ბიბლიის თვალსაზრისი
ბიბლიის თვალსაზრისი
ღმერთი დგას დღევანდელი ომების მიღმა?
ძველი ისრაელის მეფე დავითი საკუთარ თავზე, როგორც მებრძოლ ადამიანზე ამბობს: „[ღმერთი] ჩემს ხელს ბრძოლას ასწავლის და ჩემს მკლავს სპილენძის მშვილდს მოაზიდვინებს“ (ფსალმუნი 18:34).
პავლე ქრისტიანებს სწერდა: „თუმცა ხორცში დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით. ჩვენი საომარი იარაღი ხორციელი არ არის“ (2 კორინთელები 10:3, 4).
ურთიერთგამომრიცხავი ხომ არ არის ეს აზრები? ჰქონდა გამართლება იმას, რომ ძველ ისრაელს ღმერთი ომში აგზავნიდა, მოგვიანებით კი ქრისტიანებს ომს უკრძალავდა? შეიცვალა ღმერთმა თვალსაზრისი ამ საკითხზე? პასუხი მას შემდეგ გახდება ნათელი, რაც გავიგებთ სამ ძირითად განსხვავებას ძველ ისრაელსა და ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებას შორის.
სამი ძირითადი განსხვავება
1. ძველი ისრაელი ღვთის მიერ დადგენილი ტერიტორიის საზღვრებში ცხოვრობდა. გარშემო მცხოვრები ერები ხშირად მტრობდნენ მათ. ამიტომ ღმერთმა თავის ხალხს საკუთარი მიწის დაცვა უბრძანა და თავადვე ამარცხებინებდა მტრებს (მსაჯულები 11:32, 33). რაც შეეხება ქრისტიანულ კრებას, მას საზღვრები არ გააჩნია და მისი წევრები ყველა ქვეყანაში არიან. ასე რომ, თუ ერთ ქვეყანაში მცხოვრები ქრისტეს მიმდევრები სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ომში ჩაებმებიან, გამოვა, რომ ისინი თანამორწმუნეების წინააღმდეგ — საკუთარი სულიერი და-ძმების წინააღმდეგ — იბრძოლებენ, მაშინ, როცა ქრისტემ თავის მიმდევრებს უბრძანა, ჰყვარებოდათ ერთმანეთი და თავიც კი გაეწირათ მათთვის (მათე 5:44; იოანე 15:12, 13).
2. ძველ ისრაელს მიწიერი მეფე ჰყავდა, რომლის ტახტიც იერუსალიმში იდგა. ჭეშმარიტ ქრისტიანებს კი იესო ხელმძღვანელობს, რომელიც ძლევამოსილი სულიერი ქმნილებაა დღეს და მისი ტახტი ზეცაშია (დანიელი 7:13, 14). იესომ თავადვე განაცხადა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“ (იოანე 18:36). დედამიწაზე არსებული ვერც ერთი სამეფო თუ ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ ქრისტეს ეკუთვნის. რატომ არის ეს საყურადღებო იესოს მსახურებისთვის, მისი მიმდევრებისთვის? პასუხს მესამე ფაქტორის განხილვისას გავიგებთ.
3. ძველი ისრაელი, სხვა ერების მსგავსად, ამა თუ იმ ქვეყანაში ხშირად აგზავნიდა თავის წარმომადგენლებს, დღეს რომ ელჩებს და დესპანებს ვეძახით (2 მეფეები 18:13—15; ლუკა 19:12—14). ქრისტეც იგივეს აკეთებს, ოღონდ ორი განსხვავებით. პირველი: მისი ყველა მიმდევარი მსახურობს ელჩად ან დესპანად. პავლე მოციქულიც ამიტომ სწერდა თანაქრისტიანებს: „ჩვენ ელჩები ვართ ქრისტეს ნაცვლად“ (2 კორინთელები 5:20). ისინი, როგორც მშვიდობიანი წარმომადგენლები, არ იღებდნენ იარაღს ხელში. მეორე: იესოს მიმდევრები ქადაგებენ ყველასთან, ვინც უსმენს. იესომ აღნიშნა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). მან ასევე თქვა: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20).
