არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ეძიეთ იეჰოვა და ძლიერება მისი“

„ეძიეთ იეჰოვა და ძლიერება მისი“

„ეძიეთ იეჰოვა და ძლიერება მისი“

„უფლის თვალი დაჰყურებს მთელს ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი“ (მეორე ნეშტთა 16:9).

1. რა არის ძალა და როგორ იყენებენ მას ადამიანები?

ძალა შეიძლება ბევრ რამეს ნიშნავდეს. ის შეიძლება სხვებზე ბატონობის, ძალაუფლების ან სხვებზე გავლენის მოსახდენი საშუალება იყოს. ძალა აგრეთვე პიროვნების მოქმედების უნარია; არსებობს ფიზიკური ძალა და სხვა. ისტორია ცხადყოფს, რომ ადამიანები ძალას სათანადოდ არ იყენებდნენ. ისტორიკოსმა ლორდ აკტონმა პოლიტიკოსთა მიერ ძალაუფლების გამოყენების შესახებ თქვა: „ძალაუფლება ხრწნის ადამიანს, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად ხრწნის“. თანამედროვეობის ისტორია აღსავსეა მაგალითებით, რომლებიც ძირითადად ლორდ აკტონის სიტყვების ჭეშმარიტებას ცხადყოფს. მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში „კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). გახრწნილი დიქტატორები ბოროტად იყენებენ თავიანთ ძალას და მილიონების სიცოცხლეს იწირავენ. საშიშია, თუ ძალას სიყვარული, სიბრძნე და სამართლიანობა არ მართავს.

2. განმარტეთ, როგორ გავლენას ახდენს ღვთის სხვა თვისებები მის მიერ ძალის გამოყენებაზე?

2 მრავალი ადამიანისგან განსხვავებით, ღმერთი თავის ძალას ყოველთვის კეთილ საქმეებს ახმარს. „უფლის თვალი დაჰყურებს მთელს ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი“ (მეორე ნეშტთა 16:9). იეჰოვა ყოველთვის აკონტროლებს თავის ძალას. სულგრძელობა ღმერთს ბოროტებისთვის გამოტანილი განაჩენის შესრულებისგან აკავებს, რათა მათ მონანიების შესაძლებლობა მისცეს. სიყვარული აღძრავს, მზე ამოიყვანოს ყველასათვის — როგორც მართალთათვის, ისე უმართლოთათვის. სამართლიანობა უბიძგებს, რომ თავისი უსაზღვრო ძალა სიკვდილზე ხელმწიფების მქონე პიროვნების, სატანა ეშმაკის, გასაქრობად გამოიყენოს (მათე 5:44, 45; ებრაელთა 2:14; 2 პეტრე 3:9).

3. რატომ გვაძლევს ღვთის ყოვლისშემძლე ძალა ღმერთზე მინდობის საფუძველს?

3 ჩვენი ზეციერი მამის მოწიწების შთამნერგავი ძალა იმის საფუძველს გვიქმნის, რომ მივენდოთ ღმერთს და დარწმუნებული ვიყოთ, როგორც მისი დანაპირების შესრულებაში, ისე მის მიერ ჩვენს დაცვაში. პატარა ბავშვი უცხოებს შორის მაშინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, როდესაც მამისთვის ხელი აქვს ჩაჭიდებული, რადგან იცის, რომ მამა ყოველგვარი ზიანისგან დაიცავს. მსგავსად ამისა, ჩვენი ზეციერი მამა არის „ხსნის შემძლებელი“, რომელიც, თუ მასთან ერთად დავდივართ, ყოველგვარი მუდმივი ზიანისგან დაგვიცავს (ესაია 63:1; მიქა 6:8). და როგორც კარგი მამა, იეჰოვა ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს. მისი უსაზღვრო ძალა გარანტიას გვაძლევს, რომ მისი ‘სიტყვა მიაღწევს იმას, რისთვისაც მიავლინა’ (ესაია 55:11; ტიტე 1:2).

4, 5. ა) რა შედეგი მოჰყვა მეფე ასას იეჰოვაზე უყოყმანოდ მინდობას? ბ) რა შეიძლება მოხდეს, თუ პრობლემის გადასაჭრელად ადამიანურ გადაწყვეტილებებს დავენდობით?

