არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაე თქვენმა აზროვნებამ აირეკლოს, რომ ლოდინი შეგიძლიათ!

დაე თქვენმა აზროვნებამ აირეკლოს, რომ ლოდინი შეგიძლიათ!

დაე თქვენმა აზროვნებამ აირეკლოს, რომ ლოდინი შეგიძლიათ!

„მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს; შემიწყნარებს ჩემი ღმერთი“ (მიქა 7:7).

1, 2. ა) რა ზიანი მიაყენა უდაბნოში ყოფნისას ისრაელებს უარყოფითმა აზროვნებამ? ბ) რა შეიძლება მოუვიდეს ქრისტიანს, რომელიც სათანადო აზროვნებას არ ინვითარებს?

ცხოვრებაში ბევრი რამ შეიძლება დადებითად ან უარყოფითად იქნეს დანახული, ხოლო ის, თუ რა კუთხით დავინახავთ მოვლენებს, ჩვენს აზროვნებაზეა დამოკიდებული. უდაბნოში ყოფნისას ისრაელებს სასწაულებრივად ეძლეოდათ მანანა. მათ უნდა მიმოეხედათ, დაენახათ, თუ რა უნაყოფო ლანდშაფტი იყო ირგვლივ და დიდი მადლიერების გრძნობით უნდა ყოფილიყვნენ გამსჭვალული იეჰოვას მიმართ, რომლის მიერაც საარსებო საშუალებით იყვნენ უზრუნველყოფილი. ასე მოქმედება დადებითი აზროვნების მაჩვენებელი იქნებოდა. ნაცვლად ამისა, ისინი იხსენებდნენ ათასგვარ საჭმელს, რომელიც ეგვიპტეში ჰქონდათ და ჩიოდნენ, რომ უკვე მობეზრდათ მანანა. რა უარყოფითი აზროვნებაა! (რიცხვნი 11:4—6).

2 დღესაც ქრისტიანების აზროვნება განაპირობებს იმას, ნათლად წარმოესახებათ მოვლენები თუ პირქუშად. სათანადო აზროვნების გარეშე ქრისტიანმა შეიძლება ადვილად დაკარგოს სიხარული, ეს კი სერიოზული საკითხია, რადგან ნეემია ამბობს: „უფლის სიხარულია თქვენი [ჩვენი] გაძლიერება“ (ნეემია 8:10). დადებითი აზროვნება, რომელიც სიხარულს ირეკლავს, სიმტკიცის შენარჩუნებაში გვეხმარება; ის აგრეთვე ხელს უწყობს კრებაში მშვიდობისა და ერთიანობის შენარჩუნებას (რომაელთა 15:13; ფილიპელთა 1:25).

3. რთულ დროში ცხოვრებისას როგორ დაეხმარა იერემიას სათანადო აზროვნება?

3 იერემიამ, მიუხედავად იმისა, რომ რთულ დროში ცხოვრობდა, დადებითი აზროვნება გამოავლინა. ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დაცემაზე წინასწარმეტყველების დროსაც კი ხედავდა დადებით მხარეებს; იეჰოვა არ დაივიწყებდა ისრაელს და ერი გადარჩებოდა. წინასწარმეტყველი წიგნში „გოდება იერემიასი“ წერდა: „არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები; განახლდება ყოველ სისხამზე, დიდია შენი იმედი“ (გოდება იერემიასი 3:22, 23). ღვთის მსახურები რთულ სიტუაციებში ყოფნისას ყოველთვის დადებითი აზროვნების შენარჩუნებას ცდილობდნენ, რომელიც სიხარულსაც კი ირეკლავდა (2 კორინთელთა 7:4; 1 თესალონიკელთა 1:6; იაკობი 1:2).

4. როგორი აზროვნება შეინარჩუნა იესომ და ეს როგორ დაეხმარა მას?

