მთავარი თემა
მართავთ თქვენს ცხოვრებას?
რა მიზნებს ისახავდით ახალგაზრდობაში? ალბათ ფიქრობდით, რომ დაქორწინდებოდით, დაეუფლებოდით რაიმე ხელობას ან მიიღებდით განათლებას. მაგრამ სამწუხაროდ, ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. მოულოდნელად წამოჭრილმა პრობლემებმა შეიძლება ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს. სწორედ ასეთი რამ შეემთხვათ ანიას, დელინასა და გრეგორს.
-
გერმანიაში მცხოვრებ ანიას 21 წლის ასაკში კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც ის სახლიდან თითქმის ვერ გადის.
-
შეერთებულ შტატებში მცხოვრები დელინა დისტონიით, მოძრაობითი ფუნქციის დარღვევით, იტანჯება. თანაც მას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამ დედმამიშვილზე უწევს ზრუნვა.
-
კანადაში მცხოვრებ გრეგორს შფოთვითი აშლილობა ტანჯავს, რომელიც მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, ანიას, დელინასა და გრეგორს ფარხმალი არ დაუყრიათ. ისინი თავიანთ ცხოვრებას კვლავაც მართავენ. როგორ ახერხებენ ამას?
ბიბლიის წიგნ იგავებში ნათქვამია: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“ (იგავები 24:10). ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი დამოკიდებულება გვაქვს ამა თუ იმ საკითხისადმი. თავისი მდგომარეობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ადამიანს უჭირს სწორი გადაწყვეტილების მიღება, რაც მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ხოლო ის, ვინც ასეთ დროს დადებით განწყობას ინარჩუნებს, სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, თავს ბედნიერად გრძნობს.
მომდევნო სტატიებიდან გავიგებთ, თუ როგორ დაეხმარა დადებითი განწყობის შენარჩუნება ანიას, დელინასა და გრეგორს.