არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთისმოსაწონი მსხვერპლშესაწირავები

ღვთისმოსაწონი მსხვერპლშესაწირავები

ღვთისმოსაწონი მსხვერპლშესაწირავები

„ვინაიდან ყოველი მღვდელმთავარი დაყენებულია ძღვენისა და მსხვერპლის შესაწირავად“ (ებრაელთა 8:3).

1. რატომ გრძნობენ ადამიანები იმის აუცილებლობას, რომ ღმერთს მიმართონ?

„მსხვერპლის შეწირვა ადამიანისთვის ისევე ბუნებრივია, როგორც ლოცვა; ერთი მიუთითებს, იმაზე, თუ რას გრძნობს ადამიანი საკუთარი თავის მიმართ, ხოლო მეორე — რას გრძნობს ღვთის მიმართ“, — წერს ბიბლეისტ-ისტორიკოსი ალფრედ ედერშაიმი. მას შემდეგ, რაც წუთისოფელში ცოდვამ ფეხი მოიკიდა, თან მოიტანა დანაშაულის გრძნობით გამოწვეული ტკივილი, ღვთისგან გაუცხოება და უმწეობა. აუცილებელი გახდა შვების მოგვრა. გასაგებია, რომ ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანები იმის აუცილებლობას გრძნობენ, რომ ღმერთს მიმართონ (რომაელთა 5:12).

2. რა ცნობებს ვპოულობთ ბიბლიაში ადრეულ პერიოდში სამსხვერპლოზე მიტანილ შესაწირავებთან დაკაშვირებით?

2 ღვთისთვის შეწირული პირველი მსხვერპლი, რომლის შესახებაც ბიბლია გვამცნობს, კაენთან და აბელთან არის დაკავშირებული. საღვთო წერილში ვკითხულობთ: „გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი“ (დაბადება 4:3, 4). შემდეგ ვკითხულობთ ნოეს შესახებ, რომელმაც, მას შემდეგ, რაც ღმერთმა დიდი წარღვნისგან გადაარჩინა, ისეთი წარღვნისგან, რომელმაც იმ დღეებში მცხოვრები ბოროტი მოდგმა მოსპო, „აღსავლენად მიიტანა [შესაწირავი] სამსხვერპლოზე“ (დაბადება 8:20). ღვთის ერთგული მსახური და მეგობარი, აბრაამი, ღვთის აღთქმებმა და კურთხევებმა რამდენჯერმე აღძრა, მისთვის ‘სამსხვერპლო აეგო და მისი სახელი ეხსენებინა’ (დაბადება 12:8; 13:3, 4, 18). მოგვიანებით, აბრაამმა რწმენის უდიდესი გამოცდა გადაიტანა — იეჰოვამ მას ძის, ისაკის აღსავლენ ანუ ყოვლადდასაწველ მსხვერპლად შეწირვა მოსთხოვა (დაბადება 22:1—14). როგორც დავინახავთ, ეს ცნობები, მიუხედავად იმისა, რომ მოკლეა, მნიშვნელოვნად ჰფენს შუქს მსხვერპლშეწირვის საკითხს.

3. რა როლს ასრულებს მსხვერპლშესაწირავი თაყვანისმცემლობაში?

3 ამ და სხვა ბიბლიური ცნობებიდან ნათლად ჩანს, რომ გარკვეული სახის მსხვერპლის შეწირვა იეჰოვასადმი თაყვანისცემის ძირითადი ნაწილი იყო დიდი ხნით ადრე მანამდეც კი, ვიდრე ამის შესახებ ღმერთი თავის ხალხს განსაკუთრებულ კანონს მისცემდა. ამის შესაბამისად, ერთ ნაშრომში მსხვერპლშეწირვა განმარტებულია როგორც „რელიგიური რიტუალი, რომლის დროსაც მსხვერპლი ღვთისთვის შესაწირავად მიაქვთ იმ მიზნით, რომ დაამყარონ, შეინარჩუნონ ან აღადგინონ ადამიანსა და წმინდას შორის სათანადო დამოკიდებულება“. მაგრამ ეს წამოჭრის რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას, რომლებიც ჩვენს დიდ ყურადღებას იმსახურებს. მაგალითად: რატომ არის თაყვანისმცემლობისთვის მსხვერპლი საჭირო? რა სახის მსხვერპლია ღვთისთვის მისაღები? და რა მნიშვნელობა აქვს ძველი დროის მსხვერპლშესაწირავებს ჩვენთვის?