4 იერემიას დროიდან ექვსი საუკუნის გასვლის შემდეგ იესოსაც დადებითი აზროვნება დაეხმარა რთული სიტუაციების ატანაში. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მის [იესოს] წინაშე მდებარე სიხარულის წილ დაითმინა ჯვარი, სირცხვილი უგულებელყო, და დაჯდა ღმრთის საყდრის მარჯვნივ“ (ებრაელთა 12:2, სსგ). იესოს, წინააღმდეგობას აწყდებოდა თუ დევნას — თვით წამების ძელზე სიკვდილის პირას ყოფნის დროსაც კი — ყოველთვის ახსოვდა თავის „წინაშე მდებარე სიხარული“. ეს სიხარული კი იეჰოვას უზენაესობის გამართლებასა და მისი სახელის განწმენდაში, აგრეთვე მორჩილი კაცობრიობისთვის მომავალში დიდი კურთხევების მოტანაში, მდგომარეობდა.

ისწავლეთ ლოდინი

5. რომელია იმის ტიპობრივი შემთხვევა, როდესაც ლოდინის უნარი საკითხის სათანადოდ დანახვაში გვეხმარება?

5 თუ ისეთივე აზროვნებას განვივითარებთ, როგორიც იესოს ჰქონდა, არასოდეს დავკარგავთ იეჰოვას სიხარულს მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა და როდესაც ჩვენ გვინდა. წინასწარმეტყველმა მიქამ თქვა: „მე კი უფალს შევცქერი, ვესავ [ველოდები] ჩემი ხსნის ღმერთს; შემიწყნარებს ჩემი ღმერთი“ (მიქა 7:7). ჩვენც შეგვიძლია გამოვავლინოთ, რომ ლოდინი შეგვიძლია. როგორ? მრავალმხრივ. მაგალითად, შეიძლება ვფიქრობთ, რომ პასუხისმგებელი ძმა არასწორად მოიქცა და საჭიროა ამის დაუყოვნებლივ გამოსწორება. ლოდინის უნარის ფლობა გვიკარნახებს: „ნამდვილად დაუშვა მან შეცდომა თუ მე ვცდები? თუ ის მართლა ცდებოდა, ხომ დასაშვებია ისიც, რომ იეჰოვა არ ერევა ამ საკითხში, რადგან ფიქრობს, რომ ეს ადამიანი გამოსწორდება და მკაცრი გამოსასწორებელი ზომების მიღება აუცილებელი არ არის?“

6. როგორ დაეხმარება ადამიანს ლოდინის უნარი პირად პრობლემასთან გამკლავებაში?

6 ლოდინის უნარი შეიძლება მაშინაც დაგვჭირდეს, როდესაც რაღაც პირადი პრობლემა გვაწუხებს ან რამე სისუსტეს ვებრძვით. დავუშვათ, რომ იეჰოვას დახმარებისთვის მივმართავთ, მაგრამ პრობლემა არ გვარდება. რა შეიძლება ითქვას ამ შემთხვევაში? საჭიროა ძალ-ღონე არ დავიშუროთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად და გვწამდეს იესოს სიტყვები: „ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დააკაკუნეთ და გაგეღებათ“ (ლუკა 11:9). გამუდმებით ილოცეთ და დაელოდეთ იეჰოვას. ის სათანადო დროს და ისე უპასუხებს თქვენს ლოცვას, როგორც თავად მიიჩნევს საჭიროდ (1 თესალონიკელთა 5:17).

7. როგორ გვეხმარება ლოდინის უნარი ბიბლიური ჭეშმარიტებებისთვის შუქის თანდათანობით მოფენის დროს?

7 ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებასთან ერთად საღვთო წერილს უფრო და უფრო ნათლად ვიგებთ. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ვფიქრობთ, რომ გარკვეულ საკითხებს დაგვიანებით ეფინება შუქი. თუ რამე საკითხს იმ დროს არ ეფინება შუქი, როდესაც ამას ჩვენ მივიჩნევდით საჭიროდ, ვართ თუ არა მზად ლოდინისთვის? გაიხსენეთ, იეჰოვამ საჭიროდ მიიჩნია, რომ „ქრისტეს საიდუმლო“ თანდათანობით, 4 000-ზე მეტი წლის განმავლობაში, გაემხილა (ეფესელთა 3:3—6). განა გვაქვს რაიმე მიზეზი იმისათვის, რომ მოუთმენლობა გამოვავლინოთ? განა ეჭვი გვეპარება იმაში, რომ „ერთგული და გონიერი მონა“ იეჰოვას ხალხისთვის ‘საზრდოს დროულად მისაწოდებლად’ არის დანიშნული? (მათე 24:45). რატომ უნდა წავართვათ საკუთარ თავს ღვთის სიხარული იმის გამო, რომ ყველაფერი ბოლომდე ნათელი არ არის? გახსოვდეთ, იეჰოვა წყვეტს, როდის და როგორ ‘გააცხადოს თავისი საიდუმლო’ (ამოსი 3:7).