4 რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, ვიყოთ გადაწყვეტილებით აღსავსე, არასოდეს გამოგვრჩეს მხედველობიდან დაცვა, რომლითაც ჩვენი ზეციერი მამა უზრუნველგვყოფს? იმიტომ რომ, შესაძლებელია, შექმნილმა სიტუაციამ გვძლიოს და დაგვავიწყდეს, სად შეგვიძლია ნამდვილი უსაფრთხოების პოვნა. ეს კარგად ჩანს მეფე ასას მაგალითიდან, კაცისა, რომელიც, საერთო ჯამში, იეჰოვაზე იყო მინდობილი. ასას მეფობის დროს ეთიოპიელთა მილიონიანი ძლიერი ჯარი იუდას წინააღმდეგ გამოვიდა. ასას მშვენივრად ესმოდა, რომ მტრის ძალა მისას აღემატებოდა და ლოცულობდა: „უფალო, განა შენგან არ არის შეწევნა ძლიერისა და უძლურისა? შეგვეწიე უფალო, ღმერთო ჩვენო, რადგან შენზე ვართ მონდობილნი და შენი სახელით გამოვედით ამ ურდოს წინააღმდეგ. უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩვენი, ვერ გაგიძლოს კაცმა!“ (მეორე ნეშტთა 14:10).იეჰოვამ შეისმინა ასას თხოვნა და სრული გამარჯვება მოაპოვებინა.

5 მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად მსახურების შემდეგ იეჰოვას მხსნელი ძალისადმი ასას რწმენა შეირყა. როდესაც ჩრდილოეთით მდებარე ისრაელის სამეფოს მხრიდან საშიშროება დაემუქრა, მან დახმარებისთვის სირიას მიმართა (მეორე ნეშტთა 16:1—3). მიუხედავად იმისა, რომ სირიის მეფე ბენ–ჰადადისთვის მის მიერ გაგზავნილი საჩუქრების წყალობით იუდას ისრაელის მხრიდან საშიშროება მოეხსნა, ასასა და სირიას შორის კავშირმა იეჰოვასადმი ასას რწმენის უკმარისობა ცხადყო. წინასწარმეტყველმა ხანანმა ჰკითხა: „განა ქუშელთა და ლუბიელთა ლაშქარი დიდი არ იყო, მრავლის უმრავლესი ეტლი და მხედარი არ ჰყავდათ? მაგრამ უფალს რომ იყავი მინდობილი, ამიტომაც ჩაგიგდო ისინი ხელში“ (მეორე ნეშტთა 16:7, 8). მიუხედავად ამისა, ასამ არ მიიღო წინასწარმეტყველის რჩევა (მეორე ნეშტთა 16:9—12). როდესაც სირთულეებს ვაწყდებით, ნუ მივენდობით ადამიანურ გადაწყვეტილებებს, ნაცვლად ამისა, მივენდოთ ღმერთს, რადგან ადამიანურ ძალაზე დანდობა აუცილებლად გაგვიცრუებს იმედებს (ფსალმუნი 145:3—5).

ეძიეთ ძალა, რომელსაც იეჰოვა იძლევა

6. რატომ უნდა ‘ვეძიოთ უფალი და ძლიერება მისი’?

6 იეჰოვას შეუძლია თავის მსახურებს ძალა მისცეს და, ამასთანავე, დაიცვას ისინი. ბიბლია მოგვიწოდებს: „ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი“ (ფსალმუნი 104:4). რატომ? იმიტომ რომ, როდესაც რამეს იეჰოვას ძლიერებით გავაკეთებთ, ჩვენი ძალა არა ზიანის, არამედ სარგებლობის მომტან საქმეებს მოხმარდება. ამის საუკეთესო მაგალითია იესო ქრისტე, რომელმაც ‘უფლის ძალით’ მრავალი სასწაული მოახდინა (ლუკა 5:17). იესოს შეეძლო ქონების დაგროვების, სახელის მოხვეჭის ან ყოვლადძლიერ მეფედ გახდომისთვის ეღვაწა (ლუკა 4:5—7). ნაცვლად ამისა, მან ღვთისგან ბოძებული ძალა სხვების მომზადებასა და სწავლებას, დახმარებასა და განკურნებას მოახმარა (მარკოზი 7:37; იოანე 7:46). რა შესანიშნავი მაგალითია ჩვენთვის!

7. რა მნიშვნელოვან თვისებას ვინვითარებთ, როდესაც იეჰოვას ძალით ვმოქმედებთ და არა საკუთარით?

7 გარდა ამისა, „ღვთის მიერ მინიჭებული ძალით“ მოქმედება თავმდაბლობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება (1 პეტრე 4:11). ადამიანი, რომელიც ეგოისტური მიზნების განსახორციელებლად ძალაუფლებისკენ ისწრაფვის, მეტისმეტად თავდაჯერებული ხდება. ამის თვალსაჩინო მაგალითია ესარხადონი, რომელიც ტრაბახით ამბობდა: „მე ძლიერი ვარ, ყოვლადძლიერი, გმირი, ბუმბერაზი, უბადლო“. ამის საპირისპიროდ, „წუთისოფლის უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი“. ამგვარად, თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი ტრაბახობს, ის ტრაბახობს იეჰოვათი, რადგან იცის, რომ, რასაც აკეთებს, საკუთარი ძალით არ აკეთებს. ‘ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ დამდაბლება’ ჭეშმარიტ ამაღლებას მოგვიტანს (1 კორინთელთა 1:26—31; 1 პეტრე 5:6).

8. რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში იეჰოვასგან ძალის მისაღებად?

8 როგორ ვიღებთ ღვთისგან ძალას? პირველ რიგში, ეს ლოცვით უნდა ვითხოვოთ. იესო თავის მოწაფეებს არწმუნებდა, რომ მამამისი სულიწმიდას მისცემდა მათ, ვინც ითხოვდა (ლუკა 11:10—13). განვიხილოთ, როგორ აღავსო ამან ძალით ქრისტეს მოწაფეები, როდესაც მათ ღვთისადმი მორჩილება ირჩიეს და არა რელიგიური წინამძღოლებისადმი, რომლებმაც იესოს შესახებ ქადაგების შეწყვეტა უბრძანეს. როდესაც მათ დახმარებისათვის ლოცვით იეჰოვას მიმართეს, მათი გულწრფელი ლოცვა შესმენილ იქნა და სულიწმიდამ კეთილი ცნობის გაბედულად ქადაგების გაგრძელების ძალა მისცა (საქმეები 4:19, 20, 29–31, 33).

9. დაასახელეთ სულიერი სიძლიერის მეორე წყარო და მოიყვანეთ ბიბლიური მაგალითი, რომელიც მის ეფექტურობას ცხადყოფს.

9 მეორე, სულიერი ძალის მიღება შეგვიძლია ბიბლიიდან (ებრაელთა 4:12). ღვთის სიტყვის ძალა თვალნათლივ გამოჩნდა მეფე იოშიაჰუს დღეებში. თუმცა იუდას ამ მეფემ გაანადგურა ქვეყანაში წარმართული კერპები, მაგრამ ტაძარში იეჰოვას რჯულის აღმოჩენამ აღძრა, კიდევ უფრო გაეძლიერებინა განწმენდის საქმე *. მას შემდეგ, რაც ხალხს თავად იოშიაჰუმ წაუკითხა რჯული, მთელმა ერმა დადო კავშირი იეჰოვასთან და მაშინვე წამოიწყეს მეორე, უფრო ძლიერი ბრძოლა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ. იოშიაჰუს მიერ გატარებული ღონისძიების შედეგად მის დღეებში ისრაელები „აღარ განდგომიან უფალს“ (მეორე ნეშტთა 34:33).

10. რა არის იეჰოვასგან ძალის მიღების მესამე საშუალება და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

10 მესამე, იეჰოვასგან ძალას ქრისტიანებთან ურთიერთობიდანაც ვიღებთ. პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა, რეგულარულად დასწრებოდნენ კრებებს, რათა „სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის“ წაეხალისებინათ და გაემხნევებინათ ერთმანეთი (ებრაელთა 10:24, 25). როდესაც პეტრე ციხიდან სასწაულებრივად იქნა გათავისუფლებული, ძმებთან ყოფნის სურვილით აღძრული, პირდაპირ მარკოზად წოდებული იოანეს დედის სახლისკენ გაეშურა, სადაც „მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ“ (საქმეები 12:12). რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს შეეძლო სახლში დარჩენილიყო და იქ ელოცა, მაგრამ მათ ერთად ლოცვა არჩიეს და იმ რთული პერიოდის დროს ერთმანეთს ამხნევებდნენ. რომში პავლეს ხანგრძლივი და საშიშროებით აღსავსე მოგზაურობა დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც პუტეოლში რამდენიმე ძმას შეხვდა, ხოლო შემდეგ ძმების სხვა ჯგუფს, რომლებიც მის შესახვედრად გამოვიდნენ. როგორი იყო ამაზე მოციქულის რეაქცია? „ისინი [ბოლოს მოხსენიებული ძმები] რომ დაინახა პავლემ, ღმერთს მადლობა შესწირა და გამხნევდა“ (საქმეები 28:13—15). მას ძალა შეჰმატა თანაქრისტიანებთან მორიგმა შეხვედრამ. ჩვენც შეგვიძლია გავძლიერდეთ თანაქრისტიანებთან შეხვედრით. სანამ თავისუფლება და ერთმანეთთან ურთიერთობის შესაძლებლობა გვაქვს, არ უნდა ვცდილობდეთ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან ვიწრო გზაზე მარტო სიარულს (იგავნი 18:1, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884; მათე 7:14).

11. დაასახელეთ გარკვეული სიტუაციები, როდესაც განსაკუთრებით არის საჭირო „აღმატებული ძლიერება“?

11 რეგულარულად ლოცვით, ღვთის სიტყვის შესწავლითა და თანაქრისტიანებთან ურთიერთობით ჩვენ ‘ვმაგრდებით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით’ (ეფესელთა 6:10). თითოეულ ჩვენგანს აუცილებლად სჭირდება ‘უფლის ძალა’. ზოგს ძალების გამომცლელი დაავადება აწუხებს, სხვები ხანდაზმულობის ან ცხოვრების თანამგზავრის დაკარგვის უძლურდებიან (ფსალმუნი 40:4); არიან ისეთებიც, რომლებიც ურწმუნო მეუღლის წინააღმდეგობას უძლებენ; მშობლებისთვის, განსაკუთრებით მარტოხელებისთვის, შეიძლება რთული იყოს სრულ განაკვეთზე მუშაობა და, ამასთანავე, ბავშვების აღზრდის დამქანცველ პასუხპისმგებლობასთან გამკლავება; მოზარდმა ქრისტიანებმა უნდა გაუძლონ თანატოლების ზეწოლას და უარი თქვან ნარკოტიკებსა და უზნეობაზე. არც ერთი არ უნდა შეყოყმანდეს, რომ მსგავს პრობლემებთან გასამკლავებლად „აღმატებული ძლიერება“ სთხოვოს იეჰოვას (2 კორინთელთა 4:7).

„აღონიერებს დაღლილ–დაქანცულს“

12. როგორ გვიჭერს მხარს იეჰოვა ქრისტიანულ მსახურებაში?

12 გარდა ამისა, იეჰოვა თავის მსახურებს მსახურების დროსაც აძლიერებს. ესაიას წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: „ის აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს . . . უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან“ (ესაია 40:29—31). მოციქულმა პავლემ თავად მიიღო ძალა იმისათვის, რომ ემსახურა. ამის შედეგად კი მისი მსახურება წარმატებული იყო. მოციქული თესალონიკელ ქრისტიანებს სწერდა: „სახარება თქვენდამი არ იყო მხოლოდ სიტყვით, არამედ აგრეთვე ძალით [და] სულიწმიდით“ (1 თესალონიკელთა 1:5). პავლეს ქადაგებამ და სწავლებამ იმდენად იმოქმედა მის მსმენელებზე, რომ მათ დიდად შეცვალეს თავიანთი ცხოვრება.

13. რამ განამტკიცა იერემია, წინააღმდეგობის მიუხედავად შეუპოვრად განეგრძო თავისი საქმე?

13 როდესაც ჩვენს სამქადაგებლო უბანზე მობინადრეთა გულგრილობას ვაწყდებით — ამ უბანზე კი, შესაძლებელია, წლების განმავლობაში არაერთხელ გვიქადაგია, მაგრამ ხალხისგან თითქმის არავინ გამოგვხმაურებია — შეიძლება ენთუზიაზმი დაგვეკარგოს. მსგავს გულგატეხილობას გრძნობდა იერემიაც, როდესაც წინააღმდეგობას, დაცინვასა და ხალხის მხრიდან გულგრილობას წააწყდა. „დავივიწყებ მას [ღმერთს] და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით“, — თქვა მან თავისთვის, მაგრამ ვერ შეძლო გაჩუმება; ცნობა ‘ცეცხლივით აუგიზგიზდა გულში და ძვლებამდე გაატანა’ (იერემია 20:9). რამ განუახლა მას ძალა ასეთ რთულ მდგომარეობაში? „ჩემთან არის უფალი როგორც ძლიერი მეომარი“, — თქვა იერემიამ (იერემია 20:11). იერემიას ესმოდა, რომ ეს ცნობა და ღვთის მიერ დავალებული საქმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, და ამან შეაძლებინა, გამოხმაურებოდა იეჰოვას გამხნევებას.

მას როგორც ზიანის მოტანის, ისე განკურნების ძალა შესწევს

14. ა) რამდენად ძლიერი იარაღია ენა? ბ) მოიყვანეთ მაგალითები, თუ როგორ შეიძლება ენამ ზიანი მოიტანოს.

14 უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველაფერი, რისი ძალაც შეგვწევს, უშუალოდ ღვთისგან არ არის. მაგალითად, ენას როგორც ზიანის მოტანის, ისე განკურნების ძალა შესწევს. „სიკვდილ–სიცოცხლე ენის ხელშია“, — გვაფრთხილებს სოლომონი (იგავნი 18:21). სატანისა და ევას მოკლე საუბრის შედეგები გვიჩვენებს, თუ რამდენად ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს სიტყვები (დაბადება 3:1—5; იაკობი 3:5). შეიძლება ჩვენც დიდი ზიანი მივაყენოთ ენით ვინმეს. გოგონა, თავის წონაზე დამამცირებელმა შენიშვნებმა შეიძლება ანორექსიამდე, მადის მოშლამდე, მიიყვანოს. გარკვეული ჭორების დაუფიქრებლად გამეორებამ შეიძლება მეგობრები სამუდამოდ დააშოროს ერთმანეთს. დიახ, ენას კონტროლი უნდა გაეწიოს.

15. როგორ შეგვიძლია ენის გამოყენება აღსაშენებლად და განსაკურნავად?

15 მაგრამ ენას ნგრევის გარდა შენებაც შეუძლია. ბიბლიური იგავი ამბობს: „გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი მკურნალია“ (იგავნი 12:18). გონიერი ქრისტიანები ენას დეპრესიაში მყოფთა და ისეთ ადამიანთა სანუგეშებლად იყენებენ, რომლებსაც ახლობელი გარდაეცვალათ. თანაგრძნობით აღსავსე სიტყვები ძალებს შემატებს თანატოლების საზიანო გავლენასთან მებრძოლ მოზარდებს; ენის გონივრულად გამოყენებით შეიძლება ხანდაზმულ ძმებსა და დებს ვაგრძნობინოთ, რომ ისინი საჭირონი და საყვარელნი არიან; გულთბილმა სიტყვებმა ავადმყოფებს შეიძლება გული გაუხალისოს. პირველ რიგში კი ჩვენი ენა სამეფოს შესახებ ძლიერი ცნობის მათთვის გასაზიარებლად უნდა გამოვიყენოთ, ვინც მზად არის მოსასმენად. ჩვენ შევძლებთ ღვთის სიტყვის ქადაგებას, თუ ამას მთელი გულით მოვიწადინებთ. ბიბლია ამბობს: „ნუ დაუკავებ, ვინც ღირსია, კეთილ საქმეს, თუკი შეგიძლია ამის გაკეთება“ (იგავნი 3:27).

ძალის სათანადოდ გამოყენება

16, 17. ღვთის მიერ ბოძებული უფლებამოსილების გამოყენებისას როგორ შეუძლიათ უხუცესებს, მშობლებს, ქმრებსა და ცოლებს მიბაძონ იეჰოვას?

16 იეჰოვა, მიუხედავად იმისა, რომ ყოვლადძლიერია, კრებას სიყვარულით ხელმძღვანელობს (1 იოანე 4:8). მისი მიბაძვით, ქრისტიანი ზედამხედველები ღვთის სამწყსოზე სიყვარულით ზრუნავენ და თავიანთ უფლებებს ბოროტად არ იყენებენ. მართალია, ზედამხედველებს ზოგჯერ ‘მხილება, შერისხვა და შეგონება’ უწევთ, მაგრამ ამას „მთელი სულგრძელობითა და სწავლებით“ აკეთებენ (2 ტიმოთე 4:2). ასე რომ, უხუცესები გამუდმებით ფიქრობენ მოციქულ პეტრეს მიერ კრებაში უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთა მიმართ მიწერილ სიტყვებზე: „მწყემსეთ ღვთის სამწყსო, რომელიც თქვენს შორისაა, არა იძულებით, არამედ ნებით და ღვთისათვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებისათვის, არამედ გულმოდგინებით. ნუკი ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსათვის“ (1 პეტრე 5:2, 3; 1 თესალონიკელთა 2:7, 8).

17 იეჰოვამ უფლებამოსილებით მშობლები და ქმრებიც აღჭურვა, მათ კი თავიანთი ძალა დახმარებას, აღზრდა–სწავლებასა და მთელი გულით მზრუნველობას უნდა მოახმარონ (ეფესელთა 5:22, 28—30; 6:4). იესოს მაგალითი ცხადყოფს, რომ ეფექტურად შეიძლება უფლებამოსილების სიყვარულით გამოყენება. თუ დისციპლინური ზომები გაწონასწორებულად და თანდათანობით ტარდება, ბავშვები სულით არ დაეცემიან (კოლასელთა 3:21, სსგ). ქორწინება უფრო მტკიცე ხდება, როდესაც ქრისტიანი ქმრები სიყვარულით ავლენენ მეთაურობას და ცოლებიც ღრმა პატივისცემით ეპყრობიან ოჯახის თავებს, ნაცვლად იმისა, რომ გასცდნენ ღვთის მიერ მათთვის დადგენილ საზღვრებს და იბატონონ ან თავიანთი გაიტანონ (1 პეტრე 3:7).

18. ა) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას რისხვისთვის კონტროლის გაწევაში? ბ) რა უნდა ჩაუნერგონ უფლებამოსილმა პირებმა მათ, ვისზეც ზრუნავენ?

18 ოჯახსა და კრებაში უფლებამოსილებით აღჭურვილები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ და კონტროლი გაუწიონ რისხვას, რადგან რისხვა სიყვარულს კი არ ნერგავს, არამედ შიშს. წინასწარმეტყველმა ნაუმმა თქვა: «სულგრძელია [„რისხვაში ნელია“, აქ] უფალი და დიდძალოვანი» (ნაუმი 1:3; კოლასელთა 3:19 აქ). რისხვისთვის კონტროლის გაწევა სიძლიერის ნიშანია, რადგან განრისხება სისუსტეზე მეტყველებს (იგავნი 16:32, აქ). კრებასა თუ ოჯახში მიზანი სიყვარულის დანერგვაა — იქნება ეს იეჰოვას, ერთმანეთისა თუ სამართლიანი პრინციპების სიყვარული. სიყვარული ერთიანობის უდიდესი განმამტკიცებელი და სწორად მოქმედებისკენ უძლიერესი აღმძვრელია (1 კორინთელთა 13:8, 13; კოლასელთა 3:14).

19. რა მანუგეშებელი სიტყვებით მოგვმართავს იეჰოვა და როგორ უნდა გამოვეხმაუროთ მას?

19 ვიცნობდეთ იეჰოვას, ნიშნავს ვაღიარებდეთ მის ძალას. ესაიას მეშვეობით იეჰოვამ თქვა: „განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი განგება“ (ესაია 40:28). იეჰოვა დაუშრეტელი ძალის პატრონია. თუ მას დავენდობით და არა საკუთარ თავს, ის არასოდეს მიგვატოვებს. ღმერთი გვარწმუნებს: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი“ (ესაია 41:10). როგორ უნდა გამოვეხმაუროთ მის ასეთ სიყვარულით აღსავსე მზრუნველობას? მოდი იეჰოვას მიერ ბოძებული ძალა, იესოს მსგავსად, სხვების დასახმარებლად და აღსაშენებლად გამოვიყენოთ. ყოველთვის კონტროლი გავუწიოთ ენას და ის განსაკურნავად გამოვიყენოთ და არა საზიანოდ. და ყოველთვის ვიფხიზლოთ სულიერად, მტკიცედ ვიდგეთ რწმენაში და გავძლიერდეთ ჩვენი დიდებული შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, ძალით (1 კორინთელთა 16:13).

[სქოლიო]

^ აბზ. 9 როგორც ჩანს, იუდეველებმა მოსეს რჯულის დედანი იპოვეს, რომელიც ტაძარში საუკუნეების წინათ ჰქონდათ მიტანილი.

შეგიძლიათ განმარტოთ?

• როგორ იყენებს იეჰოვა თავის ძალას?

• როგორ შეგვიძლია იეჰოვასგან ძალის მიღება?

• როგორ უნდა გამოვიყენოთ ენის ძალა?

• როგორ შეიძლება ღვთისგან ბოძებული უფლებამოსილება კურთხევა იყოს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

იესო იეჰოვას ძალას სხვების დასახმარებლად იყენებდა.

[სურათები 17 გვერდზე]

ჩვენ შევძლებთ ღვთის სიტყვის ქადაგებას, თუ ამას მთელი გულით მოვიწადინებთ.