არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიზანმიმართული ჩანაფიქრი თუ უმართავი პროცესები?

მიზანმიმართული ჩანაფიქრი თუ უმართავი პროცესები?

მიზანმიმართული ჩანაფიქრი თუ უმართავი პროცესები?

1802 წელს ინგლისელმა მღვდელმსახურმა და თეოლოგმა უილიამ პალიმ შემოქმედის არსებობის დამადასტურებელი შემდეგი არგუმენტი მოიყვანა: თუ ვინმე უკაცრიელ ადგილას ქვას იპოვიდა, ალბათ დაასკვნიდა, რომ ის იქ ბუნებრივი პროცესების შედეგად აღმოჩნდა. მაგრამ საათის პოვნის შემთხვევაში ის იმავე დასკვნამდე არ მივიდოდა. რატომ? მარტივი მიზეზის გამო: საათის კონსტრუქცია იმაზე მიანიშნებს, რომ ის მიზანმიმართულად არის შექმნილი.

პალის იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა ინგლისელ ბუნებისმეტყველ ჩარლზ დარვინზე. თუმცა პალის ლოგიკის საპირისპიროდ, დარვინმა მოგვიანებით წამოაყენა ვარაუდი, რომ ცოცხალი ორგანიზმების მიზანმიმართული არსებობა განპირობებულია პროცესით, რომელსაც მან „ბუნებრივი გადარჩევა“ უწოდა. დარვინის ევოლუციის თეორია ბევრისთვის დამაჯერებელი არგუმენტი აღმოჩნდა.

ამ საკითხზე პალისა და დარვინის შემდეგ ბევრი რამ ითქვა და დაიწერა. ბუნებაში ჩანაფიქრის არსებობისა თუ მისი საწინააღმდეგო მოსაზრების მხარდამჭერი არგუმენტები არაერთხელ დაიხვეწა, გადამუშავდა და განახლდა. ამ კონტრარგუმენტებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა სამყაროს შესახებ ადამიანთა შეხედულებაზე, კერძოდ ჰქონდა თუ არა მიზანი სამყაროს არსებობას. თქვენი შეხედულებაც უდავოდ იმოქმედებს იმაზე, რამდენად აზრიანი იქნება თქვენი ცხოვრება. როგორ?

დარვინიზმის ლოგიკური შედეგები

დარვინის თეორიამ ბევრი გულწრფელი ადამიანი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ მათი არსებობა ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. თუ სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია, უხსოვარ დროს მომხდარი დიდი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ელემენტების სპონტანური კომბინაციების ნაყოფია, მაშინ ცხოვრებას აზრი ნამდვილად არ ჰქონია. ნობელის პრემიის ლაურეატი, ბიოლოგი ჟაკ მონო აღნიშნავს: „ადამიანმა მხოლოდ ის იცის, რომ მარტოა ამ ცივ და უკიდეგანო სამყაროში, რომელშიც შემთხვევით გაჩნდა. არც მისი მომავალია სადმე ახსნილი და არც მისი დანიშნულება“.

მსგავსი აზრი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ქიმიკოსმა პიტერ უილიამ ატკინზმაც გამოთქვა: „ვაღიარებ სამყაროს უჩვეულო მშვენიერებასა და დიდებულებას. თუმცა მთელი თავისი დიდებულებით სამყარო აბსოლუტურად უსარგებლოა“.

ამ შეხედულებას ყველა მეცნიერი არ იზიარებს და არცთუ უსაფუძვლოდ.

რაზე მეტყველებს მოწესრიგებული სამყარო?

ბუნების კანონების კვლევის შედეგად მრავალი მეცნიერი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ შეუძლებელია სამყარო გონივრული ჩანაფიქრის გარეშე შექმნილიყო. მაგალითად, მათ აოცებთ ფუნდამენტური ძალები, რომლებიც აწესრიგებენ სამყაროში მიმდინარე პროცესებს. კანონები, რომლებიც ამ ძალებს არეგულირებს, ისეა დაბალანსებული, რომ სამყაროში სიცოცხლის არსებობისთვის ხელსაყრელი ყველა პირობაა შექმნილი. „არსებული კანონების თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებამ, შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს“, — აღნიშნავს ფიზიკოსი და ევოლუციონისტი პოლ დეივისი. მაგალითად, პროტონი ნეიტრონზე ოდნავ მძიმე რომ ყოფილიყო, ყველა პროტონი ნეიტრონად იქცეოდა. რას გამოიწვევდა ეს? როგორც დეივისი გვიხსნის, „პროტონებისა და მათი ელექტრული მუხტის გარეშე, ატომი უბრალოდ არ იარსებებდა“.