სამწუხაროა, რომ იესოს მსახურებს ყოველთვის გულთბილად არ იღებენ. ამიტომაც მისწერა პავლემ ქრისტიან მქადაგებელ ტიმოთეს შემდეგი სიტყვები: „როგორც ქრისტე იესოს ღირსეულმა 2 ტიმოთე 2:3). ტიმოთეს იარაღი, რა თქმა უნდა, სულიერი იყო და მასში შედიოდა ღვთის სიტყვა, რომელსაც „სულის მახვილი“ ეწოდება (ეფესოელები 6:11—17).
მეომარმა, შენც მოითმინე ბოროტება“ (რატომ ჩაანაცვლა ისრაელი ქრისტიანულმა კრებამ?
დაახლოებით 1 500 წლის განმავლობაში ისრაელ ერს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან და ეს ურთიერთობა დაფუძნებული იყო შეთანხმებაზე ანუ პირობაზე (გამოსვლა 19:5). ეს შეთანხმება, რომლის შუამავალიც მოსე იყო, შეიცავდა ათ მცნებასა და სხვა კანონებს, რომელიც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის განმტკიცებას და მაღალზნეობრივი ნორმების დაცვას ემსახურებოდა (გამოსვლა 19:3, 7, 9; 20:1—17). სამწუხაროდ, ისრაელმა ერმა არ უერთგულა ღმერთს და იქამდეც კი მივიდნენ, რომ ღვთის წინასწარმეტყველებს ხოცავდნენ (2 მატიანე 36:15, 16; ლუკა 11:47, 48).
ბოლოს იეჰოვამ მათთან გაგზავნა თავისი ძე, იესო ქრისტე, რომელიც იუდეველად დაიბადა. ნაცვლად იმისა, რომ მიეღოთ იესო, როგორც მესია, მთლიანობაში იუდეველმა ერმა უარყო ის. შედეგად, იეჰოვამ გააუქმა ისრაელთან დადებული მრავალსაუკუნოვანი შეთანხმება და დაანგრია იუდეველებსა და არაიუდეველებს შორის არსებული კედელი * (ეფესოელები 2:13—18; კოლოსელები 2:14). დაახლოებით იმ პერიოდში ღმერთმა ჩამოაყალიბა ქრისტიანული კრება და მის თავად ქრისტე დანიშნა. პირველი საუკუნის მიწურულს კრება უკვე მრავალეროვანი ხალხისგან შედგებოდა. „ყოველ ხალხში [ღვთის] მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:35).
იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან პირველი ქრისტიანების მაგალითს. ამიტომაც არიან ისინი ცნობილნი სახალხოდ ქადაგებით და იმით, რომ არ ერევიან პოლიტიკაში და არ მონაწილეობენ ხორციელ ომებში (მათე 26:52; საქმეები 5:42). მათ ვერაფერი შეაჩერებს, ისინი არაფრის დიდებით არ იტყვიან უარს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაზე —სამეფოზე, რომელიც ძირფესვიანად აღმოფხვრის ბოროტებას და მარადიულ მშვიდობას მოიტანს დედამიწაზე. სწორედ ამ ბრწყინვალე იმედმა დააწერინა მოციქულ პავლეს ასეთი რამ: «ჩვენ ქრისტეს ნაცვლად გთხოვთ: „შეურიგდით ღმერთს“» (2 კორინთელები 5:20). ეს სიტყვები ყველაზე მეტად ყურადსაღებია დღეს, რადგან ამ ბოროტი ქვეყნიერების „ბოლო დღეები“ იწურება (2 ტიმოთე 3:1—5).
[სქოლიო]
^ აბზ. 13 გამოთქმა „იუდეველი“ თავდაპირველად გამოიყენებოდა მასთან მიმართებაში, ვინც იუდას ტომიდან იყო. მოგვიანებით კი ყველა ებრაელს ასე მოიხსენიებდნენ (ეზრა 4:12).
გიფიქრიათ?
● რომელი თვისებით გამოირჩევიან ქრისტიანები ერთმანეთთან ურთიერთობისას? (იოანე 13:34, 35)
● რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანების მთავარი „იარაღი“? (ეფესოელები 6:17)
● რა მნიშვნელოვან ცნობას აცხადებენ ქრისტეს წარმომადგენლები? (მათე 24:14; 2 კორინთელები 5:20)
[სურათი 23 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები ქმნიან მრავალეროვან საძმოს და ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ ომის დროს