არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიბრძნით მეტყველი ენა

სიბრძნით მეტყველი ენა

სიბრძნით მეტყველი ენა

„ნეტავ ეს არ მეთქვა!“ — გითქვამთ ოდესმე ასეთი რამ? ენის გაკონტროლება ყველას უჭირს. ადამიანს თითქმის ყველა ცხოველის მოთვინიერება შეუძლია, მაგრამ როგორც ბიბლიაში წერია, „ენას ვერავინ ათვინიერებს“ (იაკობი 3:7, 8). ეს იმას არ ნიშნავს, რომ ენის დამორჩილება შეუძლებელია. განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური პრინციპი, რომლებიც დაგვეხმარება, უფრო უკეთ ვაკონტროლოთ ჩვენი სხეულის პატარა, მაგრამ ძლიერმოქმედი ნაწილი.

„ბევრი ლაპარაკისას ცოდვა გარდაუვალია, ხოლო ვინც ბაგეებს იმორჩილებს, გონივრულად იქცევა“ (იგავები 10:19). რაც მეტს ვლაპარაკობთ, მით მეტია იმის ალბათობა, რომ რაიმე სისულელე ან თუნდაც საზიანო რამ ვთქვათ. აულაგმავი ენა ცეცხლივით არის და სწრაფად ავრცელებს ჭორსა და ცილისწამებას (იაკობი 3:5, 6). როცა ბაგეებს ვიმორჩილებთ, ანუ დაუფიქრებლად არაფერს ვამბობთ, ვაჩვენებთ, რომ გვესმის, რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს სიტყვებს. ასე ვლინდება ჩვენი გონიერება, რაც სხვების პატივისცემასა და ნდობას მოგვაპოვებინებს.

„ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19). ყველას უყვარს, როცა ყურადღებით ვუსმენთ, რადგან ამგვარად მოსაუბრის მიმართ ინტერესსაც ვავლენთ და პატივისცემასაც. მაგრამ, როგორ მოვიქცეთ, თუ ვინმეს ნათქვამმა გული გვატკინა ან გაგვაღიზიანა? უნდა ვეცადოთ, რომ რისხვაში ნელი ვიყოთ და მწყენინებელს იმავეთი არ ვუპასუხოთ. იმ დროს ის შეიძლება გაღიზიანებული იყო და მომავალში მოგიბოდიშოთ კიდეც. გიჭირთ რისხვისგან თავის შეკავება? მაშ, ილოცეთ და სთხოვეთ ღმერთს თავშეკავება. ის არასდროს უგულებელყოფს თქვენს გულწრფელ თხოვნას (ლუკა 11:13).

„რბილ ენას . . . ძვლის გადატეხვა [შეუძლია](იგავები 25:15). გავრცელებული შეხედულებების საპირისპიროდ, რბილად მიდგომით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. მშვიდად გაცემულ პასუხს შეუძლია გადაგვალახვინოს „ძვალივით მტკიცე“ წინააღმდეგობა, რომელიც შესაძლოა ვინმეს გაღიზიანებით ან წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრით არის გამოწვეული. ფაქტია, ადვილი არ არის რბილი ხასიათის გამოვლენა, განსაკუთრებით დაძაბულ სიტუაციაში. ამიტომ წინასწარ იფიქრეთ იმაზე, რა შედეგს მოიტანს ბიბლიური რჩევის გათვალისწინება ან გაუთვალისწინებლობა.

ბიბლიურ პრინციპებს ნამდვილად შეგვიძლია „ზემოდან მომავალი სიბრძნე“ ვუწოდოთ (იაკობი 3:17). როცა ამ სიბრძნეს საუბრის დროს ვიყენებთ, ჩვენი სიტყვები ღირსეული, სასიამოვნო და გამამხნევებელია. ამგვარად დროულად ნათქვამი სიტყვები ემსგავსება „ოქროს ვაშლებს ნაჭედ ვერცხლზე“ (იგავები 25:11).