ელექტრომაგნიტური ძალა პროტონებსა და ელექტრონებს ერთმანეთისკენ იზიდავს, რის შედეგადაც მოლეკულები წარმოიქმნება. ეს ძალა საგრძნობლად სუსტი რომ ყოფილიყო, ელექტრონები ატომის ბირთვის გარშემო ვერ გაჩერდებოდნენ, რის შედეგადაც მოლეკულები არ იარსებებდა. მაგრამ მეორე მხრივ ეს ძალა უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, ელექტრონები ატომის ბირთვს მიეკვრებოდნენ. აქედან გამომდინარე, ქიმიური პროცესები და შესაბამისად სიცოცხლე არ იარსებებდა.

ელექტრომაგნიტური ძალის მცირეოდენმა ცვლილებამაც კი შეიძლება გავლენა იქონიოს მზესა და მისგან გამომავალ ენერგიაზე, რომელიც დედამიწამდე აღწევს. ამ ცვლილებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ან საერთოდ შეუძლებელი გახადოს ფოტოსინთეზი მცენარეებში. ასე რომ, ზუსტად დარეგულირებული ელექტრომაგნიტური ძალა განაპირობებს სიცოცხლის არსებობას დედამიწაზე. *

ერთ წიგნში საინტერესო მაგალითია მოყვანილი სამყაროში არსებული ფიზიკური ძალებისა და ელემენტების ზუსტი ბალანსის უკეთ წარმოსადგენად (Science & Christianity—Four Views). ავტორი მკითხველს სთხოვს წარმოიდგინოს „ოთახი, საიდანაც თითქოს მთელი სამყარო იმართება“. იქ შესული მეცნიერი ხედავს უამრავ სამართავ ხელსაწყოს, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება მონაცემების შეცვლა. თითოეულ მათგანზე ისეთი სიზუსტით უნდა დაფიქსირდეს მონაცემები, რომ დედამიწაზე სასიცოცხლო პირობები შეიქმნას. ერთი ხელსაწყო გრავიტაციას აკონტროლებს, მეორე — ელექტრომაგნიტურ მიზიდულობას, მესამე — ნეიტრონებისა და პროტონების მასებს შორის შეფარდებას და ა.შ. მეცნიერი ხედავს, რომ თითოეულ ხელსაწყოზე შეიძლება მონაცემები სხვაგვარად ყოფილიყო დაყენებული. საგულდაგულო გამოთვლის შემდეგ მისთვის ცხადი ხდება, რომ მონაცემების უმნიშვნელო ცვლილებას შეიძლება სამყაროში ბუნებრივი პროცესები დაერღვია და სიცოცხლის ყოველგვარი ფორმა გაექრო. თითოეულ ხელსაწყოზე მონაცემები ისეთი სიზუსტით არის დარეგულირებული, რომ სამყაროს შეუძლია იარსებოს და სასიცოცხლოდ ვარგისი იყოს. ამ ყველაფრის შემხედვარე, რა დასკვნამდე უნდა მივიდეს მეცნიერი?

ასტრონომი ჯორჯ გრინშტაინი აღნიშნავს: „არსებული ფაქტების გათვალისწინების შემდეგ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ამაში ზებუნებრივი ძალა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ზებუნებრივი არსება უნდა იყოს ჩარეული. ნუთუ ჩვენდა უნებურად მივადექით მეცნიერულ მტკიცებულებას უზენაესის არსებობის შესახებ?“.

თქვენ როგორ ფიქრობთ? რითი შეიძლება აიხსნას სამყაროში არსებული წესრიგი — მიზანმიმართული ჩანაფიქრით თუ ქაოსური პროცესებით?

