ტიტანიკი — „ყველაზე ცნობილი გემი ისტორიაში“
ტიტანიკი — „ყველაზე ცნობილი გემი ისტორიაში“
10 აპრილი, 1912 წელი, ინგლისი: „ტიტანიკი“ გადის საუთჰემპტონის პორტიდან ნიუ-იორკის მიმართულებით.
11 აპრილი: შერბურში (საფრანგეთი) და ქვინსტოუნში (დღევანდელი კობი, ირლანდია) აჰყავს მგზავრები და გადის ატლანტის ოკეანეში.
14 აპრილი: დაახლოებით 23:40-ზე „ტიტანიკი“ ეჯახება აისბერგს.
15 აპრილი: შუაღამისას, 2:20-ზე „ტიტანიკმა“ ჩაძირვა დაიწყო. ამ ტრაგედიამ დაახლოებით 1 500 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
რით იყო „ტიტანიკი“ განსაკუთრებული? რამ გამოიწვია მისი დაღუპვა? მოდი, ვეწვიოთ ჩრდილოეთ ირლანდიაში ბელფასტთან ახლოს მდებარე ოლსტერის სახალხო და ტრანსპორტის მუზეუმს და გავეცნოთ რეალურ ფაქტებს.
რით იყო განსაკუთრებული?
სახალხო და ტრანსპორტის მუზეუმის ყოფილი კურატორის მაიკლ მაკონის თქმით, ტიტანიკი დღემდე „ყველაზე ცნობილი გემია ისტორიაში“. თუმცა ის რიგით მეორე იყო ბელფასტის ჰერალდ ენდ ვულფის გემთსაშენში აგებული სამი უზარმაზარი ლაინერიდან. * იმ პერიოდში „ტიტანიკი“ ერთ-ერთ უდიდეს გემად ითვლებოდა. მისი სიგრძე 269 მეტრი იყო, სიგანე — 28.
კომპანია „უაით სთარ ლაინი“ მიზნად ისახავდა, უზარმაზარი ლაინერებით დაეპყრო ჩრდილოეთ ატლანტის საზღვაო გზები. ასეთი კრუიზები საკმაოდ დიდ შემოსავალს მისცემდა კომპანიას. მაგრამ რაკი მისი კონკურენტი კომპანიის „ქუნარდ ლაინის“ გემები უფრო სწრაფი იყო, „უაით სთარ ლაინმა“ გადაწყვიტა, მისთვის კონკურენცია იმით გაეწია, რომ უფრო დიდი და უფრო მდიდრული გემები აეგო. ასეთი სახით, ის ადვილად მიიპყრობდა მდიდარი და გამოჩენილი ადამიანების ყურადღებას.
„ტიტანიკს“ სხვა მნიშვნელოვანი მისიაც ეკისრა. „1900—1914 წლებში წელიწადში დაახლოებით 900 000 იმიგრანტი გადადიოდა შეერთებულ შტატებში“, — ამბობს უილიამ ბლეირი, ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული მუზეუმების ხელმძღვანელი. როგორც ჩანს, ამ იმიგრანტების ევროპიდან შეერთებულ შტატებში გადაყვანა ტრანსატლანტიური სანაოსნო კომპანიებისთვის საკმაოდ მომგებიანი საქმე იყო, და „ტიტანიკიც“ სწორედ ამ მიზანს უნდა მომსახურებოდა.
მოულოდნელი დასასრული
„ტიტანიკის“ კაპიტანმა, ედვარდ ჯორჯ სმიტმა იცოდა, რომ ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში აისბერგებთან შეჯახების საფრთხე არსებობდა. მას არაერთხელ უმგზავრია ამ გზებზე „ოლიმპიკით“. გზაში ამის შესახებ რამდენიმე გაფრთხილება კაპიტანს სხვა გემებმაც გაუგზავნეს, მაგრამ ზოგ მათგანს ყურადღება არ მიაქცია, ზოგი კი, როგორც ჩანს, არც მისვლია.
