არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიჭაბუკიდან გახსოვდეთ ჩვენი გამჩენი

სიჭაბუკიდან გახსოვდეთ ჩვენი გამჩენი

ბიოგრაფია

სიჭაბუკიდან გახსოვდეთ ჩვენი გამჩენი

მოგვითხრო დეივიდ ზ. ჰიბშმენმა.

„იმედი მაქვს, სიცოცხლის ბოლო წუთებამდე იეჰოვას ერთგული ვიქნები. ღმერთს ვთხოვ, ჩემს დევიდზე იზრუნოს. მადლობა შენ, იეჰოვა, მასთან შეხვედრისთვის და ჩვენი ქორწინებისთვის. ასეთი მშვენიერი და ბედნიერი ქორწინებისთვის!“

წარმოიდგინეთ ჩემი გრძნობები, როდესაც მეუღლის, ჰელენის, დღიურში, რომელიც 1992 წლის მარტში გარდამეცვალა, ზემოთ მოყვანილი სიტყვები წავიკითხე. სულ რაღაც ხუთი თვით ადრე ჩვენ მისი სრული დროით მსახურების 60 წლისთავი აღვნიშნეთ.

გუშინდელი დღესავით მახსოვს 1931 წლის კოლუმბუსის (ოჰაიო, აშშ) კონგრესი, რომელზეც მე და ჰელენი გვერდი-გვერდ ვისხედით. ჰელენი 14 წლისაც არ იყო, მაგრამ ჩემზე უკეთ ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა. მსახურების ენთუზიაზმი, რომელიც ჰელენს ჰქონდა, მალე გამოვლინდა, როდესაც ის და მისი დაქვრივებული დედა პიონერები (იეჰოვას მოწმე სრული დროით მსახურები) გახდნენ. მათ დატოვეს თავიანთი კეთილმოწყობილი ბინა და შეერთებული შტატების სამხრეთით მდებარე სოფლებში გაემგზავრნენ საქადაგებლად.

ჩემი ქრისტიანული მემკვიდრეობა

1910 წელს ჩემი მშობლები აღმოსავლეთ პენსილვანიიდან შტატის დასავლეთ ნაწილში, გროვ სიტიში გადავიდნენ. იქ მათ იაფად დაიქირავეს ერთი პატარა სახლი და რეფორმატორული ეკლესიის აქტიური წევრები გახდნენ. მალე მათ ბიბლიის მკვლევარმა (იმ დროს ასე უწოდებდნენ იეჰოვას მოწმეებს) უილიამ ივენსმა მიაკითხა. მამაჩემმა, რომელიც მაშინ ოც წელს გადაცილებული იყო, და დედამ, რომელიც ხუთი წლით იყო მასზე უმცროსი, მოუსმინეს ამ სასიამოვნო უელსელ მამაკაცს და სადილზე მიიპატიჟეს. მალე მათ შეიყვარეს ის ბიბლიური ჭეშმარიტება, რომელსაც სწავლობდნენ.

კრებასთან უფრო ახლოს რომ ყოფილიყვნენ, მამამ ოჯახი 40 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ შარონში გადაიყვანა. რამდენიმე თვეში, 1911 თუ 1912 წელს, დედ-მამა მოინათლა. მოხსენება მონათვლის მსურველებისთვის ჩარლზ ტეიზ რასელმა, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელმა პრეზიდენტმა, წარმოთქვა. მე 1916 წლის 4 დეკემბერს დავიბადე და ოჯახში მეხუთე ბავშვი ვიყავი. ჩემი დაბადებისას უთქვამთ: „კიდევ ერთი საყვარელი ძმა შეგვეძინა“. ასე რომ, ჩემი სახელი, დეივიდი (დავითი), „საყვარელს“ ნიშნავს.

