არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

როგორ უნდა დაუდგინოთ წესები მოზარდ შვილს

როგორ უნდა დაუდგინოთ წესები მოზარდ შვილს

პრობლემა

თქვენი შვილი გეუბნებათ, რომ ძალიან მკაცრი ხართ. მაგრამ გული გკარნახობთ: „თუ ახლა წესებს შეარბილებ, შენი ბიჭი კისერს მოიტეხს“.

თქვენ შეგიძლიათ დაუდგინოთ შვილებს წესები, ოღონდ გონიერების ფარგლებში. მაგრამ პირველ რიგში უნდა გაიგოთ, რატომ აღიზიანებს შვილს ესა თუ ის წესი. a

რატომ ხდება

გავრცელებული შეხედულება: მოზარდობის წლებში ყველა ბავშვი ეწინააღმდეგება დადგენილ წესებს და ეს გარდაუვალი ფაქტია.

ფაქტი: მოზარდი არ შეეწინააღმდეგება დადგენილ ნორმებს, თუ მშობლები გონივრულ წესებს უდგენენ და უხსნიან, რატომ არის მათი დაცვა საჭირო.

თუმცა რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს ის, რომ მოზარდი დადგენილი წესების წინააღმდეგ წავიდეს. ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, როცა მშობლები გაუაზრებლად უდგენენ წესებს, რომლებიც ზედმეტად შემზღუდველი და ასაკისთვის შეუფერებელია. მაგალითად:

  • შემზღუდველი წესები. როდესაც მშობლები ისე უდგენენ შვილებს წესებს, რომ არაფერს უხსნიან, ის უფრო შემზღუდველი ხდება შვილისთვის, ვიდრე დამცველი. შედეგად, მან შეიძლება ჩუმად ზუსტად ის გააკეთოს, რასაც მშობელი უკრძალავს.

  • ასაკისთვის შეუფერებელი. „ასეა საჭირო და იმიტომ“. ასეთი პასუხი შეიძლება პატარა ბავშვისთვის საკმარისი იყოს, მაგრამ მოზარდისთვის არა. მათ ახსნა სჭირდებათ. ბოლოს და ბოლოს, ახლო მომავალში თქვენი შვილი შეიძლება ცალკე გავიდეს საცხოვრებლად და სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოუწიოს. სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, უკეთესია მან მანამ ისწავლოს მსჯელობა, სანამ ჯერ კიდევ თქვენთან არის.

მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს მოზარდ შვილს გამუდმებით აღიზიანებს თქვენი დადგენილი წესები?

რა შეგიძლიათ გააკეთოთ

პირველ რიგში, მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ მოზარდებს სჭირდებათ წესების დადგენა. შეიძლება შვილები ამას არ აღიარებენ, მაგრამ გულის სიღრმეში მათ მოსწონთ კიდეც ეს. ასე რომ, დაუდგინეთ შვილებს წესები, ოღონდ დარწმუნდით, რომ მათ ესმით მათი დაცვის საჭიროება. „როცა მოზარდისთვის გასაგებია დადგენილი წესები და მშობლებიც გონივრულ ხელმძღვანელობას უწევენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბავშვმა არასწორი საქციელი ჩაიდინოს“, — ნათქვამია ერთ წიგნში, რომელიც მოზარდების აღზრდას ეხება (Letting Go With Love and Confidence). ამის საპირისპიროდ, მშობლები რომლებიც შვილებს წესებს არ უდგენენ და მეტისმეტ თავისუფლებას აძლევენ, უდარდელი მშობლების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ამ დროს დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვი ურჩი და თავნება გაიზარდოს (ბიბლიური პრინციპი: იგავების 29:15).

როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი? ჰკითხეთ თქვენ შვილს, რას ფიქრობს ოჯახში დადგენილ წესებზე. თუ გთხოვთ, რომ სახლში ოდნავ გვიან დაბრუნების უფლება მისცეთ, ბოლომდე ათქმევინეთ სათქმელი და ყურადღებით მოუსმინეთ. მოზარდი, რომელიც ხედავს, რომ ყურადღებით უსმენთ მის აზრს, უფრო მეტად დაჰყვება თქვენს მითითებებს და დაგემორჩილებათ, მაშინაც კი თუ თქვენი აზრები განსხვავდება ერთმანეთისგან (ბიბლიური პრინციპი: იაკობის 1:19).

მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი რამ არ დაგავიწყდეთ: ხშირად მოზარდები იმაზე მეტ თავისუფლებას ითხოვენ, ვიდრე ეს მათთვის არის დასაშვები; თავის მხრივ, მშობლები ზომაზე მეტად ზღუდავენ შვილებს. ამიტომ სერიოზულად მოეკიდეთ შვილის სათხოვარს. დააკვირდით, შეიძლება მისი ნდობა? სიტუაცია ხომ არ მოითხოვს, რომ დათმობაზე წახვიდეთ? როცა საჭიროა, გააკეთეთ ეს (ბიბლიური პრინციპი: დაბადების 19:17—22).

გასაგებია, რომ შვილმა გული უნდა გადაგიშალოთ და თავის გრძნობებზე გესაუბროთ, მაგრამ მან თქვენი საწუხარიც უნდა იცოდეს. ამგვარად, ის ისწავლის, რომ მარტო საკუთარ გრძნობებზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ სხვის გრძნობებზეც (ბიბლიური პრინციპი: 1 კორინთელების 10:24).

ბოლოს, მიიღეთ გადაწყვეტილება და მიზეზი აუხსენით. მაშინაც კი, თუ თქვენი გადაწყვეტილებით მაინც და მაინც არ მოიხიბლა, მას ძალიან ესიამოვნება, თუ მოისმენთ მის აზრს და გაითვალისწინებთ მის გრძნობებს. გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი თქვენგან სწავლობს, როგორ ადამიანად ჩამოყალიბდეს. თუ შვილებს გონივრულ წესებს დაუდგენთ და თან აუხსნით, რისთვის არის მათი დაცვა საჭირო, ის პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად ჩამოყალიბდება (ბიბლიური პრინციპი: იგავების 22:6).

a მართალია, ამ სტატიაში აქცენტი ბიჭებზეა გადატანილი, მაგრამ აქ განხილული პრინციპები ეხება როგორც ბიჭებს, ისე გოგონებს.