არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წვიმის ტყეების მფრინავი მებაღეები

წვიმის ტყეების მფრინავი მებაღეები

ყველა მებაღემ იცის, რომ კარგი მოსავლის მისაღებად თესლი შესაფერის დროს და შესაფერის ადგილას უნდა დაითესოს. მაგრამ რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, წვიმის ტყეებში თესლის ყველაზე ნაყოფიერად მიმობნევა ღამით ხდება, თანაც ციდან. ეს მფრინავი მებაღეები, რომლებიც თესლს აბნევენ, არიან ხილიჭამია ღამურები, რომელთა ზოგი სახეობაც მფრინავი მელიის სახელით არის ცნობილი. *

თესლის მიმობნევა

ხილიჭამია ღამურების უმეტესობა ღამით გამოიშლება ხოლმე გემრიელი ხილისა და ყვავილების ნექტრის თავშესაქცევად. ისინი საკვების ნაწილს გადაამუშავებენ, ნაწილს კი თესლებთან ერთად უკან იღებენ და ტყეში აბნევენ. საქმის ბოლომდე მისაყვანად ეს ღამურები ყვავილებსაც ამტვერიანებენ.

ვინაიდან ხილიჭამია ღამურებს ღამის განმავლობაში დიდი მანძილის დაფარვა შეუძლიათ, თესლსაც დიდ ფართობზე აბნევენ. ღამურები თესლებს ფეკალიების მეშვეობითაც აბნევენ, რაც სასუქის როლსაც ასრულებს და თესლის ზრდას უწყობს ხელს. გასაკვირი არ არის, რომ ტროპიკებში მცენარეთა მრავალი სახეობის დამტვერვა და თესლის მიმობნევა ღამურებზეა დამოკიდებული.

ვინაიდან ხილიჭამია ღამურების ფრენის არეალი ფართოა, უდავოა, რომ მათ კარგი ნავიგაციის უნარი და მახვილი მხედველობა აქვთ. სიბნელეში ისინი ადამიანებზე უკეთ ხედავენ და ზოგიერთ ფერსაც თავისუფლად არჩევენ. მათ მარტო ღამით კი არა, დღისითაც შეუძლიათ ფრენა.

გამრავლება

იცოდით თუ არა? სხვა ღამურებისგან განსხვავებით ხილიჭამია ღამურები საკვებზე ექოლოკაციის (არეკლილი მაღალი სიხშირის ბგერითი სიგნალების აღქმა) მეშვეობით არ ნადირობენ. საორიენტაციოდ ისინი მხედველობისა და ყნოსვის ორგანოებს მიმართავენ. მათი დიდი, დაჭყეტილი თვალები ღამის ცხოვრებისთვის მართლაც რომ ზედგამოჭრილია.

სამოური მფრინავი მელიების ზოგიერთ სახეობას მთელი ცხოვრების მანძილზე ერთი მეწყვილე ჰყავს. მათზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ მდედრი ღამურა სათუთად ზრუნავს თავის ნაშიერზე, რამდენიმე კვირის განმავლობაში თან დაატარებს და ზრდასრულობამდე აწოვებს ძუძუს. ხილიჭამია ღამურის ორი სახეობის მდედრები მშობიარობის დროს ბებიაქალის როლსაც კარგად ითავსებენ.

სამწუხაროდ, ხილიჭამია ღამურები გადაშენების პირას იმყოფებიან, უმთავრესად, მათი საარსებო გარემოს განადგურების გამო. წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულებზე ხილიჭამია ღამურების გაუჩინარებას შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს, ვინაიდან ზოგიერთ მცენარეს, როგორც ჩანს, არ შეუძლია ღამურების გარეშე დამტვერვა. აშკარაა, რომ მფრინავი მებაღეები უბრალო საქმიანობას არ ეწევიან.

^ აბზ. 2 ხილიჭამია ღამურები გავრცელებულია აფრიკაში, აზიაში, ავსტრალიასა და წყნარი ოკეანის ზოგ კუნძულზე.