როგორ მოიხვეჭა პოპულარობა „მეფე ჯეიმზის თარგმანმა“
როგორ მოიხვეჭა პოპულარობა „მეფე ჯეიმზის თარგმანმა“
წელს მთელი ინგლისი აღნიშნავდა „მეფე ჯეიმზის თარგმანის“, იგივე „ოფიციალური თარგმანის“, გამოცემიდან 400 წლისთავს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით მომზადდა სპეციალური ტელე-რადიო გადაცემები და მოეწყო კონფერენციები, ლექციები და სემინარები.
ეს ეროვნული საგანძური ინგლისის მეფე ჯეიმზ I-ის სახელს ატარებს. ამ დღესასწაულს ხელმძღვანელობა გაუწია ინგლისის პრინცმა ჩარლზმა. და მაინც, როგორ დაიმკვიდრა ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ხალხის გულში საპატიო ადგილი 1611 წლის მაისში გამოცემულმა „მეფე ჯეიმზის თარგმანმა“?
ერთ თარგმანს მეორე მოჰყვება
მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ბიბლიური სწავლებებისადმი ინტერესი ევროპის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ხალხშიც გაჩნდა. მანამდე თითქმის 2 საუკუნით ადრე, 1380 წელს, ჯონ უიკლიფმა ხალხს ლათინურიდან ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ბიბლიის წაკითხვის სურვილი გაუღვივა. მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში მისმა მიმდევრებმა, რომლებიც ლოლარდების სახელით იყვნენ ცნობილნი, ხელით გადაწერილი ბიბლიის ტექსტები ფართოდ გაავრცელეს.
ბიბლიის მკვლევარის უილიამ ტინდალის მიერ გამოცემული „ახალი აღთქმა“ ღვთის სიტყვის მაძიებელთათვის კიდევ ერთი ბიძგი აღმოჩნდა. ბერძნულიდან ინგლისურ ენაზე შესრულებული ეს თარგმანი 1525 წელს გამოიცა. ამის შემდეგ მალევე 1535 წელს მაილზ კოვერდეილმა სრული ინგლისური ბიბლია გამოსცა. ერთი წლით ადრე, მეფე ჰენრი VIII-მ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა რომთან და ახალი სტრატეგია შეიმუშავა. ჰენრი VIII-მ ინგლისურ ენაზე ბიბლიის თარგმნის ბრძანება გასცა, რითაც გაამყარა თავისი პოზიცია, როგორც ინგლისის ეკლესიის მეთაურის. 1539 წელს დიდი ფორმატით გამოცემული ეს თარგმანი, რომელიც გოტიკურ სტილში იყო შესრულებული, „დიდებული ბიბლიის“ სახელით გახდა ცნობილი.
ევროპიდან გადასახლებული პურიტანები და პროტესტანტები შვეიცარიაში, კერძოდ, ჟენევაში დასახლდნენ. 1560 წელს გამოიცა „ჟენევის ბიბლია“. ეს იყო ადვილად საკითხავი პირველი ინგლისური ბიბლია, რომელშიც თავები მუხლებად იყო დაყოფილი. ევროპიდან ის ინგლისში შეიტანეს და მალევე გახდა პოპულარული. საბოლოოდ, 1576 წელს „ჟენევის ბიბლია“ ინგლისშიც დაიბეჭდა. რუკებმა და მარგინალურმა შენიშვნებმა გააადვილა ტექსტის გაგება. მაგრამ ამ შენიშვნებმა ზოგი მკითხველი გააღიზიანა, რადგან ისინი იმის საწინააღმდეგოს ქადაგებდნენ, რასაც პაპები ასწავლიდნენ.
დაბრკოლება
„დიდებულმა ბიბლიამ“ ვერ მოიპოვა აღიარება, „ჟენევის ბიბლია“ კი სავსე იყო საკამათო სქოლიოებით. ამიტომ გადაწყდა, გამოცემულიყო გადამუშავებული
ბიბლია. ამ ვერსიას საფუძვლად „დიდებული ბიბლია“ დაედო. ტექსტზე მუშაობა ინგლისის ეკლესიის ეპისკოპოსებს მიანდეს და 1568 წელს „ეპისკოპოსების ბიბლიაც“ გამოქვეყნდა. ეს იყო დასურათებული, დიდი ფორმატის ბიბლია. კალვინისტებმა, რომლებიც გმობდნენ რელიგიურ ტიტულებს, არ მოიწონეს სიტყვა „ეპისკოპოსი“. ასე რომ, „ეპისკოპოსების ბიბლიამ“ ინგლისში ფეხი ვერ მოიკიდა.1603 წელს ჯეიმზ I ინგლისის სამეფო ტახტზე ავიდა. * მან ხელი შეუწყო ბიბლიის ახალი თარგმანის გამოცემას. მისი განცხადებით, ბიბლიიდან უნდა ამოღებულიყო ყველა დამამცირებელი შენიშვნა და კომენტარი.
