ბიბლიის თვალსაზრისი
როგორია ღმერთი
როგორი სხეული აქვს ღმერთს?
„ღმერთი სულია“ (იოანე 4:24).
რას ამბობს ბიბლია.
ბიბლიაში ღმერთზე ნათქვამია, რომ ის არის სული (2 კორინთელები 3:17). ამიტომ ის ჩვენზე ბევრად აღმატებული და ჩვენი გონებისთვის ჩაუწვდომელია. 1 ტიმოთეს 1:17-ში წერია, რომ ის არის „მარადიულობის მეფე, უხრწნელი, უხილავი“. ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია: „ღმერთი არასოდეს არავის უხილავს“ (1 იოანე 4:12).
შემოქმედი იმდენად აღმატებულია ჩვენზე, რომ ადამიანს იმის წარმოდგენაც კი უჭირს, თუ როგორ გამოიყურება ღმერთი. ესაიას 40:18-ში წერია: „ვის შეადარებთ ღმერთს და ვის მიამსგავსებთ მას“? შთამბეჭდავი, მოწიწების მომგვრელი ციური სხეულებიც კი არაფერია ყოვლისშემძლე ღმერთთან შედარებით (ესაია 40:22, 26).
თუმცა არსებობენ გონიერი ქმნილებები, რომლებსაც შეუძლიათ ღვთის დანახვა და მასთან პირისპირ საუბარი. ეს იმიტომ, რომ ისინიც სულიერი ქმნილებები არიან და ზეცაში ცხოვრობენ (1 მეფეები 22:21; ებრაელები 1:7). ამ ზეადამიანურ ქმნილებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ანგელოზებიც ჰქვიათ, იესო ქრისტემ თქვა: „[ისინი] ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს“ (მათე 18:10).
ყველგან არის ღმერთი?
«ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ » (მათე 6:9).
რას ამბობს ბიბლია.
ბიბლია არ ასწავლის, რომ ღმერთი ერთდროულად ყველგან არსებობს, როგორც უპიროვნო ძალა. მათეს 6:9-სა და 18:10-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებიდან ვიგებთ, რომ ღმერთი არის პიროვნება — „მამა“ — და ის მკვიდრობს ზეცაში, თავის „სამყოფელში“ (1 მეფეები 8:43).
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ თქვა: „ქვეყნიერებაში მოვედი. ახლა კი ვტოვებ ქვეყნიერებას და მამასთან მივდივარ“ (იოანე 16:28). სულიერ სხეულში აღდგომის შემდეგ ქრისტე ამაღლდა „თვით ზეცაში, რათა ახლა . . . ღვთის სახის წინაშე წარდგეს“ (ებრაელები 9:24).
ამ ფაქტების ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს. რატომ? უპირველესად, იმიტომ, რომ ღმერთი პიროვნებაა. ჩვენ შეგვიძლია გავიცნოთ ის და დავუახლოვდეთ მას (იაკობი 4:8). მეორე იმიტომ, რომ ღვთის შესახებ ჭეშმარიტების ცოდნა დაგვიცავს ცრუ თაყვანისმცემლობისგან, მაგალითად, უსიცოცხლო გამოსახულებებისა და საგნების თაყვანისცემისგან. 1 იოანეს 5:21-ში ვკითხულობთ: „შვილებო, თავი დაიცავით კერპებისგან“.
როგორ შეიქმნა ადამიანი ღვთის ანარეკლად?
„დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ანარეკლად, ღვთის ანარეკლად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი“ (დაბადება 1:27 ).
რას ამბობს ბიბლია.
ადამიანებს გვაქვს იმის უნარი, რომ ავირეკლოთ ღვთის პიროვნული თვისებები, მაგალითად, სიყვარული, სამართლიანობა და სიბრძნე. ბიბლია ამბობს: „მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, და იარეთ სიყვარულში“ (ეფესოელები 5:1, 2).
ღმერთმა ადამიანებს არჩევნის თავისუფლებაც გვიბოძა. ამის წყალობით, შეგვიძლია გავარჩიოთ სწორი არასწორისგან და შესაბამისად, სხვების მიმართ სიყვარული სხვადასხვა სახით გამოვხატოთ (1 კორინთელები 13:4—7). ჩვენ შემოქმედებითი უნარიც გვაქვს. აგრეთვე შეგვიძლია დავტკბეთ ჩვენ გარშემო არსებული გასაოცარი სამყაროს სილამაზით. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღმერთმა ჩვენში ჩადო სულიერობისკენ სწრაფვის უნარი — ბუნებრივი სურვილი, გავეცნოთ ჩვენს შემოქმედს და მის ნებას (მათე 5:3).
ბიბლიურ ჭეშმარიტებას თქვენი დახმარება შეუძლია. რაც მეტად ვეცნობით ღმერთს და ვბაძავთ მას, მით მეტად გვიჩნდება იმის სურვილი, რომ მისი ნების შესაბამისად ვიცხოვროთ. შედეგად, ვიღებთ ნამდვილ კმაყოფილებას, შინაგან სიმშვიდეს, სიხარულსა და ბედნიერებას (ესაია 48:17, 18). ღმერთმა უწყის, რომ მისი ძვირფასი თვისებები გულგრილს არ ტოვებს ადამიანებს. გულწრფელ ადამიანებს თავისკენ იზიდავს და მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე აყენებს (იოანე 6:44; 17:3).