რწმენას თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია
რწმენას თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია
„სავსებით შესაძლებელია, რომ ღვთის გარეშეც გქონდეს ღირსება“, — ამტკიცებდა აგნოსტიკოსი. ამ ქალმა თქვა, რომ თავისი შვილები მაღალი ზნეობრივი ნორმებით აღზარდა და მათაც, თავის მხრივ, ასევე აღზარდეს შვილები — ყველამ ღვთისადმი რწმენის გარეშე.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ღვთისადმი რწმენა არ არის აუცილებელი? როგორც ჩანს, ეს ადამიანი ასე ფიქრობდა. მართალია, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ყველა, ვისაც ღმერთი არ სწამს, ცუდი ადამიანი იყოს. პავლე მოციქულიც ლაპარაკობდა ‘წარმართებზე’, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს, მაგრამ „ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ“ (რომაელთა 2:14). ყველა — აგნოსტიკოსების ჩათვლით — სინდისით დაიბადა. ბევრი ცდილობს, მიჰყვეს თავისი სინდისის კარნახს მაშინაც კი, როცა არ სწამს ღვთისა, რომელმაც მათ კარგისა და ცუდის გარჩევის ეს თანდაყოლილი გრძნობა უბოძა.
მაგრამ ღვთისადმი მყარი რწმენა — რწმენა, რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული — სიკეთის გასაკეთებლად ბევრად უფრო დიდ ძალას წარმოადგენს, ვიდრე მხოლოდ სინდისის ხელმძღვანელობა. ღვთის სიტყვაზე, ბიბლიაზე, დაფუძნებული რწმენა აყალიბებს სინდისს და უფრო მგრძნობიარეს ხდის ცუდისა და კარგის გარჩევისას (ებრაელთა 5:14). უფრო მეტიც, რწმენა აძლიერებს ადამიანებს რთულ მდგომარეობაში მაღალი პრინციპების დასაცავად. მაგალითად, XX საუკუნეში მრავალ ქვეყანაში არსებული გახრწნილი პოლიტიკური სტრუქტურის დროს პატიოსან ხალხს საშინელი სისასტიკის ჩადენას აიძულებდნენ. მაგრამ ღვთის ჭეშმარიტი მორწმუნეები სიკვდილის საფრთხის წინაშეც კი არ თმობდნენ თავიანთ პრინციპებს. გარდა ამისა, ბიბლიაზე დაფუძნებულ რწმენას ადამიანების შეცვლა შეუძლია. მას შეუძლია ცარიელ ცხოვრებას აზრი შესძინოს და ადამიანებს სერიოზული შეცდომებისგან თავის არიდებაში დაეხმაროს. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს.
რწმენას ოჯახური ცხოვრების შეცვლა შეუძლია
„რწმენამ შეუძლებელი შეგაძლებინათ“. ეს სიტყვები თქვა ინგლისელმა მოსამართლემ ჯონისა და ტანიას ბავშვების მეურვეობაზე გადაწყვეტილების გამოტანისას. როდესაც ჯონმა და ტანიამ სასამართლოს მიმართეს, მათი ქორწინება კანონიერად არ იყო რეგისტრირებული. მათი ოჯახური ცხოვრება აუტანელი იყო. ჯონი ნარკომანი და აზარტული მოთამაშე იყო. ამასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად დანაშაულებრივ ცხოვრებაში ჩაება. მას უყურადღებოდ ჰყავდა დატოვებული შვილები და მათი დედა. მაშ რა „სასწაული“ მოხდა?
ერთხელ ჯონმა მოისმინა, როგორ ყვებოდა მისი ძმისშვილი სამოთხის შესახებ. ამ საკითხით დაინტერესებულმა, ბავშვის მშობლებს მიმართა, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან. ისინი დაეხმარნენ ჯონს, ამ საკითხის ირგვლივ უფრო მეტი გაეგო თავად ბიბლიიდან. თანდათანობით ჯონსა და ტანიას განუვითარდათ ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა, რომელმაც შეცვალა მათი ცხოვრება. მათ თავიანთ თანაცხოვრებას კანონიერი სახე მისცეს და მანკიერებები დასძლიეს. მათი ოჯახური ცხოვრების გამოკვლევისას უფლებამოსილმა პირებმა ნახეს ის, რისი დანახვაც ცოტა ხნით ადრე შეუძლებელი იყო — ბედნიერი ოჯახი ცხოვრობდა სუფთა სახლში, რომელშიც ბავშვების აღსაზრდელად ყველა პირობა იყო შექმნილი. მოსამართლე არ შემცდარა — ეს „სასწაული“ ჯონისა და ტანიას ახალშეძენილმა რწმენამ მოახდინა.
ინგლისიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით, ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ახალგაზრდა გათხოვილი ქალი აპირებდა, მეუღლეს გაშორებოდა. ამ ნაბიჯის გადადგმით ის წვლილს შეიტანდა ძალზე სამწუხარო სტატისტიკური მაჩვენებლის ზრდაში და ერთ-ერთი იმათთაგანი გახდებოდა, რომელთა ქორწინებაც გაყრით მთავრდება. ასეთები კი ყოველწლიურად მილიონობით არიან. მას ბავშვიც ჰყავდა; მაგრამ იმის გამო, რომ ქმარი მასზე ბევრად უფროსი იყო, მისი ნათესავები დაჟინებით მოითხოვდნენ, ოჯახი დაენგრია. მანაც დაიწყო მზადება საამისოდ. მაგრამ სწორედ ამ პერიოდში ის იეჰოვას მოწმესთან ბიბლიას სწავლობდა. როდესაც მოწმემ სიტუაციის შესახებ შეიტყო, აუხსნა ბიბლიის თვალსაზრისი ქორწინების შესახებ — მაგალითად, რომ ქორწინება ღვთის ძღვენია და არა ის, რასაც ზერელედ უნდა მოვეკიდოთ (მათე 19:4—6, 9). ქალმა თავისთვის გაიფიქრა: „უცნაურია, რომ ეს უცხო ქალი ჩემი ოჯახის გადარჩენას ცდილობს, მაშინ როცა ახლობლებს მისი დანგრევა სურთ“. ოჯახის შენარჩუნებაში ახლად შეძენილი რწმენა დაეხმარა.
სხვა სამწუხარო სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ოჯახურ ცხოვრებას ეხება, უკავშირდება აბორტებს. გაეროს თეორიული შეფასების თანახმად, ყოველ წელს, სულ მცირე, 45 მილიონი აბორტი კეთდება. თითოეული ასეთი შემთხვევა ტრაგედიაა. ერთი ფილიპინელი ქალი ბიბლიურმა შემეცნებამ დაიცვა მათ რიცხვში მოხვედრისგან.
ქალს იეჰოვას მოწმეებმა მიაკითხეს. ის დასთანხმდა ბიბლიის შესწავლაზე ბროშურით „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ * და ბიბლიის შესწავლაც დაიწყო. რამდენიმე თვის შემდეგ მან ახსნა შესწავლის დაწყების მიზეზი; როცა მოწმეებმა პირველად მიაკითხეს, ქალი ორსულად იყო. თუმცა ქმრის თანხმობით ქალს აბორტის გაკეთება გადაწყვეტილი ჰქონდა, ბროშურის 24-ე გვერდზე მოცემული ჯერ არშობილი ბავშვის სურათი ღრმად შეეხო მის გულს. მოწმეებმა ბიბლიის დახმარებით აუხსნეს, რომ სიცოცხლე წმინდაა, ვინაიდან ‘ღმერთთან არის წყარო სიცოცხლისა’. ამან ის ბავშვის შენარჩუნების აუცილებლობაში დაარწმუნა (ფსალმუნი 35:10). ამჟამად ის მშვენიერი, ჯანმრთელი ბავშვის დედაა.