რატომ არის მსხვერპლი საჭირო

4. რა მოუტანა შედეგად ცოდვამ ადამსა და ევას?

4 ადამმა შეგნებულად შესცოდა. მის მიერ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის მოწყვეტა და ჭამა წინასწარგანზრახული დაუმორჩილებლობა იყო. დაუმორჩილებლობისთვის სასჯელი კი, როგორც ღმერთმა ადრე განაცხადა, სიკვდილი იყო. ღმერთმა თქვა: „როგორც კი შეჭამ მოკვდებიო“ (დაბადება 2:17). ადამმა და ევამ საბოლოოდ ცოდვის საზღაური მოიმკეს — ისინი მოკვდნენ (დაბადება 3:19; 5:3—5).

5. რატომ გამოავლინა ინიციატივა იეჰოვამ ადამის შთამომავლების სასარგებლოდ და რა გააკეთა მან მათთვის?

5 რა შეიძლება ითქვას ადამის შთამომავლობაზე? ვინაიდან ადამისგან მემკვიდრეობით ცოდვა და არასრულყოფილება მიიღეს, ისინიც ისევე არიან ღვთისგან გაუცხოებას, უმწეობასა და სიკვდილს დაქვემდებარებული, როგორც ადამიანთა პირველი წყვილი (რომაელთა 5:12). მაგრამ იეჰოვა ღმერთი არა მარტო სამართლიანი და ძლიერია, არამედ, პირველ რიგში, მოსიყვარულე ღმერთია (1 იოანე 4:8, 16). ასე რომ, ის ავლენს მდგომარეობის გამოსასწორებლად ინიციატივას. მას შემდეგ, რაც აღნიშნავს, რომ „ცოდვის საზღაური სიკვდილია“, ბიბლია განაგრძობს: „ხოლო ღვთის მადლი — მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში“ (რომაელთა 6:23).

6. რა არის იეჰოვას ნება ადამის ცოდვით გამოწვეულ დანაკლისთან დაკავშირებით?

6 ამ საბოძვარის გარანტირებისთვის იეჰოვამ მიმართა გარკვეულ ღონისძიებას, რომლის საშუალებითაც ანაზღაურდებოდა ადამის შეცოდების შედეგად გამოწვეული დანაკლისი. ებრაული სიტყვა „კაფარი“ თავიდან, როგორც ჩანს, „დაფარვას“ ან, შესაძლოა, „მოწმენდას“ ნიშნავდა; ის აგრეთვე ითარგმნება როგორც „გამოსყიდვა“ *. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვამ იზრუნა ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის დასაფარავ, ადამიანებისთვის იმ ხარვეზის მოსაწმენდ საშუალებაზე, რომელიც ცოდვას მოჰყვა, რათა, ამ საბოძვარის მიმღებნი ცოდვისა და სიკვდილის მსჯავრისგან გათავისუფლებულიყვნენ (რომაელთა 8:21).

7. ა) რა იმედი მოგვცა ღმერთმა სატანისთვის განაჩენის გამოტანისას? ბ) რა საფასურის გადახდა იყო საჭირო ცოდვისა და სიკვდილისგან კაცობრიობის გამოსახსნელად?

7 ცოდვისა და სიკვდილის მონობისაგან გათავისუფლების იმედზე პირველი წყვილის შეცოდებისთანავე იქნა მოხსენიებული. სატანისთვის, რომელიც გველის სახით იყო წარმოდგენილი, განაჩენის გამოცხადებისას იეჰოვამ თქვა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“ (დაბადება 3:15). ამ წინასწარმეტყველური განაცხადით იმედის სხივი აკიაფდა ყველასთვის, ვინც ამ აღთქმისადმი რწმენას გამოავლენდა. მაგრამ ხსნისთვის საფასურის გადახდა იყო საჭირო. აღთქმული თესლი არა მარტო მოვიდოდა და გაანადგურებდა სატანას, არამედ მისთვის ქუსლი უნდა დაეგესლათ ანუ უნდა მომკვდარიყო, მაგრამ არა სამუდამოდ.