ოთხი კვირის ვიყავი, კონგრესზე პირველად რომ წამიყვანეს. იმ ხანებში მამა და ჩემი უფროსი ძმები რამდენიმე კილომეტრს გადიოდნენ ფეხით, კრების შეხვედრის ადგილამდე რომ მისულიყვნენ, მე და ჩემი და კი დედას ტრამვაით მივყავდით. კრების შეხვედრები ორი, დილისა და ნაშუადღევის, ნაწილისგან შედგებოდა. სახლში ხშირად ვსაუბრობდით სტატიების შესახებ ჟურნალებიდან „საგუშაგო კოშკი“ და „ოქროს ხანა“ (იმ დროს ასეთი სახელწოდება ჰქონდა ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ს).

სარგებლობის მიღება კარგი მაგალითებიდან

ბევრი პილიგრიმი (იმ დროს მიმომსვლელ მომხსენებლებს ასე ეძახდნენ) მოდიოდა ჩვენს კრებაში. ისინი ჩვეულებრივ ერთ-ორ დღეს რჩებოდნენ ჩვენთან. ერთ მათგანს, რომელიც კარგად დამამახსოვრდა, უოლტერ ჯ. თორნი ერქვა; მას ახსოვდა თავისი „გამჩენი სიჭაბუკეში“ (ეკლესიასტე 12:1). ბავშვობისას მამას დავყვებოდი ხოლმე, როდესაც „შემოქმედების ფოტოდრამას“ უჩვენებდა ხალხს, რაც კაცობრიობის ისტორიის ამსახველი მოძრავი სურათების ოთხნაწილიანი გახმოვანებული ფილმი იყო.

ძმა ივენსს და მის მეუღლეს, მარიამს, შვილები არ ყავდათ, მაგრამ ისინი ჩვენი დედ-მამა და ბებია-ბაბუა გახდნენ. უილიამი მამაჩემს ყოველთვის „შვილოთი“ მიმართავდა; მან და მარიამმა ჩვენს ოჯახს ნელ-ნელა მქადაგებლობის სული ჩაუნერგეს. XX საუკუნის დასაწყისში ძმა ივენსი უელსში ჩადიოდა ხოლმე, რომ სვენზში ხალხისთვის ბიბლიური ჭეშმარიტება ემცნო. იქ მას ამერიკიდან ჩამოსულ მქადაგებლად იცნობდნენ.

1928 წელს ძმა ივენსმა თავი დაანება სამსახურს და დასავლეთ ვირჯინიის მთებში დაიწყო ქადაგება. ჩემი ორი უფროსი ძმა, 21 წლის კლარენსი და 19 წლის კარლი, მას გაჰყვნენ. ოთხივე ძმა დიდხანს ვმსახურობდით სრული დროით. ახალგაზრდობაში ოთხივე იეჰოვას მოწმე მიმომსვლელი ზედამხედველები ვიყავით. ამას წინათ დედაჩემის უმცროსმა დამ, მერიმ, რომელიც ახლა 90 წლისაა, მომწერა: „ძალიან მადლიერები ვართ, რომ ძმა ივენსი ენთუზიაზმით ასე აღსავსე იყო მსახურებაში და რომ გროვ სიტიში ჩამოვიდა!“ დეიდა მერი ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც ახალგაზრდობიდან ახსოვს თავისი გამჩენი.

კონგრესებზე დასწრება

1922 წლის სიდარ პოინტის (ოჰაიო) ისტორიულ კონგრესზე მხოლოდ მამამ და კლარენსმა შეძლეს დასწრება. 1924 წელს კი ავტომობილი გვყავდა და მთელი ოჯახი გავემგზავრეთ კოლუმბუსის (ოჰაიო) კონგრესზე. იმ რვადღიანი კონგრესის განმავლობაში ბავშვებს ჩვენი დანაზოგით უნდა გვეზრუნა საკუთარ თავზე. ჩემი მშობლები თვლიდნენ, რომ ოჯახის ყველა წევრს უნდა ესწავლა საკუთარი თავის უზრუნველყოფა მატერიალურად. ამიტომ ქათმები, ბოცვრები და ფუტკრები გვყავდა მოშენებული; გარდა ამისა, ბიჭები ფოსტალიონებად ვმუშაობდით.

