არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვაა ჩემი მფარველი და ძალა

იეჰოვაა ჩემი მფარველი და ძალა

ბიოგრაფია

იეჰოვაა ჩემი მფარველი და ძალა

მოგვითხრო მარსელ ფილტოუმ

„თუ მასზე გათხოვდები, აუცილებლად ციხეში მოხვდები“.

ასე ეუბნებოდნენ ჩემს საცოლეს. ნება მომეცით, მოგითხროთ, რატომ ამბობდნენ ასეთ რამეს.

როდესაც დავიბადე (1927 წელი), კვებეკში (კანადის პროვინცია) კათოლიციზმი ბატონობდა. დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ სესილი დუეფიურმა, სრული დროით მსახურმა იეჰოვას მოწმემ, დაიწყო მოსვლა ჩვენთან, ქალაქ მონრეალში. მას ჩვენი მეზობლები ხშირად ემუქრებოდნენ ამის გამო. ბიბლიური ცნობის ქადაგებისთვის ის ბევრჯერ დააპატიმრეს და შეურაცხყვეს კიდეც. ასე რომ, ჩვენ მალე დავინახეთ იესოს სიტყვების ჭეშმარიტება: „მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო“ (მათე 24:9).

იმ დროს ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა ფრანგულ-კანადური ოჯახის მიერ კათოლიკური რელიგიის მიტოვება. თუმცა ჩემი მშობლები არასოდეს გამხდარან იეჰოვას მონათლული მოწმეები, მათ მაშინვე დაასკვნეს, რომ კათოლიკური ეკლესიის მოძღვრება ბიბლიასთან არ იყო შეთანხმებული. ასე რომ, ისინი რვავე შვილს გვირჩევდნენ, წაგვეკითხა მოწმეების მიერ გამოცემული ლიტერატურა და ხელსაც გვიწყობდნენ იმათ, რომლებმაც ბიბლიური ჭეშმარიტების გზა ავირჩიეთ.

სიმტკიცე ძნელბედობის ჟამს

1942 წელს, როდესაც ჯერ კიდევ სკოლაში დავდიოდი, ბიბლიის შესწავლის ძლიერი სურვილი გამიჩნდა. იმ დროს კანადაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალული იყო, რადგან ისინი ადრინდელი ქრისტიანების მაგალითს მიჰყვებოდნენ და არ მონაწილეობდნენ ერებს შორის გაჩაღებულ ომებში (ესაია 2:4; მათე 26:52). ჩემი უფროსი ძმა, როლანდი, შრომა-გასწორების კოლონიაში გააგზავნეს, რადგან მსოფლიო ომის დროს, რომელიც მაშინ მძვინვარებდა, ჯარში წასვლაზე უარი განაცხადა.

იმავე პერიოდში მამაჩემმა ფრანგულ ენაზე გამოცემული წიგნი მომცა, რომელშიც აღწერილი იყო იეჰოვას გერმანელი მოწმეების ტანჯვა-წამება ადოლფ ჰიტლერის სამხედრო კამპანიაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის გამო *. ძალიან მინდოდა, უმწიკვლობის ასეთი გაბედული მაგალითებისთვის მიმებაძა და იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე დასწრება დავიწყე, რომლებიც კერძო სახლში ტარდებოდა. მალე სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად მიმიწვიეს. თუმცა კარგად მესმოდა, რომ შეიძლებოდა დავეპატიმრებინე და ციხეში ჩავესვი, დავთანხმდი.

ლოცვაში ღმერთს სიმტკიცე ვთხოვე და პირველ კარზე დავაკაკუნე. კარი თავაზიანმა მანდილოსანმა გააღო და თავის წარდგენის შემდეგ წავუკითხე მე-2 ტიმოთეს 3:16-იდან შემდეგი სიტყვები: „მთელი წერილი ღვთივსულიერია“.

— გაინტერესებთ უფრო მეტის გაგება ბიბლიის შესახებ? — ვკითხე მე.

— კი, მაინტერესებს, — მიპასუხა მან.

მე დავპირდი რომ, მივუყვანდი მეგობარს, რომელმაც ჩემზე უკეთ იცოდა ბიბლია. ჩემი სიტყვა მომდევნო კვირასვე შევასრულე. ამ პირველი შემთხვევის შემდეგ თავს უფრო დაჯერებულად ვგრძნობდი და მივხვდი, რომ მსახურება მხოლოდ საკუთარი ძალით არ შეგვეძლო. როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, ამას იეჰოვას დახმარებით ვაკეთებთ. მართლაცდა, მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ‘აღმატებული ძლიერება ღვთისა[ა], და არა ჩვენი’ (2 კორინთელთა 4:7).

მას შემდეგ სამქადაგებლო საქმიანობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, რასაც თან სდევდა დაპატიმრებები და ციხეში ჩასმა. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ჩემს საცოლეს უთხრეს „თუ მასზე გათხოვდები, აუცილებლად ციხეში მოხვდები!“. თუმცა ასეთი შემთხვევების ატანა არცთუ ისე ძნელი იყო. ციხეში ღამის გატარების შემდეგ, ჩვეულებრივ, ერთ-ერთ თანაქრისტიან მოწმეს თავდებით გამოვყავდით იქიდან.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები

1943 წელს იეჰოვას მივუძღვენი თავი და ამის ნიშნად წყალში მოვინათლე. შემდეგ, 1944 წლის აგვისტოში, პირველად დავესწარი დიდ კონგრესს ბუფალოში (ნიუ-იორკი, აშშ), რომელიც კანადის საზღვართან ახლოს მდებარეობს. კონგრესს 25 000 ადამიანი ესწრებოდა და ამ კონგრესის პროგრამამ უფრო გამიძლიერა პიონერად მსახურების სურვილი (ასე ჰქვია იეჰოვას სრული დროით მომსახურე მოწმეებს). 1945 წლის მაისში იეჰოვას მოწმეების საქმიანობაზე აკრძალვა მოიხსნა და მომდევნო თვესვე დავიწყე პიონერად მსახურება.

რაც უფრო მეტად ვიღებდი მონაწილეობას სამქადაგებლო მსახურებაში, მით უფრო ხშირი სტუმარი ვიყავი საპატიმროშიც. ერთხელ მე და მაიკ მილერი, დიდი ხნის მანძილზე იეჰოვას ერთგული მსახური, ერთ საკანში მოგვათავსეს. ჩვენ ცემენტის იატაკზე დავსხედით და ლაპარაკი დავიწყეთ. სულიერ თემაზე ამ აღმშენებლობითმა საუბარმა დიდად გამაძლიერა. მოულოდნელად ასეთმა აზრმა გამიელვა „რა საშინელება იქნებოდა, ჩვენს შორის გაუგებრობა რომ ყოფილიყო და არ გვესაუბრა?“. ამ ძვირფას ძმასთან საპყრობილეში გატარებულმა დრომ შესანიშნავი რამ მასწავლა — ჩვენ გვჭირდება ძმები და ამიტომ შემწყნარებლები და გულკეთილები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. სხვაგვარად, როგორც მოციქულმა პავლემ დაწერა: „თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ“ (გალატელთა 5:15).

1945 წლის სექტემბერში სამუშაოდ მიმიწვიეს კანადაში არსებულ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალში (რომელსაც ბეთელს ვეძახით). აქ სულიერი პროგრამა მართლაც აღმშენებლობითი და რწმენის განმამტკიცებელი იყო. მომდევნო წელს დანიშნულება მივიღე, მემუშავა ბეთელის ფერმაში, რომელიც ფილიალის ჩრდილოეთით 40 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ახალგაზრდა ენი ვოლინეკთან მარწყვის კრეფისას მხოლოდ მისი ფიზიკური სილამაზე კი არ შევამჩნიე, არამედ იეჰოვასადმი მისი სიყვარული და გულმოდგინებაც. მე და ენის ერთმანეთი შეგვიყვარდა და 1947 წლის იანვარში დავქორწინდით.

მომდევნო ორ-ნახევარი წლის განმავლობაში ლონდონში (ონტარიო) ვმსახურობდით პიონერებად, მერე კი კეიპ-ბრეტონიის კუნძულზე კრების ჩამოყალიბებაში ვეხმარებოდით. შემდეგ, 1949 წელს, „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მე-14 კლასში მიგვიწვიეს, სადაც მისიონერებად მოგვამზადეს.

მისიონერული მსახურება კვებეკში

გალაადის სკოლის წინა კლასების კურსდამთავრებულებს დანიშნულება კვებეკში ჰქონდათ მიღებული, რათა სამქადაგებლო საქმიანობისთვის გზა გაეკვალათ. 1950 წელს მე-14 კლასის სხვა 25 კურსდამთავრებულთან ერთად ჩვენც შევუერთდით მათ. მისიონერული მსახურების გაფართოებას, რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლების წაქეზებით, გაძლიერებული დევნა და ძალადობა მოჰყვა.

ჩვენი ახალი დანიშნულების ადგილზე, ქალაქ როუინში, ჩასვლიდან ორი დღის შემდეგ ენი დააკავეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს. ეს მისთვის პირველი შემთხვევა იყო, რადგან ის მანიტობას პროვინციის (კანადა) პატარა სოფლიდან იყო, სადაც ძალიან იშვიათად ხედავდა პოლიციელებს. ბუნებრივია, მას შეეშინდა და ეს სიტყვებიც გაახსენდა „თუ მასზე გათხოვდები, აუცილებლად ციხეში მოხვდები“. მაგრამ სანამ წავიდოდნენ, მეც მიპოვეს და მასთან ერთად ჩამსვეს მანქანაში. „როგორ მიხარია შენი ნახვა!“ — წამოიძახა ენიმ. მაგრამ ამავე დროს ძალიან მშვიდად იყო და აღნიშნა: „რას ვიზამთ, ასევე ექცეოდნენ მოციქულებს იესოს შესახებ ქადაგების გამო“ (საქმეები 4:1—3; 5:17, 18). მოგვიანებით, ამავე დღეს თავდებით გაგვათავისუფლეს.

ამ შემთხვევიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, მონრეალში ჩვენი ახალი დანიშნულების დროს კარდაკარ მსახურებისას, ქუჩაში აურზაურის ხმა შემომესმა და დავინახე, გაშმაგებული ბრბო ქვებს ისროდა. ენისა და იმ დის დასახმარებლად გავეშურე, რომელიც მასთან ერთად ქადაგებდა, და ამასობაში პოლიციაც მოვიდა. ბრბოს წევრების დაპატიმრების ნაცვლად, პოლიციამ ენი და მისი ამხანაგი დააპატიმრა! ციხეში ყოფნისას ენიმ ამ ახალმონათლულ მოწმეს შეახსენა, რომ მათზე სრულდებოდა იესოს სიტყვები: „ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო“ (მათე 10:22).

ერთხელ კვებეკში ერთდროულად დაახლოებით 1 700 სასამართლო საქმე იყო აღძრული იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ. უმეტეს შემთხვევაში ბრალს ანტისამთავრობო ან ულიცენზიო ლიტერატურის გავრცელებაში გვდებდნენ. ამის შედეგად, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ იურიდიულმა განყოფილებამ კვებეკის მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში აღძრა საქმე. მრავალი წლის იურიდიული ბრძოლის შემდეგ იეჰოვამ ორი დიდი გამარჯვება მოგვცა კანადის უზენაეს სასამართლოში. 1950 წლის დეკემბერში მოგვეხსნა ის ბრალდება, რომ ჩვენი ლიტერატურა ანტისამთავრობო იყო და 1953 წლის ოქტომბერში ლიცენზიის გარეშე ლიტერატურის გავრცელების ჩვენს უფლებას მხარი დაუჭირეს. ამრიგად, ძალიან ნათლად დავინახეთ, როგორ არის იეჰოვა ნამდვილად „მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად“ (ფსალმუნები 45:2).

