ბიბლიის თვალსაზრისი
აზარტული თამაშები
ზოგი აზარტულ თამაშებს უწყინარ გართობად მიიჩნევს, ზოგის აზრით კი ეს სახიფათო ჩვევაა.
არის რაიმე ცუდი აზარტულ თამაშებში?
რას ამბობს ხალხი:
ბევრი აზარტულ თამაშებს უვნებელ გართობად იმიტომ მიიჩნევს, რომ ეს კანონით დაშვებულია. ზოგიერთი აზარტული თამაშებიდან, მაგალითად, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ლატარიებიდან, მიღებული მოგება სოციალურ პროგრამებს ხმარდება.
რას ამბობს ბიბლია:
ბიბლიაში აზარტულ თამაშებზე არაფერია ნათქვამი. თუმცა მასში ვხვდებით ბევრ სახელმძღვანელო პრინციპს, საიდანაც შეიძლება ღვთის თვალსაზრისის გაგება ამ საკითხზე.
თავად აზარტული თამაშების ბუნება — მოგება სხვისი წაგების ხარჯზე — ეწინააღმდეგება ბიბლიის გაფრთხილებას: „თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან“ (ლუკა 12:15). ფაქტობრივად, აზარტული თამაშებისკენ ადამიანს სიხარბე უბიძგებს. აზარტული თამაშების კომპანიები დიდ რეკლამას უკეთებენ ჯეკ-პოტს (მთავარი პრიზი), მაშინ როცა არაფერს ამბობენ იმაზე, თუ რა მცირეა მოგების შანსი. მათ იციან, რომ გამდიდრების მანიით შეპყრობილი მოთამაშეები უკან არაფერზე იხევენ და კაზინოებში დიდ ფსონებს დებენ. შედეგად, აზარტული თამაშები უფრო მეტად უღვივებს ადამიანს სიხარბეს და ფულის იოლი გზით შოვნის სურვილს.
აზარტული თამაშები გათვლილია ადამიანის ეგოისტურ მიზანზე — მოიგოს ფული, რომელიც სხვა მოთამაშეებმა დაკარგეს. მაგრამ ბიბლია სულ სხვა რამისკენ მოგვიწოდებს: „თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24). ათი მცნებიდან ერთ-ერთი ამბობს: „არ ისურვო . . . არაფერი, რაც შენი მოძმისაა“ (გამოსვლა 20:17). ყველა მოთამაშე სინამდვილეში იმას იმედოვნებს, რომ სხვები წააგებენ და თავად მოიგებს.
ბიბლია იმასაც გვაფრთხილებს, რომ იღბალი მისტიკურ ძალად არ მივიჩნიოთ, რასაც თითქოს წარმატების მოტანა შეუძლია. ძველ ისრაელში ზოგიერთები, რომლებსაც ღვთისადმი რწმენა აკლდათ, იღბლიანობის ღმერთს უშლიდნენ სუფრას. იწონებდა იეჰოვა იღბლიანობის ღმერთისადმი თაყვანისცემას? არა, რადგან, ღმერთმა მათ უთხრა: „ბოროტებას სჩადიოდით ჩემს თვალში და იმას ირჩევდით, რაც არ მომწონდა“(ესაია 65:11, 12).
მართალია, ზოგ ქვეყანაში ლეგალური აზარტული თამაშებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი განათლებას, ეკონომიკის განვითარებასა და სხვა სოციალურ პროგრამებს ხმარდება, მაგრამ ასეთი კეთილშობილური საქმეებიც კი არ ამართლებს ფულის ამგვარად მოპოვებას. ფულის ადვილად შოვნის იდეა აშკარად უწყობს ხელს სიხარბისა და ეგოიზმის გაღვივებას.
„არ ისურვო . . . არაფერი, რაც შენი მოძმისაა“ (გამოსვლა 20:17).
რა სავალალო შედეგები მოჰყვება აზარტულ თამაშებს?
რას ამბობს ბიბლია:
ბიბლია გვაფრთხილებს, რომ „ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს“ (1 ტიმოთე 6:9). აზარტული თამაშებისკენ ადამიანს სიხარბე უბიძგებს, სიხარბე კი იმდენად დამღუპველია, რომ ბიბლია მას იმ ცუდ საქმეებს შორის მოიხსენიებს, რომლებსაც უნდა გავურბოდეთ (ეფესოელები 5:3).
ვინაიდან აზარტული თამაშების იდეა ადვილად გამდიდრებაა, ის ადამიანს ფულის სიყვარულს უღვივებს, რასაც ბიბლია „ყოველგვარი ბოროტების ფესვს“ უწოდებს. გამდიდრების სურვილმა შეიძლება იმდენად მოიცვას ადამიანი, რომ უამრავი საწუხარი გაუჩინოს და ღვთის რწმენა დააკარგვინოს. ბიბლია მათზე, ვინც ფულის სიყვარულის მახეში გაეხვია, ამბობს, რომ „მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმოთე 6:10).
ხარბი ადამიანი ვერაფრით კმაყოფილდება. რაც უნდა ბევრი იშოვოს, მაინც ეცოტავება. ის ბედნიერებას ვერაფერში პოულობს. „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით. ესეც ამაოებაა“ (ეკლესიასტე 5:10).
აზარტულმა თამაშებმა მილიონები შეიტყუა და დაიმონა. ეს არ არის ერთი ქვეყნის პრობლემა, მან საყოველთაო ხასიათი მიიღო. გამოთვლების თანახმად, მარტო შეერთებულ შტატებში აზარტულმა თამაშებმა მილიონები გააბა მახეში.
ერთი იგავი ამბობს: „თავიდან სიხარბით მოპოვებული მემკვიდრეობა მომავალში კურთხეული არ იქნება“ (იგავები 20:21). აზარტული თამაშებით გატაცებულები დიდ ვალებში ეფლობიან და გაკოტრებამდეც კი მიდიან. ბევრი სამსახურს, ოჯახს და მეგობრებს კარგავს. ბიბლიური პრინციპების გამოყენებით ადამიანი თავს დააღწევს იმ სავალალო შედეგებს, რაც აზარტულ თამაშებს მოაქვს.
„ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს“ (1 ტიმოთე 6:9).