არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სად შეგიძლიათ იპოვოთ კარგი რჩევა?

სად შეგიძლიათ იპოვოთ კარგი რჩევა?

სად შეგიძლიათ იპოვოთ კარგი რჩევა?

„რჩევის ინდუსტრია“ დღეს ისეთი ბიზნესი გახდა, რომლის შემოსავალიც წელიწადში მრავალი მილიარდი დოლარია. ხალხს დახმარება უნდა. ფსიქიატრი ჰაინს ლეიმანი აღნიშნავს: „[დღევანდელი საზოგადოება] საგანმანათლებლო და სოციალური პრობლემებით არის სავსე. აღარ არსებობს ის რელიგიური ფასეულობები, რაც ადრე იყო. ძალიან ცოტა ოჯახია მდგრადი. . . და ამის გამო ხალხი თავგზააბნეულია“. მწერალი ერიკ მაისელი ამბობს: „ისინი, რომლებიც ერთ დროს დახმარებისთვის თავიანთ შამანს, მოძღვარს ან ოჯახის ექიმს მიმართავდნენ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ფსიქიკური, სულიერი თუ ფიზიკური პრობლემები, დღეს ამისათვის ფსიქოლოგიური ხასიათის წიგნებს ეძებენ“.

ამერიკის ფსიქოლოგიის ასოციაციამ სპეციალური კომისია გამოყო ასეთი ბუმის მიზეზის გამოსაკვლევად. ამ კომისიამ აღნიშნა, რომ, თუმცა არსებობს „უდიდესი პოტენციალი ადამიანებისთვის დასახმარებლად, რომ გაუგონ საკუთარ თავსა და სხვებს. . . ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი განცხადებები და სათაურები, რომლებიც ამ პროგრამებს თან ახლავს, სულ უფრო და უფრო ზვიადდება და პროვოკაციული ხდება“. „ტორონტო სტარის“ ერთ-ერთი ჟურნალისტი აბობს: „არ დაგავიწყდეთ რელიგიურ-სულიერი სიყალბის სიმრავლე. . . განსაკუთრებით მოერიდეთ ყველა თვითდამხმარე წიგნებს, ჩანაწერებსა და კურსებს, რომლებიც გთავაზობენ ძალიან ბევრის მიღწევას ძალიან მცირე ხანში, ძალიან მცირე ძალისხმევისა თუ თვითდისციპლინის ხარჯზე“. უეჭველია, ძალიან ბევრს გულწრფელად სურს დახმარება გაუწიოს მათ, ვინც ამას საჭიროებს. მაგრამ მწარე სინამდვილეა ის, რომ ბევრი მოურიდებელი პიროვნება ხელს ითბობს ხალხის მარტოობასა თუ ტანჯვაზე და სთავაზობს ისეთ რამეს, რაც არ არის ნამდვილად დამხმარე და ვერც ხსნას მოუტანს მათ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, რა არის დახმარების წყარო, რომელსაც დავენდობოდით? სად შეგვიძლია ყოველთვის გამოსადეგი პრაქტიკული რჩევის მიღება?

ხელმძღვანელობის უტყუარი წყარო

XIX საუკუნის მქადაგებელმა ჰენრი უორდ ბიჩერმა თქვა: «ბიბლია არის საზღვაო რუკა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელო, რომ არ დაიღუპოს შენი „გემი“; ის გიჩვენებს სად არის პორტი და როგორ უნდა მიაღწიო იქამდე ისე, რომ წყალქვეშა კლდეებსა და მეჩეჩებზე არ დაჯდე». სხვა მისმა კოლეგამ და მწერალმა კი თქვა: „საღვთო წერილი ნებისმიერ ასაკში აქტუალური რჩება; რაც უფრო გვემატება წლები, ეს წიგნიც მით უფრო ფართოვდება და ღრმავდება“. რატომ უნდა მოეკიდო სერიოზულად ამ წყაროს?

თავისი თავის შესახებ ბიბლია ამბობს: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17). ბიბლია მომდინარეობს სწორედ ‘სიცოცხლის წყაროდან’, იეჰოვა ღმერთისგან (ფსალმუნი 35:10). როგორც ასეთი, მან კარგად იცის ჩვენი აგებულება; ამას ფსალმუნის 102:14 შეგვახსენებს: „უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ.“ ამიტომ შეგვიძლია სრულიად დავენდოთ ბიბლიის ფასეულობას.