აღსანიშნავია, რომ კვებეკში 1945 წელს, როდესაც პიონერობა დავიწყე, მოწმეების რიცხვი 356-იდან დღეისათვის 24 000-მდე გაიზარდა! მართლაცდა, ყველაფერი სწორედ ისე მოხდა, როგორც ბიბლიურ წინასწარმეტყველებაშია: „ყოველი იარაღი, შენს წინააღმდეგ გამოჭედილი, გაცუდდება და ყოველ ენას, შენს წინააღმდეგ აღმდგარს სამსჯავროზე, გაამტყუნებ“ (ესაია 54:17).

ჩვენი მსახურება საფრანგეთში

1959 წლის სექტემბერში ენი და მე მიგვიწვიეს პარიზის ბეთელში (საფრანგეთი), სადაც სტამბის ზედამხედველად უნდა მემუშავა. 1960 წლის იანვარში ჩვენს იქ ჩასვლამდე საზოგადოების ლიტერატურა კომერციულ ფირმაში იბეჭდებოდა. რადგან „საგუშაგო კოშკი“ საფრანგეთში აკრძალული იყო, ამ ჟურნალს ყოველთვიურად 64-გვერდიანი ბუკლეტის სახით გამოვცემდით. ამ ბუკლეტის სახელწოდება იყო „იეჰოვას მოწმეთა შიდა ბიულეტენი“, და შეიცავდა იმ სასწავლო სტატიებს, რომლებსაც თვის განმავლობაში შეხვედრებზე განვიხილავდით. 1960 წლიდან 1967 წლამდე საფრანგეთში სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეთა რიცხვი 15 439-დან 26 250-მდე გაიზარდა.

ბოლოს მისიონერთა უმეტესობა სხვა ადგილებში გააგზავნეს — ზოგი აფრიკის ფრანგულენოვან ქვეყნებში, სხვები კი კვებეკში დააბრუნეს. რადგან ენი თავს კარგად ვერ გრძნობდა და ოპერაცია სჭირდებოდა, ჩვენ კვებეკში დავბრუნდით. სამწლიანი მკურნალობის შემდეგ ენი მომჯობინდა, რის შემდეგაც სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს, რათა ყოველკვირა მომენახულებინა და სულიერად გამემხნევებინა სხვადასხვა კრება.

მისიონერად მსახურება აფრიკაში

რამდენიმე წლის შემდეგ, 1981 წელს, ახალი დანიშნულების მიღებამ ძალიან გაგვახარა. მისიონერებად უნდა გვემსახურა ზაირში (ახლანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა). აქ ხალხი ღარიბი იყო და უამრავი სიდუხჭირით იტანჯებოდა. როდესაც ჩავედით, იქ 25 753 მოწმე იყო, მაგრამ დღეისათვის მათმა რიცხვმა 113 000-სს გადააჭარბა. 1999 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს კი 446 362 პიროვნება დაესწრო!

1984 წელს მთავრობისგან დაახლოებით 200 ჰექტარი მიწა შევისყიდეთ ფილიალის ახალი შენობების ასაშენებლად. 1985 წლის დეკემბერში დედაქალაქ კინშასაში საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა, რომელსაც დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 32 000 დელეგატი დაესწრო. ამის შემდეგ ზაირში სასულიერო პირების წაქეზებით გამოწვეულმა წინააღმდეგობამ ჩვენი საქმიანობა დააბრკოლა. 1986 წლის 12 მარტს პასუხისმგებელმა ძმებმა მიიღეს წერილი, რომელშიც მოხსენიებული იყო, რომ იეჰოვას მოწმეთა ზაირის გაერთიანება უკანონოდ სცნეს. ჩვენი ყოველგვარი საქმიანობის აკრძალვა მაშინდელი პრეზიდენტის, მობუტუ სესე სეკოს, თანხმობით მოხდა.