მეფე ჯეიმზმა მხარი დაუჭირა ამ პროექტს. მალე 47 მკვლევარისგან შემდგარი ექვსი ჯგუფი მზად იყო ბიბლიის თარგმანზე სამუშაოდ. ტინდალისა და კოვერდეილის ნაშრომების გამოყენებით ბიბლიის მკვლევარებმა მთლიანად გადაამუშავეს „ეპისკოპოსების ბიბლია“. ისინი ასევე ხელმძღვანელობდნენ „ჟენევის ბიბლიით“ და 1582 წელს გამოცემული „რომის კათოლიკური რეიმსის ახალი აღთქმით“.
მეფე ჯეიმზი ბიბლიის კარგი მკვლევარი იყო. წინასიტყვაობაში ეწერა, რომ ეს თარგმანი ეძღვნებოდა „უაღმატებულეს და ძლევამოსილ პრინც ჯეიმზს“. ხალხი ფიქრობდა, რომ ჯეიმზს, როგორც ინგლისის ეკლესიის მეთაურს, ერის გაერთიანების ძალა შესწევდა.
ლიტერატურული შედევრი
სამღვდელოება სიხარულით შეხვდა თავიანთი მეფის გამოცემულ ბიბლიას, რომელიც „ეკლესიებში უნდა წაკითხულიყო“. მაგრამ საკითხავია, როგორ მიიღებდა ერი ბიბლიის ამ ახალ თარგმანს.
თავდაპირველი ვრცელი წინასიტყვაობიდან ვიგებთ, რომ მთარგმნელები ცოტა არ იყოს, შიშობდნენ, როგორ შეხვდებოდა ხალხი ახალ თარგმანს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ ხალხმა სიხარულით მიიღო, თუმცა 30 წელი დასჭირდა იმას, რომ ამ თარგმანს „ჟენევის თარგმანი“ ჩაენაცვლებინა.
ნაშრომში „ბიბლია და ანგლო-საქსები“ აღნიშნული იყო, რომ «იმ დროისთვის „ოფიციალური თარგმანი“ უკვე დიდი უპირატესობით სარგებლობდა, რადგან ეს ბრწყინვალე თარგმანი იყო». სხვა ნაშრომში კი ნათქვამია: «ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ბევრი ქრისტიანი ამ თარგმანს წმინდად მიიჩნევდა, რადგან თვლიდა, რომ ის უშუალოდ ღვთისგან იყო გადმოცემული. აქედან გამომდინარე, მკრეხელობად ჩაითვლებოდა, თუ ვინმე „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ რომელიმე სიტყვას შეასწორებდა ან გააკრიტიკებდა» (The Cambridge History of the Bible).
დედამიწის კიდეებამდე
ჩრდილოეთ ამერიკაში გადასახლებულმა ინგლისელებმა თან წაიღეს „ჟენევის ბიბლია“. მაგრამ მოგვიანებით ამერიკელმა ხალხმა „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ უფრო შეიყვარა. ბრიტანეთის იმპერიამ მსოფლიოს მრავალი კუთხე მოიცვა. შესაბამისად, პროტესტანტი მისიონერები ფართოდ ავრცელებდნენ ამ თარგმანს. ბიბლიის ბევრმა მთარგმნელმა არ იცოდა ძველი ებრაული და ბერძნული ენები, ამიტომ თავიანთ ნაშრომებს ისინი „მეფე ჯეიმზის თარგმანზე“ აფუძნებდნენ.
ბრიტანეთის ბიბლიოთეკის მონაცემით, «„მეფე ჯეიმზის თარგმანი“ იგივე „ოფიციალური თარგმანი“ დღემდე ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ინგლისურ ბიბლიად რჩება». ფიქრობენ, რომ მთელ მსოფლიოში „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ 1 მილიარდზე მეტი ეგზემპლარია დაბეჭდილი.
ჟამი ცვლილებისა
საუკუნეების მანძილზე მრავალს მიაჩნდა, რომ „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ ერთადერთი „ჭეშმარიტი“ თარგმანი იყო. 1870 წელს ინგლისში დაიწყეს ამ თარგმანის სრული გადამუშავება, რომელსაც უწოდეს „ინგლისური გადამუშავებული თარგმანი“. მოგვიანებით ამ თარგმანმაც განიცადა მცირე ცვლილება და ის უკვე „ამერიკული სტანდარტული თარგმანის“ სახელით გახდა ცნობილი. * ბოლო პერიოდში, 1982 წელს გამოიცა „გადამუშავებული ოფიციალური თარგმანი“. მის წინასიტყვაობაში ეწერა, რომ მთარგმნელებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს იმისათვის, რათა «მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო 1611 წელს გამოცემული „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ პოეტური და ლამაზი ენა».
ბიბლია მსოფლიოში დღემდე ბესტსელერად რჩება. „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ ყველაზე პოპულარული თარგმანია. პროფესორი რიჩარდ მოულტონი აღნიშნავს: „რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ ებრაული და ბერძნული ტექსტების გადმოსათარგმნად . . . ჩვენ გადავთარგმნეთ [და] გადავამუშავეთ ისინი . . . მხოლოდ ერთი რამ რჩება — მისი წაკითხვა“.