„ჩვენ უბრალოდ ვარსებობთ, ეს არის და ეს“

ფაქტია, რომ ათეისტებსაც მოჰყავთ არგუმენტები ამ საკითხზე. ისინი შეგნებულად ხუჭავენ თვალს ბუნებაში არსებულ წესრიგზე და ყველაფერს მარტივ ახსნას უძებნიან: „არავინ დაობს, რომ სამყაროში ადამიანის საარსებოდ საჭირო გარემოა. ასე რომ არ ყოფილიყო, არც ჩვენ ვიქნებოდით და საფიქრალიც არაფერი გვექნებოდა. აქედან გამომდინარე, ასახსნელიც არაფერია. ჩვენ უბრალოდ ვარსებობთ, ეს არის და ეს“. გაკმაყოფილებთ ასეთი ახსნა?

არსებობს კიდევ ერთი არგუმენტი: ერთ მშვენიერ დღესაც დამტკიცდება, რომ ბუნების კანონზომიერება განპირობებულია რიცხვთა ერთი შესაძლო კომბინაციით ანუ ზემოხსენებული ხელსაწყოების ყველა მონაცემი თავიდანვე ზუსტად უნდა დარეგულირებულიყო, რათა სამყაროს საერთოდ ეარსება. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ასეთი მსჯელობა სარწმუნო რომც იყოს, ის მაინც ვერ ხსნის ბოლომდე იმ მიზეზს, თუ რატომ ვარსებობთ. ნუთუ შემთხვევითობის წყალობით არსებობს სამყარო და სიცოცხლე?

ზოგი მეცნიერი სამყაროში არსებულ წესრიგს მხოლოდ ბუნებრივი პროცესებით ხსნის და ეგრეთ წოდებული მრავალი სამყაროს არსებობის თეორიას ემხრობა. ამ თეორიის თანახმად, ჩვენ ვცხოვრობთ მრავალი სამყაროდან ერთ-ერთში; ყველა სამყაროში პირობები განსხვავდება, თუმცა არც ერთი მათგანი არ არის მიზანმიმართული ჩანაფიქრის შედეგი. ამ მსჯელობისა და ალბათობის თეორიიდან გამომდინარე, თუ არსებობს მრავალი სამყარო, სასიცოცხლო პირობები ერთ-ერთში მაინც უნდა იყოს. მაგრამ მრავალი სამყაროს არსებობის თეორია დღემდე მეცნიერულად დაუსაბუთებელია. ეს მხოლოდ ვარაუდია.

ნობელის პრემიის ლაურეატმა, ბიოქიმიკოსმა კრისტიან დე დიუვმა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ არ იზიარებდა ამ ჰიპოთეზას, აღნიშნა: „ჩემი აზრით, სიცოცხლე და ინტელექტი მატერიის იმდენად საოცარი ფორმებია, რომ შეუძლებელია ეს ყველაფერი უმიზნოდ შექმნილიყო, თუნდაც არსებობდეს მრავალი სამყარო, სადაც არ არის სასიცოცხლო პირობები. ჩვენი სამყარო სხვა ტრილიონობით სამყაროშიც რომ იყოს ჩაკარგული, ეს არამც და არამც არ ამცირებს მის უნიკალურობას, რასაც იმ აზრამდე მივყავარ, რომ ამ ყველაფრის მიღმა აბსოლუტი დგას“.

ადამიანის ცნობიერება

ის ფაქტი, რომ ადამიანს შეუძლია სამყაროს არსებობის შესახებ თეორიების ჩამოყალიბება, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. თუ სამყაროს გაჩენას აზრი არ ჰქონდა, გამოდის, რომ ეს უნარიც უაზრო პროცესების შედეგად განგვივითარდა. გონივრული გეჩვენებათ ასეთი ახსნა?

ადამიანის ტვინს „სამყაროში ყველაზე საოცარი და ამოუცნობი ობიექტი“ უწოდეს. ფიზიკისა თუ ქიმიის დარგში დაგროვილი ცოდნის მიუხედავად, შეუძლებელია ნათელი ახსნა მოუძებნო ადამიანის აბსტრაქტული აზროვნების უნარს და სიცოცხლის აზრის გაგების დაუოკებელ სურვილს.

ადამიანის გონება, რომელსაც შემეცნების გასაოცარი უნარი აქვს, ან უზენაესი ინტელექტის ნაყოფი უნდა იყოს, ან უბრალო შემთხვევითობის. თქვენ რომელი უფრო გონივრული გეჩვენებათ?

კიდევ ერთი ახსნა?