8. იეჰოვას მოთმინება როგორ აღმოჩნდა მრავალი ადამიანისთვის სასარგებლო?

8 ზოგს შეიძლება გული გაუტყდა იმის გამო, რომ მათი აზრით, მრავალი წლის ერთგულად მსახურების შემდეგ შეიძლება ვეღარ მოესწრონ „უფლის დღის, დიდისა და საშინელის“ ხილვას (იოველი 3:3, 4). და მაინც, მათთვის გამამხნევებელი უნდა იყოს ამ საკითხის დადებითი მხარეების დანახვა. პეტრე გვირჩევს: „ჩვენი უფლის სულგრძელობა მიიჩნიეთ ხსნად“ (2 პეტრე 3:15). იეჰოვას მოთმინებამ მილიონობით სიმართლის მოყვარულს მისცა ჭეშმარიტების სწავლის შესაძლებლობა. განა ეს შესანიშნავი არ არის? მეორეც, რაც უფრო მეტხანს ავლენს იეჰოვა მოთმინებას, მით მეტი დრო გვაქვს იმისათვის, რომ ‘შიშით და ძრწოლით ვიღვაწოთ ჩვენს სახსნელად’ (ფილიპელთა 2:12; 2 პეტრე 3:11, 12).

9. თუ იეჰოვასთვის მსახურებაში რაღაც გვზღუდავს, როგორ შეიძლება ლოდინის უნარი დაგვეხმაროს სიტუაციის ატანაში?

9 ლოდინის უნარი გვეხმარება გულგატეხილობის არიდებაში, როდესაც წინააღმდეგობას, ავადმყოფობას, ასაკთან დაკავშირებულ სირთულეებსა თუ მსახურებაში სხვა ხელის შემშლელ პრობლემებს ვაწყდებით. იეჰოვა ჩვენგან მთელი გულით მსახურებას მოელის (რომაელთა 12:1). მაგრამ ამასთანავე ღვთის ძე, რომელიც ‘იწყნარებს [„იბრალებს“, აქ] დავრდომილსა და ღარიბს’, არ მოითხოვს იმაზე მეტს, რის გაკეთებაც რეალურად შეგვიძლია; ასევეა იეჰოვაც (ფსალმუნი 71:13). ამგვარად, უნდა ვაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია და მოთმინებით ველოდოთ მდგომარეობის შეცვლას — იქნება ეს ამ სისტემაში თუ ახალ ქვეყნიერებაში. გახსოვდეთ, „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს“ (ებრაელთა 6:10).

10. რა ცუდ თვისებას აირიდებს ადამიანი, თუ მას ლოდინის უნარიანი აქვს? განმარტეთ.

10 ლოდინის უნარის განვითარება, კადნიერების არიდებაშიც დაგვეხმარება. ზოგს, ვინც შემდგომში განდგომილი გახდა, არ სურდა ლოდინი. ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ბიბლიურ გაგებაში ან ორგანიზაციულ საკითხებში ცვლილებების მოხდენა იყო საჭირო. მაგრამ მათ არ ესმოდათ ის, რომ იეჰოვას სული აღძრავს ერთგულ და გონიერ მონას, რათა მისი თვალსაზრისით სათანადო დროს მოახდინოს ცვლილებები და არა მაშინ, როდესაც ამას ჩვენ მივიჩნევთ საჭიროდ. ამასთანავე ნებისმიერი შესწორება იეჰოვას ნების შესაბამისი უნდა იყოს და არა ჩვენი სურვილების. განდგომილებმა კადნიერებას საშუალება მისცეს, დაემახინჯებინა მათი აზროვნება, რამაც ისინი დაბრკოლებამდე მიიყვანა. მათ ქრისტეს აზროვნება რომ გაეთავისებინათ, შეძლებდნენ სიხარულის შენარჩუნებას და იეჰოვას თაყვანისმცემელთა შორის დარჩებოდნენ (ფილიპელთა 2:5—8).

