არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„აი ცხვირიიი!!!“

„აი ცხვირიიი!!!“

„აი ცხვირიიი!!!“

ასეთი რეაქცია აქვს ადამიანს ცხვირა მაიმუნის დანახვაზე. * ეს ჩამოკიდებული, გაბუშტული ცხვირი შეიძლება 18 სანტიმეტრამდეც კი გაიზარდოს, რაც სხეულის სიგრძის თითქმის მეოთხედია. მამრს ცხვირი ნიკაპამდე აქვს ჩამოშვებული, ამიტომ ჭამის დროს გვერდზე სწევს, ხელი რომ არ შეუშალოს. იცით, როგორი სანახავები ვიქნებოდით ამავე პროპორციის ცხვირი რომ გვქონდეს? წარმოიდგინეთ, მოდიხართ ქუჩაში და ცხვირი თითქმის მკერდამდე გაქვთ ჩამოკიდებული.

რა სარგებლობა მოაქვს ცხვირა მაიმუნისთვის ამხელა ცხვირს? * არსებობს სხვადასხვა ვერსია. ერთ-ერთის თანახმად, სხეულში არსებული ჭარბი სითბო სწორედ ამ ცხვირიდან გამოდის გარეთ. ამასთანავე ცხვირის მეშვეობით მაიმუნი უფრო ძლიერ ხმას გამოსცემს. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ თითქოს ამ უცნაური ორგანოს საშუალებით მამრები ერთმანეთს აშინებენ. არ არის გამორიცხული ეს ასეც იყოს, რადგან როცა მამრი ბრაზდება და „მდგომარეობიდან გამოდის“, ცხვირი უწითლდება და ებერება. კიდევ ერთი მოსაზრება: რაც უფრო დიდი ცხვირი აქვს ამ მაიმუნს, მით უფრო „სიმპათიური“ და მიმზიდველი „ბიჭი“ ჩანს „გოგონების“ თვალში. თუმცა, ალბათ, ამ ცხვირებს გაცილებით მეტი ფუნქცია აქვთ, რომელთა შესახებაც ძალიან ცოტა ან თითქმის არაფერი ვიცით.

„ღიპუცები“

ცხვირა მაიმუნებს მარტო ცხვირი კი არა, მუცელიც უცნაური აქვთ — ამობურცული და გამოკვეთილი. მათი შემხედვარე კაცს ეგონება, დედიკოებიც და მამიკოებიც მთელი ცხოვრება ფეხმძიმედ არიანო. მუცლის წონა სხეულის წონის მეოთხედს უდრის. ამხელა მუცელი რაღაში სჭირდებათ?

ძროხისა არ იყოს, ცხვირას მუცელიც სავსეა სითხით — მცენარეებისა და ბაქტერიების მთელი აჯაფსანდალი აქვს მუცელში. ბაქტერიები ადუღებენ საკვებს და ცელულოზას საკვებ ნივთიერებებად გარდაქმნიან, ამასთანავე შლიან მცენარეულ ტოქსინებს, რომლებიც სხვა ცხოველს უცილობლად მოწამლავდა და მოკლავდა. ასეთი საოცარი საჭმლის მომნელებელი სისტემის წყალობით, მას თავისუფლად შეუძლია თავი გაიტანოს ფოთლებით, უშაქრო ხილით და პარკოსნების, პალმებისა და სხვა მცენარეების მარცვლებით. როგორც წესი, ამგვარ საკვებს სხვა პრიმატების კუჭი ვერ ინელებს.

ძლიერი კუჭი კი აქვს ამ მაიმუნს, მაგრამ არც ისეთი, რომ რაც ხელში მოხვდება ყველაფერი მუცელში ჩაიყაროს. თქვენ წარმოიდგინეთ, ტკბილ ხილს ცოცხალი თავით ახლოს არ ეკარება, რადგან კარგად იცის, რომ ტკბილი მის მუცელს ზომაზე მეტად ბერავს და, საბოლოო ჯამში, შეიძლება ტანჯვითაც დაასრულებინოს სიცოცხლე.

ცხვირა მაიმუნს საჭმლის მონელებისთვის საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, ის ცელულოზით მდიდარ საკვებს იღებს და რთული აგებულების კუჭი აქვს. ამიტომ მადიანი საუზმის შემდეგ საათები სჭირდება, რომ დაისვენოს.

