არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იქნებ ეს სიმღერამ შეძლოს!“

„იქნებ ეს სიმღერამ შეძლოს!“

„იქნებ ეს სიმღერამ შეძლოს!“

ჯულიანას, ერთ საყვარელ ხანდაზმულ ფილიპინელ დას, ალცჰეიმერის დაავადება ჰქონდა. ის საკუთარ შვილებსაც კი ვერ ცნობდა. მიუხედავად ამისა, როცა მის საცხოვრებელ რაიონში მიწევდა ყოფნა, ყოველთვის ვინახულებდი.

ჯულიანა ლოგინად იყო ჩავარდნილი და სულ ფანჯარას უყურებდა. ადვილი არ იყო მასთან ყოფნა, რადგან ვერ მცნობდა. მისი მზერა მეუბნებოდა, რომ მისთვის უცხო ვიყავი. ერთხელ ვკითხე, ახსოვდა თუ არა იეჰოვა. შემდეგ მსახურებისას მომხდარი შემთხვევა მოვუყევი და კითხვები დავუსვი, მაგრამ მისი სახის გამომეტყველებიდან ჩანდა, რომ ვერაფერი გაიგო. მერე მღერა დავიწყე და სასწაულიც მოხდა.

ჯულიანამ თავი ჩემკენ მოაბრუნა, შემომხედა და სიმღერაში ამყვა. მღერა ვეღარ გავაგრძელე, რადგან ადგილობრივ ტაგალურ ენაზე ტექსტი ბოლომდე არ ვიცოდი, მაგრამ ჯულიანას მღერა არ შეუწყვეტია. მას სიმღერის სამივე სტროფი ზეპირად ახსოვდა. მაშინვე ჩემთან მყოფ დას ვთხოვე, მეზობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმესთან გადასულიყო და სიმღერების წიგნი ეთხოვა. მან წიგნი მალე მოიტანა. სიმღერის ნომერი არ ვიცოდი, მაგრამ წიგნი ზუსტად იმ გვერდზე გადავშალე, სადაც ის სიმღერა იყო. ამჯერად სიმღერა ბოლომდე ერთად ვიმღერეთ. ჯულიანას ვკითხე, სხვა სიმღერები თუ ახსოვდა; მან ძველი ფილიპინური სიმღერა დაიწყო, სიყვარულზე.

მე ვუთხარი: „არა ჯულიანა, ეს კი არა, სამეფო დარბაზში * რომ ვმღერით, ის სიმღერა იმღერე“. ამის შემდეგ სიმღერების წიგნიდან სხვა საგალობლის მღერა დავიწყე და ისიც მაშინვე ამყვა. ჯულიანას თვალები უბრწყინავდა, მისი უმეტყველო მზერა თითქოს სადღაც გაქრა და სახე გაებადრა.

ჩვენს სიმღერაზე მეზობლები გამოვიდნენ, ფანჯრის წინ ჩამწკრივდნენ და გვისმენდნენ. სასწაული იყო, რომ მელოდიამ ჯულიანას სიმღერის ტექსტი გაახსენა.

ამ შემთხვევამ დამანახვა, რომ არავინ იცის, როდის რამ შეიძლება გაანათოს ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გონება. იქნებ ეს სიმღერამ შეძლოს!

ამ ამბიდან ცოტა ხანში, ჯულიანა გარდაიცვალა. ეს შემთხვევა მაშინ ამომიტივტივდა გონებაში, როცა 2009 წელს იეჰოვას მოწმეების მიერ ჩაწერილ ახალ მელოდიებს ვუსმენდი. თუ თქვენც გსურთ ამ ლამაზი მელოდიების მოსმენა, შეგიძლიათ ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებს მიმართოთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 5 იეჰოვას მოწმეების შესაკრებელი ადგილი.