არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბოლივიის „დაკარგული ქვეყანა“

ბოლივიის „დაკარგული ქვეყანა“

ბოლივიის „დაკარგული ქვეყანა“

ათას ცხრაას ექვს წელს ბრიტანეთის სამეფო-გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტმა პოლკოვნიკ პერსი ჰარისონ ფოსეტთან საუბრისას აღნიშნა, თუ რა დიდძალი სიმდიდრის მოპოვება შეიძლებოდა სამხრეთ ამერიკაში. მან წინ დაუდო რუკა პოლკოვნიკს და უთხრა: „შეხედე ამ ადგილს! რუკაზე თითქმის არაფერია დატანილი, რადგან ამ მხარის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი“. შემდეგ ფოსეტს შესთავაზა, ჩასულიყო იქ და შეესწავლა ეს ტერიტორია, რაზეც პოლკოვნიკი დათანხმდა.

თავის დღიურში ფოსეტმა აღწერა ერთ-ერთი პლატოს უღრანი ტყეებით დაფარული ფერდობები. ეს პლატო ბოლივიაში მდებარეობს და უანჩაკას სახელითაა ცნობილი. ამ მხარეს მან „დაკარგული ქვეყანა“ * უწოდა. ზოგის აზრით, სწორედ ფოსეტის დღიურებმა და მის მიერ გადაღებულმა ფოტოებმა აღძრა ცნობილი ბრიტანელი მწერალი სერ ართურ კონან დოილი, დაეწერა მოთხრობა „დაკარგული ქვეყანა“. მასში აღწერილია კაც-მაიმუნების მითური სამყარო და შიშის მომგვრელი დინოზავრები, რომლებიც, ბევრის აზრით, იმ დროს ჯერ კიდევ არსებობდნენ. დღეს ამაზონის ამ შედარებით ხელუხლებელ ნაწილში მდებარეობს ბოლივიის საუცხოო ეროვნული პარკი, ნოელ კემპფ მერკადო, რომელიც 2000 წელს მსოფლიო საგანძურში შევიდა. *

ეს პარკი, რომლის ფართობიც 15 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტია, ბოლივიის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში ბრაზილიის საზღვართან მდებარეობს. მის დიდ ნაწილს პირვანდელი სახე თითქმის შენარჩუნებული აქვს. პარკი მოიცავს ხუთ ეკოსისტემას — მარადმწვანე ტყეების მთიან ზოლს, ფოთოლმცვენ ტყეებს, მშრალ სავანას, ჭაობიან სავანასა და ჭაობიან ტყეებს. უანჩაკას ქვიშაქვის პლატოს ფართობი 5 180 კვადრატული კილომეტრია. დაბლობიდან ის 550 მეტრზეა აღმართული და პარკის აღმოსავლეთ საზღვარს 150 კილომეტრზე გასდევს. უამრავი მდინარე, რომლებიც ამ პლატოსა და მის მიმდებარე დაბლობზე მიედინება, დაახლოებით 20 ჩანჩქერს ასაზრდოებს, მათ შორის სალტო-სუსანას, არკო-ირისს, ფედერიკო ალფელდს, ხემელას და ელ-ენკანტოს.

თავგადასავლები იწყება

მართალია პარკი გარკვეულწილად დაცულია იმის გამო, რომ მივარდნილია, ის მაგნიტივით იზიდავს მათ, ვინც ეკოტურიზმითაა დაინტერესებული. ისინი აქ ძირითადად ცენტრალური ბოლივიის ქალაქ სანტა-კრუსიდან ჩადიან ვერტმფრენით. ჩვენ გადავწყვიტეთ, ავტომობილით გაგვევლო 700 კილომეტრი, რათა დავმტკბარიყავით ბოლივიის ბუნებით. ერთ ადგილას საოცარი სანახაობა გადაიშალა: ჩვენ წინ გზაზე თითქოსდა ფერად-ფერადი ფოთლების ღრუბელი გაწოლილიყო. მაგრამ ეს „ფოთლები“ უეცრად პეპლებად გადაიქცნენ. ამ სანახაობამ მხოლოდ ჩვენი ყურადღება როდი მიიპყრო. მშიერი ხვლიკების დიდი გუნდი თავს დაესხა თავის უმწეო მსხვერპლს და გემრიელად შეექცა.

