არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ფხიზლად იყავით“

„ფხიზლად იყავით“

„ფხიზლად იყავით“

„ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათე 24:42).

1. რას გრძნობენ იეჰოვასადმი მიძღვნილი მსახურები, რომლებიც მრავალი წელია მას ემსახურებიან? მოიყვანეთ მაგალითი.

იეჰოვას მრავალმა მოწმემ, რომლებიც დიდი ხანია, ღმერთს ემსახურებიან, ჭეშმარიტება სიყმაწვილის ასაკში გაიგო. იმ ვაჭრის მსგავსად, რომელმაც ძვირფასი მარგალიტი აღმოაჩინა და მის შესაძენად მთელი ქონება გაყიდა, ბიბლიის ამ გულმოდგინე მკვლევარებმა უარყვეს საკუთარი თავი და სიცოცხლე იეჰოვას მიუძღვნეს (მათე 13:45; მარკოზი 8:34). რას გრძნობს ეს ხალხი ახლა, როდესაც დედამიწის მიმართ იეჰოვას განზრახვის შესრულებასთან დაკავშირებით მოცდა იმაზე მეტხანს მოუწიათ, ვიდრე შეიძლება მოელოდნენ? მათ არა აქვთ სინანულის გრძნობა! ისინიც იმავე აზრის არიან, როგორც ძმა ა. ჰ. მაკმილანი, რომელმაც ღვთისადმი მსახურებაში 60 წელზე მეტის გატარების შემდეგ თქვა: „ახლა უფრო ვარ გადაწყვეტილებით აღსავსე, შევინარჩუნო რწმენა, ვიდრე ოდესმე. ჩემს ცხოვრებას რწმენამ მისცა აზრი. ის დღემდე მეხმარება, რომ მომავალი არ მაშინებდეს“.

2. ა) რა დროული რჩევა მისცა იესომ თავის მიმდევრებს? ბ) რა კითხვები განიხილება ამ სტატიაში?

2 რა შეიძლება ითქვას თქვენზე? ასაკის მიუხედავად, დაუფიქრდით იესოს სიტყვებს: „ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი“ (მათე 24:42). ამ უბრალო განაცხადში ღრმა ჭეშმარიტებაა ჩადებული. ჩვენ არ ვიცით, რომელ დღეს მოვა უფალი ამ ბოროტი სისტემის განსაკითხად; და ამის ცოდნა ჩვენთვის აუცილებელი სულაც არ არის. მაგრამ საჭიროა ისე ვიცხოვროთ, რომ უფლის მოსვლისას, საქმე სანანებლად არ გვქონდეს. ამასთან დაკავშირებით, რა მაგალითებია ბიბლიაში მოცემული, რაც სიფხიზლის შენარჩუნებაში დაგვეხმარებოდა? თვალსაჩინოდ როგორ გვიჩვენა იესომ ამის აუცილებლობა? და დღეს რა მტკიცებები გვაქვს იმის თაობაზე, რომ ამ უღვთო წუთისოფლის უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ?

გამაფრთხილებელი მაგალითი

3. რით ჰგვანან დღეს მცხოვრები ადამიანები ნოეს დღეებში მცხოვრებთ?

3 დღეს მცხოვრები ადამიანები ბევრი რამით ჰგვანან ნოეს დღეებში მცხოვრებ მამაკაცებსა და ქალებს. იმ დროს დედამიწა ძალმომრეობით იყო აღსავსე და ადამიანის გულისთქმა „უკეთური იყო მუდამჟამს“ (დაბადება 6:5). უმეტესობა ყოველდღიურ ცხოვრებისეულ საზრუნავში იყო ჩაფლული. დიდ წარღვნამდე იეჰოვამ ხალხს მონანიების საშუალება მისცა. მან ნოეს ქადაგება დაავალა, ხოლო ამ უკანასკნელმა მორჩილად შეასრულა მისი მითითება და დაახლოებით 40—50 ან უფრო მეტი წლის განმავლობაში ‘სიმართლის მქადაგებლად’ მსახურობდა (2 პეტრე 2:5). მიუხედავად ამისა, ხალხმა უგულებელყო ნოეს გაფრთხილება. ისინი არ ფხიზლობდნენ. ამიტომ საბოლოოდ მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი გადაურჩა იეჰოვას სასჯელს (მათე 24:37—39).

