არ გყოფნით დრო?
არ გყოფნით დრო?
ჩამოთვლილი კითხვების უმეტესობიდან თუ მეორე და მესამე პასუხი აირჩიეთ, ესე იგი დრო არ გყოფნით. დროის დეფიციტს მარტო თქვენ არ განიცდით. თითქმის ყველა ადამიანი იძულებულია აკეთოს ის, რაც გასაკეთებელია, თუმცა ეს შეიძლება არც ისე მნიშვნელოვანი იყოს. ამ საქმეთა სიაში შესაძლოა შედიოდეს მანქანის შეკეთება, ზედამხედველის მითითებების შესრულება თუ მოულოდნელად გაჩენილი საქმე. ერთი საქმიდან მეორეზე შეიძლება ისე გადადიხართ, რომ დროის სვლას ვერ იგებთ. ისეთი გრძნობა გეუფლებათ, რომ დრო მიქრის და თქვენ ცხოვრებას ვერ ასწრებთ.
ალბათ თავს იმით იმშვიდებთ, რომ ეს ყველაფერი დროებითია. დროთა განმავლობაში ცხოვრების ტემპი შენელდება და დრო ნამდვილად დაგრჩებათ ისეთი ღირებული საქმეებისთვის, რაც გაამდიდრებს თქვენი, თქვენი ოჯახისა თუ სხვების ცხოვრებას. მაგრამ როდის? დღეს თუ გაქვთ მნიშვნელოვანი საქმეებისთვის გამოყოფილი დრო? ამ კვირაში? შემდეგ თვეში?
თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, საეჭვოა, ცხოვრების ტემპი შენელდეს. ამიტომ თავად უნდა იღონოთ რაღაც, რომ მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დრო გამონახოთ. ვნახოთ, როგორ?
[ჩარჩო 3 გვერდზე]
რამდენად ხშირად იცლით იმ საქმეებისთვის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია?
◯ ყოველდღე
◯ შაბათ-კვირა
◯ თითქმის არასდროს
დღის განმავლობაში აკეთებთ
◯ იმას, რაც დაგეგმილი გქონდათ?
◯ ყოველდღიურ საქმეებს მაშინაც კი, როცა ის ხელს გიშლით გეგმების განხორციელებაში?
◯ იმ საქმეებს, რომლებიც მოულოდნელად შეიძლება გამოგიჩნდეთ?
დღის განმავლობაში
◯ შეგიძლიათ დროის გაკონტროლება?
◯ იძულებით ასრულებთ სხვების არაგონივრულ მოთხოვნებს?
◯ ფიქრობთ, რომ საქმეში იხრჩობით და არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ?
დღის ბოლოს
◯ ბოლომდე მიიყვანეთ მნიშვნელოვანი საქმეები?
◯ შესაძლოა არც ისე კარგად, მაგრამ მაინც დაასრულეთ აუცილებელი საქმე?
◯ აღარ დაგრჩათ დრო იმ საქმეებისთვის, რაც სინამდვილეში მნიშვნელოვანია?
რა გრძნობა გეუფლებათ დღის ბოლოს?
◯ კმაყოფილების
◯ სიცარიელის, დაღლილობისა და დაძაბულობის
◯ გულგატეხილობის