არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლიის თვალსაზრისი

ამართლებს ბიბლია მონობას?

მოყვასის სიყვარული ბიბლიის ერთ-ერთი ძირითადი სწავლებაა. სიყვარული სრულიად ეწინააღმდეგება მჩაგვრელ მონობას. ბევრს საგონებელში აგდებს ის ფაქტი, რომ ბიბლიაშიც არის მონობა მოხსენიებული.

ძველ დროში ღმერთმა თავის ხალხს მონების ყოლის უფლება მისცა (დაბადება 14:14, 15). მოციქულების დროსაც კი ზოგ ქრისტიანს ჰყავდა მონები და ზოგი თავად იყო მონა (ფილიმონი 15, 16). ნიშნავს ეს იმას, რომ ბიბლია ამართლებს მჩაგვრელ მონობას?

სოციალური სტრუქტურები ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს

იმ დროიდან, როცა ბიბლიის წერა დაიწყო, ადამიანებს უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდათ სოციალური სტრუქტურები და ეკონომიკური სისტემები, რაც ეწინააღმდეგებოდა ბიბლიურ პრინციპებს. მართალია, ღვთის წერილობითი კანონის მიხედვით, იგმობოდა ადამიანების მიერ დადგენილი ზოგი სტრუქტურა, მაგრამ ღმერთი ზოგ მათგანს, მაგალითად მონობას, შემწყნარებლურად მოეკიდა.

ძველ ისრაელში არსებული სოციალური სტრუქტურის თაობაზე ერთ-ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ამ იდეალური სტრუქტურის მიხედვით, ისრაელს ისე უნდა ეცხოვრა, როგორც ერთ საძმოს, სადაც არ იქნებოდა ღარიბი და არც ექსპლუატაციას გაუწევდნენ ქვრივებს, უსახლკაროებს ან ობლებს“ (The International Standard Bible Encyclopedia). აქედან გამომდინარე, ღმერთმა არა მარტო დაუშვა ადამიანთა მიერ ჩამოყალიბებული სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურების არსებობა, არამედ უფრო მეტიც, მონობა მისი კანონით რეგულირდებოდა, და თუკი ისრაელში ვინმეს მონები ეყოლებოდა, მათ ადამიანურად და სიყვარულით უნდა მოპყრობოდა.

მონობა ბიბლიურ ისტორიაში

განვიხილოთ კანონში მოცემული შემდეგი მოთხოვნები, რომელიც მოსეს მეშვეობით მიეცა ისრაელს:

ვინც კაცს მოიტაცებდა და გაყიდიდა, სიკვდილით ისჯებოდა (გამოსვლა 21:16). ისრაელში მონობის თავიდან ასარიდებლად ყველანაირი ხელშემწყობი ფაქტორი არსებობდა, მაგრამ თუ ისრაელი ამა თუ იმ საქმის წარმართვის დროს არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა და შედეგად დიდი ვალი დაედებოდა, მას საკუთარი თავი შეეძლო მონად გაეყიდა. ზოგ შემთხვევაში მას შესაძლებლობა ჰქონდა, გამოემუშავებინა დამატებითი თანხა საკუთარი თავის გამოსასყიდად (ლევიანები 25:47—52).

ეს არ იყო მჩაგვრელი მონობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იყო მიღებული. ლევიანების 25:39, 40-ში ვკითხულობთ: „თუ შენი მოძმე შენ თვალწინ გაღარიბდება და თავს მოგყიდის, მონასავით არ ამუშაო. გყავდეს, როგორც მოჯამაგირე, როგორც მდგმური“. ამგვარად, ისრაელში ყველაზე ღატაკთ სიყვარულით ეწეოდათ დახმარება.

თუ ვინმეს ქურდობაში დაადანაშაულებდნენ და მას მოსეს კანონის თანახმად არ შეეძლო ნაქურდლის სრულად ანაზღაურება, ის უნდა გაყიდულიყო მონად ნაქურდლის სანაცვლოდ (გამოსვლა 22:3). როდესაც ის ვალს გადაიხდიდა, შეეძლო გათავისუფლებულიყო.