ეროვნულ პარკში რომ შევედით, მდინარე პარაგუას სანაპიროსთან სოფელ ლა-ფლორიდაში შევხვდით გიდოს, რომელიც ჩვენი გიდი იქნებოდა. მან ტივით გადაგვიყვანა ჩვენც და ჩვენი ავტომობილიც მდინარის მეორე ნაპირზე, საიდანაც მალე ჩავედით ლოს-ფიეროს ბანაკში. გზად თვალი მოვკარით მელას და საუცხოო ფრინველს, ბრაზილიურ უფეხურას, რომელმაც შურდულივით გაგვიქროლა წინ.

დილაადრიან გამკივანმა ხმამ გამოგვაღვიძა. ჩვენი ქოხის გვერდით ხეზე ლურჯი და ყვითელი ფერის ოთხი მაკაო-თუთიყუში შემომჯდარიყო. ისინი თითქოს გვეუბნებოდნენ: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“ ამ მშვენიერმა დილამ მიგვახვედრა, რომ წინ არაჩვეულებრივი თავგადასავალი გველოდა.

ეროვნულ პარკში სიცოცხლე დუღს

ნოელ კემპფ მერკადოს სახელობის ეროვნულ პარკში ბინადრობს 600-ზე მეტი სახეობის ფრინველი, 139 სახეობის ძუძუმწოვარა ცხოველი (უფრო მეტი, ვიდრე მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში), 74 სახეობის ქვეწარმავალი და დაახლოებით 3 000 სახეობის პეპელა, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა მწერებზე. ფრინველებიდან ცნობილია 20-ზე მეტი სახეობის თუთიყუში, ასევე არწივი ჰარპია, ჰოაცინი და მუზარადიანი მანაკინი. ბუნების დამცველმა და ზოოლოგმა ნიკ ექისონმა გვითხრა, რომ „აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ფრინველთა მოყვარულები ტირანასებრთა ოჯახის უიშვიათესი წარმომადგენლის (Euscarthmus rufomarginatus) და შავ-ყვითელი ფერის თესლიჭამიას სანახავად“.

უამრავ ძუძუმწოვარას შორის არიან დიდი ჭიანჭველაჭამიები, ფაფრიანი მგლები, იაგუარები, თეთრწვერა პეკარები, ტაპირები და პამპასის ირმები. მდინარეებში, რომლებიც პარკს აკრავს და მისგან საზრდოობს, უამრავი ცოცხალი არსება ფუთფუთებს, მათ შორის არის 62 სახეობის ამფიბია და 254 სახეობის თევზი, აგრეთვე კაიმანები (ნიანგისებრი), გიგანტური ბრაზილიური წავები, კაპიბარები (ზღვის ღორი) და ამაზონის ვარდისფერი ინია-დელფინები. ეს პარკი ბუნებისმოყვარულთათვის მართლაც სამოთხეა!

ამაზონის დაბლობში კატისებრთა ოჯახის უამრავი წარმომადგენელი ბინადრობს, ამიტომ ბევრი სტუმარი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. გამონაკლისი არც ჩვენ ვიყავით. ლოს-ფიეროს ბანაკის ადმინისტრატორმა გვიამბო, თუ რა მოხდა, როცა პარკში პირველად დარჩა ღამით: „შუაღამისას უცნაურმა გრძნობამ გამომაღვიძა, თითქოს ვიღაც მომშტერებოდა. თვალი გავახილე და დავინახე, რომ ფანჯრიდან იაგუარი მიყურებდა. ჩვენ მხოლოდ მწერებისგან დამცავი ბადე გვყოფდა! შეშინებული აბაზანაში ჩავიკეტე და დილამდე იქიდან არ გამოვსულვარ“. ამის გაგებაღა გვაკლდა!