მეცნიერებამ უდავოდ ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი სამყაროს, დედამიწისა და ცოცხალი ორგანიზმების შესახებ. რაც უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის მეცნიერება, „ჩვენი არსებობა მით უფრო დაუჯერებელი ჩანს“. დაუჯერებელია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს არსებობას ევოლუციას მივაწერთ. სამეცნიერო ნაშრომების ავტორის, ჯონ ჰორგანის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, „ჩვენ გარშემო ყველაფერი იმდენად საოცრად ორგანიზებულია, რომ შეუძლებელია ეს ყველაფერი ბრმა შემთხვევითობას მივაწეროთ“. ფიზიკოსი ფრიმენ დაისონი მსგავს აზრს გამოთქვამს: „რაც მეტად ვიკვლევ სამყაროს და მის აგებულებას, მით მეტად მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ სამყარო თითქოსდა ჩვენს გაჩენას ელოდა“.

თუ გავითვალისწინებთ სამყაროს რთულ აგებულებას, მოწესრიგებულობას, ორგანიზებულობას და ადამიანის ცნობიერებას, განა ლოგიკური არ იქნებოდა, დაგვეშვა შემოქმედის არსებობა? განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედი გვეტყოდა, როგორ გაჩნდა სიცოცხლე და აქვს თუ არა აზრი სიცოცხლეს, რასაც მეცნიერები ვერ გვიხსნიან.

ამ კითხვებზე პასუხს წმინდა წერილები, ანუ ბიბლია გვცემს. მისი დამწერები, როგორც თავად ამბობდნენ, ღვთის შთაგონებით წერდნენ. ალბათ, საინტერესო იქნება, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე.

[სქოლიო]

^ აბზ. 12 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“, გვერდები 10—26. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 8 გვერდზე]

უაზრო პროცესების შედეგად გაჩნდა ადამიანის ტვინი?

რისი წყალობით არსებობს მეცნიერება?

მეცნიერული კვლევების ჩატარება მხოლოდ იმის წყალობითაა შესაძლებელი, რომ მატერიალური სამყარო მოწესრიგებულია, ხოლო ენერგია და მატერია წინასწარგანსაზღვრული, უცვლელი სახით ურთიერთქმედებენ სხვადასხვა სიტუაციაში. ეს მოწესრიგებულობა კარგად ჩანს მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის ძირითად კანონებში. რომ არა ასეთი წესრიგი, მეცნიერული კვლევები, ტექნოლოგიური მიღწევები და თვით სიცოცხლის არსებობაც კი წარმოუდგენელი იქნებოდა.

მაშ, საიდან წარმოიშვა ფიზიკური კანონები? ან რატომ მოქმედებენ ასეთი სახით? მრავალს სჯერა, რომ ამ ყველაფრის უკან უზენაესი გონი დგას. პირადად თქვენ რას ფიქრობთ?

[ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]

არაფრისგან გაჩნდა ეს?

ყოველ ცოცხალ უჯრედში არსებული დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) მოლეკულები შეიცავენ ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას ორგანიზმის სათანადოდ განვითარების შესახებ. მართალია, დნმ-ის სტრუქტურა გაცილებით რთულია, მაგრამ ის მაინც შეიძლება შევადაროთ DVD-ზე ჩაწერილ ციფრულ ინფორმაციას. DVD-ზე კოდირებული ინფორმაციის წყალობით შესაძლებელია ვუყუროთ ვიდეო მასალას ან მოვუსმინოთ მუსიკას. დნმ-ის მოლეკულის აგებულება დაგრეხილ თოკის კიბეს წააგავს, მასში შენახული ინფორმაცია ყველა ცოცხალი ორგანიზმის არსებობას განსაზღვრავს. სწორედ დნმ-ი განაპირობებს იმას, რომ ბანანი განსხვავდება ლობიოსგან, ზებრა — ჭიანჭველასგან და ადამიანი — ვეშაპისგან.

ვერავინ იტყვის იმას, რომ DVD-ზე ჩაწერილი ინფორმაცია თავისით გაჩნდა. განა გონივრულია იმის მტკიცება, რომ დნმ-ში ჩაწერილი ურთულესი ინფორმაცია არაფრისგან გაჩნდა?

[სურათის საავტორო უფლება 6 გვერდზე]

Sombrero Galaxy: NASA and The Hubble Heritage Team (STScI/AURA)