ბიბლიის თვალსაზრისი
დეპრესია
რა არის დეპრესია?
„აფორიაქებული ვარ, წელში მოვიკაკვე, მთელი დღე ნაღვლიანი დავდივარ“ (ფსალმუნი 38:6).
რას ამბობენ სპეციალისტები.
დარდი და ნაღველი დროდადრო ყველას შემოგვაწვება ხოლმე, მაგრამ ღრმა დეპრესია არის ემოციური მოშლილობა, რომელიც პროგრესირებს და ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა სპეციალისტი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ დამწუხრებული მდგომარეობა მაინცდამაინც დეპრესიაა. თუმცა ერთი რამ ცხადია: ზოგს ეუფლება ძლიერი უარყოფითი ემოციები, რასაც თან ახლავს უღირსობისა და დანაშაულის გრძნობა.
რას ამბობს ბიბლია.
ბიბლიაში არაერთი მაგალითია მოყვანილი იმ მამაკაცებისა და ქალების, რომლებსაც დროდადრო უარყოფითი გრძნობები ეუფლებოდათ. მაგალითად, ერთი პერიოდი ხანა „სულგამწარებული“ იყო, რაც შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს, როგორც „გულგატეხილი“ და „ღრმად დამწუხრებული“ (1 სამუელი 1:10). წინასწარმეტყველი ელია კი ერთხელ იმდენად დამწუხრდა, რომ ღმერთს ევედრებოდა: „წაიღე ჩემი სული“ (1 მეფეები 19:4).
მოციქული პავლე პირველი საუკუნის ქრისტიანებს მოუწოდებდა: „ანუგეშეთ დამწუხრებული სულები“ (1 თესალონიკელები 5:14). ერთი ნაშრომის თანახმად, ფრაზა „დამწუხრებული სულები“ შეიძლება იმ ადამიანებს გულისხმობდეს, „რომლებიც ცხოვრებაში გადატანილი სტრესის გამო არიან დროებით დამწუხრებულები“. როგორც ჩანს, ბიბლიურ დროში ზოგჯერ ღვთის ერთგული ადამიანებიც ცვივდებოდნენ დეპრესიაში.
თავისი ბრალია, რომ ადამიანი დეპრესიაშია?
„მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“ (რომაელები 8:22).
რას ამბობს ბიბლია.
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ავადმყოფობა პირველი ქალისა და მამაკაცის დაუმორჩილებლობის შედეგია. ფსალმუნის 51:5-ში ვკითხულობთ: „დანაშაულში დავიბადე მშობიარობის ტკივილებით და ცოდვაში ჩავესახე დედაჩემს“. რომაელების 5:12 კი გვიხსნის, რომ „როგორც ერთი ადამიანის [პირველი მამაკაცის, ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“. რადგანაც ადამისგან მემკვიდრეობით არასრულყოფილება გვერგო, თითოეული ჩვენგანი ექვემდებარება ფიზიკურ თუ ემოციურ ტკივილს. ამიტომაც ამბობს ბიბლია, რომ „მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“ (რომაელები 8:22). მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება. ბიბლია გვაიმედებს, რომ ექიმი მეტად აღარ იქნება საჭირო, რადგან ღმერთი გვპირდება მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებას, სადაც აღარ იქნება არანაირი ავადმყოფობა, მათ შორის დეპრესია (გამოცხადება 21:4).
როგორ გავუმკლავდეთ დეპრესიას?
„იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმუნი 34:18).
რატომ უნდა გვაინტერესებდეს.
ყოველთვის შეუძლებელია სიტუაციის გაკონტროლება. დროდადრო შესაძლოა ისეთი რამ მოხდეს, რამაც შეიძლება ცუდად იმოქმედოს ჩვენზე (ეკლესიასტე 9:11, 12). მაგრამ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა დაგვეხმარება, საშუალება არ მივცეთ უარყოფით გრძნობებს, გავლენა მოახდინოს ჩვენზე.
რას ამბობს ბიბლია.
როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ავადმყოფს ექიმი სჭირდება (ლუკა 5:31). ასე რომ, არაფერია ცუდი იმაში, თუ ემოციური მოშლილობის დროს დახმარებისთვის ექიმს მიმართავთ. ბიბლიაში აგრეთვე ხაზი ესმება ლოცვის ძალას. ფსალმუნის 55:22-ში წერია: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში, ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას“. ლოცვა, რა თქმა უნდა, სასწაულს ვერ მოახდენს. ეს არის საუბარი იეჰოვა ღმერთთან, რომელიც „ახლოს არის გულმოდრეკილებთან“ (ფსალმუნი 34:18).
გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ გულს ახლო მეგობარს გადაუშლით (იგავები 17:17). ერთი იეჰოვას მოწმე, დანიელა, ამბობს: „ერთმა თანამორწმუნემ სიყვარულით დამიყოლია, რომ მასთან ჩემს გრძნობებზე მესაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ საუბრებს წლები გავურბოდი, მალევე მივხვდი, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც მთელი ამ ხნის მანძილზე მჭირდებოდა. საუბრის შემდეგ ისეთი შვება ვიგრძენი, რომ თვითონაც გამიკვირდა“.