ვინ შექმნა?
გველკუდას „მხედველი“ ჩონჩხი
რიფებში მობინადრე გველკუდას ზურგს გასაოცარი ფორმის ჯავშანი უფარავს. ჩონჩხის ეს ნაწილი დაფარულია მიკროსკოპული ლინზებით, რომელთა მეშვეობითაც მისი ჯავშანი გარდაიქმნება რთული აგებულების ერთ დიდ თვალად.
დაფიქრდით: როდესაც მეცნიერებმა შეისწავლეს გველკუდას ჩონჩხის ფირფიტები, დაინახეს „უჩვეულო სახის მჭიდროდ ჩალაგებული, ბროლივით გამჭვირვალე ბურთულები. თითოეული მათგანი ადამიანის თმაზე თხელია“, — აღნიშნულია ჟურნალ „ბუნებისმეტყველებაში“. ეს გამჭვირვალე ბურთულები, რომლებიც შედგება კალციუმის კარბონატისგან (კალციტი), მაღალი ხარისხის მიკროლინზები აღმოჩნდა. ისინი სინათლის ფოკუსირებას ახდენენ ფირფიტებს ქვემოთ განლაგებულ სინათლეზე მგრძნობიარე ნერვებზე. უფრო მეტიც, ლინზებს აქვთ ზუსტად ისეთი ფორმა, რაც საჭიროა სასურველი გამოსახულების მისაღებად.
ქიმიკოს ჯოანა აიზენბერგის აზრით, გველკუდას ორმაგი დანიშნულების ჯავშანი „კიდევ ერთხელ ადასტურებს მნიშვნელოვან პრინციპს, რომ ბიოლოგიაში ორგანიზმები ხშირად ითავსებენ მრავალ ფუნქციას“.
გველკუდას აგებულებაზე დაკვირვებით მკვლევრებმა შეიმუშავეს მარტივი და იაფი მეთოდი. მათ კალციუმის კარბონატისგან შექმნეს მიკროლინზების სისტემა. ამ სისტემას მრავალმხრივი გამოყენება აქვს, მათ შორის ტელეკომუნიკაციაში, სადაც მიკროლინზების სისტემას იყენებენ იმისათვის, რომ სინათლის სიგნალების გადაცემა მოხდეს ოპტიკური ბოჭკოების მეშვეობით.
რას ფიქრობთ? გველკუდას „მხედველი“ ჩონჩხი ევოლუციის გზით შეიქმნა, თუ შემოქმედმა შექმნა?