არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გამოსავალი

გამოსავალი

გამოსავალი

თუ მარტოობით იტანჯებით, უპრიანი იქნება, ჰკითხოთ თავს: რა გავაკეთო მარტოობისგან თავის დასაღწევად? რამე ხომ არ უნდა შევცვალო ჩემს ცხოვრებაში? თუ რაიმე შესაცვლელი მაქვს, კონკრეტულად, რა? ეს კითხვები საკუთარი თავის შეფასებასა და გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.

ხომ არ ვსაჭიროებ დამოკიდებულების შეცვლას?

მარტოობის გრძნობა ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაეუფლოს. მაგრამ ეს უარყოფითი ემოცია მაშინ გვექცევა სერიოზულ პრობლემად, თუ დიდხანს გაგრძელდება. ეს კი იმის გამაფრთხილებელი ნიშანი იქნება, რომ ცხოვრებაზე დამოკიდებულება შესაცვლელი გვაქვს. ამ პრობლემის მიზეზი შეიძლება ჩვენივე ქცევა გახდეს. ზოგი ქვეცნობიერად თავის გარშემო ეკლიან ღობეს ავლებს, რაც სხვებს მასთან დაახლოების სურვილს უკარგავს. ასეთ შემთხვევაში, ზოგჯერ დამოკიდებულების შეცვლაც კი საკმარისია.

საბინა, რომელიც საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, ამბობს: «დროა საჭირო, რომ ახალშეძენილ მეგობრებს შორის ნდობა განვითარდეს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თავი შებოჭილად არ იგრძნო და ეჭვის თვალით არავის უყურო. ჰკითხეთ მათ თავიანთ ოჯახსა და კულტურაზე. ერთხელ მითხრეს: „ვერც ერთ კულტურაზე ვერ ვიტყვით, რომ საუკეთესოა. ყველა კულტურას აქვს კარგი და შენც ის კარგი ეძებე“». დიახ, როგორც საბინას ურჩიეს, თქვენც ეძებეთ სხვადასხვა კულტურის ადამიანში კარგი თვისებები და გადაიღეთ.

ხომ არ გავურბივარ ხალხს?

შეგვიძლია საკუთარ თავს ვკითხოთ: ხომ არ მახასიათებს სხვებისგან განცალკევება? იქნებოდნენ სხვები ჩემ მიმართ მეგობრულები, მე რომ უფრო მეგობრული ვყოფილიყავი მათ მიმართ? თუ ამ კითხვებზე თქვენი პასუხები დადებითია, შეეცადეთ, იყოთ უფრო კომუნიკაბელური. 30 წლის როზელიზი, რომელიც გვადელუპადან ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად, ამბობს: „მარტოობის გრძნობით შეპყრობილებს განცალკევება უყვართ“. ის გვირჩევს: „დაუახლოვდით თქვენსავით მარტოსულ ადამიანებს, გამოავლინეთ ინიციატივა და გამოელაპარაკეთ. ხანდახან ერთი კითხვის დასმაც კმარა, რომ სამუდამო მეგობრობას ჩაეყაროს საფუძველი“.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცე მეგობრობის განსავითარებლად დრო და ძალისხმევაა საჭირო. კარგი იქნება, თუ მოსმენას ისწავლით. ასე გაგიადვილდებათ სხვებისთვის საინტერესო თემებზე საუბარი. დაიმახსოვრეთ, მეგობრობა ურთიერთგაგებით იწყება.

ხომ არ მახასიათებს უარყოფითი აზროვნება?

დაბალი თვითშეფასება მეგობრობის დაწყებას ხელს უშლის. ჰკითხეთ თავს: ზედმეტად თვითკრიტიკული ხომ არ ვარ? 15 წლის აბიგაილი, რომელიც განაში ცხოვრობს, გვიმხელს: „ზოგჯერ უარყოფითი ფიქრების გამო მარტოობის გრძნობა მეუფლება. ასე მგონია, არავის ვუყვარვარ და არაფრის მაქნისი ვარ“. დარწმუნებული იყავით, რომ თუ ინიციატივას გამოავლენთ და შეძლებისდაგვარად სხვებს დაეხმარებით, არაფრის მაქნისად არავინ ჩაგთვლით. უფრო მეტიც, შეიძლება ისინი, ვისაც დახმარების ხელი გაუწოდეთ, დაგიმეგობრდნენ. ასე რომ, სცადეთ და გადადგით პირველი ნაბიჯი!