4. რა გაგებით შეიძლება ითქვას, რომ ნოეს მსახურება წარმატებული იყო და როგორ შეიძლება იმავეს თქმა დღეს თქვენს ქადაგებასთან დაკავშირებით?

4 წარმატებული იყო ნოეს მსახურება? ნუ იმსჯელებთ მის წარმატებაზე იმის მიხედვით, რომ ქადაგებას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გამოეხმაურა. ასეთი გამოხმაურების მიუხედავად, ნოეს ქადაგებამ თავისი დანიშნულება შეასრულა. რატომ? მან ადამიანებს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მისცა — აერჩიათ, ემსახურათ თუ არა იეჰოვასთვის. რა შეიძლება ითქვას თქვენს სამქადაგებლო უბანზე? მაშინაც კი, როდესაც გამოხმაურება მაინცდამაინც დიდი არ არის, თქვენ უდიდესი წარმატებით ეწევით მსახურებას. რატომ? ქადაგებით, თქვენ სხვებს ღვთის გაფრთხილებას ამცნობთ და ამგვარად იესოს მიერ თავისი მიმდევრებისთვის მიცემულ დავალებას ასრულებთ (მათე 24:14; 28:19, 20).

ღვთის წინასწარმეტყველთა უგულებელყოფა

5. ა) რა მდგომარეობა იყო აბაკუმის დროს იუდაში და როგორ გამოეხმაურა ხალხი მის წინასწარმეტყველურ ცნობას? ბ) როგორ გამოავლინეს იუდეველებმა იეჰოვას წინასწარმეტყველთა მიმართ მტრული განწყობა?

5 წარღვნის შემდეგ საუკუნეები გავიდა. იუდას სამეფო სერიოზულ ცოდვებში გაეხვია. კერპთაყვანისმცემლობა, უსამართლობა, ჩაგვრა და მკვლელობაც კი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. იეჰოვამ აბაკუმს დაავალა, ხალხი გაეფრთხილებინა, რომ, თუ არ მოინანიებდნენ, ქალდეველთა ანუ ბაბილონელთა ხელით უბედურებას დააწევდა (აბაკუმი 1:5—7). ხალხმა კი ყურად არ იღო აბაკუმის სიტყვები. შეიძლება ისინი ფიქრობდნენ, ასობით წლის წინათ წინასწარმეტყველი ესაიაც მსგავს გაფრთხილებას იძლეოდა, მაგრამ დღემდე არაფერი მომხდარაო! (ესაია 39:6, 7). იუდას წარჩინებულ პირთაგან მრავალი არა მარტო არად აგდებდა ამ ცნობას, არამედ მაცნეების მიმართაც მტრულად იყო განწყობილი. ერთხელ ისინი იერემიას მოკვლას ცდილობდნენ და ახიკამი რომ არა, წარმატებითაც განახორციელებდნენ თავიანთ განზრახვას. მაგრამ სხვა შემთხვევაში, წინასწარმეტყველური ცნობით განრისხებულმა იეჰოაკიმმა წინასწარმეტყველი ურია მოკლა (იერემია 26:21—24).

6. როგორ გაამაგრა იეჰოვამ აბაკუმი?

6 აბაკუმის ცნობა ისეთივე პირდაპირობითა და არაპოპულარობით გამოირჩეოდა, როგორც იერემიასი, რომელმაც ღვთის სულიწმიდის შთაგონებით იუდას 70 -წლიანი გაუდაბურება იწინასწარმეტყველა (იერემია 25:8—11). ამიტომაც ძნელი არ არის, გვესმოდეს აბაკუმის, რომელსაც აღმოხდა: „როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველიდე?“ (აბაკუმი 1:2). იეჰოვამ გულმოწყალედ და შემდეგი რწმენის განმამტკიცებელი სიტყვებით უპასუხა: „დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება“ (აბაკუმი 2:3). ასე რომ, იეჰოვას „დათქმული“ ჰქონდა ‘ჟამი’ უსამართლობისა და ჩაგვრის მოსასპობად. თუ აბაკუმს ეს დაგვიანებად მოეჩვენებოდა, გული არ უნდა გასტეხოდა და ენთუზიაზმი არ უნდა განელებოდა. ნაცვლად ამისა, მას ‘ლოდინი’ მართებდა და სიფხიზლე არც ერთი წუთით არ უნდა მოედუნებინა. იეჰოვას დღე არ დაბრკოლდებოდა!

7. რატომ გამოუტანა ღმერთმა ახ. წ. პირველ საუკუნეში განადგურების კიდევ ერთი განაჩენი იერუსალიმს?