1927 წელს, როდესაც ტორონტოში (კანადა) კონგრესი უნდა ჩატარებულიყო, ჩვენი უმცროსი ძმა პოლი 6 თვის იყო. მშობლები დანარჩენ ბავშვებთან ერთად ტორონტოში გაემგზავრნენ, მე კი მთხოვეს, დეიდაჩემს დავხმარებოდი პატარა პოლის მოვლაში. ამისათვის 10 დოლარით დამაჯილდოვეს, რითაც ახალი პიჯაკი ვიყიდე. ჩვენ ყოველთვის გვასწავლიდნენ, რომ კრებაზე კოხტად უნდა გვცმოდა და ჩვენი ტანსაცმლისთვის მოგვევლო.

კლარენსი და კარლი 1931 წლის კოლუმბუს დაუვიწყარ კონგრესამდე დაქორწინდნენ და მეუღლეებთან ერთად პიონერებად მსახურობდნენ. ორივე წყვილი თვითნაკეთ საცხოვრებელ ავტომისაბმელებში ცხოვრობდა. კარლი დაქორწინდა კლერ ჰიუსტონზე, რომელიც უილინგიდან, დასავლეთ ვირჯინიიდან, იყო. სწორედ ამიტომ ვიჯექი კოლუმბუს კონგრესზე კლერის უმცროსი დის, ჰელენის, გვერდით.

სრული დროით მსახურება

სკოლა 1932 წელს 15 წლის ასაკში დავამთავრე; მომდევნო წელს კლარენსს, რომელიც სამხრეთ კაროლინაში პიონერად მსახურობდა, ნახმარი ავტომობილი ჩავუყვანე. იქ განცხადება დავწერე პიონერულ მსახურებაზე და კლარენსთან და მის მეუღლესთან ერთად სრული დროით მსახურება დავიწყე. მაშინ ჰელენი ჰოპკინვილში, კენტუკში მსახურობდა და იქ მივწერე პირველი წერილი. თავის პასუხში მან მკითხა: „პიონერი ხარ?“

ჩემს წერილში, რომელსაც ჰელენი სიკვდილამდე დაახლოებით 60 წელი ინახავდა, ვუპასუხე: „ვარ და იმედი მაქვს, რომ ყოველთვის ვიქნები“. მასში ჰელენს მოვუყევი, როგორ მივეცი ჩემს სამქადაგებლო უბანზე ერთ მღვდელს და სასამართლოს თანამაშრომლებს ბროშურა „სამეფო — კაცობრიობის იმედი“.

1933 წელს მამამ გამიკეთა ავტომობილზე მისაბმელი — 2, 4 მეტრი სიგრძის და 2 მეტრი სიგანის ვაგონი, რომელსაც წინ და გვერდით ბრეზენტის კედლები და ფანჯრები ჰქონდა. მომდევნო ოთხი წლის პიონერული მსახურების განმავლობაში ეს ჩემი უბრალო საცხოვრებელი იყო.

1934 წლის მარტში მე, კლარენსი, კარლი, მათი ცოლები, ჰელენი, დედამისი, და კლარენსის ცოლისდა დასავლეთით, ლოს-ანჯელესში (კალიფორნია) კონრესზე გავემგზავრეთ. ზოგი ჩემი ვაგონით მგზავრობდა და მასში ეძინა. მე ავტომობილში ვათენებდი ღამეს ზოგი კი ბინას ქირაობდა. ავტომობილთან დაკავშირებული სიძნელეების გამო ლოს-ანჯელესში იმ ექვსდღიანი კონგრესის მეორე დღეს ჩავედით. იქ, 26 მარტს, მე და ჰელენი მოვინათლეთ, რაც იეჰოვასადმი ჩვენი მიძღვნის სიმბოლო იყო.

