პალიატიური მზრუნველობა რა მიზანს ემსახურება?
პალიატიური მზრუნველობა რა მიზანს ემსახურება?
„ჩემი 94 წლის დედა, რომელსაც ალცჰეიმერის დაავადება და გულის უკმარისობა აქვს, ლოგინად ჩავარდა. იგი უარს ამბობდა ჭამაზე და უჭირდა გაღვიძება. საავადმყოფოში მითხრეს, რომ მას ცნობიერება ჰქონდა დარღვეული. მინდოდა, სახლში მეზრუნა მასზე, მაგრამ დახმარება მჭირდებოდა“ (ჯინი).
უკურნებელი სენი მძიმე ასატანია არა მხოლოდ ავადმყოფისთვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისთვისაც. მძიმე ავადმყოფის ახლობლები რთული გადაწყვეტილების წინაშე დგებიან: უნდა გაუხანგრძლივონ მას ნებისმიერ ფასად სიცოცხლე, თუკი დარჩენილი დრო ტანჯვის მეტს არაფერს მოუტანს? თუ, სანამ ცოცხალია, უნდა შეუქმნან ცხოვრების საუკეთესო პირობები?
ბევრი პალიატიურ მზრუნველობას არჩევს. პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს უკურნებელი სენით დაავადებულისთვის ემოციური, სულიერი, სოციალური და ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენას. მისი ამოცანაა სასიკვდილო სენით დაავადებული ადამიანისთვის ტკივილის გაყუჩება. დღესდღეობით პალიატიური მზრუნველობა, თუნდაც შეზღუდული მომსახურების ფარგლებში, დაახლოებით ნახევარი მსოფლიოსთვისაა ხელმისაწვდომი. ვინაიდან აფრიკაში შიდს-ითა და კიბოთი დაავადებულთა რიცხვი იზრდება, ამ კონტინენტის უმეტეს ქვეყანაში უკვე მოქმედებს პალიატიური მზრუნველობის პროგრამები ან დანერგვის პროცესშია.
ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის მიზანი
ზოგმა პაციენტმა შეიძლება იფიქროს, რომ პალიატიური მზრუნველობის პროგრამით სარგებლობა ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევის ტოლფასია. ოჯახის წევრებს შესაძლოა ეგონოთ, რომ ჰოსპისში, პალიატიური მზრუნველობის კლინიკაში, ახლობლის მოთავსება, მის მიმართ უგულო მოპყრობაზე მეტყველებს — თითქოს მომაკვდავის სიკვდილს ელოდებიან. მაგრამ ჰოსპისში ავადმყოფის მოთავსება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრებს თავის ახლობელზე ხელი აქვთ ჩაქნეული. პირიქით, პალიატიური მზრუნველობის პროგრამა და ჰოსპისი საშუალებას იძლევა, პაციენტს ღირსეულად მოეპყრონ, რომ დარჩენილი სიცოცხლე აზრიანად გაატაროს საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, ამასთანავე, ტკივილიც შეუმსუბუქონ. ეს მომსახურება აგრეთვე პაციენტის ოჯახის წევრებს შესაძლებლობას აძლევს, ანუგეშონ და მხარში ამოუდგნენ საყვარელ ახლობელს, სანამ ის ცოცხალია.
მართალია, ჰოსპისში არ იკურნება სასიკვდილო დაავადებები, მაგრამ ამის შედეგად გამოწვეული ისეთი გართულებები, როგორიცაა ფილტვების ანთება ან საშარდე ბუშტის ინფექციები, მკურნალობას ექვემდებარება. იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენენ ამ დაავადებასთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდს და სასიკვდილო დაავადება პროგრესირებას შეწყვეტს, პაციენტს შეუძლია მკურნალობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს.
