ვინ შექმნა?
გველის კანი
გველებს არა აქვთ კიდურები, ამიტომ მათ სჭირდებათ გამძლე კანი, რომ ადვილად იმოძრაონ ნებისმიერ ზედაპირზე. გველის ზოგი სახეობა თავისუფლად დაცოცავს დაკოჟრილ ხეებზე, მაშინ როცა სხვა სახეობას შეუძლია ქვიშაში შესრიალდეს და ისე გადაადგილდეს. რა განაპირობებს გველის კანის ასეთ გამძლეობას?
დაფიქრდით: სხვადასხვა სახეობის გველს კანის განსხვავებული სისქე და სტრუქტურა აქვს. თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ: კანი, რომელიც გარედან მაგარი და მტკიცეა, შიგნიდან საგრძნობლად რბილი ხდება. რა მნიშვნელობა აქვს ამას გველისთვის? „მასალა, რომელსაც შეუძლია გარედან მკვრივი იყოს, შიგნიდან კი მოქნილი გახდეს, აქვს უნარი დარტყმის ძალა გადაანაწილოს დიდ ფართობზე“, — აღნიშნავს ბიოლოგი მერი-კრისტინ კლაინი. კანის ასეთი საოცარი სტრუქტურა გველის სხეულს საშუალებას აძლევს, ისე მიეკრას მიწას, რომ ადვილად შეძლოს მოძრაობა და ამასთანავე, წვეტიან ქვებზე სრიალისას დარტყმის ძალა თანაბრად გადაანაწილოს, რათა კანი რაც შეიძლება ნაკლებად დაიზიანოს. კანის გამძლეობას გველისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კანს ის მხოლოდ ორ-სამ თვეში ერთხელ იცვლის.
ისეთი თვისებების მქონე მასალა, როგორიც გველის კანს აქვს, შესაძლოა გამოსადეგი აღმოჩნდეს მედიცინაშიც, კერძოდ, საკმაოდ გამძლე და მოჭიდულობის უნარის მქონე ხელოვნური იმპლანტების წარმოებაში. გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებებსა და კონვეიერებში შეიძლება გამოიყენონ გველის კანის აგებულების ტექნიკა, რაც საგრძნობლად შეამცირებს მანქანის ზეთების გამოყენებას, რომელიც აბინძურებს გარემოს.
რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა გველს ასეთი კანი თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?