8. ა) როგორ გახდა კაენი იმედგაცრუებულობის მიზეზი? ბ) რატომ აღმოჩნდა აბელის მსხვერპლი ღვთისთვის მისაღები?

8 ეჭვგარეშეა, ადამი და ევა ბევრს ფიქრობდნენ იმაზე, თუ ვინ იქნებოდა აღთქმული თესლი. როდესაც ევამ პირველი ძე, კაენი, შვა, წამოიძახა: „კაცი შემეძინა უფლისაგან“ (დაბადება 4:1). ხომ არ ფიქრობდა ის, რომ ეს ძე შეიძლებოდა თესლი ყოფილიყო? ევა ასე ფიქრობდა თუ არა, კაენისა და მისი შესაწირავისგან იმედგაცრუება მოელოდა. მეორე მხრივ, კაენის ძმამ, აბელმა, ღვთის აღთქმისადმი რწმენა გამოავლინა, რამაც ის თავისი ფარის ნათავარის იეჰოვასთვის მსხვერპლად შეწირვისკენ აღძრა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი“ (ებრაელთა 11:4).

9. ა) რა სწამდა აბელს და როგორ გამოხატა მან ეს რწმენა? ბ) რა მიზანს მიაღწია აბელის მიერ აღვლენილმა მსხვერპლმა?

9 აბელის რწმენა მხოლოდ იმით არ იფარგლებოდა, რომ ღმერთი არსებობს, რაც, ალბათ, კაენსაც სწამდა. აბელს სწამდა ღვთის აღთქმა თესლის შესახებ, რომლის მეშვეობითაც ერთგული ადამიანები დახსნილ იქნებოდნენ. მისთვის უცნობი იყო, თუ როგორ მოხდებოდა ეს, მაგრამ ღვთის აღთქმის საფუძველზე აბელისთვის ნათელი გახდა, რომ ვიღაცა ქუსლში უნდა დაგესლილიყო. დიახ, მან, როგორც ჩანს, დაასკვნა, რომ სისხლის დაღვრა იქნებოდა აუცილებელი — სწორედ ეს იყო მსხვერპლშეწირვის მიზანი. აბელმა სიცოცხლისა და სისხლის შემცველი ძღვენი აღუვლინა სიცოცხლის წყაროს ნიშნად იმისა, რომ ძალიან სწყუროდა იეჰოვას აღთქმის შესრულების ხილვა და ძალიან სურდა მასში მონაწილეობის მიღება. რწმენის ასეთნაირად გამოვლენამ გახადა აბელის მიერ შეწირული მსხვერპლი იეჰოვასთვის სასიამოვნო და გარკვეულწილად ამით გამოიხატა იმის არსი, თუ რა იყო მსხვერპლი — საშუალება, რომლითაც ცოდვილ ადამიანებს ღმერთთან მიახლოება და მის მოსაწონად ცხოვრება შეეძლოთ (დაბადება 4:4; ებრაელთა 11:1, 6).

10. როგორ გახდა მსხვერპლშესაწირავის მნიშვნელობა ნათელი იმით, რომ იეჰოვამ აბრაამს ისაკის შეწირვა მოსთხოვა?

10 მსხვერპლშეწირვის ღრმა არსი სავსებით ცხადი მაშინ გახდა, როდესაც იეჰოვამ აბრაამს საკუთარი ძის, ისაკის, ყოვლადდასაწველ მსხვერპლად აღვლენა მოსთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი პირდაპირი გაგებით არ შეწირულა, ეს იმის მაჩვენებელი იყო, რასაც საბოლოოდ თავად იეჰოვა გააკეთებდა — მსხვერპლად გაიღებდა თავის მხოლოდშობილ ძეს; გაიღებდა უდიდეს შესაწირავს, რათა კაცობრიობის მიმართ მისი განზრახვა შესრულებულიყო (იოანე 3:16). მოსეს რჯულის თანახმად აღვლენილი მსხვერპლშესაწირავებით იეჰოვამ თავის რჩეულ ხალხს იმის წინასწრამეტყველური ნიმუში მისცა, თუ რა უნდა ეკეთებინათ თავიანთი ცოდვების გამო მიტევების მოსაპოვებლად და ხსნის იმედის განსამტკიცებლად. რის სწავლა შეგვიძლია ყოველივე აქედან?