რწმენა ეხმარება მათ, ვისაც ზემოდან უყურებენ
ეთიოპიაში ორი ღარიბულად ჩაცმული მამაკაცი იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრაზე მივიდა. შეხვედრის ბოლოს ერთი მოწმე მეგობრულად გაესაუბრა. მამაკაცებმა მატერიალური დახმარება სთხოვეს. მაგრამ მოწმემ მათ ფული კი არა, უფრო უკეთესი რამ შესთავაზა. მან უთხრა, ღვთისადმი რწმენა განევითარებინათ, რაც „ხრწნად ოქროზე ძვირფასია“ (1 პეტრე 1:7). ერთ-ერთი გამოეხმაურა მოწმის სიტყვებს და ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ამან შეცვალა მისი ცხოვრება. რწმენაში ზრდასთან ერთად, მან თავი დაანება მოწევას, სმას, უზნეობასა და ჰატის (ჩვევის გამომწვევი მასტიმულირებელი საშუალების) გამოყენებას. მათხოვრობის ნაცვლად მან საკუთარი თავის რჩენა ისწავლა და ახლა წესიერ, ნაყოფიერ ცხოვრებას ეწევა.
იტალიაში 47 წლის მამაკაცს ათი წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის ციხის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა. ერთ-ერთ იეჰოვას მოწმეს სულიერი დახმარების გასაწევად ციხეში შესვლის ნებას
რთავდნენ და ის მას ბიბლიას ასწავლიდა. მამაკაცმა სწრაფად მიაღწია წარმატებას. რწმენამ იმდენად შეცვალა მისი ცხოვრება, რომ ახლა სხვა პატიმრები მიდიან მასთან პრობლემებთან გასამკლავებლად რჩევის საკითხავად. ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენის წყალობით მან ციხის უფლებამოსილი პირების პატივისცემა და ნდობა დაიმსახურა.ბოლო წლებში გაზეთები აფრიკაში მიმდინარე სამოქალაქო ომების შესახებ იუწყება. განსაკუთრებით შემაძრწუნებელია შეტყობინებები მოზარდ ბიჭებზე, რომლებსაც ჯარისკაცებად წვრთნიან. ამ ბავშვებს ნარკოტიკებს აძლევენ, ასასტიკებენ და აიძულებენ, თავიანთსავე ახლობლებს არაადამიანურად მოეპყრონ, რომ ერთგულება დაუმტკიცონ იმ ფრაქციას, რომლისთვისაც იბრძვიან. შეუძლია ბიბლიაზე დაფუძნებულ რწმენას ასეთი ახალგაზრდების ცხოვრების შეცვლა? ამ კითხვაზე, სულ მცირე, ორი შემთხვევა დადებითად გვპასუხობს.
ლიბერიელი ალექსი კათოლიკური ეკლესიის საკურთხეველში მსახურობდა. მაგრამ 13 წლის ასაკში ის მებრძოლთა ფრაქციას შეუერთდა და სისასტიკით ცნობილი ჯარისკაცი გახდა. ბრძოლის დროს რომ თამამად ყოფილიყო, ჯადოსნობას მიმართა. ალექსი ხედავდა, როგორ იღუპებოდნენ ომში მისი თანამებრძოლები, მაგრამ თავად უვნებელი რჩებოდა. 1997 წელს იეჰოვას მოწმეებს შეხვდა და დაინახა, რომ ისინი მას ზემოდან არ დაჰყურებდნენ. პირიქით, ეხმარებოდნენ ძალადობის შესახებ ბიბლიის თვალსაზრისის გაგებაში. ალექსმა დატოვა ჯარი. მისი რწმენა გაიზარდა და დროთა განმავლობაში ის მიჰყვა ბიბლიის ბრძანებას: „ერიდოს [კაცი] ბოროტს, სიკეთე აკეთოს, ეძიებდეს მშვიდობას და მისკენ ისწრაფვოდეს“ (1 პეტრე 3:11).