იმ კონგრესზე ჯოზეფ ფ. რუტერფორდი, რომელიც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტი იყო, პირადად შეხვდა ყველა პიონერს; გაგვამხნევა და გვითხრა, რომ ჩვენ ბიბლიური ჭეშმარიტებისთვის მამაცი მებრძოლები ვიყავით. მაშინ პიონერებს ფულადი დახმარება დაურიგდათ, რომ თავიანთი მსახურების გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცოდნა

ლოს-ანჯელესის კონგრესიდან დაბრუნების შემდეგ ყველა ვქადაგებდით კეთილ ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ მთელ სამხრეთ კალიფორნიაში, ვირჯინიაში, დასავლეთ ვირჯინიასა და კენტუკში. წლების შემდეგ იმ დროის შესახებ ჰელენმა დაწერა: „იქ არც კრება იყო, რომ შევფარებოდით, არც მეგობრები გვყავდა, რომ დაგვხმარებოდნენ, იმიტომ რომ უცხო მხარეში ვიყავით. მაგრამ ახლა მესმის, იქ რამდენს ვსწავლობდი, — სულიერად ვმდიდრდებოდი“.

შემდეგ მან ასეთი კითხვა დასვა: „რას უთმობს დროს გოგონა, როდესაც შორს არის მეგობრებისგან და მშობლიური ადგილებიდან? სხვათა შორის, ეს არცთუ ისე ცუდი რამ არის. მე არ მომიწყენია. ბევრს ვკითხულობდი. ჩვენ არასოდეს მიგვიტოვებია ბიბლიური ლიტერატურის კითხვა და შესწავლა. ყოველთვის დედაჩემთან ერთად ვიყავი, ვსწავლობდი ფულის გონივრულად გამოყენებას, საყიდლებზე დავდიოდი, გაცვეთილ საბურავებს ვცვლიდი, საჭმელს ვამზადებდი, ვკერავდი და ვქადაგებდი. მე არაფერზე ვნანობ და სიხარულით გავაკეთებდი ყოველივე ამას ხელმეორედ“.

მიუხედავად იმისა, რომ ჰელენის დედას კარგი სახლი ჰქონდა, ისინი კმაყოფილები იყვნენ ავტომისაბმელებში ცხოვრებით. 1937 წელს კოლუმბუსის კონგრესის შემდეგ, ჰელენის დედის ჯანმრთელობა გაუარესდა და საავადმყოფოში დააწვინეს. ის იმავე წლის ნოემბერში გარდაიცვალა; იმ ხანებში ჰელენის დედა ფილიპიში, დასავლეთ ვირჯინიაში მსახურობდა.

დაქორწინება და მსახურების გაგრძელება

1938 წელს მე და ჰელენი დავქორწინდით და უბრალო ქორწილი გადავიხადეთ იმ სახლში, სადაც ჰელენი დაიბადა, ელმ გროვში, უილინგთან ახლოს, დასავლეთ ვირჯინიაში. საქორწინო მოხსენება ჩვენმა ძვირფასმა ძმა ივენსმა წაიკითხა, რომელმაც წლების წინათ ჩემს ოჯახს ჭეშმარიტება გააცნო. ქორწილის შემდეგ მე და ჰელენმა გადავწყვიტეთ პიონერული მსახურება აღმოსავლეთ კენტუკში გაგვეგრძელებინა, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, ზონალურ ზედამხედველად დამნიშნეს. ამ მსახურებაში შედიოდა დასავლეთ კენტუკსა და ტენესში იეჰოვას მოწმეთა კრებების მონახულება და მსახურებაში მათთვის დახმარების გაწევა. მაშინ მთელ იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვმსახურობდით, დაახლოებით 75 მქადაგებელი იყო.

იმ ხანებში ბევრს ნაციონალისტური განწყობა ჰქონდა და ვიცოდი, რომ ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო მალე დამაპატიმრებდნენ (ესაია 2:4). მაგრამ ჩემი ანგარიშების წყალობით გასაწვევი უბნიდან ნებართვა მივიღე, განმეგრძო სრული დროით მსახურება.