მსხვერპლშესაწირავები, რომლებიც იეჰოვასთვის მისაღებია

11. რომელი ორი სახის შესაწირავი მიჰქონდა ისრაელ მღვდელმთავარს სამსხვერპლოზე და რა მიზნით?

11 „ყოველი მღვდელმთავარი დაყენებულია ძღვენისა და მსხვერპლის შესაწირავად“, — ამბობს მოციქული პავლე (ებრაელთა 8:3). შენიშნეთ, ძველი ისრაელის მღვდელმთავრის მიერ აღვლენილ შესაწირავს პავლე ორ ჯგუფად ყოფს, კერძოდ კი, „ძღვნად“ და „მსხვერპლად“, ანუ „მსხვერპლად ცოდვებისთვის“ (ებრაელთა 5:1). ადამიანები, ჩვეულებრივ, ძღვნით ანუ საჩუქრით სიყვარულსა და მადლიერებას გამოხატავენ; აგრეთვე ანვითარებენ მეგობრობას, მოიპოვებენ კეთილგანწყობილებას და იმსახურებენ მოწონებას (დაბადება 32:20; იგავნი 18:16). მსგავსად ამისა, რჯულის თანახმად საჭირო მრავალი აღსავლენი ღვთისთვის მირთმეულ „ძღვნად“ ითვლებოდა, რათა მის თვალში მოწონება და კეთილგანწყობილება დაემსახურებინათ *. რჯულის დარღვევისთვის მოითხოვებოდა საზღაურის გადახდა და გამოსასყიდად „მსხვერპლი ცოდვებისთვის“ იწირებოდა. ხუთწიგნეული, განსაკუთრებით კი გამოსვლა, ლევიანნი და რიცხვნი უხვად გვთავაზობს ინფორმაციას სხვადასხვა სახის მსხვერპლსა თუ შესაწირავთან დაკავშირებით. მართალია, ამის შესახებ ყოველი წვრილმანის დამახსოვრება ძალიან რთულია, მაგრამ რამდენიმე სახის მსხვერპლთან დაკავშირებული გარკვეული ძირითადი საკითხები იმსახურებს ჩვენს ყურადღებას.

12. ბიბლიის რომელი ადგილების წაკითხვით შეგვიძლია მსხვერპლებზე ანუ შესაწირავებზე ზოგადი წარმოდგენა შევიქმნათ?

12 თქვენ შეიძლება შენიშნეთ, რომ ლევიანნის პირველი თავიდან მეშვიდეს ჩათვლით ხუთი სახის ძირითადი შესაწირავი იკვეთება: ყოვლადდასაწველი, პურის, საზიარო (სამადლობელი), ცოდვისგან განსაწმენდელი და დანაშაულის გამოსასყიდი; თითოეული მათგანი სათითაოდ არის აღწერილი, თუმცა ზოგ მათგანს, ფაქტობრივად, ერთად აღავლენდნენ. შენიშნეთ ისიც, რომ ეს მსხვერპლშესაწირავები ამ თავებში ორჯერ არის მოხსენიებული სხვადასხვა მიზნით: ერთი, ლევიანნის 1:2-დან 6:7-ის ჩათვლით, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი, რა უნდა შეწირულიყო სამსხვერპლოზე და მეორე, ლევიანნის 6:8-დან 7:36-ის ჩათვლით, რომლებშიც ლაპარაკია იმაზე, თუ რა წილი ეძლეოდათ მღვდლებსა და შესაწირავის შემწირველებს. რიცხვნის 28-ე, 29-ე თავებში კი დაწვრილებით არის აღწერილი, რა მსხვერპლი უნდა აღევლინათ ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, ყოველთვიურად თუ ყოველწლიურად დღესასწაულებზე.

13. აღწერეთ შესაწირავები, რომლებსაც საკუთარი სურვილისამებრ, ძღვნად სწირავდნენ ღმერთს.

