მოსალოდნელია ძლიერი მიწისძვრები
მოსალოდნელია ძლიერი მიწისძვრები
მას შემდეგ, რაც მიწისძვრის ინტენსივობის საზომი ხელსაწყოები გამოიგონეს, სეისმოლოგებმა ასობით ძლიერი მიწისძვრის დაფიქსირება შეძლეს. ის მიწისძვრები, რომლებიც დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით ხდება, ნაკლებ შეშფოთებას იწვევს და საინფორმაციო საშუალებებითაც იშვიათად შუქდება. მაგრამ, თუ მიწისძვრა დიდ ქალაქში მოხდა, ის დიდი მსხვერპლის მიზეზი ხდება. დაღუპული ადამიანებისა და ზარალის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენია მოსახლეობა სტიქიის ზონაში და რამდენად მომზადებულია ხალხი სტიქიური უბედურებისთვის.
თუ გავითვალისწინებთ მსხვერპლისა და ზარალის რაოდენობას, 2010 წლის 12 იანვარს ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი იყო. მაგრამ მიმდინარე წლის განმავლობაში ეს არ ყოფილა ერთადერთი და უძლიერესი მიწისძვრა. ქვემოთ ჩამოთვლილია 2010 წლის დასაწყისში მომხდარი მიწისძვრების სია, რომლებიც სიმძლავრით ჰაიტის დედაქალაქში მომხდარ მიწისძვრას უტოლდებოდა ან უფრო მეტი იყო.
3 იანვარი: 7,1-ბალიანი, სოლომონის კუნძულები
ამ დიდმა მიწისძვრამ, რომლის სიმძლავრეც 7,1 ბალზე მეტი იყო, გამოიწვია ცუნამი. „ტალღების სიმაღლე 6-10 ფუტს (2-3 მეტრს) აღწევდა“. სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის სამსახურის თანამშრომელმა, ლოტი იატსმა აღნიშნა, რომ დატბორილი ტერიტორიის დანახვა მხოლოდ თვითმფრინავიდან შეიძლებოდა. როგორც იატსი ამბობს, კუნძულ რენდოვაზე მდებარე სოფელ ბაინარაში 16 სახლი დაინგრა და ათობით დაზიანდა.
ამ მიწისძვრას წინ უსწრებდა 6,6-ბალიანი ბიძგები. ამ შედარებით ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრამ ბევრი შეაშინა, რის გამოც ხალხმა მთებს მიაშურა. ამის წყალობით ისინი გადაურჩნენ ცუნამს, რომელმაც ორი საათის შემდეგ მომხდარი უფრო ძლიერი მიწისძვრის შედეგად სანაპირო ზოლს დაარტყა.
26 თებერვალი: 7-ბალიანი, რიუკიუს არქიპელაგი, იაპონია
ეს მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 5 საათსა და 31 წუთზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი რიუკიუს არქიპელაგის კუნძულ ოკინავაზე, ქალაქ ნაჰადან 80 კილომეტრში მდებარეობდა. თავიდან მოსახელობას აფრთხილებდნენ ცუნამის შესახებ, მაგრამ მოგვიანებით გაფრთხილება გააუქმეს. ერთმა ქალმა, რომელიც ოკინავაზე 90 წელზე მეტია ცხოვრობს, თქვა, რომ ასეთი ძლიერი მიწისძვრა ჯერ არ ენახა.
27 თებერვალი: 8,8-ბალიანი, ჩილე
1900 წლიდან მოყოლებული ეს მსოფლიოში მომხდარი მეხუთე ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა ჩილეში 1960 წელს მოხდა, რომლის რყევის სიმძლავრე 9,4 ბალს აღწევდა. ამას დაემატა 1985 წელს მომხდარი 7,7-ბალიანი მიწისძვრა, რომელმაც ჩილეს დედაქალაქი მიწასთან გაასწორა. ამის გამო მთავრობა მკაცრად ითხოვდა სამშენებლო ნორმების დაცვას.
შედეგად სანტიაგოსა და სხვა ქალაქებში რამდენიმე შენობა დაინგრა. ათასობით ადამიანი დაშავდა და ბევრმა ქონება დაკარგა. როგორც ვარაუდობენ, 500 ადამიანი დაიღუპა, მათგან თითქმის ნახევარი ჩილეს სანაპიროზე მომხდარი ცუნამის გამო.
4 აპრილი: 7,2-ბალიანი, ქვემო კალიფორნია, მექსიკა
ამ მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გვადალუპე ვიქტორიადან 18 კილომეტრით და მეხიკალიდან 47 კილომეტრით იყო მოშორებული. ეს ტერიტორია საკმაოდ დაშორებულია და უმეტესწილად დაუსახლებელი. თუმცა ძლიერი რყევა მექსიკის ბევრ ქალაქსა და შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილშიც იგრძნობოდა.
9 მაისი: 7,2-ბალიანი, ჩრდილოეთ სუმატრა, ინდონეზია
ეს წყალქვეშა მიწისძვრა საღამოს, ინდონეზიის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბანდა-აჩეჰიდან 217 კილომეტრში მოხდა. ხალხი სახლიდან გამოცვივდა და შიშით უკან აღარ ბრუნდებოდა. საბედნიეროდ არავინ დაღუპულა.
მოსალოდნელი მიწისძვრები
თუ გავითვალისწინებთ ჩვენს პლანეტაზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრების ხანგრძლივ ისტორიას, შეიძლება თამამად ითქვას, რომ მიწისძვრები მომავალშიც გარდაუვალია. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებში პირდაპირ არის ნათქვამი: „როგორც წარსულში, დიდი მიწისძვრები მომავალშიც მოხდება“.
საინტერესოა, რა იყო ნათქვამი ერთი გაზეთის სარედაქციო სტატიაში: „ბოლო დროს მომხდარი მიწისძვრების . . . შედეგების თავიდან არიდება ადამიანის ძალებს აღემატება და შეგვახსენებს, რაოდენ უსუსურნი ვართ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი გავაკეთოთ მაშინაც კი, როცა რამის გაკეთება შეგვიძლია . . . ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავაც უნდა ველოდოთ ძლიერ სტიქიურ უბედურებებს, რომელთა შეჩერებაც ჩვენ არ ძალგვიძს“.
ბიბლიის მკვლევარებს ახსენდებათ ბიბლიური წინასწარმეტყველებები, რომლებშიც მოხსენიებულია მიწისძვრები, როგორც ბოლო დღეებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი (მათე 24:3, 7; მარკოზი 13:8; ლუკა 21:11).
[სურათი 20 გვერდზე]
იანვრიდან მაისის ჩათვლით მომხდარი 7 და მეტ ბალიანი მიწისძვრები
[რუკა 20, 21 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
მექსიკა
ჰაიტი
ჩილე
იაპონია
ინდონეზია
სოლომონის კუნძულები