რა არის სასამართლოს დღე?
ბიბლიის თვალსაზრისი
რა არის სასამართლოს დღე?
ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთმა „დანიშნა დღე, რომ თავისი განზრახვის თანახმად სიმართლით გაასამართლოს მსოფლიო“ (საქმეები 17:31). ბევრს აშინებს იმაზე ფიქრი, რომ ერთ დღეს შეიძლება გასამართლდნენ. თქვენც მსგავსი გრძნობა ხომ არ გეუფლებათ?
თუ ასეა, შეიძლება გაგამხნეოთ იმის ცოდნამ, რომ სასამართლოს დღე ის პერიოდია, როცა ღმერთი კურთხევებს არ მოაკლებს ადამიანებს. ეს კურთხევები გარდაცვლილებსაც შეეხებათ (მათე 20:28; იოანე 3:16). რა მიზანს ემსახურება სასამართლოს დღე? რა მოხდება ამ „დღის“ განმავლობაში?
რა მიზანს ემსახურება სასამართლოს დღე?
ღმერთს ადამიანები დედამიწაზე იმ მიზნით არ დაუსახლებია, რომ ჯერ გამოეცადა და მერე გადაეყვანა სხვა სამყოფელში. ღვთის განზრახვით, ადამიანებს მარადიულად უნდა ეცხოვრათ დედამიწაზე. პირველი ადამიანები, ადამი და ევა, ფიზიკურად და გონებრივად სრულყოფილები იყვნენ, მაგრამ ღმერთს აუმხედრდნენ. შედეგად, მათ დაკარგეს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა და თავიანთ შთამომავლობას მემკვიდრეობით ცოდვა და სიკვდილი გადასცეს (დაბადება 2:15—17; რომაელები 5:12).
სასამართლოს დღე ათასწლიანი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც ადამიანებს საშუალება მიეცემათ უკან დაიბრუნონ ის, რაც ადამმა და ევამ დაკარგეს. * ზემოთ ციტირებულ საქმეების 17:31-ში აღნიშნული იყო, რომ სასამართლოს დღე მთელი მსოფლიოს მოსახლეობას უნდა შეეხოს. ვინც ამ დროს გამართლდება, დედამიწაზე მარადიულად იცხოვრებს საუცხოო პირობებში (გამოცხადება 21:3, 4). ამგვარად, სასამართლოს დღის მეშვეობით ბოლომდე განხორციელდება ღვთის თავდაპირველი განზრახვა, რომელიც ადამიანებსა და დედამიწას უკავშირდება.
ღმერთმა მოსამართლედ იესო ქრისტე დანიშნა. ბიბლია ამბობს, რომ იესომ უნდა „გაასამართლოს ცოცხლები და მკვდრები“ (2 ტიმოთე 4:1). ვინ არიან „ცოცხლები“, რომლებიც გასამართლდებიან? როგორ გაცოცხლდებიან მკვდრები?
იესო გაასამართლებს „ცოცხლებს“
ჩვენ ვცხოვრობთ იმ პერიოდში, როცა ახლოვდება ქვეყნიერების აღსასრული. წინასწარმეტყველების თანახმად, ღმერთი მოსპობს ზნედაცემულ გამოცხადება 7:9—14; 19:11—16).
საზოგადოებას და აღმოფხვრის ბოროტებას. „ცოცხლები“ ქვეყნიერების აღსასრულს გადარჩენილები არიან, რომლებიც მომავალში გასამართლდებიან (სასამართლოს დღე 1 000 წელი გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში იესო ქრისტე ზეციდან დედამიწას უხელმძღვანელებს ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილ 144 000 ქალთან და კაცთან ერთად. ისინი მეფეები და მღვდლები იქნებიან და იზრუნებენ იმაზე, რომ განხორციელდეს ყველაფერი, რაც ქრისტეს მიერ გაღებულმა მსხვერპლმა გახადა შესაძლებელი. თანდათანობით ისინი ფიზიკურად და გონებრივად გაასრულყოფილებენ ღვთის ერთგულ ადამიანებს (გამოცხადება 5:10; 14:1—4; 20:4—6).