მოულოდნელად, ოკეანეში გემის სათვალთვალო პუნქტიდან მოვიდა შეტყობინება, რომ ლაინერი უშველებელ აისბერგს ეჯახებოდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ცხვირით რომ არ შეჯახებოდა, მორიგე ოფიცერმა გემს კურსი შეუცვალა, თუმცა კორპუსის წყალქვეშა ნაწილი მაინც წამოედო ყინულის მთას. დაზიანდა გემის კორპუსი და წინა რამდენიმე განყოფილება წყლით აივსო. კაპიტანი სმიტი მალევე მიხვდა, რომ მისი გემი განწირული იყო. მან სასწრაფოდ დაგზავნა „SOS“ სიგნალები და სამაშველო ნავების დაშვების ბრძანება გასცა.
გემზე სულ 16 სამაშველო და 4 დასაკეცი ნავი იყო. მთლიანობაში ნავები 1 170 ადამიანს იტევდა. მაგრამ გემზე ეკიპაჟის გარდა დაახლოებით 2 200 მგზავრი იმყოფებოდა. ამას ისიც დაემატა, რომ ბევრი ნავი მანამ ჩაუშვეს წყალში, სანამ ბოლომდე შეივსებოდა. სამაშველო ნავებზე მყოფთაგან უმეტესობას არც კი უცდია, ხელი შეეშველებინა მათთვის, ვინც გადასარჩენად წყალში გადახტა. საბოლოოდ, მხოლოდ 705 ადამიანი გადაურჩა ამ საშინელ ტრაგედიას.
შედეგები
„ტიტანიკის“ კატასტროფის შემდეგ შემოღებულ იქნა უსაფრთხოების ახალი წესები. ერთ-ერთი ასეთი წესის თანახმად, გემი ყოველთვის აღჭურვილი უნდა იყოს საკმარისი სამაშველო ნავებით.
წლების განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ „ტიტანიკს“ აისბერგთან შეჯახებისას უზარმაზარი ხვრელი გაუჩნდა. თუმცა 1985 წელს ოკეანის ფსკერზე „ტიტანიკის“ აღმოჩენამ მკვლევრები სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. როგორც აღმოჩნდა, გაყინულმა წყალმა გემის ფოლადი მყიფე გახადა და კორპუსი ადვილად გადატყდა. შეჯახებიდან სამი საათიც არ იყო გასული, რომ ეს ვეებერთელა ლაინერი ორად გაიყო, ოკეანის ფსკერზე დაეშვა და სამუდამოდ დაიდო იქ ბინა. ამგვარად შევიდა ტიტანიკის ტრაგედია საზღვაო ისტორიაში მომხდარი ყველაზე საშინელი კატასტროფების სიაში. *
[სქოლიოები]
^ აბზ. 8 „ტიტანიკის“ წინამორბედი იყო „ოლიმპიკი“; მის შემდეგ აიგო „ბრიტანიკი“.
^ აბზ. 17 ტიტანიკის ტრაგედიისას გადარჩენილთა ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ „გამოიღვიძეთ!“-ის 1981 წლის 22 ოქტომბრის ნომერში [ინგლ.].
[რუკა 14 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
საუთჰემპტონი
შერბური
ქვინსტოუნი (კობი)
ატლანტის ოკეანე
ტრაგედიის ადგილი
ნიუ-იორკი
[სურათები 12, 13 გვერდებზე]
„ტიტანიკის“ მშენებლობა
პროპელერები
მუშები ტოვებენ „ჰერალდ ენდ ვულფის“ გემთსაშენს, ირლანდია
[საავტორო უფლებები]
Pages 12 and 13: Leaving Southampton, under construction, and shipyard: © National Museums Northern Ireland; propellers: © The Bridgeman Art Library
[სურათი 14 გვერდზე]
კაპიტანი სმიტი (მარჯვნივ) უფროს ოფიცერ ჰერბერტ მაკელროისთან ერთად
[საავტორო უფლება]
© Courtesy CSU Archive/age fotostock
[სურათის საავტორო უფლება 15 გვერდზე]
© SZ Photo/Knorr & Hirth/Bridgeman Art Library