არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ აღმოჩნდა რელიგია უძლური?

რატომ აღმოჩნდა რელიგია უძლური?

რატომ აღმოჩნდა რელიგია უძლური?

თუ ვიტყვით, რომ რელიგია ყველა კონფლიქტის გამომწვევი ძირითადი მიზეზია, მაშინ გამოდის, რომ ომები შემცირდება, თუ რელიგია აღარ იარსებებს. დამაჯერებლად ჟღერს ეს არგუმენტი? მართლა შეწყდება ომები, თუ რელიგია აღარ იქნება? რაც არ უნდა უპასუხოთ, ერთი რამ ცხადია: რელიგიამ ვერ გააერთიანა კაცობრიობა. განვიხილოთ ამის ზოგიერთი მიზეზი.

რელიგიური განხეთქილება

კაცობრიობა დაყოფილია რელიგიებად. წამყვანი რელიგიები საუკუნეებია ერთმანეთში ვერ რიგდებიან. შეგვიძლია გვქონდეს იმის იმედი, რომ ბუდისტები, ებრაელები, ინდუსები, მუსლიმანები და ქრისტიანები ოდესმე მშვიდობიანად შეძლებენ ერთად ცხოვრებას?

კიდევ ერთი სამწუხარო რეალობა ის არის, რომ თვითონ წამყვანი რელიგიებიც დაყოფილია. ერთ-ერთი გამოთვლის თანახმად, ჯერ მარტო ქრისტიანობაში 30 000-ზე მეტი მიმდინარეობა არსებობს. ისლამიც დაყოფილია მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო სწავლების გამო. ახლო აღმოსავლეთის საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ამას წინათ მუსლიმანმა სწავლულმა მოსინ ჰოჯამ აღიარა, რომ „ისლამურ სამყაროში არსებულ პრობლემათა თავიდათავი მუსლიმანთა შორის არსებული არაერთსულოვნებაა“. სხვა დიდი რელიგიებიც, როგორებიცაა ბუდიზმი, ინდუიზმი და იუდაიზმი ერთმანეთთან მოქიშპე სექტებად არის დაყოფილი.

რელიგიის ჩარევა პოლიტიკაში

ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში რელიგიის გავლენა იგრძნობა. ჟურნალ „ეკონომისტში“ აღნიშნული იყო: „რელიგიური ხალხი დაუფარავად გამოხატავს თავის შეხედულებას ყველა სფეროში, მათ შორის ბიზნესში. რელიგიამ ეკონომიკაშიც შეაღწია“. ეს ყველაფერი საზოგადოებას უფრო აქუცმაცებს, ვიდრე აერთიანებს. მაგრამ უფრო საზიანო შედეგები რელიგიის პოლიტიკაში ჩარევის ხანგრძლივ ისტორიასთან არის დაკავშირებული.

ამას წინათ გაკეთებულ ანგარიშში, რომელზეც წინა სტატიაში ვისაუბრეთ, ისტორიკოსების ჯგუფმა აღნიშნა: „როცა რელიგია პოლიტიკურ ძალებთან არის შეკრული და მათთან თანამშრომლობს, დიდია იმის ალბათობა, რომ ის ომის მიზეზი გახდეს“. ვერ გავექცევით იმ ფაქტსაც, რომ რელიგია ყოველთვის იყო და არის მჭიდრო კავშირში პოლიტიკასა და სამხედრო ძალებთან.

ფეთქებადი ნაერთი

ბევრ ქვეყანაში წამყვანი რელიგიები პატრიოტიზმისა და ეროვნულობის სიმბოლოდ იქცა. ამიტომ თითქმის შეუძლებელია ზღვარის გავლება ნაციონალურ თუ რასობრივ სიძულვილს, ეთნიკურ დაპირისპირებასა და რელიგიურ შუღლს შორის. ეს ფეთქებადი ნაერთი შეიცავს ყველა იმ ინგრედიენტს, რომელსაც ჩვენი მსოფლიოს დაქუცმაცება შეუძლია.

ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ რელიგიათა უმეტესობა თავს შემოქმედის, ანუ ბიბლიის ღმერთის, წარმომადგენლის როლში წარმოაჩენს. განა შეიძლება, რომ ყოვლისშემძლე და ყოვლადბრძენ მოსიყვარულე შემოქმედს რაიმე საერთო ჰქონდეს იმ რელიგიებთან, რომლებიც განხეთქილებასა და სისხლისღვრას უწყობენ ხელს?

[სურათი 6 გვერდზე]

ნეიტრალური პოზიციის გამო ათასობით იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს