არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პატარა სხეული, მაგრამ დიდი გული

პატარა სხეული, მაგრამ დიდი გული

პატარა სხეული, მაგრამ დიდი გული

როგორი იქნებოდა თქვენთვის უცხოსთან ღვთის სამეფოს შესახებ საუბარი, სიმაღლით მხოლოდ 76 სანტიმეტრი რომ ყოფილიყავით? ამის შესახებ მოყოლა ლაურას შეუძლია. ის 33 წლისაა; სიმაღლით — 76 სანტიმეტრი. ის და მისი და — 24 წლის, 86 სანტიმეტრი სიმაღლის — მარია კიტოში (ეკვადორი) ცხოვრობენ. მოვუსმინოთ, თუ რა სირთულეებს აწყდებიან დები ქრისტიანულ მსახურებაში.

„სამქადაგებლო უბანსა და ქრისტიანული შეხვედრების ადგილამდე მისასვლელად ავტობუსის გაჩერებამდე ფეხით დაახლოებით ნახევარი კილომეტრის გავლა გვიწევს. შემდეგ მეორე ავტობუსზე გადაჯდომა გვჭირდება, რომლის გაჩერებამდეც ფეხით მეორე ნახევარ კილომეტრს გავდივართ. ჩვენდა საუბედუროდ, გზად ისეთ ადგილებში გვიხდება გავლა, სადაც ხუთი ავი ძაღლია. ეს ძაღლები შიშის ზარს გვცემენ, რადგან ცხენებივით დიდები გვეჩვენება. აუცილებლობის შემთხვევაში მათ მოსაგერიებლად თან ჯოხი დაგვაქვს, რომელსაც სადმე ავტობუსის გაჩერების მახლობლად ვინახავთ ხოლმე. შემდეგ კი ეს ჯოხი უკანა გზაზეც გვიწევს სამსახურს.

ავტობუსის საფეხური ჩვენთვის საკმაოდ მაღალია, ამიტომ საქმის გასაადვილებლად ავტობუსის გაჩერებაზე ტროტუარზე ვდგებით ხოლმე. ზოგი მძღოლი ავტობუსს პირდაპირ ტროტუართან გვიჩერებს, ზოგი — არა. თუ მძღოლი ტროტუართან ახლოს არ მოდის, ჩვენ შორის შედარებით მაღალი დაბალს ეხმარება ასვლაში. მეორე ავტობუსის გაჩერებამდე მისასვლელად საჭიროა, ტრანსპორტით გადატვირთული ავტომაგისტრალი გადავჭრათ, რაც ჩვენი მოკლე ფეხებისთვის საკმაოდ რთული ამოცანაა. ჩვენი აღნაგობის მქონე ადამიანებისთვის არც წიგნების მძიმე ჩანთის ტარებაა ადვილი. ჩანთის შესამსუბუქებლად ჯიბის ბიბლიები დაგვაქვს; აგრეთვე ლიტერატურასაც შეზღუდული რაოდენობით ვატარებთ.

ბავშვობიდანვე ორივე და ძალიან მორცხვები ვიყავით და მეზობლებმა იცოდნენ, რომ უცხოებთან ლაპარაკი ძალიან გვიჭირდა. ამიტომ ისინი სახტად რჩებოდნენ, როდესაც მათ კარებზე ვაკაკუნებდით; ეს მათზე დიდ შთაბეჭდილებასაც ახდენდა და, ჩვეულებრივ, გვისმენდნენ ხოლმე. მაგრამ ჩვენ ყველა არ გვიცნობს. ხალხი ხედავს, რომ ლილიპუტები ვართ და ყოველთვის სერიოზულობით არ ეკიდება ჩვენ მიერ მიწოდებულ ცნობას, რომელიც ნამდვილად რომ საყურადღებოა. მიუხედავად ამისა, იეჰოვას მიერ ჩვენს მიმართ გამოვლენილი სიყვარული ძალას გვაძლევს, განვაგრძოთ ქადაგება. ძალას იგავნის 3:5, 6-ზე ფიქრიც გვმატებს“.

როგორც ლაურასა და მარიამის შემთხვევა გვიჩვენებს, თუ არ ვნებდებით ხელისშემშლელ გარემოებებს — ეს ღმერთს განადიდებს. მოციქული პავლე ლოცვაში ღმერთს ‘სხეულში ეკლის’, შესაძლებელია, რაიმე ფიზიკური უძლურების, მოშორებას სთხოვდა, მაგრამ ღმერთმა უპასუხა: „გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“. დიახ, აუცილებელი არ არის ფიზიკური უძლურების ჩამოშორება, რათა ღვთისადმი მსახურება შევძლოთ. მთლიანად ღმერთზე მინდობა საუკეთესო მოქმედებაში დაგვეხმარება, რადგან ‘სხეულში ეკლის’ მიუხედავად, პავლეს შეეძლო ეთქვა: „როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორინთელთა 12:7, 9, 10). რამდენიმე წლის შემდეგ მოციქული წერდა: „ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში“ (ფილიპელთა 4:13).

დღეს ღმერთი ბოლომდე მისადმი მიძღვნილი მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების მეშვეობით დიდებულ საქმეებს აკეთებს. მრავალი მათგანი ფიზიკურ უძლურებას უჩივის. თუმცა თითოეული იმედოვნებს, რომ ღვთის სამეფო გაათავისუფლებს ამ ტვირთისგან, ისინი არ ელოდებიან, როდის მოაშორებს ღმერთი ამ პრობლემებს, რომ შემდეგ სცადონ მისადმი მსახურება.

თქვენც ხომ არ გაწუხებთ რამე ფიზიკური უძლურება? გამაგრდით! რწმენის გამოვლენის წყალობით შეგიძლიათ პავლეს, ლაურასა და მარიას მსგავს მსახურთა შორის იყოთ. ძველი დროის ერთგული მამაკაცებისა და ქალების მსგავსად, თითოეულ მათგანზე შეიძლება ითქვას, რომ ისინი „ძლიერდებოდნენ უძლურებისაგან“ (ებრაელთა 11:34).

[სურათი 8 გვერდზე]

მარია

ლაურა

[სურათი 9 გვერდზე]

მარია ლაურას ავტობუსში ასვლაში ეხმარება.

[სურათები 9 გვერდზე]

„ძაღლები შიშის ზარს გვცემენ, რადგან ისინი ცხენებივით დიდები გვეჩვენება“.

ქვემოთ: ლაურა და მარია მათთან ერთად, ვისაც ბიბლიას ასწავლიდნენ.