ინტერვიუ | ჰანს კრისტიან კოტლარი
ბიოტექნოლოგი მოგვითხრობს თავის რწმენაზე
ექიმმა ჰანს კრისტიან კოტლარმა პირველი მეცნიერული კვლევა 1978 წელს ნორვეგიის ონკოლოგიურ ცენტრში ჩაატარა, სადაც სწავლობდა კიბოს დაავადებას და ადამიანის იმუნურ სისტემას. იმ პერიოდში ის სიცოცხლის წარმოშობითაც დაინტერესდა. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა თავის კვლევებსა და რელიგიაზე.
როგორ დაინტერესდით სიცოცხლის წარმოშობით?
მამაჩემი კათოლიკე იყო, დედა — პროტესტანტი, მაგრამ რელიგიას არასდროს მიიჩნევდნენ მნიშვნელოვნად. მათგან განსხვავებით, მე მოზარდობის ასაკიდან მაინტერესებდა, რა იყო სიცოცხლის აზრი. ვკითხულობდი ბევრ წიგნს ბუდიზმზე, ინდუიზმსა და ისლამზე. ღმერთს ისიც კი ვთხოვე, ჩემთვის ჭეშმარიტება გაემჟღავნებინა.
1970-იან წლებში მეცნიერებმა მოლეკულური ბიოლოგიის დარგში განსაცვიფრებელ წარმატებებს მიაღწიეს. მაინტერესებდა, ახლა თუ შეეძლო მეცნიერებას სიცოცხლის წარმოშობის ახსნა. ძალიან მხიბლავდა ცოცხალ უჯრედებში მიმდინარე მექანიზმები, ამიტომ გადავწყვიტე, ბიოტექნოლოგია შემესწავლა. სხვათა შორის, ჩემი პროფესორების უმეტესობა ამბობდა, რომ სიცოცხლე ბუნებრივი პროცესების შედეგად გაჩნდა და მეც მჯეროდა მათი.
რატომ დაინტერესდით ბიბლით?
ერთხელ სახლში იეჰოვას ორი მოწმე გვესტუმრა. ისინი ძალიან თავაზიანად გამესაუბრნენ, მაგრამ მე უხეშად ვუთხარი, რომ მათი რელიგია არ მაინტერესებდა. ჩვენს საუბარს ჩემმა ცოლმა მოჰკრა ყური. „ჰანს კრისტიან, ცუდად მოიქეცი. შენ ხომ გაინტერესებს, რა არის სიცოცხლის აზრი“, — მითხრა მან. ჩემი ცოლი მართალი იყო, შემრცხვა ჩემი საქციელის. მაშინვე მოწმეებს გავეკიდე და ვკითხე, ეთანხმებოდა თუ არა ბიბლია მეცნიერებას.
როგორი იყო მათი პასუხი?
მათ ბიბლიაში წამაკითხეს, თუ ვინ იდგა სამყაროში არსებული უზარმაზარი ძალის მიღმა. ის ბიბლიური მუხლი ასე ჟღერდა: „მაღლა აღაპყარით თვალები და შეხედეთ. ვინ შექმნა ეს ყველაფერი? . . . მისი დიდი ძლიერებისა და ძლევამოსილების გამო არც ერთი მათგანი არ აკლდება მას“. * წაკითხულმა გამაოგნა. ლოგიკური ჩანდა, რომ მხოლოდ გონიერი შემოქმედი შეიძლებოდა ყოფილიყო პასუხისმგებელი სამყაროში არსებულ წესრიგზე.
შეიცვალეთ აზრი ევოლუციაზე?
დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ევოლუციის თეორიები არ ეფუძნებოდა მყარ მეცნიერულ მტკიცებებს. ფაქტობრივად, ეს არის გამოგონილი თეორიები იმის ასახსნელად, თუ როგორ გაჩნდა ბრმა შემთხვევის წყალობით ცოცხალ ორგანიზმებში აღმოჩენილი საოცარი მექანიზმები, მაგალითად, იმუნური სისტემა. რაც მეტად ვიკვლევდი იმუნურ სისტემას, მით მეტად ვხვდებოდი, რამდენად რთული და მნიშვნელოვანი იყო ის. საბოლოოდ, კვლევებმა იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ სიცოცხლე გონიერი შემოქმედის ხელით იყო შექმნილი.