საქმის ასეთი მოულოდნელი განვითარების გამო ბიბლიის რჩევისამებრ მოვიქეცით: „გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს“ (იგავნი 22:3). მოვნახეთ გზები, რომელთა საშუალებითაც ქვეყნის გარედან ვიღებდით ქაღალდს, საღებავს, ფოტოფირებს, საბეჭდ ფორმებს, ქიმიკატებს, ჩვენი ლიტერატურა რომ გამოგვეცა კინშასაში. აგრეთვე ჩამოვაყალიბეთ გამანაწილებელი ქსელი. რადგანაც ყველაფერი ორგანიზებულად გვქონდა, ჩვენი სისტემა სახელმწიფო საფოსტო სამსახურზე უკეთ მუშაობდა!

ათასობით მოწმე იქნა დაპატიმრებული და მრავალი მხეცურად აწამეს. მიუხედავად ამისა, მცირე გამონაკლისის გარდა, მათ გაუძლეს ასეთ წინააღმდეგობას და შეინარჩუნეს თავიანთი ერთგულება. მეც დამაპატიმრეს და ვნახე, რა საშინელ მდგომარეობაში იყვნენ ძმები საპყრობილეში. ბევრჯერ ვიყავით ყოველმხრივ შევიწროებული საიდუმლო პოლიციისა და ხელისუფლების მიერ, მაგრამ იეჰოვა ყოველთვის გვაძლევდა გამოსავალს (2 კორინთელთა 4:8).

ერთი კომერსანტის საწყობში დაახლოებით 3 000 ყუთი ლიტერატურა გვქონდა დამალული. მაგრამ ერთხელ მისმა ერთმა მუშამ ამის შესახებ საიდუმლო პოლიციას შეატყობინა და მათი კომერსანტი დააპატიმრეს. როდესაც ციხეში მიჰყავდათ, მანქანით მიმავალს შემთხვევით გადამეყარნენ. კომერსანტმა უთხრა მათ, რომ მე ვიყავი ის, ვინც მას ლიტერატურის დასაწყობად საწყობის გამოყენებაზე მოურიგდა. პოლიციამ გამაჩერა და მკითხა, მართალი იყო თუ არა, რომ მე დავაწყვე აკრძალული ლიტერატურა ამ კაცის საწყობში.

— გაქვთ იმ ლიტერატურიდან რომელიმე წიგნი? — ვკითხე მე.

— რა თქმა უნდა, გვაქვს, — მიპასუხეს მათ.

— შეიძლება ვნახო? — შევეკითხე მე.

მათ მომცეს ერთი ეგზემპლარი და გადავუშალე შიდა გვერდზე, სადაც ეწერა: «გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში».

„ეს წიგნი, რომელიც ხელში გიჭირავთ, ამერიკის ქონებაა და არა ზაირის“, — შევახსენე მე. — თქვენმა მთავრობამ იეჰოვას მოწმეების იურიდიული კორპორაცია ზაირში აკრძალა და არა საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასე რომ, ფრთხილად მოეპყარით ამ ლიტერატურას“.

გამიშვეს, რადგან ჩემი დაპატიმრების ორდერი არ ჰქონდათ. იმ ღამესვე ორი სატვირთო მანქანა მივიყვანეთ საწყობთან და ლიტერატურა მთლიანად წამოვიღეთ. მეორე დღეს მთავრობის წარმომადგენლებს საწყობი ცარიელი დახვდათ და ძალიან გაბრაზდნენ. მას შემდეგ მე დამიწყეს ძებნა, რადგან უკვე ჰქონდათ ჩემი დაპატიმრების ორდერი. მიპოვეს და, რადგანაც თვითონ მანქანა არ ჰყავდათ, ჩემი მანქანით წავედი ციხეში! მანქანა რომ არ წაერთმიათ, ერთი მოწმე გამომყვა მის წამოსაყვანად.