11. როგორ შეგვიძლია სასარგებლოდ გამოვიყენოთ ლოდინში გატარებული დრო და ვის მაგალითს უნდა მივბაძოთ?

11 რა თქმა უნდა, ლოდინის უნარი სიზარმაცესა თუ უსაქმურობას არ ნიშნავს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. მაგალითად, საჭიროა დავკავდეთ ბიბლიის პირადი შესწავლით და ამგვარად გამოვავლინოთ ისეთივე ინტერესი სულიერი საკითხების მიმართ, როგორსაც ერთგული წინასწარმეტყველები და ანგელოზებიც კი ავლენდნენ. ასეთ ინტერესზე საუბრისას პეტრემ აღნიშნა: „ამ ხსნისთვის იძიებდნენ და იკვლევდნენ წინასწარმეტყველნი . . . რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები“ (1 პეტრე 1:10—12). აუცილებელია არა მარტო პირადი შესწავლა, არამედ კრებაზე რეგულარულად დასწრებაც და ლოცვაც (იაკობი 4:8). ისინი, რომლებიც სულიერი საზრდოს რეგულარულად მიღებითა და თანაქრისტიანებთან ურთიერთობით ცხადყოფენ, რომ შეგნებული აქვთ თავიანთი სულიერი მოთხოვნილებები, ასე მოქმედებით ავლენენ, რომ ქრისტეს აზროვნება გათავისებული აქვთ (მათე 5:3).

იქონიეთ რეალური თვალსაზრისი

12. ა) რა დამოუკიდებლობას ეძებდნენ ადამი და ევა? ბ) რა მოჰყვა შედეგად იმას, რომ ადამიანები ადამისა და ევას მიერ აღებულ კურსს მიჰყვნენ?

12 როდესაც ღმერთმა პირველი წყვილი შექმნა, მას არავისთვის გადაუცია იმის დადგენის უფლება, თუ რა იყო სწორი და რა — არასწორი (დაბადება 2:16, 17). ადამსა და ევას ღვთის ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად მოქმედება სურდათ, რასაც ისეთი წუთისოფლის ფორმირება მოჰყვა, რომელსაც დღეს ვხედავთ. მოციქულმა პავლემ თქვა: „როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12). ადამიდან მოყოლებული, კაცობრიობის ექვსიათასწლიანმა ისტორიამ იერემიას სიტყვების ჭეშმარიტება ცხადყო: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). იერემიას სიტყვების ჭეშმარიტების აღიარება პესიმიზმის გამოვლენა სულაც არ არის. ეს რეალიზმის გამოვლენაა. ამით იხსნება ყოველივე, რაც საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა, როდესაც „კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ“ და ამის მიზეზი ის იყო, რომ ადამიანები ღვთისგან დამოუკიდებლად მმართველობდნენ (ეკლესიასტე 8:9).

13. როგორი რეალისტური თვალსაზრისი აქვთ იეჰოვას მოწმეებს იმასთან დაკავშირებით, რის მიღწევაც ადამიანებს შეუძლიათ?

13 იეჰოვას მოწმეები ითვალისწინებენ ადამიანთა მდგომარეობას და ესმით, რომ დღევანდელ სისტემაში ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია. დადებითი აზროვნება სიხარულის შენარჩუნებაში გვეხმარება, მაგრამ ის ვერ აგვარებს ყველა პრობლემას. მე-20 საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში ამერიკელმა მღვდელმა გამოსცა წიგნი, რომელიც ყველაზე მეტად იყიდებოდა და რომლის სახელწოდებაც იყო „დადებითი აზროვნების ძალა“. წიგნი აღნიშნავს, რომ დაბრკოლებათა უმეტესობის გადალახვა შესაძლებელია, თუ მას დადებითი აზროვნებიდან გამომდინარე ვუდგებით. დადებითი აზროვნება შესანიშნავია, მაგრამ გამოცდილება ცხადყოფს, რომ არასაკმარისი ცოდნა, დახელოვნებულობა, მატერიალური საშუალებები და სხვა მრავალი ფაქტორი გვზღუდავს გარკვეული პირადი მიზნების მიღწევაში. მთლიანობაში კი კაცობრიობა იმდენად რთულ პრობლემებს აწყდება, რომ, დადებითი აზროვნების მიუხედავად, შეუძლებელია მათთან წარმატებით გამკლავება!

