მოსიყვარულე ღვთის გაცნობა
სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
მოსიყვარულე ღვთის გაცნობა
ბრაზილიელ ანტონიუს 16 წლის ასაკში უკვე აცრუებული ჰქონდა გული ცხოვრებაზე. არარაობის გრძნობამ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენებისკენ უბიძგა. ის ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე. ასეთ წუთებში მას ახსენდებოდა დედის ნათქვამი, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). მაგრამ, სად იყო ეს მოსიყვარულე ღმერთი?
იმისათვის, რომ გადაჩვეულიყო ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას, ანტონიუ ადგილობრივი მრევლის მღვდლისგან ცდილობდა დახმარების მიღებას. თუმცა ის კათოლიკური ეკლესიის აქტიური წევრი გახდა, ჯერ კიდევ ბევრ კითხვაზე პასუხს ვერ პოულობდა. მაგალითად, მას საგონებელში აგდებდა იესოს შემდეგი სიტყვები: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8:32). რომელ თავისუფლებას ჰპირდებოდა იესო თავის მიმდევრებს? ეკლესიამ ვერ შეძლო დამაკმაყოფილებელი პასუხების გაცემა მის კითხვებზე. საბოლოოდ ანტონიუმ ყველაფერზე ხელი ჩაიქნია და ძველ ჩვევებს დაუბრუნდა. სინამდვილეში მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
იმ დროისთვის ანტონიუს მეუღლემ, მარიმ, ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. ანტონიუ არ იყო წინააღმდეგი, რომ მის მეუღლეს ბიბლია შეესწავლა, მაგრამ მაინც დაითხოვა მოწმეები სახლიდან, რადგან მისი აზრით, ისინი ამერიკელთა რელიგიას მიეკუთვნებოდნენ, რომელიც ამერიკული იმპერიალიზმის ინტერესებს ემსახურებოდა.
მარი არ შეშინდა და სახლში სხვადასხვა ადგილზე ჟურნალ „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის იმ ეგზემპლარებს ტოვებდა, რომელთა სტატიებიც, მისი აზრით, დააინტერესებდა მის მეუღლეს. რადგან ანტონიუს კითხვა უყვარდა, დროდადრო თვალს გადაავლებდა ხოლმე ჟურნალებს, როცა მისი მეუღლე ახლომახლო არ იყო. მან პირველად თავის ცხოვრებაში იპოვა პასუხები ბიბლიასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ის იხსენებს: „ამავე დროს ვამჩნევდი ჩემი მეუღლისა და მოწმეების მხრიდან ჩემდამი გამოვლენილ სიყვარულსა და გულკეთილობას“.
1992 წლის შუა პერიოდში ანტონიუმ გადაწყვიტა, რომ თვითონაც უნდა დაეწყო ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან. მაგრამ ის კვლავ განაგრძობდა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობით მიღებას. როცა ის და მისი მეგობარი გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდნენ ღარიბთა დასახლებიდან, პოლიციელებმა გააჩერეს. როდესაც პოლიციელებმა ანტონიუს გარკვეული რაოდენობის კოკაინი აღმოუჩინეს, ცემა დაუწყეს. ერთმა პოლიციელმა ის ტალახში ჩააგდო და სახეზე თოფის ლულა მიადო. „მოკალი!“ — დაუყვირა მას მეორე პოლიციელმა.
იმ დროს, როცა ანტონიუ ტალახში ეგდო, თავისი ცხოვრება წარმოუდგა თვალწინ; მხოლოდ თავის ოჯახთან და იეჰოვასთან აკავშირებდა სასიამოვნო მოგონებები. მან მოკლედ ილოცა და იეჰოვას დახმარება სთხოვა. რატომღაც პოლიციელმა თავი დაანება მას. ანტონიუ სახლისკენ გაეშურა იმაში ღრმად დარწმუნებული, რომ იეჰოვამ დაიცვა.
ანტონიუ ახალი ძალებით შეუდგა ბიბლიის შესწავლას. ის თანდათანობით შეიცვალა, რათა ესიამოვნებინა იეჰოვასთვის (ეფესელთა 4:22—24). თავშეკავების უნარის გამომუშავებასთან ერთად ნარკოტიკების მიტოვებაც დაიწყო. მიუხედავად ამისა, ის სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. ორი თვის განმავლობაში რეაბილიტაციურ კლინიკაში ყოფნის დროს მას შესაძლებლობა მიეცა, წაეკითხა სხვადასხვა ბიბლიური პუბლიკაციები, მათ შორის წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. შემდეგ ანტონიუმ ამ წიგნებიდან ნასწავლის გაზიარება დაიწყო სხვა ავადმყოფებთან.
კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მან გააგრძელა მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა. დღესდღეობით ანტონიუ, მარი, მათი ორი ქალიშვილი და ანტონიუს დედა ერთად ემსახურებიან იეჰოვას როგორც ბედნიერი და გაერთიანებული ოჯახი. ანტონიუ ამბობს: «ახლა ჩემთვის გასაგებია შემდეგი სიტყვების ნამდვილი მნიშვნელობა — „ღმერთი სიყვარულია“».
[სურათი 8 გვერდზე]
ქადაგება რიო-დე-ჟანეიროში.