არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„საშინელი სამსჯავროს წიგნი“ — უჩვეულო აღწერა

„საშინელი სამსჯავროს წიგნი“ — უჩვეულო აღწერა

„საშინელი სამსჯავროს წიგნი“ — უჩვეულო აღწერა

ნორმანდიის ჰერცოგმა უილიამ I-მა 1066 წელს ინგლისი დაიპყრო (ნორმანდია შედიოდა საფრანგეთის შემადგენლობაში). ამ ამბიდან 19 წლის შემდეგ მან ახალი სამეფოს აღწერის ბრძანება გასცა. ჩანაწერების კრებულს „საშინელი სამსჯავროს წიგნი“ ეწოდა. და მაინც, რატომ ითვლება ის დღემდე ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერად?

უილიამი 1066 წლის სექტემბერში ინგლისს მიადგა და ქალაქ ჰასტინგზთან ახლოს დაბანაკდა. 14 ოქტომბერს მან ინგლისის ჯარი გაანადგურა. მეფე ჰაროლდი სიცოცხლეს გამოასალმეს. 1066 წელს ქრისტეს შობის დღეს უილიამი, მოგვიანებით უილიამ დამპყრობელი, ლონდონში უესტმინსტერის სააბატოში ინგლისის მეფედ აკურთხეს. რა ელოდა ინგლისს ახალი მეფის ხელში?

უდიდესი აღწერა

მას შემდეგ, რაც მეფე უილიამ I-მა ინგლისის ჩრდილოეთი ნაწილი ააოხრა, ტერიტორიის უდიდესი ნაწილი გაუკაცრიელდა. ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორი ტრევორ როული ამბობს: „ჩრდილოეთზე მათმა მხეცურმა თავდასხმამ (1068—1070 წწ.) ყოველგვარ ბარბაროსულ საქციელს გადააჭარბა“. უილიამის წინააღმდეგ გამუდმებით ეწყობოდა აჯანყებები; მისი 10 000-კაციანი ჯარი მტრულად განწყობილ ორ მილიონიან მოსახლეობას შორის ცხოვრობდა. ნორმანდიელებმა 500-ზე მეტი ციხესიმაგრე ააგეს ინგლისში. მათ შორის ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმულია ლონდონის ტაუერი.

ამ შემოსევიდან 19 წლის შემდეგ, 1085 წლის დეკემბერში, უილიამმა ხუთი დღე დაჰყო გლოსტერში სამეფო კარის წარმომადგენლებთან. იქ მან გადაწყვიტა, აღეწერა დაპყრობილი ტერიტორია. თუმცა მის გეგმაში არ შედიოდა ლონდონისა და უინჩესტერის აღწერა. მომდევნო წლის დასაწყისში მან სამეფოს წარმომადგენლები ერთდროულად დაგზავნა შვიდ მხარეში, რათა შეხვედროდნენ საგრაფოების დიდგვაროვნებს და დაედგინათ, რა სიმდიდრეს ფლობდა ქვეყანა.

მეფეს როგორმე უნდა ეშოვა საკმარისი სახსრები, რათა მეომრებისთვის ჯამაგირი მიეცა. მას ასევე უნდა მოეგვარებინა მიწათმფლობელობის თაობაზე ატეხილი გაუთავებელი დავა. ამ მიზნების მიღწევა უილიამს ხელს მისცემდა, რომ ინგლისში ნორმანდიელები და საფრანგეთის სხვა მხარეებში მცხოვრები ხალხი ჩაესახლებინა და ასეთი სახით შეენარჩუნებინა ნორმანდიის ბატონობა.

„საშინელი სამსჯავრო“

ინგლისზე გამარჯვების შემდეგ მეფე უილიამმა ინგლისელი დიდგვაროვნების მიწები და საკუთრება ნორმანდიელ ბარონებს ჩამოურიგა. ჩატარებული აღწერის შედეგად გაირკვა, რომ ქვეყნის საგანძურის ნახევარი 200 კაცის ხელში იყო და მათგან მხოლოდ 2 გახლდათ ინგლისელი. ბევრს იმ 6 000 ადამიანიდან, რომლებიც მოიჯარეებისგან იღებდნენ მიწას იჯარით, ისღა დარჩენოდა, რომ ერთ დროს თავის საკუთარ მიწაში ფული ეხადა. სხვანაირად, მათ იქ ერთი წუთითაც არავინ გააჩერებდა. ღარიბ-ღატაკ ხალხს კი უნდა ებრძოლა, რომ როგორმე ელემანტარული საარსებო საშუალება ეშოვა.

აღწერის შედეგად ჩამორთმეული მიწები კანონიერად ხდებოდა ნორმანდიელების საკუთრება. აღწერა ითვალისწინებდა, რა რაოდენობის გადასახადი უნდა გადაეხადა მოიჯარეს მიწასა და საკუთრებაში. მასში ასევე შედიოდა ტყეებისა და მინდვრების გადასახადი. აღიწერებოდა ყოველგვარი შინაური ცხოველი, თუნდაც ერთი ხარი, ერთი ძროხა ან ერთი ღორი. ნორმანდიელებისგან შევიწროებული მოსახლეობა შეშფოთებული იყო ამ აღწერის გამო, თანაც მათ ხმის ამოღების უფლებასაც არავინ აძლევდა. ამ მასშტაბურ აღწერას ხალხმა „განკითხვის დღე“ და „შავბნელი დღე“ უწოდა. სწორედ ამის გამო ეწოდა მოგვიანებით ამ კრებულს „საშინელი სამსჯავროს წიგნი“.