სახლის პირობებში მოვლის უპირატესობები
ზოგ ქვეყანაში პალიატიური მზრუნველობა მხოლოდ ჰოსპისებშია ხელმისაწვდომი. თუმცა, არის
ქვეყნები, სადაც ოჯახის წევრებს შეუძლიათ სახლის პირობებში გაუწიონ პალიატიური მზრუნველობა ავადმყოფს. ასეთ დროს პაციენტი არ წყდება ოჯახურ გარემოს. ბევრგან, მაგალითად, აფრიკის ბევრ ქვეყანაში, სადაც ავადმყოფებსა და ხანდაზმულებზე ოჯახის წევრები ზრუნავენ, მისაღებია სახლის პირობებში პალიატიური მზრუნველობის გაწევა.სახლის პირობებში პალიატიური მზრუნველობის პროგრამით სარგებლობისას ოჯახის წევრებს შეუძლიათ მიიღონ დახმარება ექიმებისგან, ექთნებისგან, მათი დამხმარეებისა და სოციალური მუშაკებისგან. ისინი მომვლელებს ასწავლიან, როგორ შეუქმნან ავადმყოფს კარგი პირობები და უხსნიან, რას უნდა მოელოდნენ მაშინ, როცა ავადმყოფი აგონიაშია. გარდა ამისა, თუ ოჯახი საჭიროდ არ თვლის, რომ ჰოსპისის პერსონალმა ავადმყოფს დიაგნოსტიკური პროცედურები ჩაუტაროს ან ზონდის გამოყენებით მიაწოდოს მომაკვდავს საკვები მაშინ, როცა მას აღარ შეუძლია საკვების გადამუშავება, ჰოსპისის პერსონალი ითვალისწინებს პაციენტისა და ოჯახის წევრების სურვილებს.
დოლორისი და ჯინი სახლში უვლიან თავიანთ 96 წლის მამას. მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. ამიტომ, ისინი ძალიან აფასებენ დახმარებას, რომელსაც პალიატიური მზრუნველობის კლინიკის პერსონალისგან იღებენ. დოლორისი ამბობს: „ექთნის დამხმარე კვირაში ხუთჯერ მოდის და მამის დაბანაში მეხმარება. ის აგრეთვე მამას თეთრეულს უცვლის და მის მოწესრიგებაში გვეხმარება. ექთანი კვირაში ერთხელ მოდის და მამას უსინჯავს პულსს, ტემპერატურას, სუნთქვას, არტერიულ წნევას და თან გამოწერილი წამლები მოაქვს. ექიმი კი დაახლოებით სამ კვირაში ერთხელ ინახულებს მამას. საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია 24 საათის განმავლობაში პალიატიური მზრუნველობის კლინიკის პერსონალის მომსახურებით სარგებლობა“.
ჰოსპისის თანამშრომლების უმთავრესი დანიშნულებაა, 24 საათის განმავლობაში მოემსახურონ მძიმე ავადმყოფებს; ჰოსპისის პერსონალი, რომელიც თავისი საქმის კარგი მცოდნეა, ადგენს, რომელი წამალი გამოიყენოს და აკვირდება, როგორ მოქმედებს ეს წამალი პაციენტზე — უყუჩებს თუ არა მას ტკივილს და, ამავდროულად, ინარჩუნებს თუ არა ის საღად აზროვნების უნარს. ისინი საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე პაციენტს უტარებენ ჟანგბადის თერაპიას. ასეთი პროფესიონალების დახმარება მომვლელსა და ავადმყოფს იმედს აძლევს და იმის შიშისგან ათავისუფლებს, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში ავადმყოფი საშინელი ტკივილით ან სხვა სიმპტომებით დაიტანჯება.
თანაგრძნობით ზრუნვა
ჰოსპისის პერსონალს ესმის, რომ პაციენტს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე ღირსეულად და პატივისცემით უნდა მოეპყროს. მართა, რომელიც 20 წელზე მეტი ჰოსპისში მუშაობდა, ამბობს: „კარგად ვიცნობდი ჩემს პაციენტებს. ვიცოდი, რა მოსწონდათ და რა — არა, და ჩემი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებდი, რომ დარჩენილი სიცოცხლე შეძლებისდაგვარად სასიამოვნოდ გაეტარებინათ. ზოგ პაციენტს ძალიან მივეჩვიე; ზოგს ვერაფრით დავეხმარე, მაგრამ სიყვარული არ მოვაკელი. ალცჰეიმერით ან დემენციით დაავადებული პაციენტები ხანდახან აგრესიას ავლენდნენ — ზოგჯერ მირტყამდნენ, მკბენდნენ და წიხლსაც კი მკრავდნენ, მაგრამ ყოველთვის მახსოვდა, რომ ეს მათი ბრალი კი არა, დაავადების ბრალი იყო“.
მართა, რომელსაც დიდ კმაყოფილებას ანიჭებდა მომვლელების დახმარება, გვიზიარებს: „მე ვეხმარებოდი მომვლელებს, რომ ემოციურად და ფიზიკურად არ გამოფიტულიყვნენ. მათ ნუგეშს ჰგვრიდა იმის ცოდნა, რომ ჰოსპისის თანამშრომლები ტვირთს ვუმსუბუქებდით“.
