არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

სპირიტიზმი

სპირიტიზმი

არასწორია მკვდრებთან დაკავშირება?

„არ მიმართოთ სულების გამომძახებლებს . . . რათა არ გაგაუწმინდურონ“ (ლევიანები 19:31).

რას ამბობს ხალხი.

ბუნებრივია, ცოცხლებს სურთ დარწმუნდნენ, რომ მათი საყვარელი გარდაცვლილი ადამიანები არ იტანჯებიან. ამიტომ ისინი ამბობენ: „რატომაც არ უნდა დავამყარო მასთან კავშირი სულის ან მედიუმის მეშვეობით? იქნებ მედიუმმა გვაპოვნინოს შვება და სულის სიმშვიდე?“.

რას ამბობს ბიბლია.

ბიბლიაში წერია, რომ ძველ დროში გავრცელებული იყო მიცვალებულებთან კავშირის დამყარება. მაგალითად, ისრაელი ერისთვის მიცემულ იეჰოვას კანონში ეწერა: „არ იყოს შენში . . . ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი. ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“ (კანონი 18:10—12). ბიბლიაში ისიც არის ნათქვამი, რომ „ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ ისინი, ვინც მიმართავენ სპირიტიზმის რომელიმე ფორმას (გალატელები 5:19—21).

შეუძლიათ მკვდრებს ცოცხლებზე ზეგავლენის მოხდენა?

„ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5).

რას ამბობს ხალხი.

ბევრის აზრით, მკვდრები განაგრძობენ სიცოცხლეს ამა თუ იმ სახით. აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ მკვდრებთან დაკავშირებას ინფორმაციის მოპოვების მიზნით ან მათი გულების მოსაგებად, რომ არაფერი დაუშავონ.

რას ამბობს ბიბლია.

„ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან . . . ქრება მათი სიყვარული, სიძულვილი და შური [ყველაფერი, რასაც სიცოცხლის განმავლობაში გრძნობდნენ]“ (ეკლესიასტე 9:5, 6). დიახ, ბიბლია გვასწავლის, რომ მკვდრები ნამდვილად მკვდრები არიან. ისინი ვერ აზროვნებენ და ვერაფერს აკეთებენ; მათ არც ღვთის თაყვანისცემა შეუძლიათ. ფსალმუნის 115:17-ში ვკითხულობთ: „მკვდრები ვერ ადიდებენ იაჰს [ღმერთს], ვერც ერთი მდუმარებაში ჩამავალი“.

განა სულების გამომძახებლები ზოგჯერ სწორ ინფორმაციას არ გვაწვდიან?

„განა ცოცხლებისთვის მკვდრებს უნდა მიმართავდნენ?!“ (ესაია 8:19).

რას ამბობს ხალხი.

ზოგის აზრით, სულების გამომძახებლებს შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა მხოლოდ მკვდრებს, მათი ოჯახის წევრებს ან მეგობრებს სცოდნოდათ.

რას ამბობს ბიბლია.

1 სამუელის 28-ე თავში მოთხრობილია, როგორ დაარღვია ღვთის ორგულმა მეფე საულმა ღვთის კანონი, არ მიემართა სულების გამომძახებლებისთვის. მან მიმართა სულების გამომძახებელ ქალს, რომელიც თითქოსდა დაუკავშირდა ღვთის გარდაცვლილ მსახურს, სამუელს. მაგრამ მართლა სამუელს დაუკავშირდა ის? არა. სინამდვილეში ის ელაპარაკა თვითმარქვიას, რომელმაც თავი სამუელად წარმოაჩინა.

ეს თვითმარქვია იყო ბოროტი სული, „სიცრუის მამის“, სატანის წარმომადგენელი (იოანე 8:44). რატომ უნდათ ბოროტ სულებს, იგივე დემონებს, შეგვიქმნან ისეთი წარმოდგენა, რომ თითქოს მკვდრები განაგრძობენ სიცოცხლეს? მათი მიზანია, ცილი დასწამონ ღმერთს და ხალხს მისი სიტყვისადმი, ბიბლიისადმი, ნდობა დაუკარგონ (2 ტიმოთე 3:16).

მაგრამ ნიშნავს ზემოთქმული იმას, რომ მკვდრები უიმედო მდგომარეობაში არიან? არავითარ შემთხვევაში. ბიბლია გვპირდება, რომ მომავალში აღდგებიან სიკვდილის ძილით მიძინებულები * (იოანე 11:11—13; საქმეები 24:15). მანამ კი, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი საყვარელი გარდაცვლილი ადამიანები არ იტანჯებიან.

^ აბზ. 16 იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, მე-7 თავი „რეალური იმედი გარდაცვლილთათვის“.