13 იმ მსხვერპლშესაწირავთა შორის, რომლებსაც საკუთარი სურვილისამებრ, ძღვნად ან ღმერთთან მისაახლოებლად და მისი კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად სწირავდნენ, იყო ყოვლადდასაწველი, პურის და საზიარო შესაწირავები. ზოგი სწავლულის აზრით, ებრაული გამოთქმა, რომელიც „ყოვლადდასაწველად“ ითარგმნა „აღსავლენ შესაწირავს“ ანუ „აღსავლენ მსხვერპლს“ ნიშნავს. ეს მნიშვნელობა მართებულია, რადგან ყოვლადდასაწველი მსხვერპლის შეწირვისას დაკლული ცხოველი სამსხვერპლოზე იწვებოდა და კეთილსურნელებად ანუ საამო სურნელებად ადიოდა ღმერთთან ზეცაში. ყოვლადდასაწველი შესაწირავის განსაკუთრებული თავისებურება ის იყო, რომ სამსხვერპლოს ირგვლივ სისხლის სხურების შემდეგ ცხოველს მთლიანად სწირავდნენ ღმერთს. მღვდლები სწირავდნენ „ყოვლად დასაწველ, ცეცხლზე დასაწველ მსხვერპლს, სასიამოვნო სუნად უფლისათვის“ (ვაიკრა 1:3, 4, 9, „თორა“, [ლევიანნი 1:3, 4, 9]; დაბადება 8:21).

14. როგორ სწირავდნენ პურის შესაწირავს?

14 პურის შესაწირავი ლევიანნის მე-2 თავშია აღწერილი. ეს იყო ნებაყოფლობითი შესაწირავი, რომელსაც საუკეთესო ხარისხის ფქვილი შეადგენდა; ამ ფქვილზე კი, ჩვეულებრივ, ზეთი იყო მოსხმული და ზედ გუნდრუკი ჰქონდა დადებული. „აიღოს იქიდან სავსე პეშვი წმინდა პურის ფქვილი და ზეთი მთელ მის გუნდრუკთან ერთად, და აკმიოს მოძღვარმა [მღვდელმა] მისი მოსახსენიებელი ნაწილი სამსხვერპლოს, — ცეცხლზე დასაწველი მსხვერპლი, სასიამოვნო სუნი უფლისათვის“ (ვაიკრა 2:2, „თორა“, [ლევიანნი 2:2]). გუნდრუკი წმინდა საკმევლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც კარვისა და ტაძრის სამსხვერპლოზე იწვებოდა (გამოსვლა 30:34—36). მეფე დავითს ეს ჰქონდა, ალბათ, მხედველობაში, როდესაც თქვა: „წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმევლად შენს წინაშე, ხელთა აღპყრობა — შესაწირავად მწუხრის ჟამისა“ (ფსალმუნი 140:2).

15. რა დანიშნულება ჰქონდა საზიარო შესაწირავს?

15 საზიარო შესაწირავი იყო კიდევ ერთი ნებაყოფლობით გაღებული შესაწირავი, რომელიც ლევიანნის მე-3 თავშია აღწერილი. მისი სახელი „სამშვიდობო შესაწირავადაც“ ითარგმნება. ებრაული სიტყვა „მშვიდობა“ ომის ან არეულობის არარსებობაზე უფრო მეტის მომცველია. „ბიბლიაში ის მიუთითებს, როგორც ამაზე [ომის ან არეულობის არარსებობაზე], ისე ღმერთთან მშვიდობიან ურთიერთობაზე, კეთილდღეობაზე, სიხარულსა და ბედნიერებაზე“, — აღნიშნავს ერთ-ერთი წიგნი (Studies in the Mosaic Institutions). ამგვარად, საზიარო შესაწირავები იწირებოდა არა ღმერთთან მშვიდობის უზრუნველსაყოფად, თითქოს მისი გულის მოგება ყოფილიყო საჭირო, არამედ ამით გამოიხატებოდა მადლიერება ან სიხარული, რომელიც ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობით კურთხევის გამო ჰქონდათ მათ, ვინც ღვთის თვალში მოწონებით სარგებლობდა. მღვდლები და შემწირველები სისხლისა და ქონის იეჰოვასათვის შეწირვის შემდეგ თვითონაც იზიარებდნენ შესაწირავს (ლევიანნი 3:17; 7:16—21; 19:5—8). შემწირველი, მღვდლები და იეჰოვა ღმერთი შესანიშნავი და სიმბოლური სახით იზიარებდნენ საჭმელს, რაც მათ შორის არსებული მშვიდობიანი ურთიერთობის გამომხატველი იყო.