7 დაახლოებით 20 წლის შემდეგ, რაც იეჰოვა აბაკუმს ელაპარაკა, იუდას დედაქალაქი, იერუსალიმი, მტრებმა გაანადგურეს. მოგვიანებით ის აღადგინეს და მრავალი ცუდი საქმე, რაც ასე სტკენდა გულს აბაკუმს, გამოსწორდა. მაგრამ ახ. წ. პირველ საუკუნეში ქალაქს თავის მკვიდრთა ორგულობის გამო კიდევ ერთხელ გამოეტანა განადგურების განაჩენი. იეჰოვამ, გულმოწყალებიდან გამომდინარე, მართლებს ხსნის გზა უჩვენა. ამჯერად მან დიდებულ წინასწარმეტყველს, თვით იესო ქრისტეს დაავალა ცნობის გადაცემა. ახ. წ. 33 წელს იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ“ (ლუკა 21:20, 21).

8. ა) რა შეიძლებოდა მოსვლოდა ზოგ ქრისტიანს იესოს სიკვდილიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ? ბ) როგორ შესრულდა იერუსალიმის შესახებ იესოს წინასწარმეტყველება?

8 წლები გადიოდა და შეიძლება იერუსალიმში მცხოვრებ ზოგ ქრისტიანს აინტერესებდა, ზუსტად როდის შესრულდებოდა იესოს წინასწარმეტყველება. ზოგი მათგანი ხომ, ეჭვგარეშეა, გარკვეულ მსხვერპლზე მიდიოდა. შეიძლება მათ ფხიზლად ყოფნის თაობაზე თავიანთი გადაწყვეტილების გამო უარი თქვეს მომგებიან საქმეებზე. დროთა განმავლობაში ხომ არ დაიღალნენ ლოდინით? ხომ არ დაასკვნეს, რომ უაზროდ ფლანგავდნენ დროს და ხომ არ ფიქრობდნენ, რომ იესოს სიტყვები მომავალ თაობას ეხებოდა და არა მათს? ახ. წ. 66 წელს იესოს წინასწარმეტყველების შესრულება დაიწყო — რომაელთა ჯარებმა იერუსალიმს ალყა შემოარტყა. ვინც ფხიზლობდა, მიხვდა, რომ ეს ნიშანი იყო და ქალაქიდან გაიქცნენ. ამან კი იერუსალიმის განადგურებისას ისინი დაღუპვისგან იხსნა.

იგავი სიფხიზლის აუცილებლობის შესახებ

9, 10. ა) როგორ შეაჯამებდით იესოს იგავს მონების შესახებ, რომლებიც თავიანთი ბატონის ქორწილიდან დაბრუნებას ელოდნენ? ბ) რატომ შეიძლება მონებისთვის თავიანთი ბატონის მოლოდინი ძნელი ყოფილიყო? გ) რატომ იქნებოდა მონებისთვის სასარგებლო მოთმინების გამოვლენა?

9 სიფხიზლის აუცილებლობაზე ყურადღების გასამახვილებლად იესომ თავისი მოწაფეები შეადარა მონებს, რომლებიც თავისი ქორწილიდან ბატონის დაბრუნებას ელოდნენ. მათ იცოდნენ, რომელ ღამეს დაბრუნდებოდა ბატონი, მაგრამ რომელ საათზე? ღამის პირველი გუშაგობისას? მეორე გუშაგობისას? ან იქნებ მესამის დროს? მათ ეს არ იცოდნენ. იესომ თქვა: „თუ [ბატონი] მეორე ან მესამე გუშაგობისას მოვა და ასე [ფხიზლად] ნახავს, ნეტარ არიან ის მონები“ (ლუკა 12:35—38). წარმოიდგინეთ ამ მონების მოლოდინი. ყოველი ჩქამი, ნებისმიერი შუქ-ჩრდილის გაელვება მათ მოლოდინს აძლიერებდა, ნეტავ ჩვენი ბატონი ხომ არ არისო?