მერე ადმინისტრატორმა დაგვამშვიდა: „მალე გავიგე, რომ ეს ცნობისმოყვარე იაგუარი ღამღამობით ხშირად სტუმრობს ბანაკს და სულაც არ არის საშიში. პაპანაქება სიცხეში კი ისინი დღისითაც მოდიან ბანაკში და გასაგრილებლად ქოხების მოკირწყლულ შესასვლელებთან წვებიან. ადვილი წარმოსადგენია, როგორ დაზაფრავს ახალჩამოსულებს ასეთი სანახაობა! ადრე ყოველთვის თან დაგვქონდა თოფი, განსაკუთრებით ღამის ექსკურსიების დროს, მაგრამ ახლა აღარ დაგვაქვს. მივხვდით, რომ ისინი საშიშები არ არიან. ცხოველები კი არ შეიცვალნენ, მათდამი ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა“. თუმცა ადმინისტრატორმა მაინც გაგვაფრთხილა, რომ გარეული ცხოველები არ გაგვეღიზიანებინა.

ჯუნგლების გავლით ელ-ენკანტოს ჩანჩქერებამდე

პარკში არსებული ჩანჩქერები დიდძალ ხალხს იზიდავს. დილაადრიან გიდოსთან ერთად გავემართეთ ელ-ენკანტოს ჩანჩქერისკენ, რომელიც უანჩაკას პლატოდან 80 მეტრის სიმაღლიდან ეშვება. ტენიან ტროპიკებში 6 კილომეტრი გავიარეთ. ხის ტოტებიდან კოატები (ობობასებრი მაიმუნები) და ღრიალა მაიმუნები „გვესალმებოდნენ“. ორივე სახეობის მაიმუნს შესაფერისი სახელი ჰქვია — ერთს ობობასავით გრძელი კიდურები აქვს, მეორის ღრიალი კი 3 კილომეტრზე ისმის! უეცრად, „საუზმის“ ძიებით გართულმა, ყელწითელა გუანმა (ინდაურის მსგავსი ფრინველი) ბილიკზე გადაირბინა. მდინარის ნაპირთან გიდოს მახვილ თვალს შეუმჩნეველი არ დარჩენია ტაპირის, იაგუარის, პუმისა და ორი სახეობის ირმის ნაკვალევი. მივხვდით, რომ თავიანთი სამალავიდან არაერთი ცხოველი და ფრინველი გვითვალთვალებდა და ამ ადგილებში დღედაღამ სიცოცხლე ჩქეფდა.

ჯუნგლების ფრთხილ ბინადართ უამრავი სამალავი აქვთ ამ პარკის ხშირ მწვანე საფარში. აქ სხვადასხვანაირი ლანდშაფტი და საარსებო გარემო ათასგვარი მცენარისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის. ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 4 000 სახეობის მცენარე ხარობს, მათ შორის 100-ზე მეტი სახეობის ორქიდეა, უამრავი სახეობის ხე, გვიმრა, ანანასისებრნი და ვაზისებრნი. ბილიკის ორივე მხარეს იზრდება მცენარეები — ბრაზილიური მანგოს ხეები და მარაკუია — რომელთა ნაყოფის მრავალფეროვნებამ გაგვაოცა, ხოლო სურნელმა თავბრუ დაგვახვია.