„მეფე ჯეიმზის თარგმანი“ უდავოდ უნიკალურ ლიტერატურულ შედევრს წარმოადგენს. მას დიდად აფასებენ შეუდარებლად ლამაზი ენის გამო. მაგრამ რამდენად უფრო მნიშვნელოვანია მასში ჩაწერილი ცნობა? ღვთის სულით შთაგონებული წმინდა წერილები გვიხსნის, როგორ შეიძლება ამ რთულ დროში პრობლემებისგან თავის დაღწევა. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რომელ თარგმანს გამოიყენებთ, იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან ბიბლიის უკეთ გაგებაში.
[სქოლიოები]
^ აბზ. 10 ჯეიმზი 1566 წელს დაიბადა და 1567 წელს შოტლანდიის მეფედ აკურთხეს, როგორც ჯეიმზ VI. 1603 წელს მან ინგლისის მეფის ტიტულიც მიიღო და მეფე ჯეიმზ I-ის სახელით გახდა ცნობილი. 1604 წლიდან ის დიდი ბრიტანეთის მეფის ტიტულს ატარებდა.
^ აბზ. 21 იხილეთ თანდართული ჩარჩო „ამერიკული სტანდარტული თარგმანი“.
[ჩარჩო⁄სურათი 23 გვერდზე]
„ამერიკული სტანდარტული თარგმანი“
„ამერიკული სტანდარტული თარგმანი“, რომელსაც საფუძვლად „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ დაედო, 1901 წელს გამოქვეყნდა. მის წინასიტყვაობაში წერია: «ვაღიარებთ, რომ „ოფიციალური თარგმანი“ [„მეფე ჯეიმზის თარგმანი“] მართლაც ლამაზი და შთამბეჭდავი ენითაა დაწერილი». თუმცა ამერიკულ სტანდარტულ თარგმანში მნიშვნელოვანი ცვლილებაა შეტანილი.
იმავე წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ამერიკელმა მთარგმნელებმა საკითხის საგულდაგულოდ აწონ-დაწონის შემდეგ მიიღეს მტკიცე გადაწყვეტილება: იუდეველთა ცრურწმენა, რომლის თანახმადაც, ღვთის სახელი იმდენად წმინდაა, რომ არ უნდა წარმოითქვას, აღარ უნდა ახდენდეს გავლენას ძველი აღთქმის ინგლისურსა თუ სხვა ენებზე შესრულებულ თარგმანებზე, როგორც ეს, საბედნიეროდ, თანამედროვე მისიონერების მიერ გაკეთებულ არაერთ თარგმანშია შესამჩნევი“.
იმის თქმა არ გვინდა, რომ „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ ღვთის სახელი საერთოდ არ გვხვდება. იქ ღვთის სახელი 4-ჯერ არის მოხსენიებული, სახელდობრ, გამოსვლის 6:3-ში, ფსალმუნის 83:18-ში, ესაიას 12:2-სა და ესაიას 26:4-ში. 1901 წელს გამოცემულ „ამერიკულ სტანდარტულ თარგმანში“ კი ღვთის სახელი ყველგან არის აღდგენილი და დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება.
[სურათი]
1901
[ჩარჩო⁄სურათი 24 გვერდზე]
განსაკუთრებული საჭიროება
1907 წელს შეერთებულ შტატებში ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ დაკვეთით დაიბეჭდა „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ ბიბლიის მკვლევართა გამოცემა. მასში შესული იყო ვრცელი დანართი, სახელწოდებით „ბიბლიის მკვლევარ მასწავლებელთა ბერეული სახელმძღვანელო“. მოგვიანებით იეჰოვას მოწმეებმა „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ საკუთარ სტამბაში დაბეჭდეს. 1992 წლისთვის მოწმეებს გამოცემული ჰქონდათ ამ თარგმანის 1 858 368 ეგზემპლარი.
[სურათი]
1907
[ჩარჩო⁄სურათი 24 გვერდზე]
ფასდაუდებელი თანამედროვე თარგმანი
გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ბიბლიის არაერთი თარგმანი გამოქვეყნდა (ზოგიერთი მათგანი რამდენიმე ენაზეც კი). „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ბევრმა შეაფასა, როგორც ფასდაუდებელი ნაშრომი. ამ თარგმანის 170 მილიონზე მეტი ეგზემპლარი (სრული ან ნაწილობრივი თარგმანი) 100 ენაზე გავრცელდა. თანდართული რუკები, საძიებელი და სქოლიოებიან გამოცემაში არსებული დანართები მკითხველს ჩვენს დღეებთან დაკავშირებული ბიბლიის ცნობის უკეთ გაგებაში ეხმარება.
[სურათი]
1961
[სურათი 22 გვერდზე]
1611
[სურათის საავტორო უფლება 22 გვერდზე]
Art Resource, NY