ღვთის მიერ ისრაელისთვის მიცემული კანონით, დაუშვებელი იყო სასტიკი და შეურაცხმყოფელი მონობა. მართალია, ბატონებს მონების დასჯის უფლება ჰქონდათ, მაგრამ მეტისმეტად მკაცრი ზომების მიღება ეკრძალებოდათ. თუ ბატონი მონას მოკლავდა, პასუხს აგებდა (გამოსვლა 21:20). თუ ბატონი მონას დაასახიჩრებდა, კბილს ჩაუმტვრევდა ან თვალს დაუზიანებდა, სანაცვლოდ უნდა გაენთავისუფლებინა ის (გამოსვლა 21:26, 27).

ისრაელებს მაქსიმუმ ექვსი წლის მანძილზე უნდა ჰყოლოდათ მონა (გამოსვლა 21:2). ებრაელი მონები მეშვიდე წელს უნდა გათავისუფლებულიყვნენ. კანონით მოითხოვებოდა, რომ ყოველ 50 წელიწადში გათავისუფლებულიყვნენ მონები იმის მიუხედავად, თუ რამდენ ხანს იყვნენ მონობაში (ლევიანები 25:40, 41).

როცა მონა გათავისუფლდებოდა, ბატონს მოეთხოვებოდა, რომ მის მიმართ ხელგაშლილი ყოფილიყო. კანონის 15:13, 14-ში წერია: „გათავისუფლებული, ხელცარიელი არ გაუშვა. მიეცი შენი ფარიდან, კალოდან, ზეთის საწურიდან და საწნახლიდან“.

მოგვიანებით, იესოსა და მოციქულების დროს მონობა ჩვეულებრივი რამ იყო რომის იმპერიაში. ქრისტიანობის გავრცელების პერიოდში ისინი, ვისაც მონები ჰყავდათ ან თავად იყვნენ მონები, აუცილებლად მოისმენდნენ სასიხარულო ცნობას და გახდებოდნენ ქრისტიანები. არც იესო ქრისტე და არც მისი მოციქულები არ ქადაგებდნენ იმას, რომ სასიხარული ცნობა შეცვლიდა ადამიანთა მიერ ჩამოყალიბებულ სისტემას ან მონობას გააუქმებდა. ნაცვლად ამისა, ისინი ბატონებსაც და მონებსაც მოუწოდებდნენ, როგორც სულიერ ძმებს, ისე ჰყვარებოდათ ერთმანეთი (კოლოსელები 4:1; 1 ტიმოთე 6:2).

მონობის დასასრული

როგორც ბიბლიის გარშემო ნებისმიერი სხვა საკითხი, მონობის საკითხიც კონტექსტში უნდა განიხილოს. წმინდა წერილის საგულდაგულო გამოკვლევის შედეგად ჩანს, რომ ღმერთს ებრალება ის ადამიანები, ვისაც ცუდად ეპყრობიან.

ასეთი გამოკვლევის შედეგად ვხედავთ, რომ ბიბლიურ დროში ღვთის მიერ დაშვებული მონობა არ იყო სასტიკი და შეურაცხმყოფელი, როგორც დღეს ეს უმრავლესობას წარმოუდგენია. ბიბლია აჩვენებს, რომ ღმერთი დანიშნულ დროს თითოეულ ჩვენგანს გაგვათავისუფლებს ყველანაირი მონობისგან. მაშინ მთელი კაცობრიობა ნამდვილი თავისუფლებით გაიხარებს (ესაია 65:21, 22).

გიფიქრიათ?

● ამართლებს ბიბლია მონების შეურაცხყოფას? (ლევიანები 25:39, 40)

● როგორ უნდა მოპყრობოდნენ ქრისტიანები მონებს? (კოლოსელები 4:1)

[ჩანართი 29 გვერდზე]

ღმერთს ებრალება ის ადამიანები, ვისაც ცუდად ეპყრობიან

[სურათის საავტორო უფლება 29 გვერდზე]

© G.M.B. Akash/Panos Pictures