თუ თქვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომია პალიატიური მზრუნველობა, ჯობს, მათ მიერ თანაგრძნობით გაწეული მომსახურებით ისარგებლოთ, ვიდრე ავადმყოფი საავადმყოფოში დააწვინოთ ან მოხუცებულთა სახლს მიაბაროთ. ზემოთ მოხსენიებული ჯინი კმაყოფილია, რომ დედისთვის პალიატიური მზრუნველობის მომსახურება აირჩია. ის ამბობს: „დედას შეეძლო, სახლში ოჯახის წევრების გვერდით ყოფილიყო; ჩვენ მას ფიზიკურად ვეხმარებოდით და ემოციურ და სულიერ თანადგომას ვუწევდით; ამავე დროს, მას აკითხავდა ექთანი, რომელსაც საჭირო წამლები მოჰქონდა. უდავოა, რომ ჰოსპისის თანამშრომლებმა პროფესიონალიზმი და თანაგრძნობა გამოიჩინეს. მათმა რჩევებმა და გამოცდილებამ ფასდაუდებელი სამსახური გაგვიწია. დარწმუნებული ვარ, რომ დედა ამაზე უკეთეს მზრუნველობას ვერც კი ინატრებდა“.
[ჩანართი 17 გვერდზე]
ჰოსპისის თანამშრომლების უმთავრესი დანიშნულებაა, 24 საათის განმავლობაში მოემსახურონ მძიმე ავადმყოფებს
[ჩარჩო⁄სურათი 16 გვერდზე]
„ბოლო წუთამდე მის გვერდით ვიყავით“
ერთი მექსიკელი ქალის, ისაბელის, დედა 16 წელი ებრძოდა მკერდის კიბოს, სანამ მთელ ორგანიზმს არ მოედო მეტასტაზები. ისაბელი ყვება: „მე და ჩემი ოჯახი ძალიან განვიცდიდით, დედის მდგომარეობას რომ ვუყურებდით. ღმერთს ვთხოვდით, რომ ის არ დატანჯულიყო იმ აუტანელი ტკივილით, რითაც, ჩვეულებრივ, სიკვდილის წინ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბევრი ადამიანი იტანჯება. ჩვენ ლოცვაზე პასუხი მაშინ მივიღეთ, როცა დავუკავშირდით ადგილობრივ ექიმს, რომელიც პალიატიური მზრუნველობის კლინიკაში მუშაობს. ის კვირაში ერთხელ მოდიოდა, მოჰქონდა ტკივილგამაყუჩებლები და გვაძლევდა ზუსტ, მარტივ მითითებებს, თუ როგორ გამოგვეყენებინა ეს წამლები და როგორ მოგვეარა დედისთვის. დამაიმედებელი იყო, რომ შეგვეძლო ნებისმიერ დროს, დღისით თუ ღამით, გამოგვეძახა ექიმი. ნამდვილ შვებას გგვრიდა, რომ დედა არ იტანჯებოდა ტკივილისგან და სიცოცხლის ბოლომდე მშვიდად იყო; იგი მცირეოდენ საკვებს სიამოვნებითაც კი იღებდა. ბოლო წუთამდე მის გვერდით ვიყავით მის სახლში, სანამ ძილში შეუმჩნევლად არ მოკვდა“.
[ჩარჩო 17 გვერდზე]
როცა სიკვდილი ახლოვდება
შეეცადეთ, რომ ავადმყოფის ზეწარი ყოველთვის სუფთა და მშრალი იყოს; ასევე ყურადღება მიაქციეთ, რომ ზეწარი არ იყოს დაკუჭული. ავადმყოფს გამუდმებით შეუცვალეთ მდგომარეობა, რომ არ გაუჩნდეს ნაწოლები. ხშირად გამოუცვალეთ ავადმყოფს საცვლები და თუ შეუკავებლობა აქვს, საფენები. კუჭნაწლავის მოქმედებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს რექტალური სანთლების ან ოყნის გამოყენება. საკვები და წყალი სიკვდილის წინ ვერ შეუმსუბუქებს მომაკვდავს ტანჯვას. ავადმყოფს ხშირად დაუსველეთ ტუჩები ყინულის ნატეხით ან სველი ტამპონით და წაუსვით დამარბილებელი ტუჩსაცხი. მომაკვდავს სიმშვიდის გრძნობა დაეუფლება, თუ ხელს ხელზე მოჰკიდებთ. გახსოვდეთ, რომ მას შეიძლება ბოლო წუთამდე ყველაფერი ესმოდეს.