როგორ იქცა ქერქი ბოთლის საცობად? კორპის ისტორია
როგორ იქცა ქერქი ბოთლის საცობად? კორპის ისტორია
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ხის ქერქი, რომლის გარეშეც ვერ დამზადდება მანქანის ძრავის შემადგენელი ნაწილები, კრიკეტისა და ბეისბოლის ბურთები და შამპანურის ბოთლის საცობები. ათასობით წლის წინათ ხის ქერქს იყენებდნენ მეთევზეები და ელეგანტური ქალბატონები. დღეს მას კოსმოსშიც კი იყენებენ. უფრო გასაოცარი ის ფაქტია, რომ ამ ყველაფრის დასამზადებლად ხეს ქერქს ხის მოუჭრელად აცლიან.
კორპი არის ქერქის გარეთა შრე, რომელიც კორპის მუხისგან მიიღება. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი ქერქი. ის არის მსუბუქი, ცეცხლგამძლე და ელასტიკური.
კორპის მუხა ყოველ წელს იძლევა გამძლე ქერქს, თუ მას არ შეეხებიან. ასეთ შემთხვევაში ქერქს შეუძლია სისქეში 25 სანტიმეტრი გაიზარდოს. ეს ხისთვის ერთგვარი ქურქია, რომელიც მას სიცხისგან, სიცივისა და ტყეში გაჩენილი ცეცხლისგან იცავს. თუ ხეს შეეხებიან და ქერქს გააცლიან, კორპის მუხას დაახლოებით ათ წელიწადში ექნება ახალი ქერქი.
მსოფლიოში კორპის ნაწარმის დაახლოებით 55 პროცენტს პორტუგალია აწარმოებს, 30 პროცენტს — ესპანეთი, ხოლო 15 პროცენტს — სხვა ქვეყნები (მათ შორის ალჟირი, საფრანგეთი, იტალია, მაროკო და ტუნისი). *
მრავალმხრივი გამოყენების მასალა
რომაელებმა და ბერძნებმა აღმოაჩინეს, რომ კორპისგან შეიძლება დამზადდეს ძალიან კარგი თევზსაჭერი ბადის ტივტივა და სანდლების მოხერხებული ძირი. როგორც ჩანს, ისინი კორპისგან დოქების საცობებსაც ამზადებდნენ. ვინაიდან კორპი მაღალ ტემპერატურაზეც არ კარგავს თავის ელასტიკურობას, ის ძრავის ხუფის შუასადების დასამზადებლად საუკეთესო მასალაა. უფრო მეტიც, კორპის გარეშე ვერ დამზადდება თბოიზოლატორი, რომელსაც კოსმოსურ ხომალდებში იყენებენ.
ბევრი სახლის მეპატრონე აფასებს კორპს, რადგან ის ლამაზია და საიზოლაციო მასალის მაგივრობას სწევს; ამიტომ, დღეს ძალიან პოპულარულია კორპის ფილებით კედლებისა და იატაკის მოპირკეთება. სპორტული საქონლის მეწარმეებიც ხედავენ, რომ კორპი საუკეთესო მასალაა ბეისბოლის ბურთის შიდა ნაწილის და ანკესის სახელურის დასამზადებლად. რაღა თქმა უნდა, ყველაზე მეტად კორპი ცნობილია იმით, რომ მას ღვინისა და შამპანურის ბოთლების საცობებად იყენებენ (იხილეთ ჩარჩო „იდეალური საცობი“).
გარემოს „დამცველი“
კარგად შენახული კორპის ტყე იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს შეუძლია მოსავალი ისე აიღოს, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს. ძველი კორპის მუხები ალამაზებს ქალაქგარეთა ტერიტორიას; მსხვილფეხა საქონელი, რომელიც კორპის მუხის ქვეშ ძოვს ბალახს, მის ჩრდილქვეშ აფარებს თავს და მისი
ნაყოფით იკვებება. გარდა ამისა, ზაფხულის ხვატში კორპის მუხის ქვეშ საკმაოდ გრილა.გადაშენების პირას მყოფ რამდენიმე სახეობის ფრინველს, მათ შორის ბეგობის არწივს, სვავსა და შავ ყარყატს, მოხერხებული ბუდე რომ გაიკეთოს, სწორედ დიდი კორპის მუხები სჭირდება. კორპის ტყე ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადგილიდან, სადაც გადაშენების პირას მისული იბერიული ფოცხვერი ჯერ კიდევ იდებს ბინას. ახლახან ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა განაცხადა, რომ ამ სახეობის ფოცხვერის გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება კორპის ინდუსტრია ესპანეთსა და პორტუგალიაში.