ფაქტობრივად, ბიბლიაში მოცემულია უამრავი პრინციპი და მითითება, რომლებიც, რა ვითარებაშიც უნდა იყოთ, შეიძლება სასარგებლოდ გამოიყენოთ. ამ წიგნის საშუალებით ღმერთი გვეუბნება: „აჰა, გზა, იარეთ მასზე“ (ესაია 30:21). ნამდვილად შეუძლია ბიბლიას დღევანდელ ადამიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება? მოდი ვნახოთ.

ბიბლია აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნილებებს . . .

საზრუნავისთვის თავის გასართმევად. ბიბლია გვეუბნება: „არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:6, 7). შეუძლია თუ არა ლოცვას, დაგეხმაროთ ეკონომიკური პრობლემებით, სექსუალური თუ სიტყვიერი ძალადობით ან საყვარელი ახლობლის სიკვდილით გამოწვეული ემოციური ტანჯვის გადატანაში? განვიხილოთ შემდეგი შემთხვევები.

იმის გაგების შემდეგ, რომ მისი გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ჯეკი აღიარებს: „დანაშაულის გრძნობა იმასთან დაკავშირებით, რომ უმწეო ხარ და ვერ იცავ შენს შვილს, ენით გამოუთქმელია. მე მომიწია სიმწარესა და გულისწყრომასთან ჭიდილი. ეს გრძნობები სიცოცხლეს მიშხამავდა. უკიდურესად მჭირდებოდა იეჰოვა, რომ ეხელმძღვანელა ჩემთვის“. ეფესელთა 4:6, 7-ის რამდენჯერმე წაკითხვის შემდეგ ის შეუპოვრად მუშაობდა იმაზე, რომ ამ რჩევის მიხედვით მოქცეულიყო. „ყოველდღე ვლოცულობდი და ისევ და ისევ ვთხოვდი, რომ უარყოფით გრძნობებს არ გავენადგურებინე, და იეჰოვა დამეხმარა იმაში, რომ სიმშვიდესა და სიხარულს კვლავ დაესადგურებინა ჩემს გულში. ახლა ნამდვილ შინაგან სიმშვიდეს ვგრძნობ“, — ყვება ჯეკი.

თქვენც შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, რომლის გაკონტროლება ან გამოსწორება არ შეგიძლიათ და რომელსაც ემოციური ტანჯვა მოსდევს. თუ ლოცვასთან დაკავშირებულ ბიბლიურ შეგონებას გაითვალისწინებთ, ეფექტურად გაუმკლავდებით მას. ფსალმუნმომღერალი შემდეგი სიტყვებით მოგვიწოდებს: „მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს“ (ფსალმუნი 36:5).

გასამხნევებლად. ფსალმუნმომღერალმა მადლიერება გამოთქვა: „უფალო, შევიყვარე სავანე შენი სახლისა და ადგილი — კარავი შენი დიდებისა. სწორ გზაზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოებში ვადიდებ უფალს“ (ფსალმუნი 25:8, 12). ბიბლია მოგვიწოდებს, რომ იეჰოვას თაყვანისსაცემად ერთად შევიკრიბოთ რეგულარულად. როგორ შეუძლია ასეთ ურთიერთობას შენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება? როგორ გამოსცადეს ეს სხვებმა თავიანთ თავზე?

ბეკი გვიყვება: „ჩემი მშობლები იეჰოვას არ ემსახურებიან და იეჰოვასთვის მსახურების ჩემს მცდელობას ყველანაირად ეწინააღმდეგებიან. კრების შეხვედრებზე დასწრება ჩემგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს“. ბეკი გრძნობს, რომ ბევრი კურთხევა მიიღო, რადგან ძალიან ცდილობდა, რეგულარულად დასწრებოდა ქრისტიანულ შეხვედრებს. „კრების შეხვედრები რწმენას მიძლიერებს, ასე რომ, შემიძლია გავუძლო ყოველდღიურ ზეწოლას, როგორც მოსწავლემ, შვილმა და იეჰოვას მოწმემ. ხალხი, რომელსაც სამეფო დარბაზში ვხვდები, ძალიან განსხვავდება მათგან, ვისაც სკოლაში ვნახულობ! ისინი მზრუნველი და თავდაუზოგავი არიან და ჩვენი საუბრები ყოველთვის გამამხნევებელია. ისინი ნამდვილი მეგობრები არიან“.