მოკალი და არ შეუძლია მარტოობა

ჭამის ან დასვენების დროს ცხვირა მაიმუნები თითქმის არასოდეს არიან მარტონი. „ფაშებს“ თავიანთი „ჰარამხანები“ ჰყავთ. ერთ „ჰარამხანაში“ სულ ცოტა რვა „ქალია“, თავისი მემკვიდრეებით. როცა „ბიჭი“ იბადება, ის გარკვეულ ასაკამდე ოჯახთან ცხოვრობს, შემდეგ კი გადის ცალკე და მის მსგავსად ოჯახიდან წამოსულ ახალგაზრდების ჯგუფს უერთდება. ამ ჯგუფსაც, „ჰარამხანისა“ არ იყოს, ერთი ან ორი „მხარბეჭიანი“ ლიდერი მიუძღვება. ვიღაცას შეიძლება ეს ჯგუფი „ფაშას“ „ჰარამხანაში“ აერიოს.

ამ პრიმატებს კიდევ ერთი უცნაური რამ ახასიათებთ. საღამოობით, როცა მდინარეზე გამოდიან, „ჰარამხანები“ ხშირად ერთმანეთში ირევიან და უცნაური სანახაობაც სწორედ ამ დროს იმართება. თუ „ფაშამ“ დაინახა, რომ მის რომელიმე „ცოლს“ ვიღაცამ თვალი დაადგა, გიჟდება და მთელ სანახაობებს აწყობს მეტოქის შესაშინებლად. ეს 20-კილოიანი მამრი მაშინვე ოთხზე დგება, პირს დიდზე აღებს და მოწინააღმდეგეს თვალებში უყურებს. „თუ ამან არ გაჭრა, მომენტალურად წყდება ადგილიდან, ხტება ხეზე და ხიდან ხეზე იწყებს ხტუნვას, თანაც ღრიალებს და გამხმარ ტოტებს ლაწალუწით ამტვრევს“. ასეთი სანახაობა ხშირად არ იმართება ტყეში, ამიტომ თუ შემთხვევით გადააწყდით ამ უცნაურობას, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ (წიგნი „ბორნეოს ცხვირა მაიმუნები“).

ზემოთ მოხსენიებულ წიგნში კიდევ ერთი ასეთი აზრია მოცემული: „ცხვირა მაიმუნები მარტო შესახედაობით კი არ არიან უცნაურები, ხმებსაც უცნაურს გამოსცემენ.“ ფაქტობრივად, ისინი ღრუტუნებენ კიდეც, ყიყინებენ კიდეც, ღრიალებენ და ჭყივიან კიდეც. ასეთ მრავალფეროვან „ჰანგებს“ განსაკუთრებით საღამოობით მოისმენთ მდინარის პირას. გაგიკვირდებათ და, ამ ყურისწამღებ ხმაურში დედები მშვიდად და აუღელვებლად კვებავენ თავიანთ ცისფერსახიან ახალშობილებს. ბოლოს, როცა მოსაღამოვდება და ტყეში ბინდი ჩამოწვება, ეს ჩვენი ცხვირა მაიმუნები კოხტად მოკალათდებიან მდინარის პირას მაღალ ხეებზე და ღრმა ძილს ეძლევიან.

ერთი ამის ფეხებს შეხედეთ!

ცხვირა მაიმუნის მორიგი უცნაურობა მისი ნაწილობრივ აპკიანი ფეხებია. ამის გამოა, რომ ის არა მარტო კარგად ცურავს, არამედ თავისუფლადაც დააბოტებს მანგროს ტალახებში. ბევრს ტროპიკული მანგროს გაგონებაზე ნიანგები ახსენდება. ნამდვილად, ცხვირა მაიმუნების სამფლობელოში ნიანგებიც ბლომად არიან. როგორ ახერხებენ ეს წყლის მოყვარული არსებები იმას, რომ თავს არ აჭმევინებენ ამ დაუნდობელ მეზობლებს?

ნიანგებმა რომ არ შეამჩნიონ, მდინარეში სუნთქვაშეკრულები ჩუმად იპარებიან და ერთმანეთის მიყოლებით ძაღლური ცურვით მიცურავენ, თანაც ისე, რომ დიდი ხმაური არ გამოიწვიონ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მდინარე ვიწროა? მდინარის პირას მაღალ ხეებზე ძვრებიან და ტოტიდან ტოტზე ხტებიან (წყლიდან შესაძლოა 9 მეტრის სიმაღლეზე). შემდეგ მუცლით მდინარეში ენარცხებიან და რაც შეიძლება სწრაფად მიცურავენ ნაპირისკენ. ასეთივე ტაქტიკით გადადიან ერთი ნაპირიდან მეორეზე დედებიც ზურგზე შემოსკუპული თავიანთი პატარებით. ზოგჯერ მაიმუნების მთელი არმია ერთდროულად ხტება წყალში და ნიანგების შიშით საოცარი სისწრაფით მიცურავენ გაღმა ნაპირზე. თუმცა აქვე უნდა შევიხსენოთ ერთი რამ: ცხვირა მაიმუნების მთავარი მტერი ნიანგი ნამდვილად არ არის.