ეს წიგნი ლათინურად დაიწერა ორ ტომად პერგამენტზე. „საშინელი სამსჯავროს დიდი წიგნი“ შედარებით დიდი ზომის 413 ფურცელზეა დაწერილი, „საშინელი სამჯავროს მცირე წიგნი“ კი — 475 პატარა ფურცელზე. * 1087 წელს, უილიამის გარდაცვალების დროს, ეს წიგნი არ იყო ბოლომდე დასრულებული. საინტერესოა, როგორ მოხერხდა მისი ერთ წელიწადში დასრულება.

ნორმანდიელებს ინგლისელებისგან მემკვიდრეობით ერგოთ ოფიციალური დეტალური ჩანაწერები მესაკუთრეებზე, მოიჯარეებსა და სხვადასხვა სახის გადასახადზე. სწორედ ეს ჩანაწერები დაედო საფუძვლად ნორმანდიელების მიერ შემოღებულ გადასახადებს, რომლებიც მაშინ დააწესეს, როცა თითოეულ საგრაფოში სახელმწიფო მოხელეები დაგზავნეს აღწერის ჩასატარებლად.

წიგნი დღეს

შუა საუკუნეებში „საშინელი სამჯავროს წიგნი“ სამეფო ოჯახთან ერთად მოგზაურობდა. უმთავრესად, ამ წიგნში მოცემული ჩანაწერების საფუძველზე ხდებოდა მიწასთან დაკავშირებული სადავო საკითხების მოგვარება. თუმცა, როგორც მე-18 საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი კანონმცოდნე სერ უილიამ ბლეკსტოუნი აღნიშნავს, ამ წიგნით იმასაც არკვევდნენ, ჰქონდა თუ არა მოიჯარეს ხმის მიცემის უფლება. წლების განმავლობაში ის სხვადასხვა ადგილას ინახებოდა. დღეს კი ეს წიგნი გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ არქივშია დაცული.

1986 წელს 900 წლის იუბილეზე გამოსცეს ამ წიგნის ხუთტომეული. თარგმანის განახლებული ვერსია ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია სწავლულებისა და ისტორიკოსებისთვის. ბი-ბი-სის კომენტარში აღნიშნული იყო, რომ „ეს არის ეროვნული არქივის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი . . . დღემდე მის საფუძველზე განისაზღვრება მიწის საკუთრების უფლება“. 1958 წელს ამ დოკუმენტით დაადგინეს, რომელ ძველ ქალაქს გააჩნდა უფლება, ჰქონოდა საკუთარი ბაზარი.

არქეოლოგები დღემდე ხელმძღვანელობენ ამ წიგნით იმის დასადგენად, თუ რომელ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ შუა საუკუნეების ინგლისელები და ნორმანდიელები. ეს ნაშრომი დღემდე უნიკალურ როლს ასრულებს ინგლისელი ერის განვითარებაში.

[სქოლიო]

^ აბზ. 11 „საშინელი სამსჯავროს დიდი წიგნი“ დასაბეგრი ქონების შემოკლებული სახელების ნუსხას შეიცავდა, ხოლო „საშინელი სამსჯავროს მცირე წიგნს“ სრული ნუსხა ჰქონდა და მასში შედარებით მეტი ინფორმაცია იყო მოცემული.

[ჩარჩო⁄სურათი 23 გვერდზე]

უილიამის ჯვაროსნული ლაშქრობა

უილიამმა რომის პაპს შესთავაზა, რომ თუ ინგლისზე მის თავდასხმას ჯვაროსნულ ლაშქრობად გამოაცხადებდა, სანაცვლოდ ინგლისის ეკლესიაზე გააბატონებდა. პაპი სიხარულით დათანხმდა. ეს უილიამისთვის „დიპლომატიური გამარჯვება იყო“, წერს პროფესორი დეივიდ დუგლასი. ცნობილი ისტორიკოსი ჯორჯ ტრეველიანი თავის წიგნში „ინგლისის ისტორია“, აღნიშნავს, რომ „პაპის დროშა და კურთხევა მძლავრი იარაღი აღმოჩნდა უიალიმის ხელში თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად, არადა მისი ქმედება ძარცვა-გლეჯას უფრო ჰგავდა, ვიდრე ჯვაროსნულ ლაშქრობას“.

[საავტორო უფლება]

© The Bridgeman Art Library

[რუკა 22 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ინგლისი

ლონდონი

ჰასტინგზი

ლა-მანში

ნორმანდია

[სურათის საავტორო უფლება 22 გვერდზე]

Book: Mary Evans/The National Archives, London, England