10 რა მოხდებოდა, ბატონი ღამის მეორე გუშაგობისას რომ გამოჩენილიყო? (ღამის მეორე გუშაგობა დაახლოებით საღამოს 9 საათიდან შუაღამემდე გრძელდებოდა). ყველა მონა, ალიონიდანვე თავდაუზოგავად მომუშავეების ჩათვლით, მზად იქნებოდა თუ არა ბატონთან დაუყოვნებლივ შესახვედრად, თუ რომელიმეს ჩაეძინებდა? და რა, თუ ბატონი ღამის მესამე გუშაგობისას მოვიდოდა? (ეს პერიოდი შუაღამიდან დაახლოებით დილის სამ საათამდე გრძელდებოდა). ხომ არ განელებია ზოგ მათგანს ენთუზიაზმი ან ხომ არ გაღიზიანებულა კიდეც ბატონის მოჩვენებითი დაგვიანების გამო? * მხოლოდ ისინი გამოცხადდებოდნენ ნეტარად, რომლებიც ბატონის მოსვლისას ფხიზლად იქნებოდნენ. მათ ნამდვილად შეეხებოდათ იგავნის 13:12-ში ჩაწერილი სიტყვები: „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს, სიცოცხლის ხე კი ამხდარი ოცნებაა“.

11. როგორ შეუძლია ლოცვას, სიფხიზლის შენარჩუნებაში დაგვეხმაროს?

11 მოჩვენებითი დაგვიანების განმავლობაში, რა დაეხმარებოდა იესოს მიმდევრებს სიფხიზლის შენარჩუნებაში? გეთსიმანიის ბაღში, დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე, იესომ სამ მოციქულს უთხრა: „იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში“ (მათე 26:41). წლების შემდეგ, პეტრემ, რომელიც იმ შემთხვევის მოწმე იყო, მსგავსი რჩევა მისცა თანაქრისტიანებს: „ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია. ამიტომ იყავით გონიერნი და ფხიზელნი ლოცვაში“ (1 პეტრე 4:7). ცხადია, მხურვალე ლოცვა ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს. მართლაც, იეჰოვას გამუდმებით უნდა ვევედროთ, რომ სიფხიზლის შენარჩუნებაში დაგვეხმაროს (რომაელთა 12:12; 1 თესალონიკელთა 5:17).

12. რა განსხვავებაა ვარაუდებსა და სიფხიზლეს შორის?

12 შენიშნეთ, პეტრემ ისიც აღნიშნა, რომ „ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია“. რამდენად არის მოახლოებული? ადამიანები ვერანაირად გამოთვლიან ზუსტ დღესა და საათს (მათე 24:36). მაგრამ არსებობს განსხვავება ვარაუდებზე გადაყოლასა და აღსასრულის მოლოდინში ყოფნას შორის. ამათგან, ბიბლია მეორისკენ მოგვიწოდებს, პირველს კი არ იწონებს (შეადარეთ 2 ტიმოთე 4:3, 4; ტიტე 3:9). რა არის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც დაგვეხმარება აღსასრულის მოლოდინში? ეს არის იმ მტკიცებებისთვის ყურადღების მიპყრობა, რომლებიც ცხადყოფს, რომ ახლოა აღსასრული. ამიტომ განვიხილოთ ექვსი მტკიცება, რომლებიც ადასტურებს, რომ ამ უღვთო წუთისოფლის უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ.

ექვსი დამაჯერებელი მტკიცება

13. როგორ გარწმუნებთ პავლეს მიერ მე-2 ტიმოთეს მე-3 თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ?

13 პირველი: ჩვენ აშკარად ვხედავთ ‘უკანასკნელი დღეების’ შესახებ პავლე მოციქულის წინასწარმეტყველების შესრულებას. მოციქული წერდა: „უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა, რომელთაც ღვთისმოსაობის სახე აქვთ, მის ძალას კი უარყოფენ. ასეთებს ერიდე. ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ უარესისაკენ, სხვებსაც აცდენენ და თავადაც ცდუნებაში იქნებიან“ (2 ტიმოთე 3:1—5, 13). განა არ ვხედავთ ამ წინასწარმეტყველების შესრულებას? ამის უარყოფა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც ფაქტებს უგულებელყოფს! *

14. როგორ სრულდება დღეს ეშმაკთან დაკავშირებით გამოცხადების 12:9-ში მოცემული სიტყვები და რა მოუვა მალე სატანას?