დადებითი აზროვნება სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან დამეგობრებაშიც დაგეხმარებათ. თქვენზე უფროსი ან უმცროსი ასაკის ადამიანთან მეგობრობა ბევრს შეგძენთ. აბიგაილს მარტოობის გრძნობა უმთავრესად უფროსი ასაკის ხალხთან ურთიერთობამ დააძლევინა. ის ამბობს: „ბევრი ვისწავლე მათი გამოცდილებიდან“.

მარტო ყოფნას ხომ არ ვარჩევ?

ბევრი მარტოსული ადამიანი მთელი დღე ტელევიზორს, ვიდეოთამაშებსა და კომპიუტერს აყოლებს გულს. მაგრამ როგორც კი ამ ელექტრომოწყობილობებს გათიშავენ, კვლავინდებურად მარტოობის გრძნობა ეუფლებათ. 21 წლის პარიზელი ელზა ამბობს: „ტელევიზორი და ვიდეოთამაშები ნარკოტიკივითაა. ადამიანი მათზე იმდენად დამოკიდებული ხდება, რომ მეგობრების ყოლის სურვილი ეკარგება“.

ტელევიზორის უარყოფითი მხარე ის არის, რომ არ გაძლევს ადამიანებთან ურთიერთობის, აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და მეგობრების შეძენის შესაძლებლობას. იმავეს თქმა შეიძლება ვიდეოთამაშებზეც. მათ ადამიანი გადაჰყავს წარმოსახვით სამყაროში, რომელიც თამაშის შეწყვეტისთანავე უჩინარდება. ინტერნეტში „ხეტიალი“ რეალობას მოგწყვეტთ. მისი მეშვეობით შეიძლება უზნეობის ამსახველ მასალასა და იმ ხალხს გადაეყაროთ, ვინც თავის ვინაობას მალავს. ნამდვილი მეგობრების შესაძენად ინტერნეტი კარგი ადგილი არ არის.

ცხოვრების თანამგზავრს ხომ არ ვეძებ?

ზოგი ფიქრობს, რომ ოჯახის შექმნით მარტოობას თავს დააღწევს. რა თქმა უნდა, კარგ და მოსიყვარულე მეუღლეს თქვენს ცხოვრებაში უდიდესი ხალისის შეტანა შეუძლია, მაგრამ გაფრთხილდით, რომ ოჯახი ნაჩქარევად არ შექმნათ.

ქორწინება არ არის მარტოობისგან თავის დაღწევის საშუალება. მიჩნეულია, რომ ის დაქორწინებული წყვილები, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობის ნაკლებობას განიცდიან, „მსოფლიოში ყველაზე მარტოსული ადამიანები არიან“. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია. თუ ერთ მშვენიერ დღეს ოჯახის შექმნას გადაწყვეტთ, ხომ არ აჯობებს, ჯერ მარტოობისგან გათავისუფლდეთ და ვინმესთან დაახლოებაზე მერე იფიქროთ? თუ დაქორწინებამდე დამოკიდებულებასა და ჩვევებს შეიცვლით და ინიციატივას გამოიჩენთ მეგობრების შესაძენად, ბედნიერ ქორწინებას მტკიცე საფუძველს ჩაუყრით.

მარტოობისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

მარტოობისგან შეიძლება მყისვე ვერ გათავისუფლდეთ, მაგრამ ამ გრძნობას წარმატებით გაუმკლავდებით, თუ იესოს დატოვებული ოქროს წესის თანახმად მოიქცევით: „ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). ამრიგად, თუ გინდათ, რომ სხვებს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ თქვენთან, შეეცადეთ თავად იყოთ მეგობრული. თუ სხვებისგან გულღია ურთიერთობას ელით, თავად იყავით გულღია. შეიძლება ყველა მაშინვე არ გამოეხმაუროს თქვენს კეთილმოსურნე მცდელობას, მაგრამ დროთა განმავლობაში ზოგი გამოეხმაურება. ასე რომც არ მოხდეს, მაინც კმაყოფილი დარჩებით იმით, რაც გააკეთეთ.

იესომ სხვა ბრძნული სიტყვებიც თქვა, რაც მარტოობის დაძლევაში დაგეხმარებათ: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). თუ სხვებს დახმარების ხელს გაუწვდით, მაგალითად, ბავშვს საშინაო დავალების მომზადებაში დაეხმარებით, ხანდაზმულს მაღაზიიდან პროდუქტებს მოუტანთ ან სახლისა და ბაღის დასუფთავებაში მიეხმარებით, თავს გაცილებით ბედნიერად იგრძნობთ და ნამდვილ მეგობრებს შეიძენთ.

