არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა

თავის ნებაზე მიშვებული ბავშვები

თავის ნებაზე მიშვებული ბავშვები

უკვე ათწლეულებია, რაც დასავლეთის ქვეყნებში ოჯახი ოჯახს აღარ ჰგავს. თუ ადრე მშობლები მართავდნენ ოჯახებს და შვილები ემორჩილებოდნენ, ახლა პირიქით ხდება — ზოგ ოჯახში შვილები მართავენ მშობლებს. განვიხილოთ რეალურ შემთხვევებზე აგებული რამდენიმე სიტუაცია.

  • მაღაზიაში ოთხი წლის ბიჭი ხელში სათამაშოს იღებს. დედა მის გადარწმუნებას ცდილობს და ეუბნება: „შენ ხომ ისედაც ბევრი სათამაშო გაქვს?“. დედა მერეღა ხვდება, რომ ასე რბილად არ უნდა ეთქვა. „მაგრამ მე ეს მინდა!“, — ჭიჭყინებს ბავშვი. რომ არ ატირდეს, დედა ნებდება, რადგან იცის, რომ ვერაფერს გააწყობს.

  • ხუთი წლის გოგონა მამას საუბარს აწყვეტინებს და უცხადებს: „მოვიწყინე. სახლში მინდა!“. მამა წინადადებას წყვეტს, ბავშვისკენ იხრება და მშვიდად ეუბნება: „ორი წუთი მადროვე, ჩემო საყვარელო, კარგი?“.

  • 12 წლის ჯეიმზმა უკვე მერამდენედ უყვირა მასწავლებელს. ჯეიმზის მამა გაბრაზდა, ოღონდ თავის შვილზე კი არა, მასწავლებელზე. „მაგან რაღაც თვალში ამოგიღო, სულ გაკრიტიკებს, — ეუბნება შვილს. — ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. სკოლის დირექციას მივმართავ!“.

მართალია, აქ წარმოდგენილი სიტუაციები წარმოსახვითი ხასიათისაა, მაგრამ სინამდვილისგან შორს არ არის. ისინი ასახავენ ოჯახებში არსებულ რეალურ პრობლემებს, კერძოდ იმას, თუ როგორ შემწყნარებლურად ეკიდებიან მშობლები შვილების თავხედურ საქციელს, როგორ დადიან შვილების ჭკუაზე და როგორ ცდილობენ, თავიდან აარიდონ ბავშვებს არასწორი საქციელის შედეგები. «სულ უფრო მატულობს ისეთი მშობლების რიცხვი, რომლებიც ადვილად თმობენ თავიანთ პოზიციებს, — აღნიშნულია წიგნში „ნარცისიზმის ეპიდემია“.  — არც ისე დიდი ხნის წინ ბავშვებმა იცოდნენ, ვინ იყო უფროსი ოჯახში».

უდავოა, რომ ბევრი მშობელი ყველანაირად ცდილობს, შვილს სწორი ფასეულობები ჩაუნერგოს და ეს არა მარტო პირადი მაგალითით გააკეთოს, არამედ, თუ საჭიროა, დასაჯოს კიდეც, ოღონდ სიყვარულით. მშობლები, რომლებმაც დასჯის ფასი იციან, „დინების საწინააღმდეგოდ მიცურავენ — მათზე მოქმედებას ვერ ახდენს საზოგადოებრივი აზრი“, — ნათქვამია იმავე წიგნში.

როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე? რატომ აღარ ისჯებიან ბავშვები?