დიახ, ბიბლიური მითითების შესრულებით, რომ ერთად შევიკრიბოთ, იეჰოვა აკმაყოფილებს ჩვენს გამხნევების მოთხოვნილებას. სწორედ აქ ვათვითცნობიერებთ ფსალმუნმომღერლის სიტყვების ჭეშმარიტებას: „ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად“ (ფსალმუნი 45:2).

სასიამოვნო და ღირსეულ სამუშაოსთან დაკავშირებით. „იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე“, — მოგვიწოდებს ბიბლია (1 კორინთელთა 15:58). არის ‘უფლის საქმე’ ნამდვილად სასიამოვნო? არის ქრისტიანული მსახურება ღირსეული და მნიშვნელოვანი?

ამელია თავის გრძნობების შესახებ გვიყვება: „მე ვასწავლე ბიბლია ერთ ცოლ-ქმარს, რომლებიც გაყრას აპირებდნენ. აგრეთვე დავეხმარე მანდილოსანს, რომელსაც გოგონა მხეცურად მოუკლეს. ეს ქალი გაურკვევლობით იტანჯებოდა, რადგან არ იცოდა, რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მიცვალებულები. ამ ორივე შემთხვევაში ბიბლიური პრინციპების გამოყენებამ მშვიდობა და იმედი შესძინა მათ ცხოვრებას. დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას ვგრძნობდი, რადგან მათ დახმარებაში მეც მიმიძღვოდა წვლილი“. სკოტი ამბობს: „თუ სამქადაგებლო მსახურებაში კარგი შემთხვევა გქონდა, თუ ბიბლიის ახალი შესწავლა დაიწყე ან წარმატებით იქადაგე არაფორმალურად, სურვილი გექნება, ამის შესახებ წლების მანძილზე სხვებსაც მოუყვე. ყოველი გახსენებისას კვლავ გეუფლება ისევ ის გრძნობები და მღელვარება! სწორედ მსახურება იწვევს უდიდესსა და უწყვეტ სიხარულს“.

ნათელია, აქტიურ მსახურად გახდომასთან დაკავშირებული ბიბლიური მითითების გამოყენებამ ამ ადამიანთა ის მოთხოვნილებები დააკმაყოფილა, რომ სასიამოვნო და ღირსეული საქმე ეკეთებინათ. გიწვევთ ღვთის სიტყვისა და პრინციპების სხვებისათვის სწავლების საქმეში მონაწილეობის მისაღებად, რითაც თავადაც მიიღებთ სარგებლობას (ესაია 48:17; მათე 28:19, 20).

ღვთის სიტყვიდან სარგებლობის მიღება

უეჭველია, დღევანდელ წუთისოფელში ბიბლია არის რჩევების რეალური, სანდო წყარო. მისგან სარგებლობა რომ მივიღოთ, საჭიროა ძალისხმევა. ჩვენ რეგულარულად უნდა ვიკითხოთ და ვისწავლოთ იგი და წაკითხულსაც უნდა ჩავუფიქრდეთ. პავლემ გვირჩია: „ამაზე იზრუნე და ამაზე იდექი, რათა ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება“ (1 ტიმოთე 4:15; მეორე რჯული 11:18—21). ღმერთი გარანტიას გვაძლევს, რომ, თუ ბიბლიაში მოცემულ მის რჩევებს გამოვიყენებთ, წარმატებულნი ვიქნებით. ის გვპირდება: „ესავდე უფალს. . . შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავნი 3:5, 6).

[სურათები 31 გვერდზე]

ბიბლიის რჩევების შესრულება ცხოვრებას სასიამოვნოს და აზრით სავსეს ხდის.