როგორ ართმევ თავს უთანხმოებებს?
როგორ ართმევ თავს უთანხმოებებს?
ყოველდღიურად სხვადასხვა ადამიანთან გვიხდება ურთიერთობა. ამას ჩვენთვის ხშირად სიხარული და ახალი პერსპექტივები მოაქვს. ხანდახან ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უთანხმოებებსაც კი წარმოშობს, რომელთაგანაც ზოგი სერიოზულია, ზოგი კი უმნიშვნელო. როგორიც უნდა იყოს ისინი, ის ფაქტი, თუ როგორ ვუმკლავდებით უთანხმოებებს, ჩვენს გონებაზე, ემოციებსა და სულიერობაზე მოქმედებს.
უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად შეძლებისდაგვარად ყველაფრის კეთება ჩვენს ჯანმრთელობასა და სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებას მოემსახურება. ძველი იგავი ამბობს: „მანუგეშებელი გული ხორცის სიცოცხლეა“ (იგავნი 14:30).
მაგრამ სრულიად სხვა რამეს ამბობს საკმაოდ გავრცელებულ გამონათქვამი: „რაღა უგალავნო ქალაქი და რაღა კაცი, რომელიც საკუთარ თავს ვერ პატრონობს“ (იგავნი 25:28). განა რომელიმე ჩვენგანს უნდა, ისეთმა ფიქრებმა გაიტაცოს, რომელიც შეიძლება არასწორი მოქმედების მიზეზი გახდეს — მოქმედებისა, რომელმაც, შესაძლოა, სხვებს და თვით ჩვენც ზიანი მოგვაყენოს? გაუკონტროლებელ სიბრაზეს შეიძლება მხოლოდ ასეთი რამ მოჰყვეს. მთაზე ქადაგებისას იესომ რჩევა მოგვცა, გამოგვეკვლია ჩვენი განწყობა, რომელიც გავლენას ახდენს სხვებთან ჩვენი უთანხმოების მოგვარებაზე (მათე 7:3—5). იმის მაგივრად, რომ სხვების მიმართ კრიტიკულები ვიყოთ, უნდა ვიფიქროთ, როგორ განვავითაროთ და შევინარჩუნოთ მეგობრობა სხვადასხვა შეხედულებისა და წარმოშობის მქონე ადამიანებთან.
ჩვენი განწყობა
მოჩვენებითი თუ ნამდვილი უთანხმოების მოსაგვარებლად პირველ რიგში უნდა გავაანალიზოთ ის, რომ ყველას მიდრეკილება გვაქვს მცდარი ფიქრებისა და არასწორი განწყობისკენ. საღვთო წერილი შეგვახსენებს, რომ ყველა ცოდვილია „და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელთა 3:23). გარდა ამისა, გარჩევის უნარმა შეიძლება დაგვანახვოს, რომ ჩვენი პრობლემის მიზეზი სხვა სულაც არ არის. ამასთან დაკავშირებით, მოდი განვიხილოთ იონას მაგალითი.
იეჰოვას დავალებით იონა ქალაქ ნინევეში ჩავიდა, რათა ღვთის კარსმომდგარი სასჯელის შესახებ ექადაგა ამ ქალაქის მოსახლეობისთვის. შედეგი მართლაც სასიხარულო იყო, რადგან ქალაქის მოსახლეობამ მთლიანობაში მოინანია და ჭეშმარიტი ღმერთი იწამა (იონა 3:5—10). იეჰოვა გრძნობდა, რომ მონანიების გამო ეს ხალხი პატიებას იმსახურებდა, ამიტომ შეინდო ისინი. იონა კი „ძალზე განაწყენდა და გამწარდა“ (იონა 4:1). იეჰოვას მოწყალებაზე იონას რეაქცია საკვირველი იყო. რატომ უნდა განაწყენებულიყო ის იეჰოვაზე? როგორც ჩანს, იონა მხოლოდ თავის გრძნობებს იყო აყოლილი, ფიქრობდა, რომ ხალხის თვალში ავტორიტეტს დაკარგავდა. მან არ დააფასა იეჰოვას გულმოწყალება. ამიტომ იეჰოვამ თვალსაჩინო მაგალითი უჩვენა, რომელიც მას დაეხმარა თავისი განწყობის შეცვლასა და იეჰოვას აღმატებული გულმოწყალების დაფასებაში (იონა 4:7—11). ნათელია, რომ არა იეჰოვას, არამედ იონას განწყობა იყო შესაცვლელი.