მდინარე რომ გადავკვეთეთ, შორიდან ჩანჩქერის ხმა შემოგვესმა. რაც უფრო წინ მივიწევდით, მისი ხმა სულ უფრო მკაფიოდ გვესმოდა. შემდეგ მოულოდნელად ველზე აღმოვჩნდით, სადაც საოცრად დიდი ელ-ენკანტოს ჩანჩქერი ეშვებოდა, რომლის ქვედა ნაწილიც ბურუსში იყო გახვეული. იმ ადგილზე, სადაც ჩანჩქერი ეცემოდა, ბროლივით სუფთა წყალი კამკამებდა, მის გარშემო კლდოვან ნაპირზე კი გვიმრები და ანანასისებრნი იწონებდნენ თავს. „პაპანაქება სიცხეში მაიმუნები აქ გასაგრილებლად ხტებიან“, — გვითხრა გიდომ. ჩვენც მოგვეწონა ეს აზრი და წყალში გადავეშვით. ძალიან სასიამოვნო იყო წყალში ყოფნა, მშვენიერი ადგილების ცქერა და ჩანჩქერის ხმის მოსმენა.

ნოელ კემპფ მერკადოს მემკვიდრეობა

ბუნების ქომაგი ნოელ კემპფ მერკადო 1986 წელს გარდაიცვალა. ის ცდილობდა, რომ ეს ტერიტორია დაცული ყოფილიყო. მის მიერ წამოწყებული საქმე გაგრძელდა. 1996 წელს ბოლივიისა და შეერთებული შტატების მთავრობამ ტენიანი ტროპიკული ტყეების 880 000 ჰექტარი დაცულად გამოაცხადა მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში გამოყოფილი სითბური აირების გასანეიტრალებლად. მომდევნო წელს ბოლივიის მთავრობამ და სამმა ენერგოკომპანიამ გარემოს დაცვის გეგმა შეიმუშავა (Noel Kempff Climate Action Projec), რომლის მიხედვითაც ამ ადგილებში ხეების მოჭრა აიკრძალა. ეს ტერიტორიაც პარკს შეუერთდა და ამგვარად მისი ფართობი გაორმაგდა.

ამ მშვენიერი მხარის მონახულებამ შემოქმედისადმი მადლიერების გრძნობა გაგვიძლიერა. კიდევ უფრო მეტად დავაფასეთ ბუნების ის სილამაზე და მრავალფეროვნება, რომელიც იეჰოვამ დედამიწაზე შექმნა. ფსალმუნის 104:24-ში ვკითხულობთ: „რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყველაფერი სიბრძნით შექმენი. სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით“. „დაკარგულ ქვეყანაში“ მოგზაურობისას ყველას გაგვიჩნდა იმის სურვილი, რომ ეს ადგილი ისეთივე დაგვეტოვებინა, როგორიც დაგვხვდა. გვინდოდა, სრულად შეგვეგრძნო ველური ბუნების სილამაზე და სახლში მხოლოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებებითა და სამახსოვრო ფოტოებით დავბრუნებულიყავით.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 1925 წლის მაისში ფოსეტმა თავისი მოგზაურობის შესახებ ცოლს მისწერა. ეს მისი ბოლო წერილი იყო; მისი გაუჩინარება დღემდე საიდუმლოებითაა მოცული.

^ აბზ. 3 1979 წელს, როდესაც ეს პარკი გაიხსნა, მას უანჩაკას ეროვნული პარკი უწოდეს, 1988 წელს კი ბოლივიელი ბიოლოგის, ნოელ კემპფ მერკადოს სახელი დაარქვეს. მერკადო ნარკოდილერებმა ამ პლატოზე მოკლეს, რადგან შემთხვევით კოკაინის ლაბორატორიას წააწყდა.

[სურათი 16 გვერდზე]

მეწამული და წითელი ფერის ორქიდეა

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

ალფელდის ჩანჩქერი ეროვნულ პარკში

[სურათი 17 გვერდზე]

მაკაო-თუთიყუშები

[სურათი 17 გვერდზე]

ელ-ენკანტოს ჩანჩქერი

[სურათის საავტორო უფლება 15 გვერდზე]

Aerial: ® 2004 Hermes Justiniano/BoliviaNature.com

[სურათის საავტორო უფლება 17 გვერდზე]

Orchid, Ahlfeld Falls, and macaws: ® 2004 Hermes Justiniano/BoliviaNature.com