მშობლის ავტორიტეტი სუსტდება

ზოგის აზრით, მშობლის ავტორიტეტმა შესუსტება 1960-იანი წლებიდან დაიწყო, როცა, ეგრეთ წოდებული, ექსპერტები არწმუნებდნენ მშობლებს, რომ შვილებთან უფრო უშუალოები და დამთმობები ყოფილიყვნენ. ისინი მშობლებს ურჩევდნენ: „შვილების მეგობრები იყავით და არა მათი მბრძანებლები . . . შექება დასჯაზე უკეთესია . . . შეცდომაზე კი არ მიუთითოთ, არამედ მათ კარგ საქციელზე გაამახვილეთ ყურადღება“. ნაცვლად იმისა, რომ შექებასა და დასჯას შორის ოქროს შუალედი ეპოვათ, როგორც ჩანს, ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ საყვედურის მიცემა ცუდად აისახებოდა ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე, რის გამოც ისინი მომავალში მშობლებზე დარჩებოდნენ განაწყენებულნი.

არ გასულა დიდი ხანი და ექსპერტები ღირსების გრძნობაზეც ალაპარაკდნენ. თითქოს მათ კარგი მშობლობის საიდუმლოს მიაგნეს: „აუმაღლე ბავშვს ღირსების გრძნობა“. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ბავშვებს თვითრწმენა შემატოთ, მაგრამ ასეთ მიდგომას მშობელი უკიდურესობამდე მიჰყავს, ვინაიდან ექსპერტები ეუბნებიან: «მოერიდეთ ბავშვების მიმართ ისეთი უარყოფითი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა: „არა“ და „ცუდია“. ხშირად უთხარით შვილებს, რომ განსაკუთრებულები არიან და შეუძლიათ, ყველაფერს მიაღწიონ, რასაც მოისურვებენ». გამოდის, რომ ის უფრო მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ბავშვი საკუთარ თავზე, ვიდრე ის, თუ როგორია სინამდვილეში.

ღირსების გრძნობის ამაღლებაზე გადამეტებული ზრუნვა ბავშვებს აფიქრებინებს, რომ ყველაფრის უფლება აქვთ

ზოგის აზრით, ასეთი მიდგომა საბოლოო ჯამში ბავშვებს ისეთ აზროვნებას უყალიბებს, რომ ყველაფრის უფლება აქვთ და მთელი სამყარო მათთან ვალშია. ამას გარდა, „ეს ვერ ამზადებს ბევრ ახალგაზრდას იმ გარდაუვალი კრიტიკისა და მარცხისთვის, რასაც რეალურ ცხოვრებაში უცილობლად შეხვდებიან“, — აღნიშნავს წიგნი „ეგოცენტრული თაობა“. ამ წიგნში მოყვანილია ერთი მამის სიტყვები: «შენი ღირსების გრძნობა სამუშაოზე არავის ანაღვლებს . . . თუ ცუდ ანგარიშს წარადგენ, უფროსი არ გეტყვის: „არაუშავს, სამაგიეროდ, ლამაზი ფერის ფურცელი შეგირჩევია“. სინამდვილეში, ასეთი აღზრდით ბავშვს კი არ ეხმარებით, არამედ ღუპავთ».

ცვალებადი შეხედულებები

ათწლეულებია, რაც ცვალებადი შეხედულებები გავლენას ახდენს მშობლის როლზე. „აღმზრდელობითი ზომები იცვლება, — წერს პედაგოგი რონალდ მორიში. — შესაბამისად იცვლება საზოგადოებაც“. * ძალიან ადვილია, რომ მშობლები დაემსგავსონ მათ, ვისაც „არყევს ტალღები და აქანავებს სწავლების ყოველი ქარი“ (ეფესოელები 4:14).

აშკარაა, რომ დაუსჯელობის სინდრომს კარგი არაფერი მოაქვს. ის არა მხოლოდ ასუსტებს მშობლის ავტორიტეტს, არამედ ბავშვებს იმ უმნიშვნელოვანესი ხელმძღვანელობის გარეშე ტოვებს, რაც საჭიროა ზომიერი ღირსების გრძნობის განსავითარებლად და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.

არსებობს უკეთესი გზა?

^ აბზ. 15 კურსივი ჩვენია. ამონარიდი წიგნიდან „აღზრდის საიდუმლო: პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანად ჩამოყალიბების 12 გასაღები“.