ასე რომ, როცა ღვინის ბოთლს საცობს მოაძრობთ, ერთი წუთით დაფიქრდით, თუ რაოდენ დასაფასებელია კორპი. თქვენს ხელთაა ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა და განახლებული მასალა. საინტერესოა, რომ მისი გამოყენება არათუ აზიანებს, არამედ იცავს კიდეც გარემოს. განა შეიძლება ამაზე მეტს მოველოდეთ ხისგან?
[სქოლიო]
^ აბზ. 5 კორპის მუხა მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში იზრდება, მაგრამ კორპისგან ნაწარმს კომერციული მიზნით, ძირითადად, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ამზადებენ, სადაც კორპის მუხა ბუნებრივად იზრდება.
[ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]
„იდეალური საცობი“
მიგელ ელენა, ესტრემადურაში (ესპანეთი) არსებული ერთ-ერთი ინსტიტუტის (Institute for Cork, Wood and Charcoal) დირექტორი კორპის საცობის გამოყენების შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის.
რამდენად ეფექტურია კორპის საცობი?
ჩემი თვალით ვნახე, როგორ მოაძრეს ას წელზე მეტი ხნის ღვინის ბოთლებს კორპის საცობები და ღვინო შესანიშნავ მდგომარეობაში იყო. კორპი მართლაც იდეალური საცობია!
რამდენი წლის უნდა იყოს კორპის მუხა, რომ მისი ქერქისგან საცობები დამზადდეს?
მაღალი ხარისხის საცობების დასამზადებლად კორპის მუხა, სულ მცირე, 50 წლის უნდა იყოს, თუმცა კორპის ქერქის პირველად მოხდა შესაძლებელია მისი თესლის გაღივებიდან 25 წელიწადში. ძალიან ცოტა თუ შეძლებს 50 წელი ლოდინს ასეთი მაღალი ხარისხის მოსავლის ასაღებად. სინამდვილეში არ მეგულება ისეთი საწარმო, რომელიც ამდენ ხანს დაიცდის სარგებლის მისაღებად.
რამდენ ხანს ცოცხლობს კორპის მუხა?
კორპის მუხის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 200 წელია. ზოგი სახეობის კორპის მუხა გაცილებით დიდხანს ცოცხლობს. კორპის მუხას ქერქს ყოველ ცხრა წელიწადში ხდიან.
რას აკეთებენ იმისთვის, რომ კორპის ნაწარმი არ გაქრეს მსოფლიო ბაზრიდან?
ევროკავშირი და ადგილობრივი რეგიონალური მთავრობა თანხებს გამოყოფს კორპის ტყეების გასაშენებლად. ამიტომ, ბოლო წლებში ჰექტრობით მიწაზე ახალი კორპის ხეები გავაშენეთ და იმ ხეებს, რაც უკვე დარგული იყო, უფრო მეტი ყურადღება მივაქციეთ.
რა ახალი მეთოდები შეიმუშავეს კორპის სხვადასხვა პროდუქციის საწარმოებლად?
ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე არაერთი კვლევა ჩავატარეთ იმისათვის, რომ დაგვედგინა, რომელი სახეობის მუხის თესლი იყო საუკეთესო. კორპის ნაწარმის გასაუმჯობესებლად ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც კორპის პროდუქციას აწარმოებენ. დღეს ჩვენ კორპის ქერქის მოსახდელად ვიყენებთ ხელის ხერხს, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ქერქი ხეს უფრო აკურატულად გაეცალოს. საუკუნეების განმავლობაში ამას ნაჯახით აკეთებდნენ.
[სურათი 19 გვერდზე]
ყოველი მოხდის შემდეგ ქერქი კვლავ იზრდება
[სურათი 19 გვერდზე]
გამოცდილი მუშები დიდი სიფრთხილით აცლიან ხეს ქერქს
[სურათი 19 გვერდზე]
კორპის ფიცრებს ერთმანეთზე აწყობენ და შემდგომი ეტაპისთვის ამზადებენ
[სურათი 19 გვერდზე]
მაღალი ხარისხის კორპის საცობების გამოჭრა დღემდე ხელის დახმარებით ხდება
[სურათი 18, 19 გვერდებზე]
ნარჩენები გროვდება და მისგან აგრომერირებული კორპის ფილები და სხვა სახის მასალა მზადდება