ამასობაში ყოფილი ბავშვი-ჯარისკაცი, სახელად სამსონი, გავლით იყო იმ ქალაქში, სადაც იმჟამად ალექსი ცხოვრობდა. ის ადრე საეკლესიო გუნდში მღეროდა, მაგრამ 1993 წელს ჯარისკაცი გახდა. მან ნარკოტიკების მიღება დაიწყო და სპირიტიზმსა და უზნეობაში გაეხვია; 1997 წელს დემობილიზებული იყო. უშიშროების სპეცსამსახურთან დაკავშირების მიზნით სამსონმა მონროვიას მიაშურა. ამ დროს მეგობარმა დაარწმუნა, იეჰოვას მოწმეებთან შეესწავლა ბიბლია. ამის შედეგად, სამსონს გაუძლიერდა ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა, რამაც გაბედულად მიატოვებინა ცხოვრების ძველი წესი. ამჟამად ალექსიც და სამსონიც მშვიდობიან და მაღალზნეობრივ ცხოვრებას ეწევიან. ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა რომ არა, შეეძლო რაიმეს ასეთი გასასტიკებული ადამიანების ცხოვრების შეცვლა?
ნამდვილი რწმენა
ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ უამრავი მაგალითიდან, რომელთა მოყვანაც შეიძლებოდა ბიბლიაზე დაფუძნებული ნამდვილი რწმენის ძალის საჩვენებლად. რასაკვირველია, მათ შორის, ვინც, უბრალოდ, აცხადებს, რომ ღვთის სწამს, ყველა არ ცხოვრობს ბიბლიის მაღალი სტანდარტებით. მართლაც, ზოგი ათეისტი უფრო პატიოსან ცხოვრებას ეწევა, ვიდრე ეგრეთ წოდებული ქრისტიანი. ეს იმიტომ ხდება, რომ ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე უბრალოდ იმის თქმას, რომ ღმერთი გწამს.
პავლე მოციქულმა რწმენას უწოდა „მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“ (ებრაელთა 11:1). მაშასადამე, რწმენაში იგულისხმება მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვერ ვხედავთ — ურყევ მტკიცებაზე დაფუძნებული დაჯერება. განსაკუთრებით, ის გამორიცხავს ყოველგვარ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთი არსებობს, რომ დაინტერესებულია ჩვენით და აკურთხებს თავისი ნების შემსრულებელს. მოციქულმა აგრეთვე თქვა: „ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6).
ასეთმა რწმენამ ჯონს, ტანიასა და სხვებს, ვინც ამ სტატიაში იყო მოხსენიებული, ცხოვრება შეუცვალა. მან ისინი აღძრა, გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობისთვის სრული ნდობით ღვთის სიტყვისთვის, ბიბლიისთვის, მიემართათ. ამან შეაძლებინა, უარი ეთქვათ ზოგ რამეზე, რათა არ გაჰყოლოდნენ მოსახერხებელ, მაგრამ მცდარ გზას. თუმცა ეს ამბები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ყოველ მათგანს ერთნაირი დასაწყისი ჰქონდა. ამ ადამიანებს იეჰოვას მოწმეები ასწავლიდნენ ბიბლიას და მათ გამოსცადეს ბიბლიის სიტყვების ჭეშმარიტება: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი“ (ებრაელთა 4:12). ღვთის სიტყვის ძალა დაეხმარა თითოეულს მტკიცე რწმენის განვითარებაში, რამაც უკეთესობისკენ შეცვალა მათი ცხოვრება.
იეჰოვას მოწმეები 230-ზე მეტ ქვეყანასა და კუნძულებზე ქადაგებენ. ისინი ბიბლიის შესწავლას გთავაზობენ. რატომ? იმიტომ რომ დარწმუნებულები არიან — ბიბლიაზე დაფუძნებულ რწმენას თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებაც შეუძლია.
[სქოლიო]
^ აბზ. 10 გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[სურათი 3 გვერდზე]
ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის.
[სურათის საავტორო უფლება 2 გვერდზე]
Title card of Biblia nieświeska by Szymon Budny, 1572