14 მეორე: ჩვენ ვხედავთ იმის შედეგებს, რომლებიც სატანისა და მისი დემონების ზეციდან გადმოყრას მოჰყვა. ეს გამოცხადების 12:9-ში მოცემული წინასწარმეტყველების შესრულებაა: „გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად“. ამას დედამიწაზე დიდი „ვაი“ უნდა მოჰყოლოდა. მართლაც, კაცობრიობას, განსაკუთრებით 1914 წლიდან, ბევრი „ვაი“ დაატყდა თავს. მაგრამ გამოცხადებაში მოცემულ წინასწარმეტყველებაში დედამიწაზე ეშმაკის გადმოგდების შესახებ ინფორმაციის მოწოდების გარდა სატანაზე ნათქვამია: „იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12). ამ პერიოდის განმავლობაში სატანა ქრისტეს ცხებულ მიმდევრებს ებრძვის (გამოცხადება 12:17). დღეს აშკარად ვხედავთ მისი შემოტევის შედეგებს *. მაგრამ მალე სატანა უფსკრულში იქნება დამწყვდეული, რათა „აღარ აცდუნოს ერები“ (გამოცხადება 20:1—3).

15. როგორ გვაწვდის გამოცხადების 17:9—11 იმის მტკიცებას, რომ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ?

15 მესამე: ჩვენ ვცხოვრობთ გამოცხადების 17:9—11-ში ნაწინასწარმეტყველები მერვე და საბოლოო ‘მეფის’ მმართველობის დროს. აქ მოციქულ იოანეს მოხსენიებული ჰყავს შვიდი მეფე, რომლებიც შვიდ მსოფლიო მპყრობელს წარმოადგენენ: ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი, მიდია-სპარსეთი, საბერძნეთი, რომი და ინგლის-ამერიკა ანუ ორი ქვეყნისგან შემდგარი მსოფლიო მპყრობელი. მოციქული აგრეთვე ხედავს ‘მერვე მეფეს’, რომელიც ‘შვიდთა რიცხვიდანაა’. ეს მერვე მეფე — იოანეს ხილვაში უკანასკნელი მეფე — გაერთიანებული ერების ორგანიზაციითაა წარმოდგენილი. იოანე ამბობს, რომ მერვე მეფე „დასაღუპად მიდის“, შემდეგ კი არავითარი მიწიერი მეფე აღარ არის მოხსენიებული *.

16. როგორ ცხადყოფს ფაქტები — რითაც სრულდება ნაბუქოდონოსორის სიზმარი კერპის შესახებ — რომ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ?

16 მეოთხე: ჩვენ იმ პერიოდში ვცხოვრობთ, რომელიც ნაბუქოდონოსორის სიზმარში ნანახ კერპში სიმბოლურად ფეხებით იყო წარმოდგენილი. წინასწარმეტყველმა დანიელმა ახსნა ადამიანის ფორმის მქონე უზარმაზარი კერპის შესახებ იდუმალებით მოცული ეს სიზმარი (დანიელი 2:36—43). კერპი ოთხნაირი ლითონისგან შედგება, რითაც სხვადასხვა მსოფლიო მპყრობელია წარმოდგენილი. იწყება თავით (ბაბილონის იმპერია) და მთავრდება ფეხებითა და ფეხის თითებით (თანამედროვე მთავრობები). იმ კერპით წარმოდგენილი თითოეული მსოფლიო მპყრობელი უკვე გამოჩნდა. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელიც სიმბოლურად იმ კერპის ფეხებით არის ნაჩვენები. არსად არის მოხსენიებული სხვა მპყრობელი, რომელიც შემდეგ უნდა მოსულიყო *.

17. როგორ ამტკიცებს კიდევ ერთხელ სამეფოს შესახებ ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა, რომ უკანასკნელი ჟამის განმავლობაში, ვცხოვრობთ?

17 მეხუთე: ვხედავთ, რომ მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს ქადაგება, რაც იესოს სიტყვების თანახმად, ამ სისტემის აღსასრულის წინა პერიოდში მოხდებოდა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14). დღეს ამ წინასწარმეტყველების შესრულება არნახული მასშატაბებით მიმდინარეობს. მართალია, ჯერ კიდევ არის ტერიტორიები, რომელთაც ეს არ შეხებია, მაგრამ შეიძლება იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს გაიხსნას ფართო კარი, რაც ბევრად უფრო გაააქტიურებს სამქადაგებლო საქმიანობას (1 კორინთელთა 16:9). და მაინც, ბიბლიაში ნათქვამი არ არის, რომ იეჰოვა მოიცდის მანამდე, სანამ დედამიწის თითოეულ მცხოვრებს პირადად უქადაგებენ. უფრო სწორად, კეთილი ცნობის ქადაგება გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იეჰოვას სურს. შემდეგ კი აღსასრული დადგება (შეადარეთ მათე 10:23).

