გაქვთ „მუდამ ლხინი“?
„დაჩაგრულისთვის ყოველი დღე ცუდია, გულმხიარულს კი მუდამ ლხინი აქვს“ (იგავები 15:15).
რა იგულისხმება ამ სიტყვებში? ეს სიტყვები ადამიანის განწყობაზე — მის გონებრივ და ემოციურ მდგომარეობაზე მიუთითებს. დაჩაგრული სულ უარყოფითზე ფიქრობს, რის გამოც მისი დღეები ცუდი და მოღუშულია. ამის საპირისპიროდ, გულმხიარული სულ იმას ცდილობს, რომ დადებითზე იფიქროს. ასეთ განწყობას სიხარული მოაქვს, რის გამოც მას „მუდამ ლხინი აქვს“.
არ არსებობს ადამიანი, რომ პრობლემა არ ჰქონდეს. ხშირად სწორედ პრობლემები გვართმევს სიხარულს და მოსვენებას გვიკარგავს. მაგრამ ასეთ რთულ დროსაც კი კონკრეტული რჩევების მიყოლა სიხარულს შეგვანარჩუნებინებს. ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია.
არ დაუშვათ, რომ ხვალინდელი დღის საწუხარის გამო დღეს იყოთ მოღუშული და დამძიმებული. იესო ქრისტემ თქვა: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“ (მათე 6:34).
ეცადეთ იფიქროთ კარგზე, რაც თქვენს ცხოვრებაში უკვე მოხდა, და როცა უარყოფითი ფიქრები მოგეძალებათ, ფურცელზე ჩამოწერეთ ის სასიამოვნო მოგონებები და მათზე იფიქრეთ. ნუ იფიქრებთ წარსულის შეცდომებსა და ცუდ საქმეებზე. უდავოა, წარსულმა რაღაც გასწავლათ, ამიტომ წარსული წარსულში დატოვეთ და სვლა განაგრძეთ. მიჰბაძეთ მძღოლს, რომელიც უკანა გზის შესამოწმებლად წამიერად სარკეს შეავლებს ხოლმე თვალს, მაგრამ მზერას იქ დიდხანს არ აჩერებს. ისიც გახსოვდეთ, რომ „[ღმერთთან] არის ჭეშმარიტი პატიება“ (ფსალმუნი 130:4).
თუ საწუხარმა დაგამძიმათ, თქვენი გულისტკივილი მას გაუზიარეთ, ვინც გაგამხნევებთ და გაგამხიარულებთ. „წუხილი გულს უმძიმებს ადამიანს, კეთილი სიტყვა კი გულს ახალისებს“, — ნათქვამია იგავების 12:25-ში. „კეთილი სიტყვა“ შეიძლება ოჯახის წევრმა ან სანდო მეგობარმა გვითხრას, რომელიც ცინიკოსი და პესიმისტი ადამიანისგან განსხვავებით, „მუდამ მოყვარულია“ (იგავები 17:17).
ბიბლიაში ჩაწერილი ბრძნული გამონათქვამები ბევრს დაეხმარა, რთულ სიტუაციაშიც კი არ დაეკარგა სიხარული. იმედია, ეს გამონათქვამები თქვენც დაგეხმარებათ.