ჩვენც ხომ არ გვჭირდება ზოგჯერ განწყობის შეცვლა რომელიმე საკითხთან დაკავშირებით? მოციქული პავლე გვაფრთხილებს: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელთა 12:10). რას გულისხმობდა ის ამ სიტყვებში? ერთი მხრივ პავლე მოგვიწოდებს, რომ გონიერები ვიყოთ და სხვა ქრისტიანებს დიდი პატივისცემით მოვეპყროთ. ეს იმის გაცნობიერებას ნიშნავს, რომ თითოეულ პიროვნებას არჩევნის თავისუფლება აქვს. პავლე აგრეთვე შეგვახსენებს: „ყველამ თავისი სატარებელი ატაროს“ (გალატელთა 6:5). მაშასადამე, სანამ უთანხმოება განხეთქილებას გამოიწვევდეს, რა გონივრული იქნებოდა დავფიქრებულიყავით, ჩვენი განწყობის შეცვლა ხომ არ არის საჭირო! ბევრი უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავზე, რომ იეჰოვას ფიქრები გავიზიაროთ და მშვიდობა შევინარჩუნოთ მათთან, ვისაც ნამდვილად უყვარს იეჰოვა (ესაია 55:8, 9).
ჩვენი მიდგომა
წარმოვიდგინოთ ორი პატარა ბავშვი, რომლებიც ერთ სათამაშოს, რაც ძალი და ღონე აქვთ, თავ-თავისკენ ექაჩებიან. ამ ჭიდილთან ერთად სალანძღავი სიტყვების კორიანტელი შეიძლება მანამ არ შეწყდეს, სანამ ერთ-ერთი დათმობაზე არ წავა, ან სანამ ვინმე არ ჩაერევა.
„დაბადებაში“ ჩაწერილი ცნობის თანახმად, აბრაამმა გაიგო, რომ თავის და თავისი ძმისწულის, ლოტის, მწყემსებს ცილობა ჰქონდათ. აბრამმა გადაწყვიტა, თვითონ მისულიყო ლოტთან და ეთქვა: „ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან სახლიკაცები ვართ“. აბრაამს გადაწყვეტილი ჰქონდა, საშუალება არ მიეცა არაფრისთვის, რაც უარყოფითად იმოქმედებდა მათ ურთიერთობაზე. რა ფასად? თუმცა ასაკით უფროსი იყო, მზადყოფნა გამოავლინა იმისათვის, რომ დაეთმო არჩევნის უპირატესობა — მზად იყო დაეთმო რაღაც. აბრაამმა ლოტს საშუალება მისცა, აერჩია ადგილი, საითაც ის ისურვებდა თავისი სახლეულისა და საქონლის წაყვანას. ლოტმა აირჩია ნაყოფიერი დაბლობი, სადაც ქალაქები სოდომი და გომორი მდებარეობდა. აბრაამი და ლოტი მშვიდობიანად გაეყარნენ ერთმანეთს (დაბადება 13:5—12).
ვართ თუ არა მზად, რომ აბრაამის მსგავსად მოვიქცეთ ერთმანეთში მშვიდობიანი ურთიერთობის შესანარჩუნებლად? ბიბლიის ეს ეპიზოდი კარგ მაგალითს გვაძლევს, რათა უთანხმობის მოგვარებისას ამნაირადვე მოვიქცეთ. აბრაამი სთხოვდა ლოტს: „ნუ იქნება ცილობა ჩვენში“. მას ნამდვილად სურდა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყვეტილიყო. რა თქმა უნდა, მშვიდობის შენარჩუნებისკენ ასეთი მოწოდება ხელს შეუწყობდა გაუგებრობების თავიდან აცილებას. აბრაამმა თავისი სიტყვები შემდეგნაირად დაასრულა: «რადგან სახლიკაცები [„ძმები“, აქ] ვართ». განა უნდა შეეწირათ ასეთი ძვირფასი ურთიერთობა პირადი ინტერესების ან სიამაყისათვის? აბრაამმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რაც მნიშვნელოვანი იყო. მან ეს საკუთარი თავისა და, ამავე დროს, თავისი ძმისწულისადმი პატივისცემით გააკეთა.
ისეთ სიტუაციებში, როდესაც უთანხმოების მოსაგვარებლად შეიძლება სხვების ჩარევა იყოს საჭირო, რამდენად უკეთესი იქნებოდა, ეს საკითხი ორივე მხარეს თვითონვე გადაეწყვიტა! იესო მოგვიწოდებს, ინიციატივა გამოვავლინოთ ძმებთან შესარიგებლად და, თუ აუცილებელია, ბოდიშიც მოვიხადოთ * (მათე 5:23, 24). საამისოდ კი თავმდაბლობაა საჭირო, როგორც პეტრემ დაწერა: „დაემორჩილეთ ერთმანეთს, შეიმოსეთ თავმდაბლობა, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (1 პეტრე 5:5). თანაქრისტიანებთან ჩვენი ურთიერთობა უშუალოდ ირეკლება ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე (1 იოანე 4:20).
ქრისტიანულ კრებაში შეიძლება მოგვიწოდონ, მშვიდობის შესანარჩუნებლად სიმართლეს მეტისმეტად არ გამოვედევნოთ. ბოლო ხუთი წლის მანძილზე საკმაოდ ბევრი, რომლებიც იეჰოვას მოწმეებს დაუკავშირდნენ, ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების ოჯახის წევრი გახდა. რა რიგ ახარებს ეს ჩვენს გულს! ჩვენი მოქმედება ნამდვილად ახდენს გავლენას მათსა და სხვებზე კრებაში. ამიტომ კარგად უნდა დავფიქრდეთ, თუ რას იფიქრებენ სხვები ჩვენზე ჩვენ მიერ არჩეული გართობის, ჰობის, საზოგადოებრივი საქმიანობის ან სამსახურის გამო. შეიძლება ჩვენი რომელიმე მოქმედება ან სიტყვა არასწორად იქნეს გაგებული ან დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს სხვებისთვის?