მიმოსვლითი მსახურება რომ დავიწყეთ, თითქმის ყველას უკვირდა, რომ ასეთი ახალგაზრდები ამ სახის მსახურებით ვიყავით დაკავებული. ჰოფკინსვილში, კენტუკში, ერთი ქრისტიანი და დიდი სიყვარულით გადაეხვია ჰელენს და ჰკითხა: „არ გახსოვარ?“ ჰელენმა მას 1933 წელს სოფლის მაღაზიაში უქადაგა, რომელსაც მისი მეუღლე განაგებდა. ის მასწავლებლად მუშაობდა საკვირაო სკოლაში და მას შემდეგ, რაც ჰელენის მიცემული წიგნი წაიკითხა, თავისი კლასის წინაშე ბოდიში მოიხადა იმისათვის, რომ იმას ასწავლიდა, რაც ბიბლიას არ შეესაბამებოდა. მან მიატოვა ეკლესია და დაიწყო ბიბლიური ჭეშმარიტების ქადაგება თავის მხარეში. მე და ჰელენი დასავლეთ კენტუკში სამი წლის განმავლობაში ვმსახურობდით და იმ დამ და მისმა მეუღლემ ნება დაგვრთეს, მათ სახლში გავჩერებულიყავით.

იმ დროს ადგილობრივი პატარა კონგრესები გვიტარდებოდა და ერთ მათგანს ა. ჰ. მაკმილანი ხელმძღვანელობდა. როდესაც ჰელენი პატარა იყო, ძმა მაკმილანი მათ სახლში ჩერდებოდა ხოლმე, ამიტომ ამ კონგრსესის დროს მან ჩვენს, 5 მეტრი სიგრძის, ავტომისაბმელში არჩია გაჩერება, სადაც ერთი ზედმეტი საწოლი გვქონდა. მასაც ახსოვდა გამჩენი თავის სიყმაწვილეში; ის 1900 წელს 23 წლის ასაკში მოინათლა.

1941 წელს მიმოსვლითი მსახურება დროებით შეჩერებულ იქნა და ჰაზარდში (კენტუკი) პიონერად დამნიშნეს. ასე რომ, ისევ ჩემს ძმა კარლთან და მის მეუღლესთან, კლერთან, ერთად ვმსახურობდით. იქ ჰელენის ძმისშვილი შემოგვიერთდა პიონერულ მსახურებაში. მას შემდეგ მან დაახლოებით 50 წელი იმსახურა სრული დროით, 1992 წელს, როდესაც ის ერთგულად მსახურობდა ბრუკლინში იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში, მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.

1943 წელს როკვილში (კონექტიკუტი) დაგვნიშნეს. იქ ყოფნა ჰელენს გაუჭირდა, რადგან სამხრეთით ქადაგებას ვიყავით მიჩვეული. როკვილში ჰელენი კვირაში 20 ბიბლიურ შესწავლაზე მეტს ატარებდა. მალე იქ პატარა ოთახი დავიქირავეთ, სამეფო დარბაზად რომ გამოგვეყენებინა და პატარა კრება ჩამოვაყალიბეთ.

როკვილში მსახურებისას „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მეხუთე კლასში მიგვიწვიეს, რომელიც სამხრეთ ლენსინგში (ნიუ-იორკი) უნდა ჩატარებულიყო. გარდა ამისა, გავიგეთ, რომ ობრეი და ბერტა ბივენსები, რომლებთან ერთადაც კენტუკში პიონერებად ვმსახურობდით, ჩვენი თანაკლასელები იქნებოდნენ.