სასამართლოს დღის განმავლობაში სატანასა და დემონებს აღარ ექნებათ იმის საშუალება, რომ გავლენა მოახდინონ ადამიანებზე (გამოცხადება 20:1—3). მაგრამ სასამართლოს დღის ბოლოს, სატანას ნება მიეცემა გამოსცადოს ყოველი ადამიანის ერთგულება. ღვთის ერთგული ადამიანები გაუძლებენ იმ გამოცდას, რასაც ადამმა და ევამ ვერ გაუძლეს. ისინი დაიმსახურებენ მარადიულ სიცოცხლეს დედამიწაზე აღდგენილ სამოთხეში. ღვთის ურჩები სამუდამოდ განადგურდებიან, ისევე როგორც სატანა და დემონები (გამოცხადება 20:7—9).
„მკვდრების“ გასამართლება
ბიბლიაში ნათქვამია, რომ სასამართლოს დღის განმავლობაში მკვდრები აღდგებიან (მათე 12:41). იესომ თქვა, რომ „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის“ (იოანე 5:28, 29). იესო აქ გარდაცვლილთა სულებს არ გულისხმობდა. მკვდრები ვერაფერს გრძნობენ და მათ არა აქვთ უკვდავი სული (ეკლესიასტე 9:5; იოანე 11:11—14, 23, 24). სიკვდილის ძილით მიძინებულებს იესო დედამიწაზე საცხოვრებლად აღადგენს.
წარსულში ჩადენილი საქმეების მიხედვით გასამართლდებიან მკვდრეთით აღდგენილები? არა, რადგან ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“ (რომაელები 6:7). ამგვარად, ამ ქვეყნიერების აღსასრულის დროს გადარჩენილები და მკვდრეთით აღდგენილები სასამართლოს დღის განმავლობაში „თავიანთი საქმეებისამებრ“ გასამართლდებიან (გამოცხადება 20:12, 13). მათი საქმეებიდან გამომდინარე გადაწყდება, მარადიული სიცოცხლისთვის აღდგებიან ისინი თუ მარადიული განადგურებისთვის. მკვდრეთით აღდგენილთაგან მრავალს პირველად მიეცემა შესაძლებლობა, გაიცნოს იეჰოვა ღმერთი და გაიგოს მისი მოთხოვნები. თუ ისინი ღვთის მოთხოვნებს დაემორჩილებიან, მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე.
შიშის მიზეზი არ გვაქვს
სასამართლოს დღის განმავლობაში ადამიანები ღვთისგან დაიმოძღვრებიან. გარდა ამისა, ისინი ნასწავლს ცხოვრებაში გამოიყენებენ და შესაბამის კურთხევებსაც მიიღებენ. წარმოიდგინეთ ის სიხარული, როცა თქვენი საყვარელი ადამიანები აღდგებიან და თქვენთან ერთად გასრულყოფილდებიან!
სასამართლოს დღის ბოლოს ღმერთი სატანას მისცემს უფლებას, რომ ყველა ადამიანის ერთგულება გამოსცადოს. მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. სასამართლოს დღის დასასრულს, საბოლოო გამოცდისთვის ყველა სათანადოდ იქნება მომზადებული. ამგვარად, ღვთის განზრახვაც შესრულდება და ედემის ბაღში მომხდარი განხეთქილების ყოველგვარი კვალიც წაიშლება.
[სქოლიო]
^ აბზ. 7 ბიბლიაში სიტყვა „დღე“ მოიცავს დროის სხვადასხვა მონაკვეთს. მაგალითისთვის იხილეთ დაბადების 2:4.
გიფიქრიათ?
● რა არის სასამართლოს დღე? (საქმეები 17:31)
● ვინ გასამართლდება? (2 ტიმოთე 4:1)
● რამდენ ხანს გაგრძელდება სასამართლოს დღე? (გამოცხადება 20:4—6)
[ჩანართი 11 გვერდზე]
წარმოიდგინეთ ის სიხარული, როცა თქვენი საყვარელი ადამიანები აღდგებიან!
[სურათები 10 გვერდზე]
ქრისტეს მეფობის დროს, ყველა მიცვალებული აღდგება სამოთხეში დედამიწაზე