მოციქული პავლე შეგვახსენებს: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს. არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი“ (1 კორინთელთა 10:23, 24). ჩვენ, ქრისტიანები, გულწრფელად ვართ დაინტერესებული, რომ ქრისტიანულ საძმოში სიყვარული და ერთობა სუფევდეს (ფსალმუნი 132:1; იოანე 13:34, 35).
მკურნალი სიტყვები
სიტყვებს შეიძლება მძლავრი დადებითი შედეგი ჰქონდეს. „ამო საუბარი გოლეული თაფლია, სულის სიტკბოა და ძვლის კურნება“ (იგავნი 16:24). ეფრემელებთან გედეონის მოსალოდნელი შეტაკების თავიდან არიდების ამბავი ამ იგავის ჭეშმარიტების დამადასტურებელი მაგალითია.
მიდიანელთა წინააღმდეგ მებრძოლმა გედეონმა დახმარებისთვის ეფრემელებს მიმართა. მაგრამ ბრძოლის დასრულების შემდეგ ეფრემელები გედეონს მიუბრუნდნენ და ჩხუბი დაუწყეს იმის გამო, რომ ბრძოლის დასაწყისში არ სთხოვა მათ დახმარება. როგორც ეს ცნობა გადმოგვცემს, მათ გედეონს „მაგარი ჩხუბი აუტეხეს“. გედეონმა კი მიუგო: „მე რა გამიკეთებია თქვენი ფასი? ეფრემის ნამცვრევი არ სჯობია აბიყეზერის რთველს? ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები ყორები და ზეები. მე სად შემეძლო გამეკეთებინა თქვენდენი?“ (მსაჯულნი 8:1—3). კარგად შერჩეული, მშვიდი სიტყვების წყალობით გედეონმა თავი აარიდა ტომებს შორის სისხლის ღვრას. ეფრემელებს შეიძლება მედიდურობა და სიამაყე ალაპარაკებდათ, მაგრამ ამან არ შეაჩერა გედეონი, ყველაფრის მშვიდობიანად მოგვარება რომ ეცადა. შეგვიძლია ჩვენც ასევე მოვიქცეთ?
შეიძლება სხვებში გულისწყრომა მოზღვავდეს და ჩვენს მიმართ მტრულად განეწყონ. გაიგე მათი გრძნობები და იმუშავე იმაზე, რომ გაუგო მათ. იქნებ ჩვენი ბრალია, რომ მათ ასეთი გრძნობები დაეუფლათ? თუ დიახ, რატომ არ გვეღიარებინა ის, თუ რა ბრალი მიგვიძღვის უთანხმოების ჩამოვარდნაში და გვეთქვა, რომ ვწუხვართ პრობლემის შექმნის გამო. კარგად შერჩეულმა რამდენიმე სიტყვამ შეიძლება აღადგინოს ურთიერთობა (იაკობი 3:4). გულნატკენი ადამიანი შეიძლება ჩვენგან მხოლოდ დამშვიდებას საჭიროებდეს. ბიბლია აღნიშნავს, რომ „სადაც შეშა არ არის, ცეცხლი ჩაქრება“ (იგავნი 26:20). დიახ, კარგად შერჩეულ და ნათქვამ სიტყვებს განკურნებისა და ‘გულისწყრომის დაცხრობის’ ძალა შესწევს (იგავნი 15:1).
მოციქული პავლე გვირჩევს: „თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით“ (რომაელთა 12:18). მართალია, სხვისი გრძნობებისთვის კონტროლის გაწევა არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენი მხრივ მშვიდობის შენარჩუნებაში წვლილის შეტანა შეგვიძლია. იმის მაგივრად, რომ ჩვენს ან სხვების არასრულყოფილებას დავემორჩილოთ, შეგვიძლია ახლა ვიმოქმედოთ, რათა შევესაბამებოდეთ კარგად დასაბუთებულ ბიბლიურ პრინციპებს. უთანხმოებების ისე მოგვარებას, როგორც იეჰოვა გვასწავლის, მარადიული მშვიდობა და ბედნიერება მოაქვს (ესაია 48:17).
[სქოლიო]
^ აბზ. 13 იხილეთ სტატიები „მთელი გულით მიუტევეთ“ და „თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ძმა“ 1999 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“.
[სურათი 24 გვერდზე]
ხომ არ გვიყვარს იმის დაჟინება, რომ ყველაფერი ჩვენებურად გაკეთდეს?
[სურათი 25 გვერდზე]
აბრაამმა კარგი მაგალითი მოგვცა უთანხმოების მოსაგვარებლად დათმობაზე წასვლით.