სკოლა და ჩვენი ახალი დანიშნულება

ჩვენ საკმაოდ ახალგაზრდები ვიყავით, მაგრამ კლასში უმრავლესობა ჩვენზე ახალგაზრდა იყო. დიახ, მათ ახსოვდათ გამჩენი თავიანთ სიჭაბუკეში. სკოლა 1945 წლის ივლისში დავამთავრეთ, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა. ჩვენი მისიონერული დანიშნულების მიღებამდე ბრუკლინში (ნიუ-იორკი) ფლათბუშის კრებასთან ვთანამშრომლობდით. 1946 წლის 21 ოქტომბერს კი ჩვენს ექვს თანაკლასელთან ერთად, რომელთა შორის ბივენსებიც იყვნენ, ახალი დანიშნულების ადგილზე, გვატემალის დედაქალაქ გვატემალაში, გავემგზავრეთ. მაშინ ცენტრალური ამერიკის ამ ქვეყანაში იეჰოვას 50 მოწმეც კი არ იყო.

1949 წელს რამდენიმე ჩვენგანი კესალტენანგოში გადაიყვანეს, რომელიც ამ ქვეყანაში სიდიდითა და მნიშვნელოვნებით მეორე ქალაქია; ის ზღვის დონიდან 2 300 მეტრ სიმაღლეზეა განლაგებული და მის მთებში, გამომაცოცხლებელი სუფთა ჰაერია. ჰელენმა ჩვენი იქ მსახურების შესახებ დაწერა: „ჩვენთვის დიდი პრივილეგია იყო მრავალ ქალაქსა და სოფელში ქადაგება. დილით დაახლოებით ოთხი საათისთვის ვდგებოდით და ავტობუსით, რომლის ფანჯრების მინების მაგივრობას ბრეზენტის ფარდები სწევდა, შორეულ ქალაქში მივემგზავრებოდით. იქ დაახლოებით რვა საათი უნდა გვექადაგა და შემდეგ უკან დავბრუნებულიყავით“. დღეს აქ კრებებია ჩამოყალიბებული, მათ შორის ექვსი კესალტენანგოშია.

მალე კარიბის ზღვის სანაპიროსთან, პუერტო ბარიოსში, რომელიც გვატემალაში მესამე დიდი ქალაქია, მისიონერები გააგზავნეს საქადაგებლად. ბივენსები, რომლებიც ჩვენი საყვარელი თანამსახურები იყვნენ და რომლებთან ერთადაც ხუთი წელი ვიმსახურეთ გვატემალაში, ახალ ტერიტორიაზე გაგზავნილთა შორის იყვნენ. მათთან განშორება მტკივნეული იყო, ძალიან დაგვაკლდნენ. როდესაც მისიონერთა სახლში მე და ჰელენი მარტო დავრჩით, სხვა პატარა ბინაში გადავედით. 1955 წელს ახალი დანიშნულება მივიღეთ შედარებით ტროპიკულ ქალაქში, მასატენანგოში. ჩემმა უმცროსმა ძმამ, პოლმა, და მისმა მეუღლე დოლორესმა, რომელთაც სკოლა „გალაადი“ 1953 წელს დაამთავრეს, იქ ჩვენ ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყეს მსახურება.

1958 წლისთვის გვატემალაში 700-ზე მეტი მოწმე, 20 კრება და სამი რაიონი იყო. მე და ჰელენი ისევ მიმოსვლით მსახურებას ვეწეოდით და მოწმეების პატარა ჯგუფებსა და რამდენიმე კრებას, მათ შორის კესალტენანგოს კრებას, ვაკითხავდით. 1959 წლის აგვისტოში ისევ ქალაქ გვატემალაში გაგვაგზავნეს და იქ ფილიალში ვცხოვრობდით. მომდევნო 16 წლის განმავლობაში ფილიალში ვმსახურობდი, ჰელენი მისიონერულ მსახურებას განაგრძობდა. მოგვიანებით ისიც ფილიალში მოიწვიეს.