კვლევებმა იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ სიცოცხლე გონიერი შემოქმედის ხელით იყო შექმნილი
შეგიძლიათ რაიმე მაგალითის მოყვანა?
იმუნური სისტემა გასაოცარი მექანიზმების ერთობლიობაა, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ორგანიზმის დაცვა „უცხო აგენტებისგან“, მათ შორის ბაქტერიებისა და ვირუსებისგან. თავის მხრივ, მექანიზმები შეიძლება ორ ერთმანეთის შემავსებელ სისტემად დაიყოს. პირველი სისტემა შემოჭრილ მიკრობებს რამდენიმე საათში ესხმის თავს. მეორე კი — რამდენიმე დღეში, მაგრამ გამოცდილი მშვილდოსანივით, მიზანში არტყამს. გარდა ამისა, მას კარგი მახსოვრობაც აქვს, ამიტომ თუ რომელიმე მიკრობი წლების შემდეგ კვლავ შემოიჭრა ჩვენს ორგანიზმში, ეს მას არ გამოეპარება და სწრაფ რეაგირებას მოახდენს. მთელი იმუნური სისტემა იმდენად კარგად მუშაობს, რომ ხშირად ვერც კი ვხვდებით, რა ინფექცია შეგვეყარა და როგორ დაამარცხა მან ის. გასაოცარია ისიც, თუ როგორ განასხვავებს იმუნური სისტემა ანტისხეულებს იმ ასობით უჯრედისგან, რომლისგანაც ჩვენი სხეული შედგება.
გვითხარით, რა ხდება, როცა ჩვენს ორგანიზმში მიკრობი იჭრება?
მიკრობები ჩვენს ორგანიზმში აღწევს სასუნთქი გზების, საკვების, შარდ-სასქესო ორგანოების ან ჭრილობის მეშვეობით. როდესაც იმუნური სისტემა ორგანიზმში მიკრობების შემოტევას აღმოაჩენს, მას მოქმედებაში მოჰყავს რეაქციების შეუწყვეტელი ნაკადი, მათ შორის ათობით პროტეინი. თითოეულმა პროტეინმა ზუსტად იცის თავისი ფუნქცია. ამ ნაკადში შემავალი თითოეული კომპონენტი ააქტიურებს მომდევნო კომპონენტს, რომ გადავიდეს კონტრშეტევაზე. ეს მართლაც საოცარი პროცესია!
განგიმტკიცათ მეცნიერებამ ღვთისადმი რწმენა?
რა თქმა უნდა! იმუნური სისტემის სირთულე და სიძლიერე გონიერი და მოსიყვარულე შემოქმედის არსებობაზე მიუთითებს. მეცნიერებამ ბიბლიისადმი რწმენაც განმიმტკიცა. მაგალითად, იგავების 17:22-ში ვკითხულობთ: „მხიარული გული მკურნალივით არის“. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის განწყობას შეუძლია გავლენა იქონიოს იმუნურ სისტემაზე. მაგალითად, სტრესმა შეიძლება შეასუსტოს იმუნური სისტემა.
ბევრ თქვენს კოლეგას არ სჯერა ღვთის არსებობის. როგორ ფიქრობთ, რატომ?
სხვადასხვა მიზეზის გამო. ზოგს, როგორც ჩემს შემთხვევაში იყო, იმის სჯერა, რაც ასწავლეს. შესაძლოა მათ სჯერათ, რომ ევოლუციის თეორია მეცნიერული ფაქტებით არის დადასტურებული. სხვები კი ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გაჩნდა სიცოცხლე, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩემი აზრით, მათ უფრო მეტი კითხვა უნდა დასვან.
რატომ გახდით იეჰოვას მოწმე?
ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოწმეების მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა და სითბომ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ სწამთ შემოქმედის დაპირების, რომ გვექნება უკეთესი მომავალი. * მათი ეს რწმენა მითებსა და ვარაუდებზე კი არ არის დაფუძნებული, არამედ საღ მსჯელობასა და ბიბლიურ კვლევებზე. *