რვა საათიანი დაკითხვის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ ქვეყანა უნდა დამეტოვებინა. მაგრამ მე ვაჩვენე მთავრობიდან მიღებული წერილის ფოტოპირი, რომლის მიხედვითაც უფლება მქონდა, ქვეყანაში დავრჩენილიყავი მანამ, სანამ ლიკვიდაციას გავუკეთებდი ამჟამად აკრძალულ იეჰოვას მოწმეთა ზაირის გაერთიანების საკუთრებას. ამიტომ საშუალება მომეცა, გამეგრძელებინა ბეთელში მსახურება.

ოთხი წლის განმავლობაში ზაირში ჩვენს საქმიანობაზე აკრძალვის დროს სიძნელეებით აღსავსე მსახურების შემდეგ სისხლის დენით გართულებული კუჭის მწვავე წყლული დამემართა. გადაწყდა, რომ სამკურნალოდ სამხრეთ აფრიკაში უნდა გავმგზავრებულიყავი, სადაც ფილიალმა კარგად იზრუნა ჩემზე და გამოვჯანმრთელდი. ზაირში რვა წლის მსახურების შემდეგ, რაც ჩვენი მსახურების ნამდვილად დაუვიწყარი და ბედნიერი წლები იყო, 1989 წელს სამხრეთ აფრიკის ფილიალში გადავედით. 1998 წელს კი სამშობლოში დავბრუნდით და მას შემდეგ კვლავ კანადის ბეთელში ვმსახურობთ.

მადლიერება მსახურებისთვის

როდესაც ვიხსენებ იმ 54 წელს, რომელიც იეჰოვასადმი სრული დროით მსახურებაში გავატარე, მოხარული ვარ, რომ ჩემი ახალგაზრდული ძალ-ღონე იეჰოვასადმი ძვირფას მსახურებას მოვახმარე. თუმცა ენის მრავალი სიძნელის ატანა უხდებოდა, ის კი არ ჩიოდა, არამედ ყოველთვის მხარში მედგა ყველა ჩვენს საქმიანობაში. ჩვენ წილად გვხვდა პატივი, ბევრს დავხმარებოდით იეჰოვას გაცნობაში. მრავალი მათგანი ახლა სრული დროით მსახურობს. რა სასიხარულოა, ნახო ზოგი მათი შვილი და შვილიშვილიც კი ჩვენი დიდებული ღვთის, იეჰოვასადმი, მსახურებაში!

მტკიცედ მწამს, რომ არაფერია ამ წუთისოფელში ისეთი, რაც შეიძლება იეჰოვას მიერ მოცემულ უპირატესობებსა და კურთხევებს შეედაროს. მართალია, ბევრი განსაცდელი გადავიტანეთ, მაგრამ მათ იეჰოვასადმი ჩვენი რწმენა და ნდობა აღაშენეს. მართლაცდა, მან დაამტკიცა, რომ საიმედო სიმაგრე, თავშესაფარი და დამხმარეა, რომელსაც ადვილად იპოვი გაჭირვების ჟამს.

[სქოლიო]

^ აბზ. 10 ეს წიგნი, „ჯვაროსნული ლაშქრობები ქრისტიანობის წინააღმდეგ“, გამოცემული იყო გერმანულ ენაზე. შემდეგ ფრანგულ და პოლონურ ენებზეც ითარგმნა, მაგრამ ინგლისურად არ გამოცემულა.

[სურათები 26 გვერდზე]

პიონერად მსახურება 1947 წელს; მე და ენი დღეს.

[სურათი 29 გვერდზე]

ხალხს, რომელსაც ზაირში შევხვდით, ბიბლიური ჭეშმარიტება უყვარდა.