შემდგომი კურთხევები

ერთ დროს იეჰოვას ყველაზე ახალგაზრდა მსახურად ვითვლებოდი. ახლა კი — ხშირად ყველაზე მოხუცად; ასე იყო პატერსონში (ნიუ-იორკი) 1996 წელს ფილიალების კომიტეტების წევრებისთვის ჩატარებულ სკოლაშიც. ისევე, როგორც მე გამიწიეს დიდი დახმარება ახალგაზრდობაში უფროსებმა, ჩემთვისაც დიდი პატივია ბოლო ათწლეულების განმავლობაში მრავალი ახალგაზრდის დახმარება, რომელთაც სურთ, ახსოვდეთ თავიანთი გამჩენი სიყმაწვილეში.

იეჰოვა დღემდე აკურთხებს თავის ხალხს აქ, გვატემალაში. 1999 წელს ქალაქ გვატემალაში 60-ზე მეტი კრება იყო. გარდა ამისა, ჩრდილოეთში, სამხრეთში, აღმოსავლეთსა და დასავლეთში ბევრად უფრო მეტი კრება და ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ათასობით მქადაგებელია. ჩვენი იქ ჩასვლისას სამეფოს მაუწყებლების რიცხვი 50-ზე ნაკლები იყო, ახლა კი 19 000-სს აღემატება.

მადლიერებისთვის მრავალი მიზეზი მაქვს

არავის გაუვლია უპრობლემოდ თავისი ცხოვრება, მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია იეჰოვას ‘მივანდოთ ჩვენი საზრუნავი’ (ფსალმუნი 54:23). ის ხშირად გვამხნევებს თანაქრისტიანების მხარდაჭერით. მაგალითად, სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე, ჰელენმა ჩარჩოში ჩასმული ფირფიტა მაჩუქა, რომელზეც ბიბლიური წარწერა იყო: „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს“ (ებრაელთა 6:10).

საჩუქარს პატარა წერილი დაურთო: „ჩემო ძვირფასო, არაფრის ჩუქება შემიძლია შენთვის განსაკუთრებულის, გარდა ჩემი დიდი სიყვარულისა. . . შენ ნამდვილად ხარ ამ სიტყვების ღირსი, გთხოვ ეს შენს მაგიდაზე დადო. არა იმიტომ, რომ მე მოგეცი, არამედ იმიტომ, რომ ეს შენს მრავალწლიან მსახურებას ეხება“. ეს საჩუქარი დღემდე ჩემი ოფისის მაგიდაზე მიდევს გვატემალას ფილიალში.

სიჭაბუკიდან ვემსახურები იეჰოვას და ახლა, ჩემს მოხუცებულობაში, ვმადლობ მას კარგი ჯანმრთელობისთვის, რაც საშუალებას მაძლევს, შევასრულო ჩემი მოვალეობები. ბიბლიის კითხვისას ხშირად ვკითხულობ იმ მუხლებს, რომლებსაც ჩემი საყვარელი ჰელენი, ვფიქრობ, ხაზს გაუსმევდა. ერთ-ერთი ასეთი მუხლი ფსალმუნის 47:15-ა: „ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე; ის წაგვიძღვება ჩვენ სამარის კარამდე“.

სასიამოვნოა მკვდრეთით აღდგომის იმედის სხვებისთვის გაზიარება, როდესაც ყველა შეხვდება ახალ ქვეყნიერებაში მკვდრეთით აღმდგარ თავიანთ საყვარელ ადამიანებს. ეს მართლაც დიდებული იმედია! იქ სიხარულით ავცრემლდებით, როდესაც დავინახავთ, რომ იეჰოვა ნამდვილად არის ‘მორჩილთა ნუგეშისმცემელი’ (2 კორინთელთა 7:6).

[სურათი 25 გვერდზე]

ზემოთ მარცხნიდან მარჯვნივ: დედა, მამა, დეიდა ევა და ქვემოთ ძმები: კლარენსი და კარლი (1910).

[სურათები 26 გვერდზე]

ჰელენთან ერთად 1947 და 1992 წლებში.