18. როგორც ჩანს, რა გამართლდება ზოგ ცხებულზე დიდი გასაჭირის დაწყებისას და როგორ შეიძლება ეს განისაზღვროს?

18 მეექვსე: ქრისტეს ჭეშმარიტ ცხებულ მოწაფეთა რაოდენობა კლებულობს, თუმცა ზოგი მათგანი, როგორც ჩანს, ‘დიდი გასაჭირის’ დასაწყისისას დედამიწაზე იქნება. დარჩენილი ნაწილის წარმომადგენლების უმეტესობა საკმაოდ ხანდაზმულია და წლების გასვლასთან ერთად ნამდვილ ცხებულთა რიცხვი უფრო და უფრო მცირდება. მაგრამ დიდი გასაჭირის შესახებ იესომ თქვა: „ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ძე ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები“ (მათე 24:21, 22). როგორც ჩანს, დიდი გასაჭირის დასაწყისისას ზოგი ‘რჩეული’ ჯერ კიდევ დედამიწაზე იქნება *.

რა გველის წინ?

19, 20. რატომ არის დღეს უფრო მეტად აუცილებელი სიფხიზლის შენარჩუნება, ვიდრე ოდესმე?

19 რას გვიმზადებს მომავალი? წინ აღმაფრთოვანებელი მოვლენები გველის. პავლე იძლევა გაფრთხილებას: „უფლის დღე ღამით ქურდივით მოვა“. წუთისოფლის ბრძენთა შესახებ მოციქული წერდა: „როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება“. ამიტომ პავლე თავის მკითხველებს მოუწოდებს: „ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თესალონიკელთა 5:2, 3, 6). მართლაც, ისინი, რომლებიც ადამიანთა ორგანიზაციებისგან მოელიან მშვიდობასა და უსაფრთხოებას, რეალობას უგულებელყოფენ. ასეთები ძილქუშში არიან!

20 ამ სისტემის აღსასრული საოცრად მოულოდნელად მოვა. ამიტომ ელოდეთ იეჰოვას დღეს. ღმერთმა აბაკუმს უთხრა: „[ის] არ დაბრკოლდება“! მართლაც, დღეს ყველაზე მეტად არის საჭირო სიფხიზლე.

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 ბატონს მონებისთვის არ უთქვამს, რომელ საათზე დაბრუნდებოდა. ის ვალდებული არ იყო, მონებისთვის თავისი მოსვლისა და წასვლის შესახებ ანგარიში ჩაებარებინა და არც თავისი მოჩვენებითი დაგვიანების მიზეზები აეხსნა.

^ აბზ. 13 ამ წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ცნობები შეგიძლიათ იხილოთ წიგნის „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ მე-11 თავში; გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

^ აბზ. 14 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“ (ინგლ.) 180--186 გვერდები; გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

^ აბზ. 15 იხილეთ „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“, გვერდები 251—254.

^ აბზ. 16 იხილეთ წიგნის „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“ მე-4 თავი. გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

^ აბზ. 18 ცხვრებისა და თხების შესახებ იგავში ძე კაცისა დიდებით მოდის დიდი გასაჭირის დროს და განსაკითხავად ჯდება. ის ადამიანებს იმის საფუძველზე განსჯის, აღმოუჩინეს თუ არა ქრისტეს ცხებულ ძმებს დახმარება. ასეთ საფუძველზე განსჯას აზრი არ ექნებოდა, თუ განკითხვის დროს ქრისტეს ყველა ცხებულ ძმას დედამიწაზე ცხოვრება კარგა ხნის წინათ ექნებოდა დასრულებული (მათე 25:31—46).

შეგიძლიათ ახსნათ?

• რომელი ბიბლიური მაგალითები დაგვეხმარება სიფხიზლის შენარჩუნებაში?

• როგორ ცხადყო იესომ თვალსაჩინოდ სიფხიზლის აუცილებლობა?

• მოიყვანეთ იმის ექვსი დამამტკიცებელი ფაქტი, რომ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ.

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 9 გვერდზე]

ა. ჰ. მაკმილანი იეჰოვას დაახლოებით ექვსი ათეული წელი ემსახურებოდა ერთგულად.

[სურათი 10 გვერდზე]

იესომ თავისი მოწაფეები შეადარა მონებს, რომლებიც ფხიზლობდნენ.