14. აქვთ იეჰოვას მოწმეებს უარყოფითი აზროვნება? ახსენით.

14 ასეთ საკითხებთან დაკავშირებით რეალისტური შეხედულების გამო იეჰოვას მოწმეებს ზოგჯერ ბრალს სდებენ იმაში, თითქოს უარყოფითი თვალსაზრისი აქვთ. მათ კი მთელი გულით სურთ, ხალხს მოუთხრონ იმ ერთადერთი პიროვნების შესახებ, რომელიც სამუდამოდ გააუმჯობესებს ადამიანთა ყოფას. მოწმეები ამაშიც ქრისტეს აზროვნებას ჰბაძავენ (რომაელთა 15:2). ისინი ხალხს ღმერთთან კარგი ურთიერთობის დამყარებაში ეხმარებიან. მათ იციან, რომ ამას საბოლოოდ საუკეთესო შედეგები მოჰყვება (მათე 28:19, 20; 1 ტიმოთე 4:16).

15. როგორ აუმჯობესებს ადამიანებს, როგორც პიროვნებებს, იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა?

15 იეჰოვას მოწმეები არ უგულებელყოფენ არსებულ სოციალურ პრობლემებს, განსაკუთრებით კი იმ წამბილწველ ქმედებებს, რომლებსაც საღვთო წერილი განსჯის. სანამ დაინტერესებული ადამიანი იეჰოვას მოწმე გახდება, მას თავის ცხოვრებაში ცვლილებები შეაქვს, რაშიც ხშირად ძვალსა და რბილში გამჯდარი ისეთი მანკიერების ძლევაც შედის, რომელიც ღმერთს არ მოსწონს (1 კორინთელთა 6:9—11). ასე რომ, იეჰოვას მოწმეები ცვლილებების მოსახდენად მზადმყოფ ადამიანებს ლოთობის, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების, უზნეობისა და აზარტული თამაშებისგან გათავისუფლებაში ეხმარებიან. ამგვარად გამოსწორებულები სწავლობენ, თუ როგორ აიღონ საკუთარ თავზე ოჯახზე პატიოსანი გზით ზრუნვის პასუხისმგებლობა (1 ტიმოთე 5:8). როდესაც ცალკეულ პირებსა და ოჯახებს ამგვარად ეწევათ დახმარება, საზოგადოებაში პრობლემათა რიცხვი კლებულობს; კლებულობს ნარკომანთა რაოდენობა, ოჯახში ძალადობა და სხვა. იმით, რომ კანონის მორჩილი მოქალაქეები არიან და სხვებსაც ეხმარებიან ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში, იეჰოვას მოწმეები სოციალური პრობლემების მომგვარებელ სააგენტოებს უმსუბუქებენ სამუშაოს.

16. რატომ არ ერთიანდებიან იეჰოვას მოწმეები რომელიმე საზოგადოებრივ მოძრაობაში?