სადაცაა გადაშენდებიან

ოფიციალური მონაცემებით, ბუნებაში ცხვირა მაიმუნების რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე ათასიღაა და ეს რიცხვი დღითი დღე კლებულობს. მთავარი დამნაშავე ამ საქმეში ადამიანია. ბევრი ტყე იწვება, ბევრიც იჩეხება, ამასთანავე იმატა უკონტროლო ტურისტების რიცხვმა. ბევრგან ტყეს იმ მიზნით ჩეხავენ, რომ ზეთოვანი პალმის პლანტაციები გააშენონ. ნადირობის მოყვარულთაც დიდი ცოდვა აწევთ კისერზე. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთები უბრალოდ გართობის მიზნით კლავენ ამ ცხოველებს. ბევრი მის ხორცს ჭამს. მას სამედიცინო მიზნითაც იყენებენ. ეს ცხოველები ხშირად მდინარის პირას იძინებენ ხეებზე, ამიტომ ეს მათ ადვილად შესამჩნევს და შესაბამისად, იოლად მოსანადირებელს ხდის. ერთ მხარეში ბოლო ხუთ წელიწადში მაიმუნების 50 პროცენტი გაწყდა და ამის მიზეზი ის მონადირეები გახლავთ, რომლებიც სწრაფი კატერებით დაძრწიან მდინარის პირას.

ბუნების დამცველები ცდილობენ, ფართო მასების ყურამდე მიიტანონ, ის თუ რა სავალალო მდგომარეობაში არიან ეს ცხოველები. ისინი ასევე ცდილობენ, ხალხს გააგებინონ, რომ ბორნეოში არსებობს კანონი, რომელიც იცავს ამ პრიმატებს. მაგრამ ეშველება რამე ამით საქმეს? ამას დრო გვიჩვენებს. და რა სამწუხარო იქნება, თუ ერთხელაც ეს ცხვირა მაიმუნები საერთოდ გაქრებიან ველური ბუნებიდან და თან წაიყოლებენ იმ უამრავ საიდუმლოს, რომლებიც დღეს ამოუცნობი რჩება მკვლევართათვის! კიდევ ერთი უბედურება ის გახლავთ, რომ ეს ცხოველები ვერაფრის დიდებით ვერ ეგუებიან ჩაკეტილ სივრცეს — ზოოპარკის პირობებს.

მოდი, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ბუნებაში მარტო ცხვირა მაიმუნები არ არიან შავ დღეში. ასეთი ცხოველების მთელი სია შეგვიძლია ჩამოვწეროთ. უთვალავი ჯიში უკვე გადაშენდა ბუნებიდან. თუმცა ერთი რამ არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან — მალე ღვთის ხელში იქნება მთელი პლანეტა, ის მოსპობს ბოროტებს და თავის ხალხს ასწავლის, როგორ გაუფრთხილდნენ თავიანთ სახლს — დედამიწას (იგავები 2:21, 22). ღმერთი გვპირდება: „ზიანს აღარ მოიტანენ და აღარაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე, რადგან დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (ესაია 11:9).

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 ცხვირა მაიმუნების სამშობლო კუნძული ბორნეოა. ადგილობრივები ამ ცხოველს „ორანგ ბელანდას“ და „დაჩმენს“ ეძახიან.

^ აბზ. 3 მდედრებსაც დიდი ცხვირი აქვთ, მაგრამ მამრებისას ვერ შეედრება.

[სურათი 12 გვერდზე]

ცხვირა მაიმუნებს დიდი ცხვირები და გამოკვეთილი მუცლები აქვთ

[საავტორო უფლება]

© Peter Lilja/age fotostock

[სურათი 13 გვერდზე]

მამრს ცხვირი ნიკაპამდე აქვს ჩამოშვებული და ჭამის დროს გვერდზე სწევს

[საავტორო უფლება]

© Juniors Bildarchiv/Alamy

[სურათი 14 გვერდზე]

ჭამის ან დასვენების დროს ცხვირა მაიმუნები თითქმის არასოდეს არიან მარტო

[საავტორო უფლება]

© Peter Lilja/age fotostock