ნამდვილი მეგობრების გარემოცვაში

მარტოობასთან ბრძოლის სხვა პრაქტიკული საშუალებებიც არსებობს: ნუ ჩაიკეტებით სახლში; პარკში გაისეირნეთ ან ქალაქგარეთ გადით. სახლში მარტო ყოფნისას შემოქმედებითი საქმეებით დაკავდით, მაგალითად, რამე შეკერეთ, შეაკეთეთ ან წაიკითხეთ, გააკეთეთ სახლის საქმეები. ერთი კაცი ამბობს: „როცა ცუდ ხასიათზე ვარ, კითხვა ძალიან მშველის“. კითხვა ბევრს ამშვიდებს, განსაკუთრებით ფსალმუნების.

ექსპერტები თვლიან, რომ ერთი სარწმუნოების ადამიანებთან ურთიერთობა მარტოობის გრძნობას აქარვებს და ჯანმრთელობაზეც სასიკეთოდ მოქმედებს. სად შეგიძლიათ იმ ხალხის გაცნობა, ვინც ოქროს წესის თანახმად ცხოვრობს? ერთ წიგნში, რომელიც სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებს მიმოიხილავს, მიუკერძოებელი დამკვირვებელი იეჰოვას მოწმეების შესახებ წერს: „მათმა რელიგიურმა ცხოვრებამ მოწმეები სანდო და მისაღებ საზოგადოებად ჩამოაყალიბა“.

იესომ თქვა, რა იქნებოდა ჭეშმარიტი ქრისტიანების განმასხვავებელი ნიშანი. მან თავის მოწაფეებს უთხრა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35). სიყვარული — უპირველესად ღვთისა და შემდეგ თანამორწმუნეების — ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრების დამახასიათებელი ნიშანია (მათე 22:37—39).

ღმერთთან მეგობრობა მარტოობასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. მასთან თავს მარტოდ არასდროს იგრძნობთ! (რომაელები 8:38, 39; ებრაელები 13:5, 6).

[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]

რა ეხმარება მათ მარტოობასთან ბრძოლაში

ანი, ქვრივი: „ვცდილობ, ფიქრები ვაკონტროლო და პოზიტიური კუთხით შევხედო ჩემს მდგომარეობას“.

კარმენი, დასაქორწინებელი: „აღარ ვარ კონცენტრირებული წარსულზე, წინ ვიყურები და მზად ვარ ახალი ურთიერთობების დასაწყებად“.

ფერნანდი, ქვრივი: „როცა სხვებს ეხმარები, საკუთარი პრობლემები გავიწყდება“.

ჟან-პიერი, დასაქორწინებელი: „დიდხანს ვსეირნობ ხოლმე და ლოცვაში ღმერთს გულს ვუღვრი“.

ბერნარდი, ქვრივი: „ტელეფონით ხშირად ვუკავშირდები ჩემს მეგობრებს და ვცდილობ, სასიამოვნო თემებზე ვისაუბრო და სევდიანი წარსული არ გავიხსენო“.

დეივიდი, დასაქორწინებელი: „მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით მარტოობის მოყვარული ვარ, გადავწყვიტე, სხვებთან გავხსნილიყავი“.

ლორენა, დასაქორწინებელი: „ინიციატივას ვიჩენ, რომ ხალხს დავუახლოვდე და გვერდში ამოვუდგე“.

15 წლის აბიგაილი: „მყავს უფროსი ასაკის მეგობრები; მათი გამოცდილებიდან ბევრს ვსწავლობ“.

ჩერი, დასაქორწინებელი: „ჩემი აზრით, თუ სხვებს ეტყვი, რომ თავს მარტოდ გრძნობ, შენთან ურთიერთობას უფრო მოიწადინებენ“.

[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]

რჩევები მათთვის, ვისაც მარტოობისგან თავის დაღწევა სურს

განივითარეთ დადებითი დამოკიდებულება

ერიდეთ მარტო გართობას, მაგალითად, ტელევიზორის ყურებას

დაუმეგობრდით თქვენნაირი ფასეულობების მქონე სხვადასხვა ასაკის ადამიანებს

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაუმეგობრდით ღმერთს

[სურათი 7 გვერდზე]

დაუმეგობრდით სხვადასხვა ასაკის ადამიანებს