16 შეცვალეს იეჰოვას მოწმეებმა მსოფლიოში ზნეობრივი მდგომარეობა? გასულ ათწლეულებში იეჰოვას აქტიურ მოწმეთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და 3 800 000-ზე ცოტა ნაკლებიდან თითქმის 6 000 000-ს მიაღწია. ვხედავთ, რომ მოწმეთა რაოდენობა დაახლოებით 2 200 000-ით გაიზარდა, რომელთაგანაც მრავალმა, როდესაც ქრისტიანები გახდნენ, შეწყვიტა უსამართლო გზებით სიარული. მრავალი ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდა! მაგრამ ეს რიცხვი ძალიან პატარაა იმავე პერიოდში მსოფლიო მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელთან, 875 000 000-თან, შედარებით! იეჰოვას მოწმეები მოხარული არიან იმით, რომ ეხმარებიან ცვლილებების მოსახდენად მზადმყოფ ადამიანებს, თუმცა ესმით, რომ მთელი კაცობრიობიდან მცირედნი დაადგებიან სიცოცხლისკენ მიმყვან გზას (მათე 7:13, 14). იეჰოვას მოწმეები მსოფლიო მასშტაბით უკეთესობისკენ ცვლილებებს ელოდებიან, რომლის მოხდენაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია, და ამავე დროს არ ერთიანდებიან რომელიმე საზოგადოებრივ მოძრაობაში, რომელთა წარმოქმნაც ხშირად კეთილი განზრახვების საფუძველზე ხდება, მაგრამ გულის გამტეხი შედეგებით ან ძალადობითაც კი მთავრდება ხოლმე (2 პეტრე 3:13).

17. რა გააკეთა იესომ თავის ირგვლივ მყოფთა დასახმარებლად, მაგრამ რის გაკეთებას აარიდა თავი?

17 ასე მოქმედებით იეჰოვას მოწმეები ცხადყოფენ, რომ იეჰოვაზე ისევე არიან მინდობილი, როგორც იესო — დედამიწაზე ყოფნის დროს. მაშინ, პირველ საუკუნეში, იესო სასწაულებრივად კურნავდა ხალხს (ლუკა 6:17—19). ის მკვდრებსაც კი აღადგენდა (ლუკა 7:11—15; 8:49—56). მაგრამ მას არ მოუსპია ავადმყოფობა და სიკვდილი. იესომ იცოდა, რომ ჯერ არ იყო ღვთის მიერ ამის შესასრულებლად დადგენილი დრო დამდგარი. როგორც სრულყოფილ ადამიანს, იესოს საკმაოდ დიდი უნარი ჰქონდა და, ალბათ, ბევრი რამის გაკეთება შეეძლო სერიოზული პოლიტიკური თუ სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. როგორც ჩანს, ზოგ მის თანამედროვეს სურდა, რომ იესოს ხელში აეღო ძალაუფლება და ამგვარად ემოქმედა, მაგრამ თავად მან უარი თქვა ამაზე. ბიბლიაში ვკითხულობთ: «იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: „ესაა ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც წუთისოფელში უნდა მოსულიყო.“ რაკი იცოდა, რომ აპირებენ მოსვლას მის მოსატაცებლად, რათა გაემეფებინათ იგი, იესო კვლავ განმარტოვდა მთაზე» (იოანე 6:14, 15).

18. ა) როგორ ცხადყოფდა ყოველთვის იესო, რომ ლოდინის უნარი ჰქონდა? ბ) როგორ შეიცვალა იესოს მოღვაწეობა 1914 წლიდან?

18 იესოს არ სურდა, მონაწილეობა მიეღო პოლიტიკურ ან წმინდა წყლის სოციალურ საქმეებში, ვინაიდან იცოდა, რომ მისთვის სამეფო ძალაუფლების აღებისა და ყველას და ყველგან განკურნების დრო ჯერ არ დამდგარიყო. ზეცაში უკვდავ სულიერ ქმნილებად ასვლის შემდეგაც კი მზად იყო, იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს დალოდებოდა და მხოლოდ შემდეგ დაეწყო მოქმედება (ფსალმუნი 109:1; საქმეები 2:34, 35). მაგრამ მას შემდეგ, რაც ის 1914 წელს ღვთის სამეფოს ტახტზე ავიდა, გამოდის «გამარჯვებული, რათა [„ბოლომდე“, აქ] გაიმარჯვოს» (გამოცხადება 6:2; 12:10). რაოდენ დიდი სიამოვნებით ვემორჩილებით მის მეფობას, მაშინაც კი, როდესაც სხვები, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, უგულებელყოფენ სამეფოს შესახებ ბიბლიის სწავლებებს!

