არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლიის თვალსაზრისი

რა უნდა იყოს მშობლის მიზანი?

როგორი გინდათ იყოს თქვენი შვილი?

ა. თქვენნაირი.

ბ. თავნება და მშობლების ურჩი.

გ. პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანი, რომელიც გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებს.

ზოგი მშობელი მესამე ვარიანტს ირჩევს, მაგრამ მისი საქციელიდან ჩანს, რომ პირველ ვარიანტს ანიჭებს უპირატესობას. ისინი თავს ახვევენ საკუთარ შეხედულებებს მოზარდს. მაგალითად, კარნახობენ, რომელი პროფესია უნდა აირჩიონ. რა მოყვება ამას შედეგად? როგორც კი ახალგაზრდა გარკვეულ თავისუფლებას მიაღწევს, მაშინვე საპირისპირო გზაზე იწყებს სიარულს. ცოტა უცნაურია, მაგრამ მშობლები, რომლებიც თესავენ ა ვარიანტს, იმკიან ბ-ს.

რატომ მთავრდება კრახით მუდმივი კონტროლის მეთოდი?

ალბათ, გინდათ, რომ თქვენი შვილი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად ჩამოყალიბდეს და ცხოვრებაში გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოს. რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? უპირველესად გახსოვდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს მუდმივი კონტროლის მეთოდი. განვიხილოთ ამის ორი მიზეზი.

1. მუდმივი კონტროლის მეთოდს ბიბლია მხარს არ უჭერს. იეჰოვამ ადამიანი ნების თავისუფლებით შექმნა. ის მას უტოვებს უფლებას, თვითონ აირჩიოს, რა გზას დაადგეს ცხოვრებაში — ცუდს თუ კარგს. ერთხელ, როცა კაენი თავისი ძმის, აბელის, მოკვლის სურვილით იყო შეპყრობილი, იეჰოვამ მას შემდეგი რამ უთხრა: „თუ კარგს გააკეთებ, განა არ მიგიღებ?! მაგრამ თუ არ გააკეთებ კარგს, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ ისწრაფვის. იბატონებ მასზე?!“ (დაბადება 4:7).

დააკვირდით ერთ რამეს: იეჰოვამ კაენს გასაგებად მისცა რჩევა, მაგრამ მისთვის არ დაუძალებია ამ რჩევის გათვალისწინება. კაენს თვითონ უნდა გადაეწყვიტა, იბატონებდა თუ არა საკუთარ ცოდვაზე. რას გვასწავლის ეს შემთხვევა? თუ იეჰოვა არ ახდენს თავის ქმნილებებზე ზეწოლას იმ მიზნით, რომ მათზე სრული კონტროლი მოიპოვოს, მით უმეტეს, თქვენ არ უნდა მოერიდოთ ამას თქვენს მოზარდ შვილებთან? *

2. მუდმივ კონტროლს საპირისპირო შედეგები მოჰყვება. წარმოიდგინეთ, მაღაზიაში გამყიდველი რაღაცის ყიდვას გაძალებთ. რაც მეტს გელაპარაკებათ, მით უფრო გიქრებათ ამ ნივთის ყიდვის სურვილი. შეიძლება ძალიანაც გჭირდებათ ეს ნივთი, მაგრამ არ მოგწონთ მისი შემოთავაზების მანერა. ერთი სული გაქვთ, იქიდან წამოხვიდეთ.

ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, თუ თქვენს მოზარდ შვილს თავს მოახვევთ თქვენს შეხედულებებს, მრწამსს და მიზნებს. როგორ ფიქრობთ, „იყიდის“ ის მათ? საეჭვოა. ფაქტობრივად, თქვენს ასეთ მცდელობას მხოლოდ საპირისპირო შედეგი შეიძლება მოჰყვეს. მოზარდს შეიძლება სიძულვილი განუვითარდეს თქვენი სტანდარტების მიმართ. ძალიან ხშირად მშობლის მცდელობას, მუდმივად აკონტროლოს შვილი, უკუშედეგი მოაქვს — შვილი დაუმორჩილებელი ხდება. რა არის ამ დროს გამოსავალი?

ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად აკონტროლოთ თქვენი მოზარდის ცხოვრება და კარგი გაგებით აიძულოთ, თქვენი ფასეულობები გაითავისოს, როგორც ამას შესაძლოა მაშინ აკეთებდით, როცა ის ჯერ კიდევ პატარა იყო, ეცადეთ, დაანახვოთ, რატომ არის გონივრული იმის კეთება, რაც სწორია. მაგალითად, თუ ქრისტიანი ხართ, დაეხმარეთ შვილს იმის დანახვაში, თუ რა დიდი კმაყოფილება მოაქვს ღვთის პრინციპების გამოყენებას მთელი ცხოვრების მანძილზე (ესაია 48:17, 18).

ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მისცეთ ამის კარგი მაგალითი. თავად უნდა იყოთ ისეთი ადამიანი, როგორიც გინდათ, რომ თქვენი შვილი იყოს (1 კორინთელები 11:1). ნათლად დაანახვეთ მას, თუ რა ფასეულობებით ცხოვრობთ (იგავები 4:11). თუ თქვენი მოზარდი ღვთისა და მისი პრინციპებისადმი სიყვარულს განივითარებს, ის მაშინაც გონივრულ არჩევანს გააკეთებს, როცა მის გვერდით არ იქნებით (ფსალმუნი 119:97; ფილიპელები 2:12).

ჩაუნერგეთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები

როგორც ამ ჟურნალის მე-2 გვერდზე მოვიხსენიეთ, მოვა დრო, როცა თქვენი შვილი „მიატოვებს . . . მამას და დედას“, თანაც ეს დრო შეიძლება იმაზე ადრე დადგეს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ (დაბადება 2:24). როგორც ყველა მშობელს, თქვენც გსურთ, დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ ის შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებას. ახლა ვისაუბროთ რამდენიმე პრაქტიკულ უნარ-ჩვევაზე, რომელიც შვილს მანამ უნდა ასწავლოთ, სანამ ერთად ცხოვრობთ.

საოჯახო საქმეები. შეუძლია თქვენს მოზარდს საჭმლის მომზადება? თავისი ტანსაცმლის დარეცხვა და დაუთოება? თავისი ოთახის დალაგება და საკუთარი ნივთების მოწესრიგება? მანქანის შენახვა და მისი გაფუჭების შემთხვევაში ელემენტარული რაღაცის შეკეთება? ასეთი უნარ-ჩვევების წყალობით მომავალში ის წარმატებით გაართმევს თავს ოჯახურ საქმეებს. მოციქულმა პავლემ თქვა: „ვისწავლე, რომ რა ვითარებაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, კმაყოფილი ვიყო“ (ფილიპელები 4:11).

საზოგადოებასთან ურთიერთობა. (იაკობის 3:17) როგორ ეწყობა თქვენი შვილი სხვებს? შეუძლია უთანხმოებების მშვიდად და წყნარად მოგვარება? ასწავლეთ მას, სხვებს პატივისცემით მოექცეს და მშვიდად მოაგვაროს გაუგებრობები? (ეფესოელები 4:29, 31, 32). ბიბლიაში ვკითხულობთ: „პატივი ეცით ყველას“ (1  პეტრე 2:17).

ფულთან ურთიერთობა. (ლუკა 14:28) ურიგო არ იქნება, თუ შვილს რაიმე ხელობას ასწავლით; აგრეთვე იმას, რომ ფული უაზროდ არ ხარჯოს და მოერიდოს ვალების აღებას. ასწავლეთ ისიც, როგორ გადაინახოს ფული საჭირო რაღაცებისთვის, არაფერი იყიდოს ნაჩქარევად და მცირედითაც დაკმაყოფილდეს (იგავები 22:7). მოციქულმა პავლემ დაწერა: „თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმოთე 6:8).

მოზარდები, რომლებსაც მშობლები სწორი ფასეულობებით ზრდიან და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უნერგავენ, კარგად იქნებიან მომზადებულნი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ასეთ შემთხვევაში მათ მშობლებზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიაღწიეს თავიანთ მიზანს (იგავები 23:24).

[სქოლიო]

^ აბზ. 11 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2011 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 18, 19.

გიფიქრიათ?

● რა არის თქვენი, როგორც მშობლის მიზანი? (ებრაელები 5:14)

● რა გზას აირჩევს თქვენი შვილი, როცა გაიზრდება? (იესო ნავეს ძე 24:15)

[სურათები 25 გვერდზე]

თქვენი შვილი როგორი გინდათ, რომ იყოს?

თქვენნაირი . . .

ურჩი . . .

პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანი