არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ბიბლიის თვალსაზრისი | სატანა

სატანა

სატანა

რეალური პიროვნებაა სატანა?

„ძველ გველს, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია ... შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (გამოცხადება 12:9).

რას ამბობს ხალხი.

ზოგის აზრით, სატანა ეშმაკი არ არის რეალური პიროვნება. ის არის ბოროტება, რომელიც თითოეულ პიროვნებაში არსებობს.

რას ამბობს ბიბლია.

სატანა არის რეალური პიროვნება, სულიერი ქმნილება. ის არის ანგელოზი, რომელიც ღმერთს დაუპირისპირდა. ბიბლია სატანას „ამ ქვეყნიერების მმართველს“ უწოდებს (იოანე 12:31). თავისი მიზნის მისაღწევად ის მიმართავს ცრუ ნიშნებსა და სხვადასხვა საცდურს (2 თესალონიკელები 2:9, 10).

ბიბლიაში ჩაწერილია დიალოგი, რომელიც ზეცაში ღმერთსა და სატანას შორის გაიმართა. თუკი სატანა ბოროტებაა, რომელიც თითოეულ პიროვნებაში არსებობს, მაშ როგორ შეეძლო სრულყოფილ და წმინდა ღმერთს დალაპარაკებოდა მასშივე არსებულ ბოროტებას? (კანონი 32:4; იობი 2:1—6). ცხადია, სატანა რეალური პიროვნებაა და არა გაპიროვნებული ბოროტება.

რატომ უნდა გვაინტერესებდეს?

სატანას უნდა დაგვაჯეროს, რომ ის არ არსებობს, ისევე როგორც ბოროტმოქმედს, რომელიც მალავს თავის ვინაობას, რათა შეუმჩნევლად განაგრძოს ბოროტების ჩადენა. სატანისგან თავი რომ დავიცვათ, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ის ნამდვილად არსებობს.

 სად ცხოვრობს სატანა?

„ვაი მიწას ... ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი“ (გამოცხადება 12:12).

რას ამბობს ხალხი.

ბევრი ფიქრობს, რომ სატანა დედამიწის სიღრმეში ცხოვრობს, იქ, სადაც ცეცხლოვანი ჯოჯოხეთია. ზოგის აზრით კი, ის ბოროტ ადამიანებშია.

რას ამბობს ბიბლია.

სატანა სულიერი ქმნილებაა, ამიტომ ის ცხოვრობს უხილავ სამყაროში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სატანას ჰქონდა უფლება მისულიყო იქ, სადაც ღმერთი და ერთგული ანგელოზები მკვიდრობენ (იობი 1:6). მაგრამ დღეს ის უკვე აღარ არის ზეცაში. ღმერთმა სატანა სხვა ბოროტ ქმნილებებთან ერთად თავისი სამყოფელიდან დედამიწაზე გადმოაგდო (გამოცხადება 12:12).

ნიშნავს ეს იმას, რომ სატანას დედამიწაზე რომელიმე კონკრეტული ადგილი აქვს მიჩენილი? შესაძლოა წაგიკითხავთ, რომ ძველი ქალაქი პერგამონი სატანის სამკვიდრო იყო (გამოცხადება 2:13). სინამდვილეში, ეს აზრი იმაზე მიანიშნებს, რომ ამ ქალაქში სატანას ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. სატანა დედამიწაზე რომელიმე კონკრეტულ ადგილას არ ცხოვრობს. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, „მსოფლიოს ყველა სამეფო“ მას ეკუთვნის (ლუკა 4:5, 6).

შეუძლია სატანას ადამიანების მართვა ან მათთვის ზიანის მიყენება?

„მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19).

რას ამბობს ბიბლია.

სატანას თითქმის მთელი მსოფლიო ჰყავს შეცდომაში შეყვანილი და ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ის მართავს ადამიანებს (2 კორინთელები 11:14). სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, თუ რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს მსოფლიო მდგომარეობის გაუმჯობესება.

ბიბლიაში ჩაწერილი ზოგიერთი შემთხვევიდან ვიგებთ, რომ სატანა და სხვა ბოროტი ანგელოზები თავიანთი გავლენის ქვეშ აქცევენ ადამიანებს და ფიზიკურ ზიანს აყენებენ (მათე 12:22; 17:15—18; მარკოზი 5:2—5).

რის გაკეთება შეგიძლიათ?

ნუ შეგეშინდებათ სატანის. მისი გავლენის ქვეშ რომ არ მოექცეთ, საჭიროა იცოდეთ, როგორ მოქმედებს ის ადამიანებზე. ამის გაგება არ არის ძნელი, რადგან „უცნობი არ არის მისი ზრახვები“ (2 კორინთელები 2:11). ბიბლიის მეშვეობით გაიგებთ, რა მეთოდებს მიმართავს სატანა ადამიანების შესაცდენად და შეძლებთ თავი დააღწიოთ მის მახეებს.

მოიშორეთ ნებისმიერი ნივთი, რომელიც დემონებთან არის დაკავშირებული (საქმეები 19:19). მაგალითად, ამულეტები, ლიტერატურა, ვიდეოფილმები, მუსიკა და კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც სპირიტიზმსა თუ მაგიას მიმზიდველს ხდის.

ბიბლიაში ვკითხულობთ: „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7). თუ დაემორჩილებით ბიბლიაში ჩაწერილ ბრძნულ მითითებებს, თქვენ შეძლებთ თავი დაიცვათ სატანა ეშმაკის მახეებისგან (ეფესოელები 6:11—18).