16. ა) რა დანიშნულება ჰქონდა ცოდვისგან განსაწმენდელ და დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლებს? ბ) რით განსხვავდებოდნენ ისინი ყოვლადდასაწველი მსხვერპლისგან?

16 მსხვერპლები, რომლებიც ცოდვების ან რჯულის დარღვევის გამო პატიების სათხოვნელად იწირებოდა, ცოდვისგან განსაწმენდელი და დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაწირავებიც სამსხვერპლოზე იწვებოდა, ისინი განსხვავდებოდა ყოვლადდასაწველი მსხვერპლისგან, რადგან ამ შემთხვევაში მთლიანი ცხოველი არ იწირებოდა ღვთისთვის, არამედ მხოლოდ ქონი და სხეულის გარკვეული ნაწილები. დანარჩენი ბანაკის გარეთ გაჰქონდათ ან ზოგჯერ მასში მღვდლებსაც ედოთ წილი. ეს სხვაობა მნიშვნელოვანია. ყოვლადდასაწველი მსხვერპლი აღევლინებოდა როგორც ძღვენი, ღმერთთან მისასვლელად. ამიტომაც მთლიანად მხოლოდ ღვთისთვის იწირებოდა. საინტერესოა, რომ, ჩვეულებრივ, ყოვლადდასაწველი მსხვერპლი ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლების შემდეგ იწირებოდა, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ შემცოდველისგან ღვთის მიერ ძღვნის მისაღებად ცოდვის მიტევება იყო საჭირო (ლევიანნი 8:14, 18; 9:2, 3; 16:3, 5).

17, 18. რისთვის იწირებოდა ცოდვისგან განსაწმენდელი მსხვერპლი და რა დანიშნულება ჰქონდა დანაშაულის გამოსასყიდად შეწირულ მსხვერპლს?

17 ცოდვისგან განსაწმენდელი მსხვერპლი მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო მისაღები, როდესაც რჯულის წინააღმდეგ ცოდვა შემთხვევით, ხორცის უძლურების გამო, იყო ჩადენილი. ‘თუ ვინმე უნებურად შესცოდავდა და დაარღვევდა უფლის მცნებებს’, შემცოდველს ცოდვისგან განსაწმენდელი მსხვერპლი უნდა აღევლინა, მსხვერპლი კი საზოგადოებაში მისი მდგომარეობის შესაბამისი უნდა ყოფილიყო (ლევიანნი 4:2, 3, 22, 27). მეორე მხრივ, მოუნანიებელი შემცოდველი უნდა მოეკვეთათ; არავითარი მსხვერპლი მას არ უნდა შეეწირა (გამოსვლა 21:12—15; ლევიანნი 17:10; 20:2, 6, 10; რიცხვნი 15:30; ებრაელთა 2:2).

18 დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლის მნიშვნელობა და დანიშნულება ნათლად ჩანს ლევიანნის მე-5 და მე-6 თავებში. ადამიანს შეიძლებოდა უნებლიედ შეეცოდა. მიუხედავად ამისა, მისი დანაშაული მიმართული იქნებოდა თანამოძმის ან იეჰოვა ღმერთის წინააღმდეგ. ამიტომაც საჭირო იყო ამ ცუდი საქმის გამოსწორება. მოხსენიებულია რამდენიმე სახის ცოდვა. ზოგი პირადი ხასიათის ცოდვა იყო (5:2—6), ზოგი — „უფლის სიწმინდეთა მიმართ“ (5:14—16) და ზოგიც, თუმცა მთლად უნებლიედ არ იყო ჩადენილი, მაგრამ ცუდი სურვილებისა თუ ხორცის უძლურებით იყო გამოწვეული (6:1—3). ასეთი ცოდვების აღიარების შემდეგ შემცოდველს უნდა აენაზღაურებინა მიყენებული ზარალი და მხოლოდ მაშინ შეეძლო იეჰოვასთვის დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლის შეწირვა (ლევიანნი 6:4—7).

