრამ ისეთი გრძნობა არ უნდა დაეუფლოს, რომ ნოტაციას უკითხავ (ეფესოელები 6:4).

[ჩარჩო 13 გვერდზე]

„ერთხელ დედაჩემს ვუთხარი, რომ კლასელებთან უფრო თავისუფლად ვგრძნობდი თავს, ვიდრე თანაქრისტიანებთან. მეორე დღეს მაგიდაზე დედის წერილი დამხვდა. ის წერდა, რომ იყო დრო, როცა თანამორწმუნეებს შორის მასაც არ ჰყავდა მეგობრები და იმ ბიბლიურ პერსონაჟებს მახსენებდა, რომლებიც ღმერთს ემსახურებოდნენ მიუხედავად იმისა, რომ გვერდში არავინ ედგათ. დედა მაქებდა, რომ ვცდილობდი თანამორწმუნეებს დავახლოებოდი. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რომ მე არ ვიყავი გამონაკლისი. გამიხარდა, როცა გავიგე, რომ დედაჩემსაც იგივე პრობლემა ჰქონდა და ტირილი დავიწყე. დედის სიტყვებმა ძალიან გამამხნევა და სურვილი გამიძლიერა, სწორად მოვქცეულიყავი“ (17 წლის ჯუნკო, იაპონია).

[სურათი 11 გვერდზე]

სთხოვე მშობლებს, განახონ ძველი სურათები ან ნივთები, რომლებიც წარსულთან აკავშირებთ. ეს შეიძლება საინტერესო საუბრის წინაპირობა გახდეს