ლოდინი — იმედგაცრუების თუ სიხარულის წყარო?

19. როდის ‘ასნეულებს გულს’ ლოდინი და როდის გვავსებს ის სიხარულით?

19 სოლომონმა იცოდა, რომ ლოდინს შეიძლება იმედგაცრუება მოჰყოლოდა. ის წერდა: „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს“ (იგავნი 13:12). ცხადია, თუ ადამიანის მოლოდინი უსაფუძვლოა, მისი გული შეიძლება იმედგაცრუების გამო დასნეულდეს; მაგრამ ბედნიერი მოვლენების — მაგალითად, ქორწილის, ბავშვის დაბადების ან საყვარელ ადამიანთან კვლავ შეხვედრის — მოლოდინი წინასწარ, ამ მოვლენების შესრულებამდე დიდი ხნით ადრე, გვავსებს სიხარულით. ამ ლოდინს უფრო სასიხარულოს ხდის დროის გონივრულად, მომავალი მოვლენისთვის მზადებაში, გამოყენება.

20. ა) რომელი საოცარი მოვლენების ხილვას მოველით აბსოლუტურად დარწმუნებულები? ბ) როგორ შეგვიძლია სიხარულის შენარჩუნება იეჰოვას განზრახვების შესრულების მოლოდინში?

20 როდესაც აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ტყუილად არ ვიცდით, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ ვიცით, თუ რამდენ ხანს უნდა ვიცადოთ, მოლოდინში ‘გული არ დაგვისნეულდება’. ღვთის ერთგულმა მსახურებმა იციან, რომ ქრისტეს ათასწლიანი მეფობა აუცილებლად იქნება; ისინი დარწმუნებული არიან, რომ სიკვდილისა და ავადმყოფობის მოსპობას იხილავენ; ისინი დიდი სიხარულით მოელიან იმ დროს, როდესაც მილიარდობით გარდაცვლილს და, მათ შორის საყვარელ გარდაცვლილებს მკვდრეთით აღმდგრებს შეხვდებიან (გამოცხადება 20:1—3, 6; 21:3, 4). ამ ეკოლოგიური კრიზისის დროს ისინი მომავლის იმედით ტკბებიან და დარწმუნებული არიან, რომ დედამიწის სამოთხედ გადაქცევას იხილავენ (ესაია 35:1, 2, 7). მაშ, რამდენად გონივრულია, ლოდინში გატარებული დროის გონივრულად გამოყენება და ‘უფლის საქმეში ყოველთვის მოუღლელობა’! (1 კორინთელთა 15:58, სსგ). განაგრძეთ სულიერი საზრდოს მიღება. უფრო დაუახლოვდით იეჰოვას. ეძებეთ ისეთი ადამიანები, რომელთა გულებიც იეჰოვას მსახურებისთვის არის განწყობილი. გაამხნევეთ თანამორწმუნეები. მაქსიმალურად გამოიყენეთ დრო, რომელიც იეჰოვას ჯერ კიდევ აქვს ჩვენთვის მოცემული. მაშინ ის, რომ იეჰოვას ელოდებით არასოდეს ‘დაგისნეულებთ გულს’. პირიქით, ის სიხარულით აგავსებთ!

შეგიძლიათ განმარტოთ?

• როგორ ცხადყო იესომ, რომ ლოდინის უნარი აქვს?

• რომელ სიტუაციებში სჭირდებათ ქრისტიანებს ლოდინის უნარი?

• რატომ არის იეჰოვას მოწმეებისთვის სიამოვნების მომგვრელი ის, რომ იეჰოვას ელოდონ?

• როგორ შეიძლება სიხარული მოგვგვაროს იმან, რომ იეჰოვას ველოდებით?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 12 გვერდზე]

იესომ დაითმინა მის წინაშე მდებარე სიხარულისთვის.

[სურათი 13 გვერდზე]

მსახურებაში წლების გატარების შემდეგაც კი შეგვიძლია სიხარული არ დავკარგოთ.

[სურათები 15 გვერდზე]

მილიონებმა გაიუმჯობესეს ცხოვრება იმით, რომ იეჰოვას მოწმეები გახდნენ.