რაღაც უკეთესი

19. რატომ ვერ მოიპოვეს ისრაელებმა ღვთის კეთილგანწყობილება, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ რჯული და მის თანახმად მრავალრიცხოვან მსხვერპლსაც სწირავდნენ?

19 მოსეს რჯული მრავალი მსხვერპლითა და შესაწირავით ისრაელებისთვის იმ მიზნით იყო მიცემული, რომ აღთქმული თესლის მოსვლამდე ამ ხალხს ღმერთთან მიახლოება და მისი კეთილგანწყობილებისა და კურთხევის შენარჩუნება შეძლებოდა. მოციქული პავლე, წარმოშობით იუდაელი, ამას შემდეგნაირად გადმოსცემს: „რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესაკენ, რათა გავმართლებულიყავით რწმენით“ (გალატელთა 3:24). სამწუხაროდ, ისრაელი, როგორც ერი, არ მიჰყვა ამ წარმმართველს და ბოროტად გამოიყენა თავისი უპირატესობა. შედეგად, მათი მრავალრიცხოვანი მსხვერპლი იეჰოვას თვალში საძაგელი გახდა. ღმერთმა თქვა: „გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!“ (ესაია 1:11).

20. რა მოხდა ახ. წ. 70 წელს და რამდენად შეეხო ეს რჯულსა და მსხვერპლშესაწირავებს?

20 ახ. წ. 70 წელს იუდეველთა სისტემას, თავისი ტაძრითა და სამღვდელოებით, აღსასრული დაუდგა. მას შემდეგ რჯულის თანახმად მსხვერპლის შეწირვა შეუძლებელი გახდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მსხვერპლშესაწირავებმა, როგორც რჯულის განუყოფელმა ნაწილმა, ღვთის დღევანდელი მსახურებისთვის ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგა? ამ საკითხს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 ბიბლიის ერთ-ერთ ცნობარში, რომელიც გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ, ახსნილია: «ბიბლიაში სიტყვა „გამოსყიდვა“ ძირითადად „დაფარვის“ ან „გაცვლის“ მნიშვნელობით გამოიყენება და ის, რაც გაცვლილ ან დაფარულ უნდა იქნეს, აუცილებლად გასაცვლელის ან დასაფარავის ტოლფასი უნდა იყოს. . . ადამის მიერ დაკარგულის ასანაზღაურებლად საჭირო იყო სათანადო გამოსასყიდის, ცოდვის საზღაურის გადახდა, რომელსაც ზუსტად სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლის ფასი ექნებოდა» (Insight on the Scriptures).

^ აბზ. 11 ებრაული სიტყვა, რომელიც ხშირად „შესაწირავად“ ითარგმნება, არის „კორბან“. იესოს მიერ უპატიოსნო მწიგნობრებისა და ფარისევლების განსჯის შემთხვევის ჩაწერისას მარკოზმა განმარტა, რომ „კორბან“ ნიშნავს „ძღვენი (ღმერთს)“ (მარკოზი 7:11).

შეგიძლიათ ასხნათ?

• რამ აღძრა ძველ დროს მცხოვრები ერთგული მამაკაცები იეჰოვასთვის მსხვერპლის შესაწირად?

• რატომ იყო მსხვერპლი საჭირო?

• რჯულის თანახმად რომელი ძირითადი სახის შესაწირავები იწირებოდა და რა დანიშნულება ჰქონდა მათ?

• პავლეს სიტყვებისამებრ, რა ძირითად მიზანს ემსახურებოდა რჯული და მის თანახმად შეწირული მსხვერპლები?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 14 გვერდზე]

აბელის მსხვერპლი სასიამოვნო იყო, რადგან ამით მან იეჰოვას აღთქმისადმი რწმენა გამოავლინა.

[სურათი 15 გვერდზე]

გესმით თუ არა აქ აღბეჭდილის მნიშვნელობა?